ცეცხლი რჩეულთათვის – არის!

54. ეს რომ დაინახეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ, უთხრეს: ,,უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა”.

55. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: ,,არ იცით ვისი სულისანი ხართ?

56. ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!” და წავიდნენ სხვა სოფელში. (ლუკა, 9, 54-56)

შესავალი

   საუბარი შეეხება ფსვედომართლმადიდებლურ ცრურწმენას, მადლმოსილი ცეცხლის თაყვანისცემის სახით, რომელიც გარკვეული ეკლესიურ-პოლიტიკური მიზნებით, რუსეთთან ერთად საქართველოშიც დაჟინებით ინერგება. კერძოდ, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ხდება ასიათასობით მორწმუნის საზეიმო მოვლენის სულიერი შინაარსიდან ყურადღების გადატანა და მათი, თავისი არსით, წარმართულ ცეცხლთაყვანისმცემლობის რიტუალში ჩათრევა, სადაც ცეცხლს ,,ერეტიკოსთა“ სამხილი საშუალების მნიშვნელობა ენიჭება. ეს კი შეურაცხყოფს თვით ღმერთს, აკნინებს ამ დიადი მოვლენის – კაცობრიობის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის და ეშმაკის დამარცხების ზეიმის მნიშვნელობას.

2ქრისტიანობის აპოლოგეტები აღნიშნავდნენ, რომ აღდგომის აქტის გარეშე, თვით ქრისტიანობაც არ იარსებებდა! ჩვენ კი სამყაროს შემოქმედისგან  ზეციურ ცეცხლს ვითხოვთ და ის, რომ მან ადამიანებს ერთადერთი ძექრისტე შესწირა, რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვა, ევნო, დაეფლა, ჩავიდა ჯოჯოხეთს, დაარღვია ეშმაკის ბატონობა, სძლია სიკვდილს და სამუდამო ცხოვრება გვიბოძა – გვავიწყდება! ,,ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუვდილითა სიკუვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოურების მიმნიჭებელი”.

I. მართლმადიდებლობა - რწმენა თუ მეცნიერება?  

ცალკეული მორწმუნეების დაჟინებული მცდელობა, წარმოაჩინონ მადლმოსილი ცეცხლი, როგორც მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტების უმთავრესი მტკიცებულება, ყურადღებას სწორედ არგუმენტაციის მატერიალისტური ხასიათით იქცევს. რწმენისადმი მიდგომა ისეთია, თითქოს ის მეცნიერული თეორია გახლავთ და მისი ჭეშმარიტება ექსპერიმენტულ მტკიცებას მოითხოვდეს. ამგვარი აზროვნების სიღრმისეული ფესვები ათეიზმიდან მოდის. ურწმუნო ადამიანი ასე მსჯელობს: ,,თუ ღმერთი მართლაც არსებობს და ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია, მაშინ ზეციდან ცეცხლი გადმოვა და ექსპერიმენტი თეორიას დაამოწმებს. მაგრამ რწმენა ხომ, პირველ რიგში, ყოველი ადამიანის თავისუფალი არჩევანის საქმეა, სახარებისეულ მოწოდებაზე მისი სულის გამოძახილი; ის ძალდატანებას ვერ იტანს და არავითარ მატერიალურ მტკიცებულებებს, მით უმეტეს, საჯარო შოუს სახით, არ საჭიროებს. თვით ღმერთსაღდგომის ჭეშმარიტებაში ადამიანთა დასარწმუნებლად, არავითარი ძალა არ გამოუყენებიამან არჩევანის გაკეთების საშუალება მორწმუნეთა კეთილ ნებას დაუტოვაამას სახარების შემდეგი ადგილები მოწმობს:

3

1. ჯვარზე გაკრულ იესო ქრისტეს საკუთარი ღვთაებრივი ბუნების მტკიცება არ დაუწყია და ფარისევლების წინადადება, რომლის კვალობაზეც ისინი მასში რწმენის პირობას სდებდნენ, ყურადღების გარეშე დატოვა – ,,…თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას” (მათე, 27, 42).

2. აღდგომის შემდეგ უფალი მხოლოდ მოწაფეების ვიწრო წრეს ეახლა და საჯარო ქადაგება, რათა მასები აღდგომის ფაქტში დაერწმუნებინა, აღარ განუახლებია;

3. აღმდგარი იესოს გამოცხადებებიც იმდენად ეპიზოდურ, ბუნდოვან ხასიათს ატარებდა, რომ მას მოწაფეებიც კი ვერ ცნობდნენ.

ჩნდება ლოგიკური კითხვა:  თუ ღმერთი დუმდა მაშინ, როდესაც ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, ქრისტეს მიმდევრები იდევნებოდნენ და ხელშესახები ფაქტების გარეშე ძნელი იყო აღდგომის დაჯერება, დღეს რა მიზანს უნდა ისახავდეს უფლის მიერ ამ უდიდესი სულიერი მოვლენის ყოველწლიური დამოწმება, როდესაც ქრისტე მილიონობით ადამიანმა ირწმუნა? პასუხი ცხადია, არჩევანი – ირწმუნო თუ არა – უფალმა ჩვენ გადმოგვცა, ჩვენს გულს დაუტოვა. ძალდატანებითი მტკიცებულება კი, რომელიც მას, როგორც ყოვლადძლიერს, შეეძლო წარმოედგინა, არ დაუტოვებია.

დღევანდელი ,,მღვდელმთავრებისა” და ,,მწიგნობრების” თავგამოდება, სწორედ, ღმერთკაცის ამ ,,დასანანი შეცდომის” გამოსწორებას და საკუთარი უპირატესობის წარმოჩენენას ემსახურება; ასე, მადლმოსილი ცეცხლის საშუალებით, თანამედროვე ფარისევლები ცდილობენ მილიონობით ტელემაყურებელს, ქრისტეს აღდგომისა და საკუთარი რწმენის ჭეშმარიტება დაუმტკიცონ.

ცხადია, ამგვარი ,,არგუმენტაცია”, მიუხედავად მოჩვენებითი მატერიალისტური დამაჯერებლობისა, რწმენაში განმტკიცებას ხელს არ უწყობს. დიდ კვლევებს არც ის საჭიროებს, რომ წლიდან წლამდე განმეორებადი ტელეტრანსლაციები, არც საზოგადოებრივ მორალზე აისახება. სამაგიეროდ, ,,სასწაულის გარშემო ამგვარი ისტერიის დიდი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ,,ღვთისმოსავ ტყუილს დიდების შარავანდედი მოსცილდა, მაშინ  უკვე ბევრი უდანაშაულო მორწმუნე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იმუნიტეტს შეიძენს  და მათ ვერავითარი ქადაგება ეკლესიის წიაღში ვეღარ დააბრუნებს. ეს მატერიალისტი იერარქები წუთიერი იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ფინანსური წარმატების მისაღწევად, დიდი დარტყმის ქვეშ, თვით, ჩვენს საამაყო წარსულს – ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიულ ღერძს – მართლმადიდებლობას აყენებენ.

ეკლესიაში შვიდწლიანი მედავითნეობის შემდეგ, მეც იგივე შემემთხვა, და, როგორც ეს ადამიანს ადუღებულ წყალში ხელის ჩაყოფისას ემართება, წლები დამჭირდა, რათა ურწმუნოების იარები მომეშუშებინა და რწმენა, ნაწილობრივ მაინც, დამებრუნებინა.

II. სანახაობა  – ,,ცეცხლი რჩეულთათვის

ზამთრის მოსაწყენმა საღამოებმა გაიარა, გაზაფხულის გამაბრუებელი სურნელი დადგა და 5 მაისს ჩვენ კვლავ ერთმანეთს ვახარებთ: ,,ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!”. მანამ კი საზეიმო ფუსფუსი დაიწყება, ჩვენ  ბაზარში კვერცხსა და ენრდოზე გავქანდებით, ,,VIP”- პერსონები – იერუსალიმში მადლმოსილი ცეცხლის ჩამოსატანად გაფრინდებიან. სასწაულის საკუთარი თვალით ხილვა ხომ მხოლოდ ელიტისთვის არის ხელმისაწვდომი, ხალხისთვის ის უნდა დარჩეს შორეულ, მომხიბვლელ სატელევიზიო შოუდ. ჩვენთვის ესეც საკმარისია – მოუთმენლად დაელოდო ტრანსლაციას ,,აღდგომის ტაძრიდან”, თვალი ადევნო მაცხოვრის საფლავთან ,,საპატიო” ადგილის დასაკავებლად არაბების, ბერძნებისა და სომხების კინკლაობას, შემდეგ არაჯანსაღი ამბიციებით ეგზალტირებულ, ერთმანეთზე შემჯდარ  დოლებიან კაცთა როკვას ქსენოფობიური შეძახილებით: ,,ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა სჯობს სომხებისას და ფრანკებისას!”, ,,ებრაელებო, თქვენი ზეიმი ეშმაკის დღესასწაულია, ჩვენი ზეიმი კი ქრისტეს დღესასწაული!”, დაბოლოს, მაცხოვრის საფლავიდან ტაძრის სივრცეში ცეცხლის გავრცელების საყოველთაო სიხარული გაიზიარო! ასე იძინებს სანახაობით დამტკბარი, საკუთარი რწმენის უცდომელობითა და მეორედ მოსვლის გადავადებით დამშვიდებული  სრულიად საქართველო…

5

ცეცხლის ტრანსპორტირების სიძნელეები კი მხრებზე ერის რჩეულთ დააწვება… დადგება სანატრელი დრო –  ,,ახალი პრომეთეები” ზეციურ ცეცხლს საქართველოში ჩამოაბრძანებენ! დაიწყება მისი ,,ესტაფეტა” ქალაქებსა თუ სოფლებში, რაც ქართველების დანარჩენ კაცობრიობაზე უპირატესობის იდეას კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის. დიდი მარხვა, როგორც გზა მადლმოსილი ცეცხლისკენ! VIP-ცეცხლი, მხოლოდ სოლიდური VIP-ბატონებისთვის! სამყაროს შემოქმედი, მხოლოდ რჩეული ერისთვის

III. ჩემი კვლევები

მეც სიამაყის გრძნობით აღვივსე, როდესაც ეკლესიაში ახლად მისულმა, ქართველების ,,ცეცხლოვანი” გამორჩეულობის შესახებ პირველად შევიტყვე! ხიბლის განელების შემდეგ კი ასეთი კითხვა გამიჩნდა: კარგი, დავუშვათ, რომ ,,არამართლად” ღმერთის დიდებისთვის დედამიწის მილიარდამდე მკვიდრი ჯოჯოხეთში საგზურით ისჯება და იძულებულია მიიღოს ბეჭედი – ,,დაბადებულია სამწვადე მასალად!” – დაე, აღსრულდეს – აქსიოზ!

თუ ეს ასეა, თავი, რომ დავანებოთ ჯინიან მუსლიმებსა და გზააბნეულ  იუდეველებს, ეს პრაგმატული ამერიკელები და ევროპელები, რაღამ გადარია?! რამ დაუბინდა გონება მილიარდობით ფხიზელ ჩინელს, ცქვიტ იაპონელსა და განგში მოლივლივე მილიარდნახევარ ინდოელს?! თანამედროვე სამყაროს ინფორმატიულობის პირობებში გასაკვირი დაუდევრობაა – არად აგდებდე, უშუალოდ, ღმერთისგან მომავალ, ყველა  ადამიანისათვის ხილულ ,,ცეცხლოვან  გზავნილს” და შეგნებულად, მაინც ჯოჯოხეთისკენ მიექანებოდე?!

…ასე, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შვიდწლიანი მედავითნეობის შემდეგ, ,,ერეტიკოსი’’ შევიქენი და მართლმორწმუნე მრევლთან, ცეცხლის გადმოსვლა-არ გადმოსვლის თაობაზე ცხარე დისკუსიაში ჩავები. სალი კლდეებივით მტკიცე და მიუდგომელი არგუმენტებიც მოვიძიე:

1. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის, რომ წმ.ცეცხლის ზებუნებრივ სტატუსზე არაფერს ამბობს მსოფლიო ეკლესიის ხმა. შვიდი  მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც მსოფლიო ეპისკოპატის მიერ მიიღებოდა დოგმატური გადაწყვეტილებები, დღეს, ესოდენ, დიადად წარმოდგენილ მადლმოსილი ცეცხლის სასწაულს, ერთი სიტყვითაც არ ახსენებს. არც კრებითი დადგენილებები, როგორც მსოფლიო, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის, არც წმინდა მამათა ნაშრომები წმ.ცეცხლის ტრადიციას არ იცნობს. Krebebiარცერთი  წმინდანი თავის თზულებებში ესოდენ სასწაულ ზეგარდმო ფენომენს  არ ახსენებს  - ერთიც კი!

2.  უდიდესი ავტორიტეტი, წმინდა მამა კირილე იერუსალიმელი (315 – 386), რომელიც ამავე აღდგომის ტაძარში მსახურობდა, აღწერს რა დაწვრილებით აღდგომის ტაძრის ტიპიკონს, ,,ღვთაებრივი ცეცხლის” შესახებ სიტყვასაც არ ძრავს. სად უნდა გაჟღერებულიყო, თუ არა აქ, სიტყვები სასწაულებრივი ნათლის შესახებ?! მაგრამ კირილე დუმს. არც მაცხოვრის საფლავი, რომლის წინაშეც იგი ქადაგებს, არც დიდი შაბათის მსახურების შესახებ ფიქრნი, არც სიტყვები ,,შენი ნათელი მოდის…” –  მასში წმ.ცეცხლთან  ხილულ ასოციაციას არ იწვევს!

3. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში რუსმა ეპისკოპოსმა პორფირემ, მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ყველაზე პოპულარული ,,ბრენდი” – ,,მადლმოსილი ცეცხლი”  – ეს არა ზეციდან მოვლენილი სასწაულია, არამედ ადგილობრივი პატრიარქის ხელმარდობა, რომელიც სანთელს კედელში დამალული კანდელიდან ანთებს. როდესაც რუსმა მღვდელთმთავარმა მიტროპოლიტ დიონისეს კითხვა დაუსვა, თუ რატომ არ ამბობს ის სიმართლეს, მან უპასუხა,- ,,…ამის გამო მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან ნაკუწებად  გვაქცევენო”. ეს იყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, წინ იყო ტრადიციის სარფიან ,,ბიზნეს-პროექტად” ჩამოყალიბების XXI საუკუნე!

4. დღეს, მსგავსი სითამამე თვით იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ გამოიჩინა, ის ,,ყველა ეკლესიების დედას” სათავეში 2005 წელს ჩაუდგა. 2008 წელს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორთან, დიაკვან ანდრეი კურაევთან ინტერვიუში, ,,სასწაულის” მთავარმა მოწმემ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ განაცხადა:,,ეს ცერემონია, როგორც ვნების შვიდეულის სხვა ცერემონიები, არის კვლავწარმოება (,,REPRESENTATION” - აღდგენა ) იმ, ოდესღაც, მაცხოვრის საფლავიდან სააღდგომო უწყების ამობრწყინებისა, რომელმაც მაშინ მთელი მსოფლიო გაანათა. დღესაც, ამ ცერემონიით, ჩვენ ვახდენთ კუვუკლიიდან აღდგომის შესახებ უწყების მთელს მსოფლიოში გაბრწყინების რეპრეზენტაციას (განმეორებას, გახსენებას)”. პატრიარქ თეოფილეს ისედაც გულრწფელ ფრაზას დიაკვანმა კურაევმა საკუთარი კომენტარი დაურთო: ,,იგი ამაზე გულახდილად, ჯიბეში სანთებელის შესახებ, ალბათ, ვერც იტყოდა”.

teofile

5. სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე იმყოფებიან მაცხოვრის საფლავის ტაძარში, დიდი შაბათის ტრადიციას სულ სხვაგვარად განმარტავენ. მაგალითად, სომხური მონასტრის იღუმენი, რომელიც 9 წელია ცერემონიას ესწრება, მას შემდეგნაირად აღწერს: ,,ორი საათისთვის კარებს აღებენ და ბერძნებს იქ ანთებული კანდელი შეაქვთ, რომელსაც საფლავზე დებენ. ამის შემდეგ საფლავის გარშემო იწყება ბერძნების ლიტანია, ხოლო მესამე წრეზე მათ სომეხი არქიმანდრიტი უერთდება და ისინი ერთად მიიწევენ კარისკენ. პირველად შედის ბერძენი პატრიარქი, შემდეგ –  სომეხი არქიმანდრიტი. ორივენი  მაცხოვრის საფლავთან მუხლმოდრეკით ლოცულობენ. სანთლებს ანთებული კანდელიდან, პირველად, ბერძენი ანთებს, მერე კი სომეხი. ამის შემდეგ, ორივე დგება და ხალხს სანთლებს ხვრელებიდან ურიგებენ”.

კათოლიკური ეკლესია ასევე არ ცნობს  ცეცხლის ზეციურ წარმოშობას. 1238 წელს რომის პაპი გრიგოლ IX ოფიციალურად გამოვიდა მადლმოსილი ცეცხლის წესის, როგორც ღვთიური სასწაულის, განმარტების წინააღმდეგ.

6. კამათი კითხვაზე, თუ, წმინდა ტექნოლოგიურად, რას წარმოადგენს მადლმოსილი ცეცხლის ტრადიცია, დიდი ხანია უაზრობად იქცა, რაზეც, გარდა მოყვანილისა, რუსული ეკლესიის საყოველთაოდ აღიარებული ღვთისმეტყველი მეცნიერების ნაშრომებიც მოწმობს. უძველესი წყაროების, ელ-ბირუნის, ელ-მასუდის თუ ელ-ჯახიზას მოწმობების, ეგვიპტის მმართველის იბრაჰიმის მიერ ამ ფაქტის შემოწმების ანალიზის საფუძველზე, სახელგანთქმული არაბისტი, აკადემიკოსი ი.კრაჩკოვსკი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს: ცეცხლის დანთება დიდ შაბათს თავდაპირველად ატარებდა ლიტურგიკულ ხასიათს და წარმოადგენდა სააღდგომო ეკლესიურ წეს-ჩვეულებას.

7.  დაბოლოს, წმინდა ცეცხლის ტრადიციის წარმოშობის კლასიკური გამოკვლევა ეკუთვნის სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ლიტურგიკის პროფესორს, ეკლესიის ისტორიის დოქტორს, XX საუკუნის აღიარებულ ლიტურგისტს, საეკლესიო გალობის სპეციალისტს, რევოლუციამდელი ლიტურგიკის სკოლის ,,მამის” ა.ა.დიმიტრიევსკის მოწაფეს და ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს ნიკოლოზ დიმიტრის ძე უსპენსკის (1900-1988წწ.). 1949 წლის 9 ოქტომბერს წარმოთქმულ სიტყვაში ის სინანულით აღნიშნავდა: ,,ზეციდან ცეცხლის გადმოსვლის კადნიერი ლოდინი გარკვეულ დროს, საათსა და წუთს, ქრისტიანობისთვის თითქოს უღირსი უნდა ჩანდეს, ისევე როგორც ქრისტეს საფლავისგან ნიშნის ძიება, რომლის ღვთაებრივი ღირსებაც საკუთარი სისხლით მოციქულებმა და მოწამეთა ურიცხვმა რაოდენობამ დაამოწმა; მკრეხელობა იქნებოდა ზეციური ცეცხლის მოთხოვნა იმ არსებისგან, რომელმაც ევქარისტიის უდიდესი საიდუმლოსთვის მიწის ბუნებრივი ნაყოფები - პური და ღვინო გამოიყენა. თუმცა აღმოსავლური აღმსარებლობის ქრისტიანებს შორის (მართლმადიდებლები, სომეხ-გრიგორიანელები, იაკობიტები და კოპტები) ძალზედ გავრცელებულია რწმენა მადლმოსილი ცეცხლის ზებუნებრივი და სასწაულებრივი წარმოშობისა. მომლოცველთა ჩანაწერებს წითელ ზოლად გასდევს აზრი წმინდა ცეცხლის სასწაულებრივი წარმოშობის შესახებ. ეს უწყებანი, რომლებიც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, უფრო მეტად ავტორთა  რელიგიურ ეგზალტაციაზე მეტყველებს, ვიდრე თავად ამ ტრადიციის სიდიადეზე. აქედან გამომდინარე, მათი სამეცნიერო ღირებულება ტრადიციის გამოკვლევის საკითხში იკარგება”.

knigaპროფესორი უსპენსკი, უძველესი – ლატალის (IXს. დასაწყისი), კალის (Xს. ბოლო- XIს. დასაწყისი) და იერუსალიმის (1122წლის) ხელნაწერი ტიპიკონების თანმიმდევრობითი შედარების საფუძველზე წარმოაჩენს, რომ, თავდაპირველად, ცეცხლის დანთება აღდგომის ტაძრის დიდი შაბათის ჩვეულებრივი მსახურების შემადგენელ  ნაწილს წარმოადგენდა (IXს.), შემდგომ  იგი გადაიქცევა წმ.საფლავის საგანგებო წესად – ლიტანიობად (Xს. – XIს.) და, მოგვიანებით მას ,,ღვთაებრივი სტატუსი” მიენიჭება (1122წ.). ამის მიზეზი, პროფესორ უსპენსკის აზრით, პალესტინის მძიმე ისტორიულ ბედ-იღბალში უნდა ვეძებოთ: ,,…ათასწლოვან კოშმარში, ბუნებრივი იყო ვედრებანი ზეცის მიმართ და ღაღადი ზეგარდმო შემწეობისა. განუწყვეტელი დარბევებითა და მკვლელობებით დათრგუნული ადამიანები საღი აზროვნებისა და მოვლენათა არსში წვდომის უნარს კარგავენ და მათ მიერ სასწაულის  მოლოდინი, როგორც ნამდვილი, აღსრულებული ფაქტი ისე აღიქმება… ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ პალესტინაში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სწორედ, იმ დროიდან,  ამ ცეცხლმა, ერეტიკოსთა სამხილებლად, საბოლოოდ შეიძინა სასწაულებრივი მნიშვნელობა”.

ახლა კი, გავბედავ და  ვიკითხავ – მაინც რატომ არ შეიძლება, თუნდაც ზემოთმოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ცეცხლის წარმოშობის ბუნებაზე ორი განსხვავებული თვალსაზრისის არსებობა დავუშვათ? რას ემსახურება ის თავაშვებული რისხვა, რომელსაც უმრავლესობა ამ საკითხის განხილვისას იჩენს? მითოლოგიურ ოცნებას – მხოლოდ შენი ახირებისა და ამბიციების საფუძველზე მსოფლიოში საუკეთესო გახდე?

IV. წარმოსახვითი უპირატესობის მითი

ჩემი უშედეგო კამათი საკმოდ დიდხანს გაგრძელდა… შემდეგ შევიტყვე, რომ თურმე არა მხოლოდ მე, არამედ ჩემზე გაცილებით ღრმად მორწუნე ქრისტიანები დღესაც საგონებელში არიან ჩავარდნილნი და ვერ მიმხვდარან, თუ რა კითხვას პასუხობს ცეცხლის გადმოსვლა-არ გადმოსვლა – ,,ჭეშმარიტი ღმერთის არსებობას მხოლოდ ,,ჭეშმარიტი  ქრისტიანებისთვის”?!  მათ აოცებთ, რატომ ეძლევა რიტუალს ესოდენ გადამწყვეტი აპოლოგეტური და სახელმწიფო მნიშვნელობა?! დებატებში მეც იგივეს ვამტკიცებდი: ეს  უწყინარი სანახაობა, რომელიც სიმბოლურ სადღესასწაულო ხასიათს ატარებს, ადამიანებმა გააფეტიშეს და ერთმანეთზე უპირატესობის წარმოსაჩენი მნიშვნელობა მიანიჭეს. მხოლოდ შემდეგ, როდესაც ,,ბრძოლის” ქარცეცხლი განელდა, მივხვდი, რომ კამათი განწირული იყო, რადგან ჩვენში ადამიანები ეროვნულ იდენტობას თუ  საზოგადობასთან ერთიანობას და მართლმადიდებლობას  ერთმანეთთან აიგივებენ. ამის გამო, ცეცხლის ადამიანური წარმოშობის შესახებ, რა არგუმენტებიც არ უნდა მოიყვანო, მას არავინ მიიღებს, რადგან შენ ხალხის ეროვნულ ღირსებას შეურაცხყოფ, ,,ქართველობას ართმევ”! ამ დებატებში და არგუმენტების ომში კი ორივე მხარე ვკარგავთ მთავარს – აღდგომის არსს, მოვლენის სიდიადეს!

ასეა თუ ისე, ფართო მასებს სწყურიათ, რომ დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავთან, უსათუოდ, გაელვებისა და ჭექა-ქუხილის თანხლებით, ზეციდან ღვთაებრივი ცეცხლი ჩამოდიოდეს! ცეცხლი, მხოლოდ ყველაზე ,,მართალთათვის”! ცეცხლი, რომელიც ანთია და არ წვავს! ცეცხლი, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის, ქართველებისთვის და დსთ-ს დანარჩენი ,,მართალი” მოსახლეობისთვის ზეციდან გადმოედინება! ცეცხლი, ,,ერთმორწმუნე ძმობის” დასამოწმებლად! სწყურიათ და ასეც ხდება! არის თუ არა ეს სინამდვილეში ასე, სულაც არ გახლავთ მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ ყველა ერთხმად საუბრობდეს მხოლოდ ჩვენს სასწაულზე, ჩვენს უპირატესობაზე!

Xibli

მოკლედ, ძალიან გვინდა რომ გადმოდიოდეს, დავიჩემეთ, გვიხარია და მორჩა! ჩემს ქართულ ინფანტილურ სულსაც საახალწლო საჩუქრებივით უხარია ცეცხლის გადმოსვლა! თანაც ,,მამისაგან” და მხოლოდ ჩემთვის – იყოს!  ,,პატარებს” ზეიმის შეგრძნება აამებს! ღირს კი ამის გულისთვის ჩხუბისა და აყალმაყალის ატეხვა? მთავარია, ეს ბავშვური აღფრთოვანება, სხვა ერებზე უპირატესობის განცდაში არ გადაიზარდოს და  გულზე მჯიღის ცემით, ურჯულოების განადგურებისკენ არ მოგვიწოდოს. პირადად, მე, ძალიანაც მინდა ზეციური ცეცხლის მჯეროდეს! თქვენ?

P.S.

ღმერთი უხილავია, ღვთის სიბრძნე კი მიუწვდომელი და დაფარული. სწორედ ეს იდუმალება, არჩევანის თავისუფლებაგჯეროდეს ღმერთის და მისდევდე მის მცნებებს თუ არა, ხდის რწმენას რწმენად. ის ხომ გულშია დამარხული. აბა, ის რაღა რწმენაა, როდესაც ღმერთი  ხილულად, საკუთარი ხელით  ცეცხლს გინთებს და თანაც, შენი სიმართლის დასამოწმებლად, მხოლოდ შენ განიჭებს უპირატესობას?! სწორედ, შენი თავისუფალი ნების გამო ხდება სიყვარულის იდეისადმი თავგანწირული მსახურება, სულიერი თუ მორალური დახვეწა, გნებავთ, სულიერი ბრძოლა, შენთვისაც და სამყაროს შემოქმედისთვისაც ფასეული.  განა, მტკიცებულებების მოყვარულებს თვით იესო ქრისტე ასე არ მიმართავს: ,,ბოროტი და  მრუში მოდგმა ეძებს  ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის   ნიშნისა” (მათე, 12,39)

რწმენაში განსამტკიცებლად და ცოდვისგან საწამლოდ მხოლოდშობილმა ძემ არა ცეცხლი და ამპარტავნება, არამედ თავმდაბლობა, სინანული, აღსარება და ზიარების უდიდესი საიდუმლო – საკუთარი სისხლი და ხორცი დაგვიტოვა. ესოდენ დიდი მსხვერპლშეწირვა კი, სწორედ,  იმისათვის ხდება, რომ ადამიანთა ცოდვით დაზიანებული ბუნება განახლდეს.

დღეს, იერუსალიმის ცეცხლის სასწაულებრივ წარმოშობაზე  ჩაბღაუჭება, იგივეა, რაც ეცადო ასაკში შესულ შვილებს უმტკიცო, თითქოს ნაძვის ხესთან საჩუქრებს ნამდვილი თოვლის ბაბუა, და არა ბამბის წვერით მორთული მამა ტოვებს. ადრე, ქრისტეს აღდგომასთან ერთად, ზოგ ადამიანს, ღვთაებრივი ცეცხლის, უბრალოდ, კეთილი ზღაპარივით სჯეროდა, და ეს ხელს არავის უშლიდა. ამჟამად კი, ხსენებული შოუ აღდგომის მთავარ არსად, გაუთავებელი დავის საბაბად და ერთი ერის მეორეზე უპირატესობის წარმოჩენის მიზეზად გადაიქცა. იმ დროიდან, როდესაც ცეცხლის ღვთაებრივ ბუნებაზე ალაპარაკდნენ, ბევრი რამ შეიცვალა – ამ ათასი წლის განმავლობაში კაცობრიობა გაიზარდა. მაშ, ხომ არ აჯობებს, ქართველები ცივილიზებულ სამყაროს ფეხდაფეხ მივყვეთ, ჩვილობის ასაკიდან გამოვიდეთ, დავბრძენდეთ და ამგვარი ათეისტური, რუსეთიდან ექსპორტირებული ,,მტრის ხატებისა“ თუ უცხო ერებზე უპირატესობის მითების პროპაგანდა შევწყვიტოთ და სულიერ დახვეწას, მორალურ ამაღლებას მივხედოთ? ნუთუ მოსიყვარულე მამა ცუდი მხოლოდ იმის გამო გახდება, ჩვენ თუ აღმოვაჩენთ, რომ, თურმე, საჩუქრებს, თოვლის პაპა კი არა, არამედ ის, ჭეშმარიტი მამა გვაძლევს?

alkash

მასალები მოიძია, თარგმნა და საკუთარ ეკლესიურ გამოცდილებასთან ერთად მოგაწოდათ ზურაბ ოდილავაძემ. 2013 წლის აპრილი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

19 Responses to ცეცხლი რჩეულთათვის – არის!

  1. revaz says:

    1.საყურადღებო ნაშრომია! 2.საჭიროა “საერო სამზეოს” აღდგენა რათა მსგავს წერილთა ავტორებსაც მიეცეთ ხალხის “ფართო მასებთან” კონტაქტის დამყარებისა და მათგან გამოთქმლი მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობა!

  2. odilavadze says:

    გმადლობთ!

  3. elizaveta55 says:

    ზურა მართლა ძალიან საინტერესო ნამუშევარია, საფუძვლიანადაა განხილული ყველა დეტალი. ბოლოს კი ეს ,,ნუთუ მოსიყვარულე მამა ცუდი მხოლოდ იმის გამო გახდება, ჩვენ თუ აღმოვაჩენთ, რომ, თურმე, საჩუქრებს, თოვლის პაპა კი არა, არამედ ის, ჭეშმარიტი მამა გვაძლევს?” ნაწილი რომ წავიკითხე მომინდა მეთქვა, ქართველებს ყავთ ერთადერთი მამა სტალინი! ამაშია მთელი უბედურება, სტალინი ჩაანაცვლა ეკლესიამ ეკლესია ვინც ჩაანაცვლა კი ვხედავთ აღარ გავაგრძელბ :)
    მოკლედ საინტერესო იყო, ძალიან ვისიამოვნე. მადლობა ავტორს!

  4. odilavadze says:

    მადლობა შენ ყურადღებისთვის

  5. zura, dzalian saintereso masala da rogortz koveltvis utkuari azrovneba-materalizmi sulierebashi.
    srulebit viziareb baton revazis azrs.

  6. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    ზურა, ვუერთდები ჩემს წინ გამოსულ ამხანაგებს. მარტო “რჩეულებისთვის“ :-) ნუ დარჩება ეს ძალზე სრული და ლოგიკური ანალიზი. “ფართო მასებს“ მართლა იქნებ დაეხმაროს ოდნავ მაინც კრიტიკული აზროვნების გაჩენაში…. მე თავად კი უდიდესი სიამოვნება მივიღე და უამრავი რამ გავიგე , რის აზრზეც არ ვიყავი…

  7. odilavadze says:

    გმადლობთ! ვნახოთ, ეგებ გამოვცე

  8. 18 ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს:
    24 ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, ვინც კია თიატირაში, მაგრამ არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცვნიათ სატანის სიღრმე, – გეტყვით, რომ აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს,
    26 ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას;

  9. revaz says:

    მხოლოდ მსგავსი გულწრფელობებით წარმართული კვლევა-ძიებები მიგვიყვანს ჭეშმარიტ გამარჯვებებამდე!!! [ოღონდ, ამისთვის, უპირველეს ყოვლისა – ქვეყნის “საერო სამზეოს” აუცილებელი აღდგენაა გადაუდებელი საქმე; სხვაგვარად – ეს და მსგავსი – “სწორი” თუ “არასწორი” მსჯელობანი და “გამოხმაურებანი” ნაკლებად “ხმიანდებიან” და საბოლოოდ “ილექებიან” როგორც “ხმანი – მღაღადებლისანი უდაბნოებსა შინა!”; მადლობა მოსმენისათვის! ველი ჯერ ყურად, შემდგომ კი გონად ღებას! ანუ – “სა-ე-რო სამ-ზე-ო” ხალხო სიმართლისა და სამართლის გულწრფელად მაძიებელო!!!” ].

  10. zura says:

    ძალიან მომეწონა, დახვეწილი არგუმენტები და საინტერესო ფაქტები, იმედი მავს კიდევ ბევრს მოგვაწვდით ასეთს, უფალმა დაგლოცოთ, თქვენის ნებართვით გავაზიარებ : ))

  11. jozia says:

    dzalian momewona…namdvilad sayuradgebo sakitxia…ar arsebobs imaze didi monoba vidre gmertis saxelit daimono da manipulirebde masebze da erebze…

  12. odilavadze says:

    მადლობა თქვენ!

  13. lado says:

    http://martlmadidebloba.ge/istoria4.html აი ეს წაიკითხეთ

  14. odilavadze says:

    ,,აღმოსავლური აღმსარებლობის ქრისტიანებს შორის (მართლმადიდებლები, სომეხ-გრიგორიანელები, იაკობიტები და კოპტები) ძალზედ გავრცელებულია რწმენა მადლმოსილი ცეცხლის ზებუნებრივი და სასწაულებრივი წარმოშობისა. მომლოცველთა ჩანაწერებს წითელ ზოლად გასდევს აზრი წმინდა ცეცხლის სასწაულებრივი წარმოშობის შესახებ. ეს უწყებანი, რომლებიც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, უფრო მეტად ავტორთა რელიგიურ ეგზალტაციაზე მეტყველებს, ვიდრე თავად ამ ტრადიციის სიდიადეზე. აქედან გამომდინარე, მათი სამეცნიერო ღირებულება ტრადიციის გამოკვლევის საკითხში იკარგება”.

  15. lado says:

    “თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა არა არს ღმერთი”
    არ დაიზაროთ წაიკითხეთ
    რა არის ზეციური ცეცხლი – ფოკუსი მორწმუნეთათვის, თუ ღვთაებრივი მინიშნება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას რუსი ფიზიკოსი შეეცადა. ატომური ენერგიის ინსტიტუტის მეცნიერმა შესძლო დაესკვნა, რომ ღვთიური ცეცხლი მართლაც ზებუნებრივი წარმომავლობისაა.

    იონური სისტემების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ანდრეი ვოლკოვმა მოახერხა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი მაცხოვრის საფლავის ტაძარში.. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ეკლესიის და მეცნიერების ისტორიაში.

    ექსპერიმენტი განხორციელდა აღდგომის დღესასწაულზე.. ზეციური ცეცხლის გადმოსვლის დროს, ტაძარში დამონტაჟებულმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს ელექტრომაგნიტური რადიაციის დიდი ნაკადის გამოსხივება.

    ფიზიკა-მათემატიკის დოქტორს – ანდრეი ვოლკოვს ყოველთვის აინტერესებდა ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის – თვითაალების ფენომენი, რომელიც მაცხოვრის საფლავის ტაძარში ხდება ყოველ აღდგომის დღესასწაულზე… ცეცხლი თავად ჩნდება, პირველ წუთებში არც კი წვავს. ვოლკოვს გაუჩნდა ვარაუდი, რომ ეს ცეცხლი პლაზმური ხასიათის იყო. და ამ ვარაუდით დაიბადა იდეა,ცეცხლის გარდამოსვლის დროს, ეკლესიაში განესაზღვრათ ელექტრომაგნიტური რადიაცია.

    -მე ვხვდებოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა წმინდა ადგილას აპარატურით შესვლა – ყვება ანდრეი ვოლკოვი – მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე მქონდა დიდი იმედი და მე გამიმართლა…

    გარდამოსვლა

    მეცნიერმა დაამონტაჟა ხელსაწყოები, რათა მომხდარიყო ღვთაებრივი ცეცხლის დროს ელექტრომაგნიტური ველების ურთიერთქმედების დაფიქსირება და გაანალიზება..
    მაგრამ, თუკი არ მოხდებოდა ელექტრომაგნიტური ველის აწევა, ესე იგი ამდენი ხნის მანძილზე მორწმუნენი მხოლოდ ფოკუსს ელოდნენ..

    ვოლკოვი აკვირდებოდა, თუ როგორ შედიოდა განმოსილი იერუსალიმის პატრიარქი, სანთლების კონით ხელში, მაცხოვრის საფლავის კელიაში… მორწმუნეები საოცრებას ელოდნენ.. გადმოცემის თანახმად თუკი არ გარდამოევლინებოდა ზეციური ცეცხლი, ეს იქნებოდა ნიშანი სამყაროს აღსასრულის. იმის შესახებ, რომ “სასწაული” მოხდა, ტაძარში მყოფთაგან ყველაზე ადრე ვოლკოვმა გაიგო: მისმა აპარატურამ დააფიქსირა ელექტრო ველის მკვეთრი აწევა…

    – ეკლესიაში ელექტრომაგნიტურ ველზე ექვსსაათიანი დაკვირვების შემდეგ მოწყობილობამ ელ. ველის ორჯერ გაზრდა ზუსტად ცეცხლის გარდამოვლინების მომენტში დააფიქსირა – ამბობს მეცნიერი – ახლა უკვე ნათელია, რომ ღვთიური ცეცხლი არაა ადამიანური წარმოშობის. ეს არც სიცრუეა, არც მისტიფიკაცია : ცეცხლის მატერიალური “კვალის” ნახვაც კი შეიძლება…

    კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ამოუხსნელი ენერგიის ზრდა მივიჩნიოთ ღვთის გზავნილად, ანდრეიმ უპასუხა :
    ეს არის ღვთაებრივის მატერიალიზაცია, სხვა სახელს ამ მოვლენას ვერ დაარქმევ. ღვთის ნააზრევს ჩვენ ვერ ჩავწერთ ფორმულებით, მაგრამ უფალი ამ საოცრებით ყოველ წელს გვაძლევს მინიშნებას.

  16. odilavadze says:

    ღმერთის აღმომჩენი ხელსაწყო – არ გეღიმაბათ მაინც? სწორედ ესაა მატერიალისტური ათეიზმი. რადგან ჯიუტად ვიღაც ანდრეის გინდათ დაუჯეროთ და არა მსოფლიო საეკლესიო კრებებს, წმინდანებს, წმ.კირილე იერუსალიმელსა და პატრიარქებს, რომლებიც თვით მონაწილეობენ ცეცხლის დანთების პროცედურაში, საუბარს აზრი ეკარგება

  17. odilavadze says:

    მთავარი! ცალკეული მორწმუნეების დაჟინებული მცდელობა, წარმოაჩინონ მადლმოსილი ცეცხლი, როგორც მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტების უმთავრესი მტკიცებულება, ყურადღებას სწორედ არგუმენტაციის მატერიალისტური ხასიათით იქცევს. რწმენისადმი მიდგომა ისეთია, თითქოს ის მეცნიერული თეორია გახლავთ და მისი ჭეშმარიტება ექსპერიმენტულ მტკიცებას მოითხოვდეს. ამგვარი აზროვნების სიღრმისეული ფესვები ათეიზმიდან მოდის. ურწმუნო ადამიანი ასე მსჯელობს: ,,თუ ღმერთი მართლაც არსებობს და ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია, მაშინ ზეციდან ცეცხლი გადმოვა და ექსპერიმენტი თეორიას დაამოწმებს. მაგრამ რწმენა ხომ, პირველ რიგში, ყოველი ადამიანის თავისუფალი არჩევანის საქმეა, სახარებისეულ მოწოდებაზე მისი სულის გამოძახილი; ის ძალდატანებას ვერ იტანს და არავითარ მატერიალურ მტკიცებულებებს, მით უმეტეს, საჯარო შოუს სახით, არ საჭიროებს. ასეა საქმე და არა ისე როგორც ანდრეი თვლის, აბაა…

  18. Konstantine Logos says:

    1. იმედია ვაცნობიერებთ რომ ელექტრომაგნიტური იმპულსის დაფიქსირება არ უტოლდება ცეცხლის ღვთაებრიობრივ წარმოშობას. ანუ ეს ორი მოვლენა შეიძლება საერთოდ არ იყოს ერთმანეთთან კავშირში და სულ სხვა მიზეზებით ჩნდებოდეს ეს იმპულსი.
    ცეცხლის გადმოსვლისას ფოტო და ვიდეო გადაღებების რაოდენობა მკვეთრად იზრება, და ამან შეიძლება გამოიწვიოს ეს ელექტრომაგნიტური აქტივობა, რაც ვოლკოვის აპარატმა დააფიქსირა. (“По мнению Волкова, речь идет об электрическом разряде, напоминающем разряд молнии, но он не исключает, что прибор просто зафиксировал замыкание в оборудовании одной из телевизионных групп или включение чего-то “вроде пьезозажигалки”.” )
    2. იმპულსის დაფიქსირება ასევე არანაირად არ უკავშირდება გახეთქილ ბოძს. ანუ ამის დაკავშირება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც დაინტერესებულია ამ კავშირში

    ”ევგენი მიხალიჩს სურათები დაათვალიერებინეს და ერთმნიშვნელოვნად დაადგინა რომ ბზარი მხოლოდ ელექტრომუხტით შეიძლება გაჩენილიყო” – ეს არის ძალზედ არასერიოზული დასკვნა. სადაა კვლევა? სადაა კვლევის ობიექტზე დაკვირვების სპეციფიკაციები?

    პ.ს. ნურავინ იფიქრებს რომ მადლის გალიაში გამოჭერა მოახერხა… და როდესაც მოვინდომებთ ღმერთს ცეცხლს გამოვსტყუებთ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s