წერილი მეცხრე: ფუკოს ქანქარას პრინციპი

გწერ, ჩემო მეგობარო N, გწერ, რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია გაიზიარო ჩემი გულისტკივილი, გაიგო მისი მიზეზი. თუმცა, ისიც ვიცი, რომ შენ, მიუნხენის შემოდგომისგან მოოქრულ პარკში (,,Goldener Oktomber”) ზიხარ, სუსხითა და გამხმარი ფოთლების სურნელით გაბრუებული, კუნდერას მორიგ ტომს ფურცლავ და ჩვენი ყოველდღიური ყოფა ნაკლებად გაინტერესებს. ჩემო N, მაინც გწერ, რადგან მარტო ვარ…d9cedbf45e452372262eb5024947e649

მოკლედ, ასეა თუ ისე, უღიმღამო ადამიანთა ზეიმია საქართველოში. რა გინდა, რომ ქნა? ან უნდა აქედან გაიქცე, ან თავადაც კოლექტივის ერთეულად იქცე… თუმცა, არსებობს მესამე გზაც… პროტესტი და უმრავლესობის დიქტატს კბილების ღჭენითა და მოთმინებით, უდრეკად და უხმოდ არ დამორჩილება – ყველა თავის გზას ირჩევს…

რომ გაიმარჯვო და თავისუფალი გახდე, დიდი გზაა გასავლელი. ამ მოგზაურობაში, ალბათ, მთავარი ორი რამაა – სინდისის ტანჯვანი და განახლებისკენ სწრაფვა. ადამიანის მთავარი ნიჭი და მიზანი, როგორც გიო ამბობდა – განვითარებაშია… თუმცა, სინდისის წუხილისა და თავმდაბლობის გარეშე, არაფერი გამოგივა. ოღონდ მორჩილება არ უნდა იყოს მოჩვენებითი, მონური, მხოლოდ შენი ცოდნის, გამოცდილებისა და გადატანილი განსაცდელის სიმაღლის გადმოსახედიდან გაცნობიერებული თავმდაბლობაა ფასეული.

სანამ ყოველივეში მხოლოდ საკუთარი თავს არ დაადანაშაულებ და არ იყვირებ, რომ შველა გჭირდება, არაფერი გამოგივა. ნებისმიერი სახის მონობის ტყვეობიდან გამოსვლა თავის დამდაბლებითა და ,,წყლულების“ გახსნით, მათი გულრწფელი გამომზეურებით იწყება. ასე ხორციელდება რეალურ ცხვორებაში ცნობილი სახარებისეული პრინციპი – ,,ითხოვეთ და მოგეცემათ”. თუ ეცდები ყველას ზემოდან უყურო, ასე ვერაფერს მიაღწევ – მონობას უფრო ღრმად ჩამარხავ და ბოღმისგან საბოლოოდ დაიღუპები. საკუთარი უძლურების აღიარება – ხსნის ერთადერთი გზაა! ეს აუცილებელი ეტაპია, მხოლოდ შემდეგ მოდის საკუთარ თავზე გამარჯვება.

გახსოვდეს, შენში კიდევ უამრავი ,,მე“ დევს! გადახედე შენში არსებულ შეხედულებათა სისტემას, იმ ეტაპისთვის მორიგი კერპი უკუაგდე და გადადი უფრო მაღალი ხარისხის თავისუფლების სივრცეში, სადაც მორიგი კერპები გელოდება და ყველაფერი ისევ თავიდან…  ასე, ამ ,,მეების“ მოკვდინებით იზრდება პიროვნება. ეს მეტად მტკივნეული პროცესია, რომელსაც დიდი გულისტკივილი, საზოგადოებიდან გარიყვა, გაჭირვება და სასოწარკვეთამდე მძიმე მარტოობა სდევს თან… მე ,,მეც“ ვარ და ,,დათოც“, და კიდევ ბევრი, უამრავი ,,მეც“. დიახ, მე არა მხოლოდ დათო ვიყავი, არამედ LUCKY – იც, ამჟამად დემოც შევიქენი და ფუკოც გავხდი – ხან რაციონალური ჟანი ვარ და ხანაც შეშლილი მიშელი…

   ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მან ჯერ ყველაფერი, რისი გულისთვისაც ცხოვრება ღირს, უნდა დაკარგოს და ამ გზით გაიგოს ჭაშმარიტი თავისუფლების ფასი. ამის გარეშე, მხოლოდ წაკითხვით, მთავარი შიშის, სიკვდილის შიშის მეტნაკლები დაძლევა, და, ასე ყოველდღიური ყოფის წნეხისგან გათავისუფლება არ მოდის. თავისუფლება – ეს არის სიკვდილთან მაქსიმალური მიახლოება, რადგან ადამიანი ზუსტად და მკაფიოდ, მხოლოდ სიკვდილის პირას შეიგრძნობს, თუ რას ნიშნავს ,,ამაოება ამაოთა“ – წარმატება, სიმდიდრე თუ ულამაზესი ქალი, სხვა წვრილმანი ზრახვები და ,,დიდი“ წყენები – ,,ყოველივე ამაოა”… თუმცა, ზემოჩამოთვლილს არ უნდა შეუშინდე, რადგან დათმენის საზღაურიც დიდია – თავისუფლება მოგცემს იმ აბობოქრებული მდინარის ძალას, რომელიც კოლექტივიზმის კლდეს გააპობს!

   თავისუფლება არ არის ერთჯერადი, თუნდაც დიდი თავგანწირვის აქტი, არამედ ესაა პროცესი – ის  ჩაკირკიტებით შრომასა და ,,წვეთ-წვეთად საკუთარ თავში მონისგან გათავისუფლებას“ მოითხოვს.

თავისუფლება, როგორც კოლექტივის უდაბნოში დაკარგულ მგზავრს, ისე უნდა გწყუროდეს. ის უნდა მოიპოვო ხანგრძლივი, მძიმე მოგზაურობით.

თავისუფლება არ ითხოვს ჰიმნებსა და ორატორიებს, მას სჭირდება ნება, გამბედაობა და სიმტკიცე.

თავისუფლება არ არის ნაირფერადი ოცნებით ტკბობა, ესაა უახლოესი ადამიანების მიერ მოყენებული ტკივილის, დაცინვის, ტალახის უდრტვინველად ატანა.

მაშ ასე, ადამიანის სიმდიდრე, მრავალფეროვნება და ინდივიდუალიზმი მის ცვალებადობაშია. ,,მეების“ მოკვდინებით იზრდება ადამიანი. ფუკოს ქანქარასავით უჩუმრად, ბევრი ყვირილის გარეშე, უნდა გადაიხარო და ქანაობა დაიწყო, ხოლო სიბრტყე რომელშიც შენ ირხევი, ნელა, მაგრამ განუხრელად დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით – ავტორიტეტების, კოლექტივისა და მეგობართა ჩვეული წრის საპირისპირო უნდა იყოს. დაიღლები – შეისვენე, გინდ უკან დაიხიე – რხევათა ცენტრისკენ დაბრუნდი და მერე გააგრძელე, მაგრამ აუცილებლად გააგრძელე!.. თუ ბევრს და ხანგრძლივად იქანავებ, შეიძლება გაგიმართლოს – დროთა განმავლობაში ღერძთან დამაკავშირებელი ჯაჭვი გაცვდება, შემდეგ ის გაწყდება, შენ კი არწივივით ცაში აიჭრები და ჰაერში ილივლივებ…

სანამ ნაირნაირი კოლექტივების ორბიტას საბოლოოდ მოწყდები, დიდი და მეტად მტკივნეული გზაა გასავლელი: მოკალი მორიგი მოძველებული ,,მე“ – მთავარია არ გაჩერდე და გულში მაინც, არ დააცხრო პროტესტი; განსაკუთრებით, პროტესტი საკუთარი არსებობის უაზრობისა და ეგოიზმის მიმართ, შემდეგ კი დაიხსენი თავი კოლექტივიზმის მარწუხებიდან.

დაბოლოს! სიცრუისა და ფარისევლობის ოკეანეში, უნდა აანთო გულრწფელობის შუქურა, რომელიც განახებს გზას სიმართლისა… თუ შენ შეიყვარებ მარტოობასა და ყოველდღიურობის წნეხის მოწამეობას, თანამედროვე ადამიანები, პირველ ყოვლისა, თანამემამულეები, უახლოესი მეგობრები უდიდეს პატივს მოგაგებენ – შეშლილად გამოგაცხადებენ, შეგიძულებენ და გაგრიყავენ. ყოველივე ამის ჯილდო კი უმშვენიერესი იქნება – შენ გახდები ,,მარილი ამა სოფლისა“, შენ ,,დაატრიალებ დედამიწას“… და შეუერთდები მარადისობას.

P.S.

…მაგრამ არის კიდევ რაღაც უფრო დიდი და ძნელად მიღწევადი, ვიდრე ინდივიდუალიზმია… პიროვნების განვითარების ყველაზე მაღალი საფეხური, მისი ყველაზე დიდი მიღწევა ასეთია: თან იყო კაშკაშა, მკვეთრად გამოხატული ინდივიდი, ერთადერთი, განუმეორებელი და, იმავდროულად, ჩვეულებრივი, როგორც ყველა – ესაა ადამიანის განვითარების უდიდესი ხელოვნება და მწვერვალი! სწორედ  რიგითობასთან შერიგებასა და ჩვეულებრიობის განცდის შესისლხორცებაა ადამიანისთვის ყველაზე დიდი სირთულე, ასეთია ჩვენი რაობის აღქმის უდიდესი სიძნელე. სამაგიეროდ, მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ჭეშმარიტი  თავისუფლება და უმაღლესი სულიერი შვება!

ყველაზე კარგო N, დასასრულს, სანამ დაგემშვიდობებოდე, შეგახსენებ უილიამ შექსპირის ცნობილ გამონათქვამს: ,,ყოველგვარ შეშლილობას აქვს თავისი ლოგიკა“… ასე რომ არაფერია საგანგაშო – მე კვლავ ფსიქიატრიულში ვწევარ და შენზე ვფიქრობ… ჩემო ოცნების გოგოვ, გკოცნი და გეფერები, მხოლოდ შენ!

ზ. ო. რომანი – ,,წერილები საყვარელ გოგოს ფსიქიატრიულიდან“, 2015 წელი

Posted in Uncategorized | Leave a comment

ქართველ დედასა და მეძავ ქურთუკებზე (ქართველების ექვსი ვნება. ნაწილი II)

5a4a121e84654573a47e03421beb5602   მწერალი რომ ვიყო, თხრობას ასე დავიწყებდი: თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ცხოვრობდა ერთი მორფინისტი გიორგი, რომელსაც დედა დაუსრულებლად ქურთუკებს ჩუქნიდა, ის კი მათ ნაირნაირი გზებით ,,წამლად“ აქცევდა. მე არ ვარ მწერალი, ადამიანიც კი არ ვარ, ქურთუკი ვარ, მართალია, მეტად მოდური და ძვირადღირებული, მაგრამ მაინც მხოლოდ ხშირი ბეწვით ამოკრული, მუქი ყავისფერი ზამშის სამოსი – იმდროინდელი ტერმინოლოგიით ,,დუბლიონკის კურტკა“. იმით კი შემიძლია ვიტრაბახო, რომ ჩემ შოვნას საკმაოდ დიდი გაჭირვებით თუ შეძლებდით, ისიც გადამყიდველ ებრაელებში.

კომუნისტური ეპოქის 80-იანი წლებია, ,,უძრაობის“ ხანის შუაწელი. როგორც უკვე ვთქვი, მაგარ მოდაში ვართ და ჩვენზე – ,,დუბლიონკებზე“, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შეძლებული ქართველები დიდ ტაციაობას გამართავენ. არალეგალური ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი ქ.ორპირის მახლობლად მდებარეობს – ეს არის ებრაელებით დასახლებული დაბა კულაში. თუ იქ ჩასულს ძალიან გაუმართლა, ,,სპეკულიანტი“ ,,სხვისთვის გადადებულ“ ქურთუკს გამოუჩენს და კლიენტიც 1500- დან 1700-ს მანეთამდე დიდი სიხარულით გადაიხდის. ეს კი საკმაოდ დიდი თანხაა და მსუბუქი ავტომობილის ფასის არანაკლებ მეხუთედს შეადგენს.

ორპირის რაიონის წამყვან გინეკოლოგს, ლიას, რომელსაც ებრაელები დიდ პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ, სწორედ მე ვერგე. საკეისრო კვეთის ოპერაციით დაკავებულს, პირადად ლია-ექიმს ვერ მოუცლია და ექთანი ნანა გამოუგზავნია. ამის შესახებ კულაშელი ,,შათიას“ სახლის დიდ ოთახში, სადაც გასაყიდი საქონელი იყო გამოფენილი, ექთნის საუბრიდან შევიტყვე.

სხვა სამოსისგან განცალკევებით სავარძელზე მიწოლილს, ცელოფანი გადამაძვრეს, ჩანთაში ჩამდეს და სამშობიაროს ,,მოსკვიჩით“ ორპირში გამომაქანეს.

…ცელოფნის პარკში მომათავსეს, ბინტით გადამახვიეს და ტყავის ხელჩანთაში ჩამდეს. ახლა კი მე და ლია მატარებლით თბილისში მივდივართ. ჩვენს გარდა კუპეში ორი უშველებელი ჩანთაა, მუყაოს სამი დიდი ყუთი და ერთი, ბაწრით გადახვეული ფუთა. სანამ ჩანთაში მიკრავდნენ თავს, უსაქმურობისგან იძულებული გავხდი, დანარჩენი ბარგის ჩალაგებისთვის მედევნებინა თვალი: ძროხის ხუთი კილო და სამიც ღორის ხორცი, კვერცხწასმული, ჭყინტი ყველით გატენილი ექვსი ხაჭაპური, ხუთი ,,სგუსჩონკა“ და ,,ტუშონკის“ ტაოტიანი ხუთი ქილა სსრკ-ის სამხედრო მარაგებიდან, ოცდაათი კვერცხი, სამი კილო ყველი და ოთხი თავი შებოლილი სულგუნი, ცხიმისგან ,,შეყვითლებული“ ორი დედალი და ასეთივე ინდაური, ნახევარი გოჭი, შებოლილი ზუთხის ნაჭერი და ორი ქილა ხიზილალა, ხუთი ბრიკეტი კარაქი, ერთ მიტკლის ტომარაში – ჭადის ფქვილი, მეორეში – ღერღილი, კარადის თავზე დასამწიფებლად შემოსაწყობი ქარვისფერი ხურმა, ვაშლი და მანდარინი, ოცი ჩურჩხელა (ათ-ათი – თხილისა და ნიგვზის), ტკბილი კვერი, ვაშლის ნამცხვარი, ბლომად ,,მოსკოვის“ კანფეტი, ამერიკული ,,მარლბოროს“ ორი ბლოკი, ასანთის სამი შეკვრა, პარაფინის ხუთი სანთელი, სამი ფრანგული საპონი ,,Camay”, პოლონური ოდეკოლონი ,,Spartak”-ი და რუსული ტუალეტის ქაღალდის ხუთი რულონი… თითქოს არაფერი გამომრჩა?..

დილით ადრე, გათენებამდე, თბილისში ჩავედით. ციოდა. ვაგზლის მტვირთავის ჭინთვა, ოთხთვალა ურიკა. ტაქსისტებთან ვაჭრობა და ისევ მტვირთავის ქოშინი. ვარაზისხევის ქვაფენილი, ,,ჩაის სახლი“ და კეკელიძის ქუჩის ათი ნომერი.

ორი უშველებელი ჩანთით ხელდამძიმებულმა ლიამ მეხუთე სართულამდე დინჯი ნაბიჯით, შესვენების გარეშე ააღწია და კარზე დარეკა. როგორც შემდეგ გაირკვა, გიორგი ,,წამლის” გადაგდების მორიგი მცდელობის ჯოჯოხეთის წრეებზე დალასლასებდა. უძილობით ტანჯვა, სახსრების ტეხა, ოფლიანობა და პილუციები, ერთი სიტყვით, ,,ლომკის“ თითქმის ნახევარი უკან დაეტოვებინა და ამ დროს, ,,თავზე დავადექით“.

კარი გააღო, გუნებაზე აშკარად ვერ იყო, ისე აკანკალებდა, ჩანთაშიც კი მესმოდა… ცხადია, დედა ჩამოსვლის შესახებ ერთი კვირით ადრე გააფრთხილებდა, მაგრამ მაინც საძილეებისგან გაშტერებული მზერით უყურებდა, თითქოს ვერც იცნო, ვინ და რატომ წამოაგდო ამ დილაუთენია. მას ხომ ეს-ესაა ჩაძინებია… ვაა, ჩამოხვედიო,– თქვა და, ალბათ, იქვე გაიფიქრა,– ამან ხო გაატრაკა ამ  ჩანთების თრევითო… თავისი ოთახისკენ გაემართა, სადაც მეუღლისგან განცალკევებით ეძინა, თითქოს ჩაცმაც დააპირა, მაგრამ დედამ დაამშვიდა,– იყავი, ქვემოთ ტაქსისტს ფულს მივცემ და ის მომეხმარებაო… საბანი გადაიფარა და გაყინული სხეულის გათბობას შეუდგა… 31 დეკემბერი თენდებოდა, ახალი წელი დგებოდა – ეს კი ,,წამლის გადაგდებას“ მეტად საეჭვოს ხდიდა – აბა, ახალ წელს ,,ლომკაში“ ხომ არ შეხვდებოდა? თან დედაც ჩამოვიდა, ფული იქნება… გაიფიქრა და ამასობაში ჩაეძინა… შემდეგ მარნეულის გზაზე ცინცხლად გაჩხერილზე დევიკას უყვებოდა – სიზმარში ისევ ბევრი ოპიუმი უნახავს: ბარიგა, წამლის აღება… აი, დააანგიდრიდეს, ხსნარი წამოადუღეს… ბამბის ,,შარიკით“ ,,ბაიანში“ ამოიღო… და ისევ ეს დედამოტყნული ,,ძაღლებიო“ – გაკეთებას არ დაგაცდიან, ეს ბოზებიო! თურმე გარბის და ვერ გარბის, კადრები შენელებულა, უშნოდ იზლაზნება, ფეხები არ ემორჩილება, არადა მდევრები ეწევიან… უცებ ის ახალი ექთანი გოგო შემოსულა სიზმარში!.. ეზასავება, ეფერება, მკერდზე კოცნის… და გაუთავებია კიდეც… მოვლენებს გავუსწარი, ამაზე შემდეგ.

ტრუსი ლოგინშივე გაიხადა, იმითვე შეიმშრალა. წამოდგა, უჯრიდან საცვალი გამოიღო, ჯინსები ამოიცვა და აბაზანის გავლით ლოჯიაში გავიდა. მეუღლე ნინო და ქალბატონი ლია ჩანთებიდან ამოღებულ სურსათ-სანოვაგეს მაცივარსა და აივნის კარადებში ანაწილებდნენ. გიორგიმ ,,ლომკისგან“ აცრემლებული თვალებით ამოლაგებულ პროდუქტს გადახედა:

– კაი, რა, ეს ასანთი და ტუალეტის ქაღალდი, რაღაა?

– იყოს, ხომ არ გაწყენს, ზედმეტად გარეთ გასვლა არ მოგიწევს… რატომ არ ხარ გაპარსული? – ჰკითხა დედამ და ამჯერად მუყაოს ყუთებს მიადგა. შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, დაფიქრდა და მაგიდიდან მოზრდილი ხელჩანთა აიღო:

– გიორგი, ერთი წუთით, რაღაც მინდა განახო… – ლიამ ცელოფნის პარკი გახსნა და მე ამომიღო. რა საშინელებაა ეს ცელოფანი, სული შემეხუთა, ლამის დავიხრჩვი. კიდევ კარგი, ადამიანებივით ოფლი არ მდის, თორემ მატარებლის სიცხისგან ავყროლდებოდი კიდეც.

– ვაა, ,,დუბლი“, გაასწორა! ესპანურია…

– აბა, მოიზომე, ვნახო.

გიორგიმ უხასიათოდ მომიცვა, კარგიაო, თქვა, დიდი მადლობაო, მიაყოლა და თავის ოთახში დაბრუნდა. საწოლზე მიწვა და სიგარეტი გააბოლა. ჩემი რბილი ბეწვი მამაკაცის სხეულს სასიამოვნოდ ეფერებოდა. მე კი დეზოდორისა და ლომკის მწარე სურნელით გავიჟღინთე, კიდევ დამწვარი ძვლის მაგვარი სუნიც მცემდა – მგონი სპერმის. ტელეფონმა დარეკა:

– გისმენთ… შენა ხარ, დევიკ, რა ხდება, რამე ხომ არ იცი? ბიჭო, დედაჩემი ჩამოვიდა!..

საუბრიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა – თბილისში წამალი არსად არ ,,იღებოდა“ და მეგობრებს წარმოუდგენელი რამ ელოდებოდა – ახალი წელი ფხიზლად! ერთი მბჟუტავი იმედის სხივი დევიკამ მაინც გამოუშვა…

იქვე, თბილისის მახლობლად ყოფილა მარნეულის რაიონი, თავისი რაიონული ცენტრითა და დიდი მოასფალტებული მოედნით, სადაც ცხოვრობდა თბილისელი მკეთებლების მასპინძელი და ამიტომ მარნეულის ყველაზე მოწინავე ,,ძველი ბიჭი“ და შეთავსებით ,,ბარიგა“ – მესიკა.

საღამოს რვისთვის გიორგის ახალთახალი ,,07“-თ ჩავიდნენ, მესიკას წამლის მოძრაობის შესახებ, რაღაც მაინც უნდა სცოდნოდა. მასპინძელი სრულიად უიმედოდ, მაგრად ბარაქიანად გაჩხერილი დახვდათ. იბაზრეს, აქეთური-იქეთური, მარნეულის ,,ბარიგების“ წამლით მომარაგების საკითხი მიმოიხილეს, ამასთან დაკავშირებული მესიკასეული დღის ქრონიკაც მოისმინეს – გამოჩენილი მორფინისტებიდან, ვინ იყო ჩამოსული. ნარატივიდან გაირკვა, რომ მარნეულელებს ქურდებიც კი ,,ლოგში“ გაუშვიათ… ღამდება… დასასრულს, დაკაიფებულმა ,,ბოლო იმედმა“ ცხვირი ეშხიანად მოიფხანა და წარმოთქვა:

– ადინ შანს ესთ… ეთა, ვ მუღანლო ზაიდი ქ ილიაზუ… ჩისთი ბილ… მინე ნე დაიოთ, სუქა, თებე მოჟეთ დასთ, ფაფრობუი…

გზა, მუღანლოს კაფე-რესტორანი, ქვემოთ ჩასახვევი, მიწის ვიწრო ტალახიანი ქუჩა. სახლები მაღალი გალავნებით და პატარა ჩიხი… სამი ,,თათარი“ დგას… ერთი დანარჩენებზე გაცილებით მაღალი, ტანით დიდი და მუცლის ქვედა ნაწილში ავადმყოფური პატარა ღიპით… დევიკამ წამოიძახა:

– ეგ არის, გავარტყით, ილიაზაა! – მანქანა გააჩერეს, დევიკა გადავიდა:

– ვაა, პრივეტ, ბრატ! კაკ დელა, ილიაზ?

– დევიკას, გაუმარჯოს!.. და თაქ, სთაიმ ბაზარიმ. ნა სვადბუ იდიომ… ა ლექასთვა ნეთ! ჰეჰე…

გაღიმებულმა ილიაზმა სიგარეტს მოუკიდა და მეგობრებს თვალი ჩაუკრა. მათაც გაიცინეს – ოქროს კბილები მთვარის შუქზე ლურჯად აბრჭყვიალდა.

– ეე, ეთა ქთო ს თაბოი?

– დრუგ, ნე ბოისია, ნაშ.

– დუბლონკა ხაროში, პიზდეც!

– სლუშაი, ილიაზ, დენგი ესტ, დავაი, ჰა?

– დენგი და, ნო დუბლონკა ოჩენ ხაროში!..

დევიკა ჩვენსკენ წამოვიდა:

– ბიჭო, შენი კურტკა ევასა, წამალს ასიანი გააძრობს!

– მაიცა, თუ ძმა ხარ, დედაჩემი დაიცენტრება, დღეს მაჩუქა!.. მარაა… ახალი წელი უწამლოდ, როგორია?!..

– რა ვქნათ?

– რავიი, დაებაზრე, მაგის დედას შევეცი!

დევიკა ისევ ,,თათრებთან“ მივიდა. რაღაცას ბჭობენ. ისევ ჩვენთან დაბრუნდა:

– კაროჩე, ფული მაიტათ და კურტკა მათხოვეთო – ქორწილში მიდიან, აქ ხო იცი, ,,დუბლი“ მაგარი პონტია… ახლა არ დაიწყო, დედაჩემიო – წამალს გააძრობს და ხვალ-ზეგ კურტკასაც დააბრუნებს.

– მაგის დედას, რო შევეცი, ჰა, მიეცი და დროზე გავიკეთოთ რა! ჰო, და როდის ჩამოვიდეთ, ზუსტად შეუთანხმდი! აქ დამხვდეს, თორემ დედაჩემი თავს დაიბრიდავს!

ასე აღმოვჩნდი ილიაზის ოფლითა და არყის სუნით გაჟღენთილ ტანზე. ისიც გავათბე და ფაფუკი ბეწვით მივეფერე – ასეთია ქურქის ხვედრი, ვინც გიყიდის, იმას უნდა ეფერო და ელოლიავო. ილიაზმა ფული გადათვალა და მეზობლის ეზოში შევიდა. ხის მორებში გადამალული მოზრდილი ,,ჩეკი“ გააძრო და ისევ გარეთ გამოვიდა:

– ვოთ, ჩისთიაქ, მორფი გრამ, დერჟი. ასთაროჟნა, მენთი ბეგაიუთ – ნოვი გოდ, დენგი ვსემ ნუჟნი!

დევიკა მანქანისკენ გაემართა და ბიჭებმა ილიაზთან დამტოვეს. იასნია, იქვე სადღაც უახლოეს გორაკზე აუხვიეს, გაიჩხირეს და თბილისში ბედნიერები ჩავიდნენ. გიორგიმ დედა, ალბათ, იოლად დაამშვიდა – ქურთუკი მანქანაში დამრჩაო… ან დევიკას მოვახურეო. მასეთები კი ეხერხებოდა.

ჩვენ კი ქორწილისკენ დავიძარით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წამლით გაჟღენთილი ილიაზი არყითაც გასკდა. შემდეგ გარეთ გამობარბაცდა, სახლში დაბრუნდა. ეზოში არწყია, მიაფსა და მალევე, პირდაპირ ცოლის თვალწინ გაიკეთა. მიწვა, ხვრინვა ამოუშვა… და ძილში ,,გაიპარა“.

მეზობლები, ნათესავები, ქალების ტირილი… შუადღისთვის ჩამოსულ ბიჭებს, გიორგის ,,დუბლიონკაში“ გამოწყობილი ორმეტრიანი ილიაზი ხის ნოხგადაფარებულ ტახტზე გაშოტილი დახვდათ. მისმა უნუგეშო მეუღლემ მგლოვიარე თბილისელების დანახვისთანავე გაშავებულ გვამს გადახედა და შეჰკივლა:

– ვსთავაი, ილიაზ, თვაი რებიათა ზა ლექარსთავამ პრიშლი, დავაი ფამაგი დრუზია ვ ლომკე!

კედელთან უმწეოდ ატუზულნი იდგნენ. გარდაცვლილი, ცხადია, ეკიდათ, ჩემთან სამუდამო განშორებას გლოვობდნენ – რა გაეწყობოდა, გახევებულ მიცვალებულს ხომ არ წამოაყენებდნენ, მე რომ გავეხადეთ. დამტოვეს. მე და ილიაზი კი იმ დღესვე ნოხში გაგვახვიეს და მარნეულის ცივ მიწაში ჩაგვდეს. დიახ, ყველა საიქიოს შვილები ვართ, გვიან ხვდები ამას, არადა თავი მომქონდა, აქაოდა ესპანური ქურთუკი ვარ, გიორგის ,,დუბლიონკებში“ უპირველესი! ძლივს მარადიულზე ფიქრი დავიწყე და აქაც არ მასვენებენ – ჭიები შემესივნენ, ეტყობა, ძლიერ ეამათ ესპანური ტყავის გემო… ილიაზი თითქმის დაამუშავეს და ძვლებიღა დატოვეს – მიწა მიწად აქციეს. მეც, ალბათ, მალე გავქრები…

ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ასეთია ქურთუკის ბედი, მეძავივით, ვინც შენში ფულს გადაიხდის, იმას უნდა ემსახურო და საფლავშიც ჩაჰყვე. ზოგს უმართლებს, მე არა – არც პირველი პატრონი ვარგოდა, ხოლო მეორე ხომ საერთოდ… კარგი, მკვდარზე ცუდს არ ლაპარაკობენო. ისე, მაინც ძალიან მენატრება ხოლმე… ილიაზი – არა, ის, მორფინისტი გიო. გულით ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ წამალი, ხომ იცით – ქუჩაში გასვლა, გოგონებთან თავის მოწონება… სხვაგვარად, როგორ გამოეჩინა თავი? დაიხუნძლა კაცი კომპლექსებით. ხუმრობა საქმეა – დიქტატორი დედა, ამდენი სიყვარული, ამხელა ზრუნვა, მუდამ ყურადღების ცენტრში – გაძლება არ გინდა?! გაიტაცებდა ეგოიზმი, აბა, რა იქნებოდა და ჩარჩა გიო ბავშვობაში – ეგაა რა…

ახლა უცებ ერთმა აზრმა გამკრა – რამდენად ვგავართ მე და ქალბატონი ლია. ჩვენ, ორივე, გიორგის ვათბობთ, ის გვიყვარს და გვენატრება, მისთვის ვარსებობთ და საბოლოოდ თავსაც ვწირავთ, ჩვენ მისთვის თავდადებული ,,დედა-მეძავები“ ვართ… შვილისთვის, მისი კეთილდღეობისთვის, ყველაფერს ვთმობთ, მათ შორის წესიერებასაც – ,,ბარიგებს“ ვეყიდებით და ,,ვბოზობთ“, ოღონდ ის იყოს კომფორტულად, კაიფში. ჩვენთვის ის დედის ძუძუსა და ალერსზე მეოცნებე, დედის კალთას მიჯაჭვული ბარტყია, რომელიც მუდამ ,,კანფეტზე“ წუწუნებს.  მაშ, რა გასაკვირია, რომ ესოდენ დიდ მსხვერპლში, მხოლოდ ჩვენი გაგებით სწორ ცხოვრებისეულ გზას თავს ვახვევთ, რადგან არ გვინდა, რომ ჩვენი ,,ბეკეკა“ გაიყინოს, ხოლო ადამიანურ ენაზე – ,,ხრამში გადაიჩეხოს“?.. აქვე ვაღიარებ, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს შორის, მაინც არის – ქურთუკები არ ვთხოვდებით. აღნიშნული მიზეზით, თბილ და ფაფუკ ,,დუბლიონკებს“ არ გვიწევს შვილების წვრთნით ჩვენი ნაკლული ქმრების უნიათობის კომპენსირება…

ნეტავ ახლა სადაა, რას აკეთებს, ისევ იჩხირავს?.. თუ სმაზე გადავიდა? თუ ციხეშია? შეიძლება ილიაზთან დაეშვა?… ბოლოს და ბოლოს ხომ მალევე დაიწვებოდა, რომ ,,დუბლი“ გააქრო. ნეტავ დედამისს რა რეაქცია ექნებოდა – უყვირებდა, უხ, შე გარეწარო, გაეთრიე, შორს ჩემგანო? ალბათ, არა, ვიცი მე ქართველი დედების გადამკვდარი სიყვარულის ამბავი – გული ჩასწყდებოდა, მუცელში გაჭრიდა, სიმწრის ცრემლი მოადგებოდა, ვინ დამწყევლაო და ბედს შერიგებულის დუმილით, ცარიელი ჩანთებით, შიგ საგულდაგულოდ ჩაკეცილი ფქვილის ტომრებითა და  მუყაოს დაკეცილი ყუთებით ორპირში დაბრუნდებოდა. ქალბატონი ლია კვლავ გიოსთვის ფულის შოვნას გააგრძელებდა – უფროსი ბიჭი ხომ მისი ცხოვრების ერთადერთი აზრი იყო… ნეტავ, ისევ იჩალიჩებდა ზამშის ახალ ქურთუკს, თუ ხელებს ჩამოყრიდა და შეურიგდებოდა გიოს ჰოლანდიურ, ჩემსავით რბილი ბეწვით ამოფენილ, სათადარიგო, მაგრამ თითქმის ჩაუცმელ ველვეტის ქურთუკში სიარულს?..

ზურა ოდილავაძე, 2017 წელი. ქართველების ექვსი ვნება. ნაწილი II

 

 

Posted in Uncategorized | 4 Comments

გაუტკივარების დრამატიზმით აღსავსე გზა

I. ქირურგიის ორი წყევლა

მე-19 საუკუნეში ქირურგიის წინსვლა, თითქოს, საბოლოოდ შეჩერდა. 1.jpgამისი მიზეზი ქირურგიის გზაზე აღმართული ორი გადაულახავი ზღუდე იყო – ოპერაცია პაციენტს სასტიკ ტკივილს აყენებდა და მისი ჩატარება სისხლის მოწამვლის საშიშროებასთან იყო დაკავშირებული. ექიმის გარჯა და ავადმყოფის ტანჯვა ამაო ხდებოდა – ტკივილით გამოწვეული შოკი და ჰოსპიტალური ინფექცია, ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა. ამის გამო, ქირურგიულ ჩარევას, უკიდურეს შეთხვევაში, დაგვიანებით მიმართავდნენ. გამოცდილი, ვირტუოზი ქირურგებიც კი, რომლებსაც ტექნიკა სრულყოფილებამდე ჰქონდათ დახვეწილი, ოპერაციას შიშით ბედავდნენ. შედეგი ხშირად იმდენად შემზარავი იყო, რომ ბევრს ეჭვიც კი გაუჩნდა: ,,აქვს კი, თვით ქირურგიას,  არსებობის უფლება?”

II. გათიშე და იბატონე

შეიძლება მხოლოდ წარმოიდგინო, თუ რას განიცდიდა შუა საუკუნეებში ავადმყოფი, როდესაც ის ქირურგის ულმობელი დანის ქვეშ წვებოდა. ოპერაცია ინკვიზიციის მიერ ერეტიკოსის წამებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ლონდონის საავამყოფოებში სპეციალური ზარიც კი ეკიდა, რომლის რეკვით ქირურგიული პაციენტის ყვირილს ახშობდნენ. 2თუმცა, ზოგიერთი საშუალება, რომელსაც ავადმყოფის ტანჯვის შემსუბუქება შეეძლო, ჯერ კიდევ ძველთაგან იყო ცნობილი. მაგალითად, შემონახულია ძველიეგვიპტური მანუსკრიპტი – ,,ებერსის დიდი სამედიცინო პაპირუსი” (ჩვ. წ.-მდე 1500 წელი), რომელშიც ოპიუმისა და მანდრაგორას ნახარშების ტკივილგამაყუჩებელი ეფექტია აღწერილი. ინდოეთსა და ჩინეთში მარიხუანას (ინდური კანაფი – Cannabis indica) საუცხოო თვისებები აღმოაჩინეს. ,,აიურ-ვედას” თანახმად, დიდი ინდოელი ქირურგი სუშრუტა (ძ. წ. მე-4 ს.) ოპერაციის ჩატარებისას  ავადმყოფებს, საანესთეზიოდ, ღვინისა და მარიხუანას ფხვნილის ნარევს აძლევდა. ანალოგიურად, ჩინელი ექიმი ხუა ტო (141-208 წელი) გაუტკივარებას ჰაშიშისა და ღვინის ხსნარით იწვევდა. ადვილი მისახვედრია, თუ რას იყენებდნენ რუსეთში – ეს იყო არაყი და თამბაქოს ოყნები.

3ჩამოთვლილი ნივთიერებებით გამოწვეული გაუტკივარება ოპერაციის  ჩასატარებლად საკმარისი არ იყო, რის გამოც სხვადასხვა სასტიკ მეთოდს მიმართავდნენ: ეგვიპტესა და ასურეთში წინადაცვეთის დროს საძილე არტერიების გადაჭერის ხერხს იყენებდნენ – ავადმყოფს კისერზე მარყუჟს აცვამდნენ და იმდენ ხანს უჭერდნენ, სანამ ის გონს არ დაკარგავდა (აქედანაა – ,,საძილე არტერიები”); სპარსეთში, დიდი მკურნალი ავიცენა ადგილობრივი გაუტკივარებისთვის ჭრილობაზე ყინულს ადებდა; ფართოდ გამოიყენებოდა ისეთი ,,უნივერსალური” მეთოდიც, როგორიცაა, სისხლის გამოშვება იქამდე, სანამ ავადმყოფს გული არ წაუვიდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მე-12 საუკუნეში ბოლონიის უნივერსიტეტში გაუტკივარების საშუალებების სია თითქმის 150 რეცეპტს ითვლიდა, საყოველთაოდ გავრცელებული ხერხი საკმაოდ მარტივი და ბანალურიც კი გახლდათ: ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს, თავში ხის ჩაქუჩს ურტყავდნენ, ტვინის შერყევისგან ავადმყოფი უგონო მდგომარეობაში ვარდებოდა და ქირურგის მტკივნეულ მანიპულაციებს ვეღარ გრძნობდა.

III. დიდი ველპოს შეცდომა

4მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ფრანგულმა სამედიცინო აკადემიამ, რათა ტყუილუბრალოდ ძვირფასი დრო არ დაეხარჯა, გაუტკივარების საშუალებების ახალი წინადადებების განხილვაზე უარი განაცხადა. ყველაფერი, რაც მანამდე იქნა შემოთავაზებული, მოსინჯვისას, ან ორგანიზმისთვის საზიანო იყო, ან გაუტკივარებისთვის უსარგებლო. ოპერაციული ჩარევებისას ანესთეზიის მიღწევის ამ უხეირო მცდელობებს, წერტილი თვით გამოჩენილმა ფრანგმა ქირურგმა, ველპომ (1795-1867 წწ.) დაუსვა. მან ხმამაღლა განაცხადა: ,,შეუძლებელია ოპერაციის დროს ტკივილი თავიდან აიცილო, ეს – ქიმერაა, რომლითაც გატაცება ამჟამად უკვე დაუშვებელია. ქირურგის დანა და ტკივილი   ერთმანეთისაგან  განუყოფელია. უმტკივნეულო ოპერაცია  ოცნებაა, რომელიც არასოდეს აღსრულდება.

იმ დროისთვის არსებული გაუტკივარების ნაირნაირი მეთოდებით გაწბილება იმდენად დიდი იყო, რომ ველპომ, უდიდესმა ავტორიტეტმა, ფრანგული ქირურგიული სკოლის წინამძღოლმა გადაწყვიტა, ამ საკითხში ერთი ხელის მოსმით სიცხადე შეეტანა; მას ხომ გულრწფელად სჯეროდა იმისი, რასაც ამბობდა. თუმცა, კარგია, რომ დიდებიც ცდებიან. მისსავე გასახარად, იგი შეცდა – ქიმერა რეალობად იქცა!

IV. ,,ჯენტლმენებოეს არ გახლავთ ტყუილი!”

1846 წლის, 16 ოქტომბერს, ქალაქ ბოსტონში, მასაჩუსეტსის ჰოსპიტალში, ცნობილი ამრიკელი ქირურგი კოლინზ უორენი 5მორიგი ოპერაციისთვის ემზადებოდა. სწორედ ეს, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ოპერაცია მსოფლიო ქირურგიის ისტორიაში შევიდა. იმ, ქირურგიისთვის საეტაპო დღეს, ოპერაცია უნდა ჩატარებოდა ოცდაორი წლის მხატვარს, ედუარდ ებოტს, რომელსაც ყბის ქვეშ თანდაყოლილი სისხძარღვოვანი სიმსივნე აწუხებდა.

საოპერაციოში შეკრებილი იყო მრავალი ექიმი. უშველებელი, საშინელი აპარატები, რომლებიც  ოპერაციის დროს ავადმყოფის უნებლიე მოძრაობების შესაკავებლად გამოიყენებოდა, იქვე იდგა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამჯერად, ეს, თითქოს ინკვიზიციის მიწისქვეშეთიდან ამომძვრალი მონსტრები, გამოუყენებლი დარჩებოდა.

ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ქირურგი ოპერაციას არ იწყებდა – ვიღაცას ელოდებოდა. დრო გადიოდა, მაგრამ ეს ვიღაც არ ჩნდებოდა. უორენმა უკვე  გადაწყვიტა, ოპერაცია ჩვეულებრივი წესით დაეწყო, როდესაც საოპერაციო ოთახში ჩქარი ნაბიჯით ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. მან გაურკვეველი სიტყვებით  მოიბოდიშა და ავადმყოფის სასთუმალთან ადგილი დაიკავა.

ეს გახლდათ ოცდაშვიდი წლის კბილის ექიმი უილიამ თომას გრეი მორტონი. 6სწორედ მას ელოდა პროფესორი და მიუხედავად იმისა, რომ მორტონი მხოლოდ დანტისტი იყო და ექიმების სიაშიც კი არ ირიცხებოდა, მის გამო ცნობილმა ქირურგმა, ოპერაციის დაწყებაც კი დააყოვნა.

მორტონმა ავადმყოფს დაკეცილი პირსახოცი სახეზე დააფარა, ჯიბიდან წამლიანი შუშა ამოიღო და მასში მოთავსებული სითხის პირსახოცზე წვეთ-წვეთად დასხმა დაიწყო. დამსწრე საზოგადოებამ უცნობი სითხის მძაფრი სუნი იგრძნო. პაციეტი თითქოს შეწუხდა და პირსახოცის სახიდან მოშორება სცადა. მორტონმა სითხის დასხმას უმატა. რამდენიმე წუთში პაციენტი ჩაწყნარდა და ღრმა ძილს მიეცა.

პროფესორი უორენი ოპერაციას შეუდგა. სკალპელი აიღო, სიმსივნის გასწვრივ საკმაოდ დიდი განაკვეთი გააკეთა – ავადმყოფს ეძინა. ქირურგმა ჭრილობა გააფართოვა და მოკლე ხანში სისხლძარღვოვანი სიმსივნე ამოჭრა – პაციენტი კვლავ მშვიდად განაგრძობდა ძილს. ის ოპერაციის დასრულებამდე არ განძრეულა და მხოლოდ მას შემდეგ გაიღვიძა, რაც მორტონმა მას სახეზე აფარებული, სითხით გაჟღენთილი პირსახოცი მოაშორა.

პაციენტი გაოცებული იყო, როდესაც მიხვდა, რომ ყოველივე საშინელი ჩავლილი იყო და მას უკვე ჭრილობაზე ნახვევს ადებდნენ. თვით უორენიც გაოგნებული იდგა, გაკვირვებისგან ხმას ვერც მაყურებელი იღებდა. სიჩუმემ რამდენიმე წამს გასტანა… შემდეგ პროფესორმა უორენმა აღელვებული ხმით საზეიმოდ წარმოთქვა: ,,ჯენტლმენებო, ეს არ გახლავთ  ტყუილი!”

7არავინ იცის, ვინ უფრო ბედნიერი იყო, ქირურგი, პაციენტი თუ ანესთეზიოლოგი. დამსწრე ექიმები კი მიხვდნენ – მათ თვალწინ ჩატარდა ოპერაცია, რომლითაც ქირურგიაში ახალი ერა დაიწყო. ახლა უკვე, ქირურგიას გვერდზე ანესთეზიოლოგია ამოუდგა და, სწორედ, ამან გახადა შესაძლებელი ოპერაციების ჩატარება არა მხოლოდ კიდურებზე, არამედ მუცლისა და გულმკერდის ღრუს ორგანოებზე, თავსა თუ გულზეც კი. ანესთეზიოლოგია (ძვ.ბერძ. – ἀν- უარყოფითი წინსართი, αἴσθησις – მგრძნობელობა და λόγος – სწავლება) – ესაა მეცნიერება გაუტკივარების მეთოდებისა და საშუალებების შესახებ. 16 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც თომას მორტონმა პირველი წარმატებული ნარკოზი განახორციელა, ანესთეზიოლოგის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

V. ,,მალხენი აირი

ქირურგიულ პრაქტიკაში ზოგადი ნარკოზის დანერგვა, უდავოდ, ადამიანის გენიის უდიდეს მიღწევათა რიცხვს მიეკუთვნება. კაცობრიობა მუდამ მადლიერებითა და მოკრძალებით გაიხსენებს იმ მედიკოსთა სახელებს, რომელთაც გაუტკივარების საშუალებები საკუთარ თავზე, თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გამოსცადეს.

1799 წელს, ბრისტოლელმა ქიმიკოსმა ჰემფრი დევიმ, ჩაატარა რა მრავალი ცდა ჯერ საკუთარ თავზე, ხოლო შემდეგ კოლეგებზე, საჯაროდ განაცხადა, რომ მის ექსპერიმენტებში ,,მალხენი აირი”, როგორც აზოტის ქვეჟანგს თვით დევი უწოდებდა, ეიფორიას, უმიზეზო მხიარულებას იწვევდა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანი ტკვილისადმი მგრძნობელობას კარგავდა. 1800 წელს მან წიგნიც გამოაქვეყნა, სადაც ქირუგიული მანიპულაციებისას, ,,მალხენი აირის” ანალგეტიკური ეფექტის გამოყენებისკენ მოუწოდებდა. ოცდახუთი წლის ჰემფრი დევი ჯერ დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო მოგვიანებით, ამ ავტორიტეტული საზოგადოების პრეზიდენტადაც აირჩიეს. აღიარების მიუხედავად, ოფიციალურმა მედიცინამ მეცნიერის აღმოჩენას იგნორირება გაუკეთა  და აზოტის ქვეჟანგი დაივიწყებას მიეცა.

სამაგიეროდ, ,,მალხენი აირის” საუცხოო თვისებები მოხეტიალე არტისტებმა აითვისეს. ერთ-ერთ ასეთ ბალაგანურ წარმოდგენას, დევის აღმოჩენიდან 40 წლის  შემდეგ, ამერიკის ქალაქ ჰართფორდში, კბილის ექიმი ჰორას უელსი მეუღლითურთ დაესწრო. შოუს მსვლელობისას, გაბედული მოხალისე დიდი რაოდენობით აირს ისუნთქავდა და შემდეგ შეპყრობილივით ცეკვას იწყებდა, ხმამაღლა ხარხარებდა და გაუგებარ სისულელეებს როშავდა. ერთი გაგულადებული მოხალისე, მას შემდეგ, რაც მან ,,მალხენი აირის” შესუნთქვით გული იჯერა, ისე აღეგზნო, რომ უნებლიედ დაეცა და წვივი ძლიერ, სისხლის წამოსვლამდე იტკინა, მაგრამ იგი იმწამსვე ფეხზე წამოხტა და თითქოს, არაფერი მომხდარაო, ცეკვა-თამაში გააგრძელა. დამსწრე საზოგადოებას აზოტის ქვეჟანგით დათრობის სანახაობა ცრემლებამდე ართობდა, ხოლო დანტისტმა უელსმა იმ დროს სხვა რამ გაიფიქრა: თუკი მართალია, რომ ეს აირი ადამიანს მგრძნობელობას აკარგვინებს, მაშინ ის, ჰორას უელსი, ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს და მთელს კაცობრიობას კბილის ტკივილის ტანჯვისაგან სამუდამოდ იხსნის.

უელსი, როგორც ამას ექიმები ყოველთვის აკეთებდნენ, როდესაც ახალი საშუალების გამოცდა უნდოდათ, იქვე იღებს გადაწყვეტილებას, ,,მალხენი აირი”  საკუთარ თავზე გასინჯოს. 1844 წლის 11 ოქტომბრს კი ასისტენტმა უელსს ,,სიბრძნის კბილი” ამოუღო. მანიპულაციამ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ჩაიარა, რადგან უელსმა წინასწარ ,,საკვირველი” აირი შეისუნთქა. დანტისტი მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მიაკვლია. ფრთებშესხმული უელსი საცხოვრებლად ბოსტონში გადადის, სადაც იწყებს ანესთეზიის ახალი მეთოდის აქტიურ პროპაგანას. ის წარმატებული ექსპერიმენტების მთელს სერიას ატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც მოგვიანებით მორტონმა, მანაც ცნობილ ბოსტონელ ქირურგს თხოვნით მიმართა და, ისევე, როგორც მორტონის შეთხვევაში, იგივე კოლინზ უორენმა, ცდის ჩატარებაზე უარი არ უთხრა. ცუდს თითქოს არაფერი მოასწავებდა, ჰორას უელსი საქვეყნო აღიარებისთვის ემზადებოდა…

VI. პირველი ტრაგედია  ჰორაციო უელსი

8ნარკოზის განვითარების საწყისებთან მდგომმა მეცნიერთა უმრავლესობამ, რატომღაც, მივიწყებასა და სიღატაკეში დაასრულა ცხოვრება და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ჰპოვა აღიარება. გაუტკივარების ისტორიას ეს უკუღმართი ბედისწერა მუდამ თან სდევდა. პირველმა ანესთეზიოლოგებმა, თითქოს, პირამიდების მკვლევართა მსგავსად, რაღაც ძველთაგან დაწყევლილი, აკრძალული ცოდნის კარი შეაღეს, რომელსაც განგება თუ ბუნება ადამიანებს საგულდაგულოდ უმალავდა.

მაშ ასე, ჰორას უელსმა ,,მალხენი აირის” საკუთარ თავსა და სხვებზე წარმატებული გამოცდის შემდეგ, 1845 წელს, ბოსტონის ერთ-ერთ მთავარ საავადმყოფოში აზოტის ქვეჟანგის მოქმედების დემონსტრირების ნებართვა მიიღო. საოპერაციო დარბაზში შეკრებილი ავტორიტეტული ქირურგების კოლეგია და მედიკოსი სტუდენტები უჩვეულო ოპერაციის დაწყებას მოუთმენლად ელოდებოდნენ. წესითა და რიგით, სწორედ ეს დღე უნდა გამხდარიყო ანესთეზიოლოგიის დაბადების თარიღი, ხოლო ნარკოზის აღმომჩენის დაფნის გვირგვინი ჰორას უელსს უნდა რგებოდა. 9ოპერაცია დაიწყო, მაგრამ პაციენტმა, რომელსაც უელსი კბილს უღებდა, მოულოდნელად ყვირილი მორთო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კოლეგებს დანტისტი სასაცილოდ აეგდოთ, სტუდენტებმა კი წამოძახილებით ,,შარლატანი! შარლატანი!”, დარბაზი დატოვეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პაციენტი, არა ტკივილისგან, არამედ შიშისგან ყვიროდა, ხოლო დამსწრე საზოგადოების აჟიტირება საოპერაციოში გაპარული ,,მალხენი აირის” ანაორთქლის შესუნთქვით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, აზოტის ქვეჟანგით გაუტკივარება კვლავ კარგა ხნით დისკრიდეტირებული შეიქნა.

სიტუაცია შეუქცევადი აღმოჩნდა, ჰორას უელსის რეპუტაცია სამუდამოდ შეირყა. დანტისტი მარცხს მძიმედ განიცდიდა. უელსმა სტომატოლოგიაც კი მიატოვა და რამდენიმე წელი თავს მოხეტიალე ვაჭრის პროფესიით ირჩენდა. შემდეგ ის, თითქოს,  ანესთეზიის სფეროში ექსპერიმენტებს დაუბრუნდა. დასასრული მაინც სავალალო აღმოჩნდა – ყოფილი დანტისტი ქლოროფორმის ყნოსვას მიეჩვია და ერთხელაც, მძიმე ნარკოტიკული ინტოქსიკაციის მდგომარეობაში, ქუჩის ორ მეძავს სამოსზე გოგირდმჟავა შეასხა. ამ საქციელისთვის იგი დააპატიმრეს; გამოფხიზლებულმა, გააცნობიერა რა ჩადენილი სისაძაგლე, 1848 წლის 24 იანვარს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოხცხლე. ნიუ-იორკის სასაფლაოზე დღესაც დგას სადა მონუმენტი წარწერით: ,,ჰორაციო უელსი, რომელმაც აღმოაჩინა ანესთეზია”.

იქამდე, სანამ ვენებს გადაიჭრიდა, მან ერთხელაც და უკანასკნელად, დიდი დოზით ქლოროფორმი შეისუნთქა. ანესთეზიის ეს ახალი საშუალება კი პოპულარობას დღითიდღე იკრეფდა… მაგრამ ჯერ კვლავ მივუბრუნდეთ, მას, ვისაც ნარკოზის გამომგონებლის გვირგვინი დამსახურებულად ერგო – თომას მორტონს.

VII. ტრაგედია  თომას გრეი მორტონი

თომას გრეი მორტონი 1819 წელს მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ჩარლტონში დაიბადა. ახალგაზრდამ დაამთავრა ბალტიმორის სტომატოლოგიის კოლეჯი და 1842 წელს საკუთარ პრაქტიკას შეუდგა. აი, აქ მივადექით ანესთეზიოლოგიის ისტორიაში ერთ, გასაოცარ დამთხვევას – 1842-1843 წლებში, როგორც პარტნიორები, ერთად მუშაობდნენ… დიახ, ანესტეზიოლოგიის ორი ,,მამა-დამაარსებელი” – თომას მორტონი და ჰორას უელსი! ეს უკანასკნელი, მორტონზე უფროსი იყო და ანესთეზიით სწორედ იგი ინტერესდებოდა. დანტისტების თანამშრომლობა მომგებიანი არ აღმოჩნდა და 1843 წლის ბოლოს შეწყდა.

ახლა კი მეორე, არანაკლებ საკვირველი დამთხვევა – მათ შორის, ვინც 1845 წელს ბოსტონის საავადმყოფოში ჰორას უელსის ბედკრულ გამოსვლას ესწრებოდა, იყო მისი ყოფილი მოწაფე და კოლეგა, დანტისტი უილიამ მორტონიც!

მასწავლებლის მარცხის შემდეგ, მორტონმა გააგრძელა მისი ექსპერიმენტები და გაარკვია, რომ ანესთეზიისთვის სამედიცინო ეთერის  გამოყენება უფრო ხელსაყრელი იქნებოდა

მორტონმა სრული სამედიცინო კურსის გავლა გადაწყვიტა, რათა დოქტორის წოდება მიეღო. მან სწავლა ცნობილ ბოსტონელ ექიმთან და ქიმისკოსთან ჩარლზ ჯექსონთან დაიწყო.

 

სწორედ 8416მისგან შეიტყო მორტონმა, რომ დიდმა ინგლისელმა ბუნების მკვლევარმა მაიკლ ფარადეიმ აღმოაჩინა ეთერის ძილის მომგვრელი თვისებებიც. ჯექსონმა თავის მოწაფეს ისიც მოუთხრო, თუ როგორ ერთობოდნენ სტუდენტები ლაბორატორიაში ეთერის ანაორთქლის შესუნთქვით – ისინი ძლიერ ეიფორიაში ვარდებოდნენ და მთვრალებივით ბარბაცებდნენ… მაგრამ, ჯექსონი ამ გართობიდან  სარგებელის მიღებასაც ხედავდა: ეთერით გაჟღენთილი ბამბის ნაჭერი ავადმყოფს კბილზე უნდა დაადო და ის, თითქმის, ვერ იგრძნობს ტკივილს.

ეთერის საშუალებით ადგილობრივი ანეთეზია საკმაოდ კარგი იდეა იყო. თომას მორტონმა სიახლე უცებ აიტაცა და გადაწყვიტა, ეთერით ზემოქმედება ჯერ ძაღლებზე გამოეცადა. ცხოველები, მართალია, თითქოს თვლემდნენ, მაგრამ, როგორც კი მეცნიერი კბილის ამოღებას იწყებდა, ძაღლები მწარედ იკბინებოდნენ. ეთერის, არა როგორც ადგილობრივი  საანესთეზიო მასალის, არამედ როგორც ზოგადი ნარკოზის საშუალების პერსპექტივები მორტონმა სრულად, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როდესაც მისი მოქმედება მან საკუთარ თავზე გამოსცადა.

10მან პირსახოცი ეთერით კარგად გაჟღინთა და ცხვირზე მჭიდროდ მიიფარა. რა მოხდა შემდეგ, მას არ ახსოვდა. სახლის მეპატრონე ქალმა, რომლისგანაც მორტონი ბინას ქირაობდა, ბედად, რატომღაც მასთან შეიარა და იატაკზე გაშხლართულ  მდგმურს, რომელსაც სახეზე პირსახოცი ჰქონდა შემოჭერილი, შეუსწრო. შეშინებულმა ქალმა მორტონს სახიდან პირსახოცი მოგლიჯა და მამაკაცის შენჯღრევით გაღვიძებას შეუდგა. მდგმური მალევე გამოფხიზლდა. რამდენი ხანი ეგდო უგონოდ, დანტისტს არ ახსოვდა, ხოლო იმას კი მიხვდა,– რომ არა მეპატრონის დროზე გამოჩენა, მისი ძილი შეიძლება სამუდამო გამხდარიყო.

უკვე მეორე დღეს მორტონმა, ეთერის ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტს კბილი ამოუღო. ავადმყოფმა ვერაფერი იგრძნო, ხოლო როდესაც გამოფხიზლდა, არ იჯერებდა, რომ ოპერაცია დამთავრებული იყო. ამის შემდეგ დანტისტი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ადამიანთა ტკივილისგან ხსნის უტყუარ საშუალებას მიაგნო. მორტონი ცნობილ ბოსტონელ ქირურგს, კოლინზ უორენს ეახლა და ეთერის ზოგადი გაუტკივარების გამოყენებით, ზემოთაღწერილი ოპერაციის ჩატარება შესთავაზა…

მორტონმა, თანდათან, ისიც სრულად გააცნობიერა, რომ ეთერით ზოგადი ნარკოზის მეთოდი ბევრად სცილდებოდა სტომატოლოგიური კაბინეტის ფარგლებს და, შესაძლოა, ქირურგიაში გადატრიალების მიზეზიც კი გამხდარიყო. მორტონი დიდებისა და გამდიდრების სურვილმა შეიპყრო. ამ მიზეზით იგი არ ამხელდა, რომ ანესთეზიისთვის ჩვეულებრივ სამედიცინო ეთერს იყენებდა და ამტკიცებდა, თითქოს მის მიერ გამოგონილ აირს – ,,ლეთეონს” (ლეთა – თავდავიწყების მდინარე ძველბერძნულ მითოლოგიაში) ხმარობდა. მან სასწრაფოდ სცადა ,,ლეთეონისა” და ანესთეზიის ახალ მეთოდზე პატენტი მიეღო. ხრიკმა არ გაამართლა – საკმაოდ მალე გაირკვა, რომ ,,ლეთეონის” მთავარი კომპონენტი – ეთერია, ხოლო ის პატენტირებას არ ექვემდებარებოდა.

ახლა, ეთერის, როგორც საანესთეზიო საშუალების აღმოჩენის პირველობისთვის დავაში, მორტონის ყოფილი მასწავლებელი ქიმიკოსი ჩარლზ ჯექსონიც ჩაება, რომელმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ასე დაიწყო ამ ორი მეცნიერის მტრობა. ორი ათეული წლის განმავლობაში მათ საჩივრებს მრავალი სასამართლო სხდომა განიხილავდა. პირველობისათვის დავამ ამერიკის სენატამდე და ფრანგულ სამედიცინო აკადემიამდეც კი მიაღწია.

11ბოლოს და ბოლოს ფრანგულმა სამედიცნო აკადემიამ თომას მორტონსა და ჩარლზ ჯექსონს ეთერის ნარკოზის გამოგონებაზე თანაბარი უფლებები მიანიჭა და, მოგვიანებით, ორივე მათგანს ძეგლიც დაუდგეს. თუმცა პრიორიტეტისთვის ხანგრძლივმა დავამ და მტანჯველმა მტრობამ, ორივე მეცნიერს ცხოვრება მოუწამლა.

მორტონი  ექიმობას ჩამოშორდა, ხოლო იურიდიულმა ხარჯებმა მისი, ისედაც არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობა, საბოლოოდ შეარყია. 1868 წლის ივლისში ნიუ-იორკში აუტანელი სიცხე იდგა. მორტონი მორიგ სასამართლო მოსმენას ესწრებოდა. მან თავი შეუძლოდ იგრძნო და გარეთ გამოვიდა. პაპანაქებისგან თავის დასაღწევად ის ცენტრალური პარკისკენ გაეშურა, მაგრამ გასეირნების დროს გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა. ის დაკრძალეს  ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში. მისი საფლავის წარწერა გვამცნობს: ,,აქ დასაფლავებულია უილიამ თომას გრეი მორტონი, ანესთეზიოლოგი – გაუტკივარების მეთოდის გამომგონებელი, რომლამდეც უხსოვარი დროიდან, ქირურგია წამება იყო, ხოლო მან აღმოფხვრა ავადმყოფების ტანჯვა, და ამ დროიდან მეცნიერებამ ტკივილი დაამარცხა”.

ტრაგედიის მეორე გმირმა, ჩარლზ ჯექსონმაც ვერ გაუძლო ნერვულ სტრესს, ბოლოს იგი ფსიქიატრიულ საავანდმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მეცნიერი გარდაიცვალა.

დავა იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა პირველობა – ზოგადი ნარკოზისას ეთერის ინჰალაციის გამოყენების აღმოჩენისა, დიდხანს გაგრძელდა. 1842 წლიდან (მორტონზე ოთხი წლით ადრე), ეთერით ზოგად ანესთეზიას, ამერიკელი ქირურგი კროუფორდ ლონგიც იყენებდა, თუმცა მას ამ ოპერაციებზე მაყურებლები არ მოუწვევია, ხოლო თავის ექსპერიმენტებზე სამეცნიერო პუბლიკაცია მხოლოდ 1848 წელს გამოაქვეყნა. შედეგად, კროუფორდს არც ფული და არც დიდება არ ეგრო. სამაგიეროდ, დოქტორ კროუფორდ ლონგმა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გაატარა.

სწორედ უილიამ მორტონმა გარისკა და პირველმა ჩაატარა ეთერით ზოგადი ნარკოზის დემონსტრირება, შესაბამისად, თანამედროვე ანესთეზიის ,,მამა-დამაარსებლის” სახელი და დიდება მასვე ერგო. წოდება, რომლის მიღებისთვისაც მორტონმა სიცოცხლეში ამდენი იბრძოლა, მან მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. შედეგად, იმ დროიდან მოყოლებული, საოპერაციო ტკივილი ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებულ იქნა და ექიმებმა ზოგადი ნარკოზისთვის ფართოდ დაიწყეს ეთერის გამოყენება. ეთერმა სულ ერთი წელი იმეფა, შემდეგ კი მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

VIII. მესამე ,,მამა-დამაარსებელი ,,ლეთეონიდან ქლოროფორმამდე

შოტლანდიელი ქირურგი და მეანი, ედინბურგის უნივესიტეტის პროფესორი ჯეიმს იანგ  სიმფსონიც ეძებდა ხერხს, რომლითაც თავის პაციენტებს ტკივილისგან დაიხსნიდა. 12ჯერ კიდევ სტუდენტურ წლებში, იგი ისე შეძრა ქირურგიული პაციენტებისა და მშობიარეების ტკივილისგან ტანჯვის ყურებამ, რომ სიმფსონმა სამედიცინო ფაკულტეტის მიტოვება გადაწყვიტა, მაგრამ მედიცინის სიყვარულმა სძლია – ის ექიმი გახდა და მთელი თავისი ცხოვრება გაუტკივარების საშუალებების ძიებას მიუძღვნა. მანაც, სხვების მსგავსად, სიცოცხლისთვის სახიფათო, მათრობელი საშუალებების შესუნთქვით დაიწყო; ეთერმა არ დააკმაყოფილა, ძიებები გაგრძელდა, თავგანწირულ ექსპერიმენტებს წლები დასჭირდა. 1847 წლის 10 ნოემბერს კი 36 წლის სიმფსონმა ქირურგიულ საზოგადაებაში,  ქლოროფორმის ზოგადი ნარკოზისთვის გამოყენების შესახებ, განცხადება გააკეთა. მორტონისგან განსხვავებით, სიმფსონი იმ დროისთვის უკვე მედიცინის დოქტორი, ცნობილი ქირურგი და მეცნიერი იყო. ქლოროფორმით ანესთეზიამ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა.

აქ კი, როგორც არაერთხელ მომხდარა მედიცინის ისტორიაში, ეკლესიის კონსერვატიზმმა  თავი იჩინა და ქლოროფორმით ნარკოზის წინააღმდეგ ღვთის მსახურებმა გაილაშქრეს. მათ ბიბლიაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ევას მსგავსად, ყველა ქალმა ,,შვილები ტანჯვაში უნდა შვას” (დაბ. 3, 6). გამოცდილმა მეანმაც კონტრარგუმენტად წმინდა წერილი მოიშველია: ,,უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო” (დაბ. 2, 21). სიმფსონმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად, საუბარია პირველ ქირურგიულ ოპერაციაზე და სანამ ღმერთი ამ ჩარევას განახორციელებდა, მან ადამი დააძინა, ანუ ნარკოზს მიმართა. ამ მოსაზრებამ დავა სიმფსონის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

1870 წელს კი ჯეიმს სიმფსონის გარდაცვალების შემდეგ, მადლიერმა  ქალებმა მთელი გზა, ექიმის სახლიდან უესტმინსტერის სააბატომდე, სადაც იგი დაკძალეს, ცოცხალი ყვავილებით მოჰფინეს.

გაუტკივარების ,,ესტაფეტა” ასევე ცნობილმა მეანმა – ჯონ სნოუმ გადაიბარა და 1853 წელს დედოფალ ვიქტორიას მშობიარობის დროს ზოგადი ანესთეზიისთვის ქლოროფორმი გამოიყენა. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ქლოროფორმს მაღალი ტოქსიურობა ახასიათებს, რაც თავის მხრივ, სერიოზულ გართულებებს იწვევს. ამის გამო, დღეს ეს საშუალება ანესთეზიოლოგიაში აღარ გამოიყენება.

IX. ტრაგედია ,,დედა კოკა და ,,ღვთაებრივი მორფეუსი

ეთერისა და ქლოროფორმის ზოგადი ნარკოზისთვის აღმოჩენას, ექიმების კვლევა-ძიებისთვის  ადგილობრივი ანესთეზიის განვითარების დარგში ხელი არ შეუშლია. თანამედროვე  ადგილობრივი გაუტკივარება, განსაკუთრებით, მას შემდეგ განვითარდა, რაც 1853 წელს ინგლისელმა ალექსანდრე ვუდმა ინიექციებისთვის ღრუ ნემსის გამოყენება დაიწყო. მნიშვნელოვანი ნახტომი კი მე-19-ე საუკუნის 70-იან წლებში მოხდა, როდესაც ,,საკვირველი წამალი” – კოკაინი გამოჩნდა.

ათასობით წელი ჰყოფს მარადმწვანე ბუჩქს (Eryhloxylum Coca) და თეთრ კრისტალურ ფხვნილს, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება დაამახინჯა. კოკას უჩვეულო თვისებებს ჯერ კიდევ ინკები იყენებდნენ. თანამედროვე კოლუმბიის ტერიტორიაზე 3500-ზე მეტი წლის მრავალი ქანდაკებაა ნაპოვნი, რომლებიც კოკას ფოთლების ღეჭვისგან ლოყებგაბერილ ადამიანებს წარმოადგენს. ინკები ,,დედა კოკას” წმინდათაწმინდა თრთოლვით უყურებდნენ და ამ სტიმულატორს ღვთაებრივ არსს ანიჭებდნენ. ითვლებოდა, რომ წარსულში კოკა ნორჩი მზეთუნახავი იყო. ინდიელები კოკას ანესთეზიურ თვისებებსაც კარგად იცნობდნენ და ჭრილობების გაუტკივარებისთვის ექიმბაშები სწორედ კოკას წვენს ხმარობდნენ.

1860 წლისთვის გერმანელმა ქიმიკოსებმა, ჯერ ალბერტ ნიმანმა, ხოლო შემდეგ ვილჰელმ ლოსენმა, სუფთა კოკაინის ფხვნილი მიიღეს. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, კოკაინის იდეოლოგი და დიდი პროპაგანდისტი, ზიგმუნდ ფროიდი გახდა! 13პრეპარატის საუცხოო თვისებებზე ახალგაზრდა ფსიქიატრის სტატიებმა, ნამდვილი ფურორი მოახდინა. ფროიდი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს ,,ჯადოსნური საშუალება”, არა მხოლოდ დეპრესიებისა და ნევროზების დროს, არამედ ადგილობრივი ანესთეზიისთვისაც უნდა იქნას გამოყენებული. ფროიდის უდავო დამსახურების მიუხედავად, ადგილობრივი ანესთეზიის პირველაღმომჩენის დიდება ახალგაზრდა ავსტრიელ ექიმს, ოფთალმოლოგ კარლ  კოლერს ერგო. ის ფროიდთან ერთად ვენის საავადმყოფოში მუშაობდა. კოლერმა კოკაინის საოცარი თვისებების შესახებ ფროიდისგან შეიტყო. 1844 წელს ოფთალმოლოგმა თვალის ქირურგიაში სენსაციური აღმოჩენის შესახებ განცხადება გააკეთა: მან პირველმა ჩაიწვეთა კოკაინის ხსნარი თვალში და ქინძისთავით რქოვანას შეეხო. ამ აღმოჩენამ თვალისა და ყელ-ყურის ქირურგიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

იმხანად კოკაინის ბუმი, რაღაცით დღევანდელ მარიხუანას ლეგალიზაციის გარშემო  ატეხილ აჟიოტაჟს წააგავს. იწყება კოკაინის ფართო გამოყენება, არა მხოლოდ ანესთეზიისთვის, არამედ ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ. 14თეთრ ფხვნილზე მიჩვევა, ნაკლებ ბოროტებად ითვლებოდა, ვიდრე თამბაქოს მოწევა. 1866 წელს კონფედერატების არმიის ფარმაცევტმა, ჯონ პემბერტონმა პატენტი მოიპოვა სამკურნალო სასმელზე, რომელსაც ,,კოკა-კოლა” ერქვა. მის შემადგენლობაში კოკაინის შაქრუანი ხსნარი და კოფეინი შედიოდა. ახალი სასმელის რეკლამა კი ასე ჟღერდა: ,,სასიამოვნო, მატონიზირებელი, გამაგრილებელი სასმელი, რომელსაც შეუძლია ნერვული აშლილობების, თავის ტკივილის, ნევრალგიის, ისტერიის, მელანქოლიისა და სხვა დაავადებების განკურნება!”. ,,კოკა-კოლა” მთელმა ამერიკამ, ერთსულოვნად, მიიღო და მე-20-ე საუკუნის დასაწყისისთვის, ის შეერთებული შტატების ყველაზე პოპულარული სასმელი გახდა.15

ევროპასაც საკუთარი ,,კოკა-კოლა” ჰქონდა –  მოხერხებულმა ქიმიკოსმა ანჯელო მარიანიმ დაიწყო განსაკუთრებული ღვინის, ,,ბორდოს” გამოშვება, რომლის მთავარ კომპონენეტს, სწორედ, კოკას ფოთლების ნაყენი წარმოადგენდა. ღვინომ, ევროპაში გაყიდვების მოცულობით, ძალიან სწრაფად დაიკავა სარეკორდო ადგილი, ხოლო პაპმა ლეონ II ,,სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” მარიანის მედალიც კი გადასცა. კოკაინი, ასევე ხელოვნებაშიც იკავებს საპატიო ადგილს – ცნობილი მწერალი ართურ კონან დოილი თავის გმირს, შერლოკ ჰოლმს კოკაინის აქტიურ მომხმარებლად აღწერს. ცნობილი გამომძიებელი კოკაინის ამპულებს იყენებს, რისი საშუალებითაც იგი მხნეობას და დედუქციურ აზროვნებას ინარჩუნებს. კოკაინს დადებით რეკომენდაციას აძლევდნენ: თომას ედისონი, ჟიულ ვერნი, ემილ ზოლა, იბსენი და პრეზიდენტი გრანტი.

,,თვალის ახელის” დრო მოგვიანებით დადგა. გაირკვა, რომ გარდა სასუნთქ და ვაზომოტორულ ცენტრებზე ტოქსიური ზემოქმედებისა, კოკაინი აგრეთვე ძლიერ დამოკიდებულებასაც იწვევდა. ფროიდმა და კოლერმა, დაინახეს რა სავალალო შედეგები, თავის აღმოჩენაზე გული აიყარეს. ფროიდს, უახლოესი მეგობარი, პათანატომი ერნსტ ფონ ფლეიშელი გარდაეცვალა – კოკაინი, რომლითაც ფროიდი მეგობარს მორფინიზმისგან მკურნალობდა, თვით აღმოჩნდა მომაკვდინებელი, ხოლო კოლერს, მედიცინაში არაერთმნიშვნელოვანი დამსახურებებისთვის, ზურგსუკან ცხოვრების ბოლომდე  ,,კოკა კოლერს” ეძახდნენ. 1903 წელს კი კოკაინის ექსტრაქტი ,,კოკა-კოლას” შემადგენლობიდანაც ამოიღეს და დროთა განმავლობაში კოკაინის გამოყენება საზოგადოდ, აიკრძალა.

1905 წელს, კოკაინის ქიმიური სტრუქტურის შესწავლის საფუძველზე, გერმანელმა პროფესორმა ა.აინჰორნმა პირველად ,,ახალი კოკაინის” – ნოვოკაინის სინთეზირება მოახერხა. ამ აღმოჩენამ, ადგილობრივი გაუტკივარების ისტორიაში, გადატრიალება მოახდინა და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ანესთეზიის ეს სახეობა, სრულიად უსაფრთხო გახდა.

16ერთ-ერთი პირველი და დღესაც შეუცვლელი გაუტკივარების საშუალება, მორფინი, გერმანელმა ფარმაკოლოგმა, ფრიდრიხ სერტიუნერმა, ჯერ კიდევ 1804 წელს, ყაყაჩოს (Papaver Somniferum) გამხმარი წვენიდან – ოპიუმიდან გამოყო. მანვე, ახალ ტკივილგამაყუჩებელს, ძველბერძნული მითოლოგიიდან ცნობილი, ძილისა და  სიზმრების ღვთაების – მორფეუსის სახელის მსგავსად, მორფინი უწოდა. 17მედიცინაში ამ ნარკოტიკის ფართო გამოყენებაც, საინიექციო ნემსის გამოგონების შემდეგ, 1853 წელს გახდა შესაძლებელი. მორფინისადმი ძლიერმა დამოკიდებულებამაც მალევე იჩინა თავი. მაგალითად, ამერიკის სამოქალაქო ომის მსვლელობისას, მორფინის ხშირმა ხმარებამ, ,,არმიის სენით” (მორფინიზმით) 400 ათასზე მეტი ადამიანის დაავადება გამოიწვია. 1874 წელს მორფინისგან  ჰეროინი იქნა სინთეზირებული.

X. გაუტკივარება დღეს

ამჟამად, წარმოუდგენელია საოპერაციო, რომელშიც გვერდიგვერდ არ მუშაობს ქირურგი და ანესთეზიოლოგი. თანამედროვე ანესთეზია ორ ძირითად მიზანს ისახავს: 1. ავადმყოფის დაცვა ქირურგიული ტრავმის პათოლოგიური ზემოქმედებისგან; 2. ოპერაციისთვის საუკეთესო პირობების უზრუნველყოფა. ამ ორი ამოცანის გადაწყვეტა, ერთი, თუნდაც უნივერსალური პრეპარატით, შეუძლებელია. ამის გამო, ზოგადი ნარკოზისთვის, დღეს გამოიყენება რამდენიმე მედიკამენტის კომბინაცია, რასაც ზოგად კომბინირებულ  ანესთეზიას უწოდებენ. ის  სამ აუცილებელ კომპონენტს გულისხმობს: 1. თვით გაუტკივარება – ანალგეზია; 2. გონების გათიშვა – ნარკოტიკული ძილი, ნარკოზი; 3. კუნთების აბსოლუტური მოდუნება – მიორელაქსაცია. ეს უკანასკნელი კი, ერთი მხრივ, სხვადასხვა ორგანოებთან მისადგომად, მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს ჰქმნის და, მეორე მხრივ, აპარატით ხელოვნური სუნთქვის ჩატარების საშუალებას იძლევა. თანამედროვე კომბინირებული მრავალკომპონენტიანი ნარკოზის დადებით მხარეს წარმოადგენს ისიც, რომ მრავალი მედიკამენტის ეფექტის პოტენცირება, შესაძლებელს ხდის თითოეული მათგანის დოზის დაწევას და, შესაბამისად, ჯამური ტოქსიურობის შემცირებას. ერთი სიტყვით, თანამედროვე ზოგადი ნარკოზი მეტად ზედაპირულია და ამის გამო სრულიად უსაფრთხო.

P.S.

კოლინზ უორენის მიერ ზოგადი ნარკოზის გამოყენებით ჩატარებული ოპერაციით, ქირურგიაში ნამდვილი რევოლუცია დაიწყო. ფართო გზაზე კი ის ქირურგიული ინფექციის დამარცხების – ლუი პასტერის მიკრობიოლოგიის, ჯოზეფ ლისტერის ანტისეპტიკის და ალექსანდრე ფლემინგის პენიცილინის წყალობით გავიდა. საოპერაციო კი წამებისა და ტანჯვის საკნიდან, ქირურგის შემოქმედებისა და პაციენტის იმედის წყნარ სავანედ იქცა.

როდესაც წარმოიდგენ სურათს – მორტონი, უესლსი ან სიმფსონი თავისი ასისტენტებიანად, როგორ ისუნთქავენ უცნობი თვისებების აირს, მიხვდები, რომ ეს ადამაინები მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლე გაეწირათ, ოღონდ სხვა ეხსნათ ტკივილისგან!

მედიცინის განვითარების გზა ამგვარი თავდადების მაგალითებით მრავლადაა მოფენილი: ესპანელი ექიმი და ფილოსოფოსი მიგელ სერვეტი, 18რომელიც ინკვიზიამ თავის წიგნებთან ერთად ცეცხლზე დაწვა; მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი დიდი ანდრეა ვეზალი, რომელიც, ასევე, რელიგიურმა ფანატიზმმა იმსხვერპლა; ლუი პასტერი, რომელიც ცოფიანი ძაღლის მიერ ნაკბენი ადამიანის პირიდან, პიპეტით  წოვდა ნერწყვს, რათა ცოფის გამომწვევი ვირუსი ეპოვნა; რობერტ კოხი, რომელიც ტუბერკულოზის ბაცილებით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქავდა, რათა დაემტკიცებინა, რომ სწორედ ეს ბაცილებია ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი; ილია მეჩნიკოვი, რომელმაც ქოლერის ვიბრიონებით  სავსე სინჯარის შიგთავსი გადაყლაპა; ალბერტ  სებინი, რომელმაც ჯერ საკუთარ თავზე, შემდეგ კი თავის ქალიშვილებზე გამოსცადა პოლიომიელიტის ცოცხალი ვაქცინა… და მრავალი ცნობილი და უცნობი მედიკოსი. ასეთია ექიმის მისია – ,,ის ანთებული  სანთელივით, თვითონ იწვის, რათა სხვას გაუნათოს  გზა”.

ზურა ოდილავაძე. 2012 წელი, აპრილი

 

 

Posted in Uncategorized | 5 Comments

პირუტყვნი… (რომანი ,,ორპირი – თბილისი – სტოკჰოლმი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014 წელი)

ef8c87c5b418a8a8074a52c8e8f109f6სანამ შუღლი ჩამოვარდებოდა, მართლაც ახლობლობდნენ ორპირის იმჟამინდელი გამგებელი ,,პარმენიჩი” – იგივე სერგო გალდავა და იმხანად ,,მონარქისტული” პარტიის აქტივისტი ვალერიან შენგელია. მანამდე, 1989 წელს, თითქმის ერთად შეიტანეს განცხადება კომუნისტური პარტიის წევრობაზე, მაგრამ არ გაუმართლად – ბოლშევიკურმა ორგანიზაციამ ერთ წელიწადზე ნაკლებში დალია სული…

ერთმანეთი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე გაიცნეს. ,,ვარდების რევოლუციის” ტალღამ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ჯერ ,,პარმენიჩი” ამოაგდო. მან, თავის მხრივ, ახალგაზრდა კადრები მოიყვანა და ვალერიანიც მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდა. სულ ერთად იყვნენ, საქმეშიც და დროსტარებაშიც. გამოცდილი დამრიგებელი მოთმინებით ასწავლიდა მომავალ გამგებელს ცხოვრებისეულ სიბრძნეებს. განსაკუთრებული სიხარბით ვალერიანი ქალების ლოგინში შეტყუების ხელოვნებას ანუ ,,ბოზების შემბის პრიომებს” ითვისებდა. ამ სფეროში ხომ ,,პარმენიჩს” მთელ ორპირში ბადალი არ ჰყავდა! მოვიდა დრო და რესტორან ,,ცისკარში“ შეზარხოშებულმა პედაგოგმა ნიჭიერ მოწაფეს ,,ხეზე ასვლაც” ასწავლა:
– ვალერია, ბიჭო, ქალი ყველა ბოზია!

– ჩემი ცოლიც, პარმენიჩ?!
– ასე თუ მიუდექი ახლა, აპა რაია? ბიჯო, უყურეფ ნაშას, ფიქროფ, ამფერ ,,დამა-ქალს“, რაფერ შევამბავო?! პროსტა სტავკას უნდა ოუწიო და ვსიო, შენია! მარა, სანამდე ფულს იშოვნი, უყურე, იი, შენი ცოლის ნათლული ცხენი, რაფრა ჩავაკოტრიალე ლოგინში…

– ჰო, რაფერ?!

– მარჯვენა ფეხის ცერა თითია მაქანა მთავარი!
– ცერა თითი?! მაი, რაფერ?
– რაფერ და დაპატიჟეფ ნაშას რესტორანში. მაი ნაღდია, ვინ არ წამოვა?! გზაში რაცხა ჩულქეფს და დეზოდორებს უყიდი. კუპეში შეიყვან და ასმევ და ასმევ ოდკაჩასხმულ ღვინოეფს. რო შეთრობა, ჩააგდებ მანქანაში და გადოუხვევ მდინარეზე. დოუწყეფ იქანა ქერაობას და თუ აგყვა, ხო კაი, თუ არა და, დააწობი ზევიდან და გოუკავეფ ხელებს. მერე შედის საქმეში ცერი!

ვალერიან შენგელია ოფლში გაიწურა, სანუკვარი საიდუმლოს მოლოდინში სკამიდანაც კი წამოიწია:

– ცერი, რაფერ?!

– რაფერ და სანამდე ხელებით ჭიდაოფთ, ფეხს აწევ ზევით და ცერა თითით ჩახთი ტრუსიკს! ვსიო, შენია მუ…ი!
– რაფეერ?!
– ფეხის თითებით ჩააძროფ ნიფხავს, რაი ვერ გეიგე?! ფეხს ვხმარობ, ბიძია, ხელზე უკეთესათ! რავარია?!
,,ვაა… მაი არ ვიცოდიო…”,– ჩაიბურტყუნა ვალერიანმა და სულ რამდენიმე კვირაში ,,ცერის პრიომი“ გუბის წყლის პირას ქერათმიან რაშზე წარმატებით გამოსცადა. მალევე ,,პარმენიჩი” დეპუტატად გავიდა, ვალერიანი კი გამგებლად დააწინაურეს. ქერათმიანი ცხენის სატრფოების ,,სმენკის” საკითხი აქტიურად განიხილებოდა როგორც მთელს ორპირში, ისე ,,ვაროჟანა-სომეხის“ საპარიკმახეროშიც. ,,უყურე შენ, რაფერ ტეხნიკურათ უშუსტრია ცოლის ნათესავი ვალერიე ბლუსო!”,– აღტაცებით აღნიშნავდა დალაქი,– ,,Не, все-таки Бог есть! აბა, რა ეგონა ,,პარმენიჩს”, შერჩებოდა ვალერიეს ცოლის დის ნათლიას რო უქანავებდაო?!”.
სამთავრობო სქიზმა არ იყო ორპირის ერთადერთი, დღემდე დაუძლეველი მანკიერი მოვლენა. უპატრონო პირუტყვის საკითხი იდგა რაიონულ ცენტრში მწვავედ – სარჩოს ძიებაში ძროხების, ცხენებისა და ღორების ხეტიალის საძრახისი ფაქტები. თუ ,,ოდნაკლასნიკებში“ ფლირტს მხედველობაში არ მივიღებთ, თითქმის მთელ სამუშაო დღეს ორპირის ახალი გამგებელი, ვალეიან შენგელია, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ანდომებდა. ორპირში დაპატენტებული მორიგი ინოვაციის შესახებ რაიონის მოსახლეობას გაზეთ,,მზერის” ფურცლებიდან ეუწყა. ,,რაიონში მოეწყო ძროხების ციხე!” – ამცნობდა მკითხველს სტატიის სათაური.
ერთგვერდიან საგაზეთო პუბლიკაციას ქალაქის ცენტრის პანორამის ჩვენთვის ნაცნობი ფოტოსურათი ამშვენებდა: ბეჭებში გადაჭრილი მრისხანე სტალინითა და თავჩაქინდრული შაოსანი დედით; მოედნის ცენტრში ბალახოვანი ყვავილნარითა და მოწყენილი პირუტყვით…

სტატიაში ძროხების ,,ვირის აბანო”, ციხისთვის დამახასიათებელი კრიმინალური ჟარგონით იყო აღწერილი. გაზეთის გვერდზე ცოცხლდებოდნენ: ,,კაი ბიჭი”- ძროხები”, ,,მაყურებელი”-ცხენები, ,,ჩამშვები”-ღორები და ,,სვაბოდაზე” თუ ,,პაბეგზე” მეოცნებე წიქარები და ნიკორები. შემდეგ გადმოცემული იყო საპყრობილის სტრუქტურა და მოქმედების პრინციპი: ,,გახსნილ საქმეთა რაოდენობით“,– ირონიით აღნიშნავდა ,,მზერის” ჟურნალისტი, იგივე დეა ჩხარტიშვილი,– ,,ვინძლო კონკურენცია პოლიციის უფროსსაც გაუწიოს”… ,,ვაი, იმ ,,პრესტუპნიკ” ძროხას, რომელიც ამ ,,პოლიციელებს” ხელში ჩაუვარდება, მეპატრონეს 50–ლარიან ჯარიმას სულმოუთქმელად ,,აკიდებს”. დაპატიმრებული პირუტყვის ბედ-იღბალი, დეა ჩხარტიშვილის გადმოცემით, ასე გამოიყურებოდა: ,,ბანკში ,,გირაოს” გადახდის შემდეგ წინასწარპატიმრობამისჯილი ძროხა – ,,სვაბოდაზე”, თანხა კი ბიუჯეტში წავა. თუკი სამი დღის განმავლობაში დაკავებულს პატრონი არ გამოუჩნდა – უპატრონოები არც აქ უყვართ – დაიკვლება”. სტატიის ავტორი დამცინავი ტონით აღნიშნავდა იმ გარემოებას, თუ რამდენად შეესაბამება ამგვარი ,,ყვარყვარესეული” ციხე საქართველოს ლტოლვას ,,ნატოსკენ“ და დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავდა მისტიური „მაპის“ მიღების მორიგ უშედეგო მცდელობას. დასასრულს, მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი ფრიად დამაფიქრებელ და, იმავდროულად, რიტორიკულ კითხვას სვამდა,– ,,ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჯერ ვერ დავადგინე, რომელ უწყებას ეკუთვნის ეს სასჯელაღსრულებითი დაწესებულება – მერაბიშვილს, ადეიშვილს თუ ახალაიას…”.
ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი, ოღონდ ხომ სჭირდება აღნიშნულ დაწესებულებას უფროსი, საქმის წარმმართველი და წინამძღოლი?! მხოლოდ ვალერიან შენგელია ხომ არ იქნება მთელი დღე ძროხების დევნაში?! გადაწყდა, პირუტყვის ციხის დირექტორად დეპუტატის მოხსნილი ქვისლი გაეშვათ და  გამგებელზე განაწყენებული ,,პარმენიჩის” გული ასე მოელბოთ. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას გამგეობის, საკრებულოსა და სრულიადორპირის ინტელიგენციის გაფართოებული სხდომა მიეძღვნა. საგანგებოდ მოიწვიეს ვეტერინართა პროფკავშირის თავმჯდომარე და ადგილობრივი მოსაკრებლის ზედამხედველობის შეფი. პროტოკოლისთვის, შეკრებას სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ორპირელის“ თითო-თითო წარმომადგენელიც დაასწრეს.
დაიწყო გამოსვლები. რაღა თქმა უნდა, ,,პარმენიჩის” ქვისლი ამ ნაკლებად პრესტიჟულ ადგილზე დანიშვნას არ თანხმდებოდა. მას ჯერ კიდევ არ გადასწურვოდა გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნების იმედი. აბა, სასოწარკვეთაში ხომ არ ჩავვარდებიო?! – ხშირად იმეორებდა ის და აყოლებდა – ღმერთმა დამიფაროს ამგვარი მომაკვდინებელი ცოდვისგანო!

ასე იყო, თუ ისე, სქიზმის ლიკვიდატორის როლს, ზემოხსენებული ორპირის საკრებულოს თავმჯდომარე, ნეიტრალური და საკმაოდ ,,გაალკაშებული“ სოკრატ გულდედავა ასრულებდა. დეპუტატის ქვისლის თანამდებობაზე დაყოლიების მრავალი წარუმატებელი მცდელობის გამო, მოახლოებული ,,პახმელიის“ ფონზე, სოკრატი ძლიერ ღელავდა და კაბინეტის მაცივარში ანკარა ,,გომის“ არყისკენ მიუწევდა გული:
– ბიჯო, რაია ახლა, რამდენი გეხვერწო? გეპაზორება ციხის უფროსად წასვლა, თუ რაია?!
– მეპაზორება კი არა, იი კიდო! არ ვიცი მაი ძროხების საქმე და რაფერ წევიდე?! რომელი ვეტერინარი მე მნახე? ,,ორპირის რკინიგზის ფილიალი“ მაქ დამთავრებული ,,ზაგატოვკების“ განხრით!
– ბიჯო, დღეს მთავარია მენეჯმენტი! რაის ცოდნა ეიტეხე ახლა?! შენ წაი და უხელმძღვანელე, გოუძეხი საქმეს და რა ცოდნა უნდა მაგას? მთელი გამგეობა და რაიონის ინტელიგენცია გთხოვს, მე მაგის..!
– ცოდნა თუ არ უნდა და გამოცდილება, ჩემი სახლის გვერძეა სამშობიარო! გამიშვით მაშინ იქანა გინეკოლოგების უფროსათ! იგი ქე ვიცი საცხაა და დანარჩენს ადგილზე გავარკვევ…
ასე მხიარულად, მაგრამ უშედეგოდ, დასრულდა ორპირის საზოგადაების გაფართოებული კრება. განხეთქილება იმჯერადაც ვერ აღმოიფხვრა. მეორე დილით ვაროჟანა-პარიკმახერმა გასაპარსად შესულ გამგებელს სამართებლით ხელში მიუგო,– ,,მაი იმიტო არ შეგირიგდენ თქვენ, რომე ცხენის ზამენა ნაშა არ მოუყვანეთ. ვიწროს გარეშე კიდო არ გამოვა საქმე პარმენიჩთან. Вот такая катавасия-ო”.

ზურა ოდილავაძე. რომანი ,,ორპირი – თბილისი – სტოკჰოლმი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014 წელი

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

მოგზაურობა მიქარიაში (,,ქართველების ექვსი ვნება“)

5,,მიქარიული სინამდვილე გაცილებით გასაოცარია, ვიდრე მდიდარი ფანტაზიის ნებისმიერი გამონაგონი“ – სიურრეალისტი გენადი

1. სახელმწიფო სახელად მიქარია – გეოგრაფიული ცნობები

კარაველა ,,არგოთი“ გამთენიისას დიდი დიღმის ნავსადგურიდან ღია ზღვაში გავედით და ერთ კვირაში ქალაქ ქათქათას პორტში ღუზა ჩავუშვით. მოგზაურობის პერიპეტიების აღწერით თავს არ შეგაწყენთ – დიდი არაფერი მომხდარა. მომავალი თაობებისა და ისტორიული უტყუარობისთვის კი მაინც დავძენ, რომ კაპიტან რობერტ ფიცროის შთამომავალმა და პირდაპირმა მემკვიდრემ ბოსტონ გოგოხიამ ჩემდამი გასაოცარი სითბო და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა. თუმცა გემით მგზავრობას ცუდად ვიტან (მაქანავებს და გული მერევა), ზღვის ხედის ერთფეროვნებაც მღლის, ამიტომ ის ერთი კვირა სულ კაიუტაში ვეგდე და მეძინა.

ქათქათას პორტში სულ ორკაციანი, მაგრამ საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია დამხვდა – ქალაქის მერი და მისი ერთგული მსახური – ,,უსახელო ქოლგამზიდი“, რომლის ფუნქციაც ქათქათას მცხუნვარე მზისგან ან ჟუჟუნა წვიმისგან ხელმძღვანელი მუშაკის თავის ქალის ძვლების დაცვა იყო. თუ რატომ ვუწოდებ მერის ტანზე კისრის მეშვეობით მიმაგრებულ, მრგვალ წარმონაქმნს მხოლოდ თავის ქალის ძვლებს, შემდგომი თხრობიდან მიხვდებით…

ჰო, მოკლედ, ის იყო, მე და ქალაქის თავი ერთმანეთს გადავეხვიეთ, მის მობილურ ტელეფონზე ზარი აწკრიალდა. მერმა აპარატი ყურზე მიიდო და უპასუხა… უცებ ჩემმა თანმხლებმა მუხლებზე დამხობა დაიწყო… უხერხული პაუზის გადასაფარად ფშვიტინი დავიწყე. როგორც ჩამუხლულმა მერმა ქვემოდან ამომძახა, თურმე ერის სულიერი მამა რეკავდა. უცებ მივხვდი, სად ჩამოვედი და ყოველივე გასაგები გახდა.

პირსზე გავედით, ადგილობრივი დელიკატესი – ხაჭაპური ზედ დახლილი კვერცხით მივირთვით და ყავა მივაყოლეთ. ,,ქოლგამზიდი“ ღობესთან, პაპანაქება სიცხეში მზეზე უდრეკად იდგა და მერის მსახურებიდან დროებით გათავისუფლებულ ქოლგას ცოცხალი თავით არ შლიდა. სავარაუდოდ, მასაც თავის ადგილას მხოლოდ თავის ქალის ძვლები ჰქონდა. დასასრულს, ავტომობილში ჩამსვეს და საღამოსკენ მიქარიას დედაქალაქში – აბერაცენში ამოვყავი თავი.

მაშ, რა სახელმწიფოა მიქარია და სად მდებარეობს ის? ეს გახლავთ აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე განლაგებული, ზომიერად მთაგორიანი, საკმაო რაოდენობის მინდორ-ველითა და ერთი ზღვით ულამაზესი ქვეყანა, რომელიც დასახლებულია მიქარიელებით. თავად სიტყვა ,,მიქარიელი“ ორი ნაწილისგან შედგება – ,,მიქ“ – მოზეიმე იდიოტიზმის ქვეყანა და ,,არიელი“ – რაც მოქალაქეთა უმაღლესი, ,,არიული“ რასისადმი კუთვნილებაზე მიანიშნებს.

,,ო, მიქარიავ, სამშობლოვ ჩემო სანატრელო!

მიქარიელებო, ერო ჩემო საყვარელო“,– ასე უმღეროდა აღორძინების ეპოქის დიდი პოეტი და ფილოსოფოსი, ვენეციაში გადახვეწილი ჯაკომო ,,დაუცხრომელი“ დე ალბა სანატრელ მამულს.

მიუხედავად იმისა, რომ მიქარია მდებარეობს კონტინენტზე და მისი ტერიტორია ესაზღვრება მეზობელ ქვეყნებს, ადგილობრივი გეოგრაფების კვლევებისა და მოქალაქეთა დაჟინებული მოთხოვნის თანახმად, შიდა ჩათუშვის ტემპერატურის აწევის მიზნით, მიქარია გამოცხადებულ იქნა კუნძულოვან სახელმწიფოდ.

მოსახლეობასთან ურთიერთობისას ორი რამ გხვდება თვალში: თითქმის უცნობთანაც კი ფამილარული ღლაბუცი დამღლელ მრავალსიტყვაობასთან ერთად და უკიდეგანო სიამაყე – სწორედ ეს ორი თავისებურება განასხვავებს მათ ყველა ერისგან.

შეიძლება ითქვას, მიქარიელები არ ჩუმდებიან და სულ ლაპარაკობენ. ყველა მხრიდან მოედინება არაფრისმთქმელი სიტყვების ნიაღვარი, გარშემო ისმის უამრავი შინაარსს მოკლებული სიტყვა. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ ნაციონალური ლოგორეა და სახელმწიფოს დასახელება როგორღაც დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან, რადგან სიტყვა ,,მიქარვა“ სწორედ უაზრო როშვას ნიშნავს. არაკეთილმოსურნეები იმასაც ამატებდნენ, რომ ეს აზრობრივი კავშირი არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი და ღვთის განგებით იქნა დაშვებული, თუმცა ისტორიული წყაროებითა თუ ძველთაძველი წმინდა გადმოცემებით ეს არ დასტურდება…

მიქარიას მოქალაქეები გამუდმებით მობილურ ტელეფონებზე არიან ჩამოკიდებულნი. საუბრისას ისინი ინფორმაციის გადაცემა-მიღებასა თუ საქმის დეტალებზე შეთანხმებას, საუკეთესო შემთხვევაში, სულ ორ-სამ მოკლე წინადადებას უთმობენ და უცებვე გადადიან საუბრის ხელოვნურ გაჭიმვაზე: ,,ჰო და, რა მინდოდა მეკითხა… ისა, რა ქვია იმას; დაა…; ჰოო…; თქვენსკენ რა ხდება? ხომ მშვიდობაა?..; სხვა, რას შვები?..; ოჯახის წევრები მომიკითხე… ბავშვები ჩამიკოცნე და, ისა… დედა როგორაა?“. თუ მიქარიელს, ღმერთმა ნუ ჰქნას, მოსაუბრე არ ჰყავს, ის ტელევიზორს რთავს და მის შიშინში ჰპოვებს ნუგეშს. რა არის ხმაურისადმი ამ უცნაური ლტოლვის მიზეზი? სიჩუმეში ადამიანი ხომ თავისდაუნებურად ფიქრს იწყებს და საკუთარი თავისთვის შემაწუხებელი კითხვების დასმას… ამას კი ყველა მიქარიელი სათოფეზე გაურბის.

კიდევ რა? ჰო, ყველა ოჯახში, სადაც სტუმრად ვიყავი, მთავარ ოთახში (,,ზალა“) გამოსაჩენ ადგილას კიდია პორტრეტი, რომლიდანაც ცინიკური ღიმილითა და ირიბი თვალებით მრისხანედ გიმზერს მათთვის სათაყვანებელი ბელადი – ,,ულვაშა“. როგორც დავადგინე, მან მიქარიის მეზობლად ააღორძინა უკიდეგანო, მეტად აგრესიული იმპერია, თავად კი ნახევარ საუკუნეზე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ამ იმპერიას დღესაც დაპყრობილი აქვს მიქარიის ტერიტორიები, მაგრამ მას მიქარიელები რატომღაც მაინც ,,ერთმორწმუნე ძმად“ მოიხსენიებენ. რატომ ეთაყვანებიან ,,ულვაშას“ მიქარიაში და რატომ უყვართ ის ასე სიგიჟემდე, მე, მართალი გითხრათ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ვერ დავადგინე.

ზურა ოდილავაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი – 2017 (,,ქართველების ექვსი ვნება“ – წიგნი გამოცემის პროცესშია და მას სულ მალე იხილავს მკითხველი)

Posted in Uncategorized | 4 Comments

ყმუილი

მართლაც, გასაოცარი ერი ვართ – თითქოს დღეს აღმოვაჩინეთ ის, რაც მთელმა საქართველომ დიდი ხანია ვიცით! ყველას ათეულობით წლებია გვესმის, რომ ვიღაც გაურკვეველი წამომავლობისა და დამსახურებების ქალბატონი განაგებს საპატრიარქოს ჩრდილოვან პოლიტიკასა და ფინანსებს… კარგად ვუწყით და ხმას არ ვიღებთ… გადის წლები… დღეს კი, უცებ – პლანეტარული მასშტაბის აღშფოთება?!

3363a6c5888dfb2c19575ed565e988bb

ფარისევლობის მორიგ ნიაღვარს ხელისუფლებამ დაუდო სათავე. მან ჯერ აღტაცებით გვამცნო, ძირძველი ივერიის უდიდესი უბედურებისგან ხსნის შესახებ, ხოლო დღეს ამას უარყოფს და აქეთ მოგვიწოდებს შევიკავოთ თავი ,,ჭარაობისგან“, მოვერიდოთ პოლიტიკურ თამაშებსა და გავუფრთხილდეთ ეკლესიის ავტორიტეტს… გასაკვირია – საიდან ეს უტიფრობა და, იმავდროულად, ამაზე ხალხის კოლექტიური დუმილი?

სწორედ მმართველობის ფორმებში აისახა ჩვენი წარმოუდგენელი თვალთმაქცობა, როდესაც წინა პლანზე წამოწეულია დაშაქრული ხატი, ხოლო რეალურ საქმეებს სულ სხვა, მიმალული ,,ურჩხული“ განაგებს.

ასეა თუ ისე, დღეს საბოლოოდ გაირკვა – როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის საქმეებს დიდწილად ,,რუხი კარდინალები” განაგებენ … და რაც ყველაზე სამარცხვინოა, ჩვენ ამას არ ვიმჩნევთ…

მახათას მთაზე ლოცულობს

სრულიად ერი და ბერი…

აქ უპოვარი არვის ადარდებს,

არც ,,ერთმორწუნე“ მტერი,

მამონას, კეისარს ხელებს ულოშნის

მუხლმოდრეკილი მღვდელი…

მახათას მთაზე, დიდ მახათს იყრიდა

ფარისევლების ერი…

I. ფესვები

გადის წლები, მოდიან ახალი თაობები, იცვლებიან ლიდერები, ერთი შეხედვით, გარშემოც ბევრი რამ განახლდა, მუდმივი დარჩა მხოლოდ სქელი სიყალბის ფენა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. ტყუილმა იმდენად მოიცვა ჩვენი ბუნება, რომ ის ჩვეული გახდა და კაცს ვერც კი წარმოგიდგენია მისგან გათავისუფლება – დროთა განმავლობაში ხომ ყველაფერს ეგუები. სიცრუე თავს ზემოთ ავიდა და დაგვფარა – ჩვენ მისით ვსუნთქავთ, ძვალსა და რბილს ჟანგბადის მაგიერ ის მიეწოდება. ჩვენ ტყუილის ოკეანეში ჩაძირული გვამები ვართ, ამას არ ვაღიარებთ, საკუთარ თავთანაც ვცრუობთ და ცოცხლებს ვთამაშობთ.

ქართველები დიდი ხანია მივეჩვიეთ ერთის ფიქრს, მეორეს თქმას და მესამეს კეთებას – ჩვენ ფარისეველთა ერად ჩამოვყალიბდით. ფარისევლობავ – ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ!

… ყველაზე საინტერესო, მაინც ისაა, თუ რატომაა ეს მუდმივი ,,მართლობით“ ტკბობის უძლიერესი ნარკოტიკი იმდენად აუცილებელი ჩვენთვის, რომ მის გარეშე ვერ ვძლებთ? როდის, რატომ ,,დავჯექით“ ამ შხამზე?

დროებით გადავინაცვლოთ ჩვენს საბჭოურ წარსულში. ორმაგი მორალით ცხოვრება  საბჭოთა ცხოვრების წესი იყო. რეპრესიების შიშმა ჯერ შვა მონობა, შემდეგ მას დაემატა იძულებითი სიცრუე, ბოლოს კი აშკარა, უხეშმა ტყუილმა ნიღაბი მოირგო და ნაზ თვალთმაქცობად და შემპარავ მლიქვნელობად მოგვევლინა… ,,შიშმა – მონობა, მონობამ – ტყუილი, ტყუილმა – ფარისევლობა… თხამ ვენახი შეჭამაა!” დადგა ,,სიმართლის დასასრულისეპოქა!

განათლებული და წესიერი ადამიანები ადრე, 50-იან წლებამდე დახვრიტეს, სხვები დაიჭირეს და გადაასახლეს. შემდეგ შიშის პირველწყარო დავიწყებას მიეცა. მონობა ნებაყოფლობითი და ხალისიანიც კი გახდა – მას ხომ პარტიისა და მთავრობის მფარველობით  უსაფრთხოების გარდა, კეთილდღეობაც მოჰქონდა.

საბჭოთა ხელისუფლებამ გამოკვება და ხელოვნურად გააიდეალა ახალი ელიტა. ამიერიდან, საამურ მონობას, პარტიისა და მთავრობის ბრძნული ხელმძღვანელობით, გააფერადებს და გააცისკროვნებს ,,წითელი ინეტელიგენცია”, ის შექმნის ახალი ადამიანის, ახალ კულტურასა და მორალს! საზოგადოების ეს მცირე, მაგრამ გავლენიანი, ელიტარული ფენა რიგითი მშრომელებისთვის არა მხოლოდ უპირობოდ ავტორიტეტული შეიქნა, არამედ ტოტალიტარული იდეოლოგიის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამნერგველიც გახდა. იმ  დროიდან, შემგუებელი, მექრთამე – მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, მწერლები, მხატვრები, კინოსა და თეატრის რეჟისორები გვევლინებიან ,,ერის მამებად” და ,,ზნეობის შუქურებად”. კომუნისტურმა იდეოლოგიამ ინტელიგენციის მეცადინეობით შეუძლებელი შეძლო – 50-იანი წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანისთვის მონობა ბუნებრივ მოთხოვნილებად გადაიქცა!

იდეალები, მორალი, პრინციპები შეუმჩნევლად განყენებულ ცნებებად იქცნენ. ვინაიდან  ყოველდღიურ ცხოვრებაში სამართლიანობის, წესიერების დაცვა-შენარჩუნება შეუძლებელი გახდა, ზნეობა მხოლოდ წარმოსახვით კატეგორიად, ფიქციად იქცა და მან მითის სფეროში გადაინაცვლა, სადაც კეთილი მხოლოდ ზღაპრულად სძლევს ბოროტს. იდეა – მებრძოლია, მორალი – სინდისს აშფოთებს, პრინციპი – ცუდს არ გაკეთებინებს, ხოლო მითი ადვილად შეგაგუებს საკუთარ უმსგავსობას. სწორედ იმ დროიდან მოდის და ჩვენში დღემდე ფორმალურ სახეს ატარებს წესიერების დაცვა – პრინციპულობა ხომ, წარმოსახვაში ჯობს, ასე უფრო უსაფრთხო და კომფორტულია.

სამაგიეროდ, ეროვნულმა ზნეობამ და ღირსებამ ,,აკადემიურ” სუფრაზე გადაინაცვლა – ქართულმა ქეიფმა და სმა-ჭამამ ამაზრზენი იერი შეიძინა, ის გადაიქცა ქართველების გაზვიადებული დიდებისა და გაყალბებული ისტორიის, ფარისევლობისა და მლიქვნელობის, შემეტენე-შეგეტენე სადღეგრძელოებით ურთიერთ ფსიქოთერაპიის, დამახინჯებული წეს-ჩვეულებებისა და გაუთავებელი ღრეობის არენად…

დღესაც, მექრთამე აკადემიკოსი და ხაზინის ქურდი სახელმწიფო მოხელე სუფრასთან დიდ პატივში არიან! მერე რა? ასეთია რეალური ცხოვრება – ,,ოჯახს კვება სჭირდება“! მოსიყვარულე მამებად და სამაგალითო მეუღლებად, საზოგადოებრივ მსაჯულებად და მორალისტებად  ,,ოჯახში ფულის შემომტანი“ მტაცებლები მოგვევლინენ. კოლექტიური აზროვნების ავტორიტეტებთან დაპირისპირების კი ყველას ეშინია, ეს წარმოუდგენელიცაა – მითოლოგიური სტერეოტიპები თუ არქაული დოგმები მკაცრია, ბრბოს მსჯავრი კი ულმობელი! ამიტომ წინა რიგებში ინაცვლებენ შემგუებელი, მოხერხებული ადამიანები. ისინი იკავებენ ხელმძღვანელ პოსტებსა და თვალსაჩინო ადგილებს – დგება ,,ნაგვის ზედაპირზე ამოტივტივების“ ეპოქა. ჩნდება და მეფდება ახალი მისაბაძი მაგალითი – დაშინებული, მლიქვნელი, მპარავი ადამიანის ტიპი – ,,ათას ყ…ზე გადამხტარი ვირთხა”.    

მაშ ასე, შეგვიძლია დავასკვნათ – ,,ფარისევლობაეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება! სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფარისევლობა გახლავთ საკუთარი სიბნელის დაფარვისა და კოლექტიური ცნობიერებისადმი დამორჩილების (ანუ მონობის) გამართლების ხერხი!

…ალბათ არსებობს ამ თვითგანდიდების ნარკომანიის უფრო შორეული ფესვებიც. ჩვენ ხომ მლიქვნელობა-მონობის დიდი სტაჟი გაგვაჩნია. ჯერ XIII-XIV საუკუნეების მონღოლთა შემოსევა, შემდეგ არაბთა, სპარსთა თუ ოსმალთა მიერ დაპყრობა, ბოლოს კი რუსეთის იმპერიის ნებაზე მიცემა, ცხადია, დიდ დაღს დაასვამდა ჩვენს მენტალობას და იძულებულს გახდიდა ერს შემგუებლობისა და მონური მოხერხებულობის ფოიერვერკები გამოეგონებინა. ამის გამო ქართული ფარისევლობა, რაღაც სპეციფიური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ფენომენია: აღმოსავლური ქვეშ-ქვეშობისა და მელიის ეშმაკობა-ვერაგობის, ავტორიტეტებისა და ტაბუირებული ფასეულობების მიმართ უხმო მორჩილების; ყოველივე ამას კი საბჭოური მონობა და ვირთხის ალღო ემატება და გამოდის ქართული საფირმო ნაზავი!

II. ქართული თვალთმაქცობის ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებები

 1. ,,ღირსების აღდგენა”, როგორც ეროვნული სპორტი

საქართველოში ძალადობის გამართლების საკითხის გარჩევა, ჩვეულებისამებრ, ქართველების მსოფლიოში უპრეცენდენტო შემწყნარებლობის წარმოჩენით იწყება, რაც დასტურდება ხელისგულის ოდენა მიწაზე გვერდიგვერდ სინაგოგის, მეჩეთისა და ეკლესიის არსებობით. შემდეგ საკუთარ ვანდალიზმს სარწმუნოებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის მაღალი იდეალებით ამართლებენ და ,,ღირსების“ აღდგენა წარმოებს უმრავლესობის მიერ უმცირესობის განადგურების გზით. დიახ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება წააწყდე ამგვარ პარადოქს: ათიათასობით ადამიანი, რომელიც ქუჩებში რამდენიმე გაძვალტყავებულ ,,მამათმავალს“ მოსაკლავად დასდევდა, დღეს აღშფოთებულია ძალადობის კადრებით ციხესა თუ პოლიციის სარდაფებში…

ძალადობა, როგორც ეროვნული სპორტი და საყვარელი სანახაობა ჩვენში ისევ ცოცხალია, ხოლო ღირსება კი კვლავ იგვიანებს.

 2. ნაზობის, კდემამოსილების, უმანკოებისა და უბიწოების მიმართულება

ჭაშმარიტი ქართველი ქალი, საზოგადოების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობის გამო, იძულებულია უსიტყვოდ გააგძელოს ,,ტრადიციებით” გაჟღენთილი ფარისევლური ცხვორება და გარეგნულად შეინარჩუნოს უმანკოება. აბა, ღმერთმა ნუ ჰქმნას, ქართველი ქალია, ხომ არ იბოზებს?! ამიტომ ქალებს საქართველოში, როგორც ყველგან მსოფლიოში, ფიქრით – მაგრად უნდათ! იძულებულნი არიან თქვან, რომ სრულიად არ უნდათ და საერთოდაც ეს თემა მათ არ აღელვებთ! რა ხერხს მიმართავს ქართული საზოგადოება, რათა გადაწყვიტოს დილემა?  წინააღმდეგობის დაძლევა წარმოებს ისევ ნაცნობი მითოლოგიზაციის მეთოდით: იბადება მითი ქართველი ქალების მსოფლიოში უპრეცენდენტო წესიერების, სინაზის, უმანკოებისა და კდემამოსილების შესახებ. საქმეში ერთვება ორმაგი სტანდარტების მორალი: ქალები ღიად აკეთებენ და იქცევიან ისე, როგორც საზოგადოებას სურს და მკაცრადაც მოითხოვს; ფარულად – მიმართავენ ან მონოტონურ, მაგრამ რეგულარულ ხელოვნურ თვითდაკმაყოფილებას, ან მალულ ინტერნეტ-გაცნობას და სექსს უცხო სოციუმის მამაკაცებთან. ფარისევლური მითის საშუალებით წინააღმდეგობა კვლავ უმტკივნეულოდ დაიძლია – უბიწოება და სექსი, მრუშობა და უმანკოება ერთდროულად, შერწყმით! მაგალითად, როგორც ცივი, სველი ცეცხლი, ან ცოცხალი მკვდარი. ქალიშვილობის ინსტიტუტი და  უბიწო- მრუში From Georgia!

დასკვნა კი მაინც დამაიმედებელია: ქართველი ქალი შეიძლება ბოზობდეს კიდეც, მაგრამ მაინც ამერიკელთან შედარებით უპირობო და უპრეცენდენტო უმანკოებასა და კდემას ინარჩუნებს!

 3. ეკლესია, როგორც ფარისევლობის ციტადელი

ფარისევლობა, საკუთარი სიწმინდითა და სახარებისეული ციტატების დაზეპირებით აღფრთოვანებულ ქართველებში ნოყიერ ნიადაგს ჰპოვებს. სწორედ ტაძრებში გადის თვალთმაქცი ნამდვილ აკადემიას: სახალხო ადგილებზე მარხვის პროდუქტების შეძენისას, ამ ნაზი ქმედებისთვის ხმამაღალი ხაზგასმას; გამუდმებული პირვჯრის წერასა და ზემოთ ატრიალებული თვალების ნაბვას; აქ ქადაგებენ, რომ ამპარტავნება მომაკვდინებელ ცოდვათაგან უპირველესია და იმავდროულად, წარმატებით განაგრძობენ საკუთარი დიდებითა და სათნოებებით ტკბობას; აქ ასწავლიან რომ ,,ღმერთი სიყვარული არს“ და აქედანვე იღებს სათავეს ურჯულოებისა თუ გარყვნილების ქუჩებში რბევა; აქ ითვისებს მორწმუნე კატეგორიულ აუტანლობას არა მხოლოდ სხვა შეხედულების ადამიანებისადმი, არამედ სხვა მოძღვრის მრევლისადმიც კი; სამარხვო ნაყინები, შოკოლადები, შაურმები, ტორტები, კოტლეტები თუ ხინკლები და მრავალი სხვა სიბრძნე…

და მაინც დიდება ივერიის გაბრწყინებასა და ინგლისის დაძირვას! დიდება აღდგენილ ღირსებას, ეროვნულ უმაკოებას და მაღალ სულიერებას! დიდება ფარისევლობავ ჩვენო, დიდება შენდა!

ზურა ოდილავაძე. 2017 წელი, თებერვალი

Posted in Uncategorized | 22 Comments

,,პატრიარქის მკვლელობა“

891267768fa727b13762f850cc05999aეს დღეებია ერი და ბერი გაფაციცებით ადევნებს თვალს ერთ, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ დეტექტიურ ისტორიას – ,,პატრიარქის მოწამვლის მცდელობას“…

ამასთან დაკავშირებით, შეგვიძლია პრობლემის სამი ასპექტი გამოვყოთ:

1.რა მოხდა რეალურად?;

2. ხელისუფლების როლი;

3. მეუფე პეტრეს გამოსვლის შემდეგ გაჩენილი იმედები…

მივყვეთ თანმიმდევრობით. მაშ ასე…

I. რა მოხდა?

დღეს უკვე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ზღაპარი საპნის ბუშტივით გასკდა. თუ მოკლედ, ჩამოვაყალიბებთ სათქმელს, სავარაუდოდ, საქმე გვქონდა შემდეგთან: 1. არასასურველი ფრთის (პატრიარქობაზე პრეტენდენტის – მეუფე დიმიტრის) კომპრომენტირება და ამ გზით ,,მეუფე იაკობის ფრთის” წინ წამოწევა; 2. ბნელი საქმეების (შ.თეთრუაშვილისა და ,,ოქროს თევზების” ფინასური მაქინაციების) მამხილებლის (მღვდელი გიორგი მამალაძე) გაჩუმება და დასჯა. სულ ესაა და ეს…

II. ხელისუფლების როლი

ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაშია. ძნელია აღიარო, რომ უდანაშაულო ადამიანს, მით უფრო, სასულიერო პირს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში დასდე ბრალი და დღესაც ჯიუტად აგრძელებ ამ უზნეობას. თან ეს უმსგავსობა ჩაიდინეს არა მეორეხარისხოვანმა ჩინოვნიკებმა, არამედ პრემიერ-მინისტრმა, მთავარმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ერთად. მოკლედ დავასკვნი – აი, ეს მოყვება ერთი პარანოიკის ნების უხმო მორჩილებას, აი, ამის გამოა არაფორმალური მმართველობა ესოდენ სახიფათო!

III. მეუფე პეტრეს გამოსვლის შემდეგ გაჩენილი იმედები

ცხადია, მიტროპოლიტმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა და დღის სინათლეზე გამოიტანა ის ჭუჭყი, რომელიც წლებია ხრწნის ქართულ ეკლესიასა და ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. მაღალმა იერარქმა აგრეთვე ამხილა ქრისტეს სახელს ამოფარებული რუსული სპეცსამსახურების ბუნაგი, რომელსაც დიდი გავლენა გააჩნია საპატრიარქოში. ამ გმირობისთვის მეუფე პეტრეს უდიდესი მადლობა!

მაგრამ! მაგრამ! მაგრამ!

მაპატიეთ პესიმიზმი, მაგრამ ჩვენი იმედები, რომ საქმე ეკლესიის გაჯანსაღებისკენ წავა, მგონი, გადაჭარბებულია…

გასაგებია, რომ ჩვენ, მოსახლეობას გვწყუროდა მართალი სიტყვა და მისი გაგონების შემდეგ, მთელი გულით გვინდა გვჯეროდეს სასიკეთო ძვრების, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ უნდა იყოს და აი, რატომ…

პრობლემის ძირი არ გახლავთ სიმართლის გაგების წყურვილში, პირიქით, ის რეალობა, რომელიც დღეს ეკლესიაშია, უმრავლესობას აწყობს. ეს ხალხი სხვა, ახალ სინამდვილეს არ მიიღებს და მთელი ძალით შეეწინააღმდეგება მას! ამის მიზეზი კი ისაა, რომ ის, რაც დღეს ჩვენ ეკლესიაში ისწავლება დიდწილად არის ტოტალიტარული იდეოლოგია და არა ქრისტეს რწმენა. ,,პრავოსლავიეს” მიხედვით ინტერპრეტირებული ,,ღვთის სიტყვა”, ეფუძნება რამდენიმე, ნარკოტიკივით მეტად მიმზიდველ სატყუარას, რომლებსაც იერარქები და მრევლი არ დათმობენ. კერძოდ:

1) მრევლი გაერთიანებულია არა ერთი რმწენით – ქრისტიანობით, არამედ კოლექტივიზმით. კოლექტიური ფსიქოლოგია კი ასეთია: ,,ვინც ჩვენს დიქტატს არ ექვემდებარება – ის მტერია და უნდა განადგურდეს”. სწორედ ეს გაკიცხვის შიში აერთიანებს ადამიანებს ,,ერთმორწმუნე“, უსახურ მასაში. დღევანდელი ,,მართლმადიდებლობა” აწარმოებს სარწმუნოებრივ-იდეოლოგიურ წნეხს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. შედეგად, ცალკეულ ადამიანებს უჩნდებათ ეკლესიის რისხვის ,,პრევენციული” შიში.

ამას გარდა, კოლექტივის წევრი, ისე დაცულად გრძნობს თავს, როგორც ცხოველი – საკუთარ ჯოგში, რადგან კოლექტივში გარანტირებულია მისი უპასუხისმგებლო არსებობა.

აი, ამ ერთი მხრივ, მასიდან გარიყვის შიშისა, ხოლო მეორე მხრივ, უდარდელი არსებობის გამო, ადამიანები კოლექტიური აზროვნების კომფორტს არ დათმობენ.

2) დღევანდელი სწავლება, რომელსაც ეკლესია ქადაგებს არის არა ქრისტეს სიყვარული და თავმდაბლობა, არამედ, პირიქით, უცხოზე უპირატესობის განცდა, რაც ასე ხიბლავს მრევლს.

არსებობს ორი გზა, გაუტოლდე შედარების ობიექტს: პირველი – ჩაიხედო სარკეში და თქვა, მე არათუ არ ვარ სრულყოფილი, არამედ ჩამოვრჩი კიდეც, ამიტომ დიდი გარჯა მომიწევს, რათა დავეწიო სხვას; მეორე, ადვილი გზა – მდგომარეობს უცხო ადამიანის ნეგატიურ წარმოჩენაში, მისგან მტრის ხატის შექმნაში. ამ შემთხვევაში, შენ ავტომატურად, უშრომლად ხდები სხვაზე კარგი.

უცხოტომელზე უპირატესობა რომ დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, საჭიროა შესაბამისი თეორიული დასაბუთება, რისთვისაც „უძველესი გადმოცემების” საფუძველზე იქმნება მრავალი ,,ისტორიული“ მითი.

აი, ასეთია მთავარი მოტივი დღევანდელი ,,რწმენისა“ – უპირატესობის განცდა! ასე ადვილად, უშრომლად, მეტანიებითა და ლოცვებით, განათლების გვერდის ავლით, სიყვარულისა და მოყვასისთვის თავგანწირვის გარეშე, შეგიძლია გახდე უპირატესი. აღმატებულობის განცდა კი ,,ათრობს“ადამიანებს და ისინი აგრესიულნი ხდებიან.

აი, ამ ერთი მხრივ, სხვაზე აგრესიული უპირატესობისა, ხოლო მეორე მხრივ, უშრომელი განცხრომის ნარკოტიკს არ დათმობენ ადამიანები.

3) დაბოლოს! ,,მასწავლებლების” მიერ ,,პრავოსლავიეს” მიხედვით ინტერპრეტირებული ქრისტიანობა, გარდა საქართველოს ავტომატური ,,გაბრწყინებისა”, გულისხმობს საბჭოურ-რუსული წარმოების მტრის ხატების დანერგვასა და დასავლეთის დემონიზირებას.

სარწმუნოებამ არა მხოლოდ ჩაანაცვლა კომუნისტური იდეოლოგია, არამედ თვით იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. ამ ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული თვითშეგნებისთვის თავისთავად მეტად არასასურველ ფაქტს ისიც დაემატა, რომ მოძღვრები დაკავებულნი არიან რუსულ სპეცსამსახურებში შექმნილი მტრის ხატების ქადაგებით. შედეგად, დღევანდელი ქართული მართლმადიდებლობა წარმოადგენს რუსული იდეოლოგიური მანქანის გაგრძელებას. აი, ამ საბჭოურ ნოსტალგიას კი მრევლი არ დათმობს!

 P.S.

ასე რომ, იმედები გადაჭარბებულია. ასე ერთი ხელის მოსმით – სიმართლე ითქვა და მორჩა – პრობლემა ვერ გადაწყდება. დიახ, მეუფე პეტრეს განცხადება მნიშვნელოვანი აგური იყო, მაგრამ ტოტალიტარული ცნობიერებისა და კოლექტივიზმის დაძლევა მეტად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობას ჯოგში ყოფნა და უდარდელი ძოვა ურჩევნია და მორჩა…

დასასრულს კი მინდა მეუფეს შევუერთდე და ვთქვა: თავისუფლება მღვდელ გიორგი მამალაძეს, დროზე!

ზურა ოდილავაძე. 2017 წელი, თებერვალი

Posted in Uncategorized | 12 Comments