ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტის სურნელება – ნაწილი II (დასასრული)

ნაწილი II 

VII. ორნი სიკვდილის კარიბჭესთან

5– რაღაც მინდა გიჩვენო, ოღონდ არ დამცინო…

დევიკამ ლეიბი ასწია და იქედან გადაკეცილ  გაზეთში ჩადებული თაბახის გაყვითლებული ფურცლები ამოიღო:

– მე დავწერე, დროპერიდოლი რომ გავიკეთე ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტში. ვიცი, შენ რაღაცეებს წერ, ნახე, ეგებ გამოგადგეს. თუ გამოაქვეყნე, იცოდე, ჩემი სახელი შეცვალე, ძაღლები ხომ იცი!

სიკვდილის პირას მდგარსაც კი, დევიკას მილიციის აჩრდილი მუდამ სდევდა. ეს საზარელი, დამამცირებელი გრძნობა მხოლოდ გარდაცვალებასთან ერთად გაქრება. იგი ,,ლეჟანკაზე’’ მიწვა და ჩაყვინთა. თითებში ჩამწვარი სიგარეტი ამოვაცალე, რატომღაც ოფლიან შუბლზე  ვაკოცე და გარეთ გამოვედი.

პირველ ფურცელზე ეწერა: ,,დროპერიდოლის 20 კუბი!”

ფურცლებს ჩაისა და ყავის ლაქები ამშვენებდა, ზოგიც სიგარეტით იყო ამომწვარი, რამდენიმეს გამხმარი სისხლის ჟანგისფერი წვეთები ეტყობოდა. ოფლი, სისხლი, დროპერიდოლი.

,,ზოგჯერ მიკვირს, ადამიანებმა როგორ  შეძლეს ცნება ,,მხიარულება” გამოეგონებინათ; სრულიად შესაძლოა, რომ მათ ის მხოლოდ თეორიულად – წინააღმდეგ სევდისა გამოიანგარიშეს” – ფ.კაფკა (წერილებიდან მილენას)

ჩამჯდარი ვარ ხაშურის საავადმყოფოს საზიზღარ ჩეჩმაში. დროპერიდოლი  გავიკეთე 20 კუბი! მანამ შეუცნობადი ეჭვები, სწორი აღმოჩნდა! სომეხი, ქართველ კოლეგებთან ერთად, ბარიგობდნენ ანუ ფენტანილს ყიდდნენ. შემდეგ, ვიღაც მცოდნე ფალსიფიკატორი ცარიელ ამპულებში ამ საშინელ დროპერიდოლს ასხამდა. ქირურგებიც კმაყოფილნი იყვნენ, მორფინისტებიც. ნარკოზში მყოფი ავადმყოფი ხომ ვერ იტყოდა – ნარკოტიკის მაგიერ, დროპერიდოლი რატომ  გამიკეთეთო? რატომ, თქვე ჩემისებოო?!

ღორობამ დამღუპა, ვიჩქარე. აი, თურმე რატომ არ მაძლევდნენ წამალს, მიხვდნენ ვინც ვიყავი, გამხელის ეშინოდათ, ამ ბოზებს! დროპერიდოლი – ოჰ, ეს მედიკოსი ნარკომანის ბედისწერა და განგება! ჩაკუზული, როგორც ვიჯექი, ისევე დავრჩი. ერთ უშველებელ, დაუცველ, სიმარტოვეში მყოფ, ჩაფიქრებულ ქვის ლოდად ვიქეცი. ტვინში ტყვიასავით მძიმე ბურუსი და უსასრულოდ გრძელი გვირაბიდან მომავალი სიჩუმე ჩამოწვა. შიში და შფოთი. ბაზრის დახლზე ღორის შეტრუსული თავი. ცუდად გაპარსული დიდი ყურებითა და დრუნჩით – ასე, 500 კგ-ს მაინც იწონის, ამდენივე ზურგზე დამაწვა და ფეხებში მომთელა.

მუნ დე ლეერისა და დე კასტროს ბელგიურ-ფრანგული შედევრია – ,,გაქვავების სინდრომი”! ოჰ, ეგენი დამაჭერინა სადმე ვაკეში და ორივესთვის ორ-ორი კუბი მაინც გამაკეთებინა! ჩემში, დიდ კლდოვან მთას უზარმაზარი ტალღები შენელებულად ეჯახება, ოღონდ უხმოდ, ჩუმად. პერიოდულად მთას ვეებერთელა ლოდები სწყდება და ისინი თავში იწყებენ გორვას.

2,0 კუბი დროპერიდოლი სავსებით საკმარისია სრული ,,გაქვავებისთვის”. 20,0 კი ას გიჟს ადგილზე მიაყინავს. მე რას მიზამდა?! უკიდეგანო, აზვირთებულ ოკეანეში ერთ დიდ, ქვის ,,ტიტანიკად” ვიქეცი. ერთადერთ აზრობრივ სხივს, ჯერ კიდევ მიბმულს რეალობასთან, აციმციმებს დაჭრილის დამშვიდებული სახე და კატლეტის ფარშივით ამოტრიალებული, სისხლით მოფუყფუყე მუცელი. სადღაც ბნელი გვირაბის უსასრულობაში ჩემი ხვედრიც თრთოლვით ელის მძიმე განაჩენს. წინ ხანგრძლივი, ძნელი ოპერაციაა – რა ვქნა?! ტუალეტში აღელვებული ,,ძროხა” შემოვარდა:

– ბიჭო, ამდენი ხანია, სადა ხარ?! არ მიკეთებ?! წამალი ამოიღე დროზე, რაა…

მთამ ნათქვამი შორიდან წარმოთქმულივით გაიგონა და… პასუხი დაეზარა:

– წადი შენიი-ი

საპირფარეშოს კარის მიღმა მრავალხმოვანი ბგერები ვიბრირებდა:

– რას შვება? არ გამოდის? ქირურგები ელოდებიან!

კლდე მძიმედ წამოდგა და ბარბაცით, იატაკზე ფეხის დაუბიჯებლად, გემივით ნელი სვლით გასცურა. სანამ საოპერაციომდე მიმავალ დერეფანს გადალახავდა, ხომალდს დიდი თეთრი აისბერგი შეეჯახა. ყინულს დაჭრილი ბიჭის პატრონების იერი ჰქონდა. წამლის მოქმედება ძლიერდებოდა, ,,ტიტანიკმა” წყლით ავსება იწყო. სული და ხორცი ერთმანეთს საბოლოოდ გაეყარა.

4…საოპერაციო მოცულობაში მეტად გაზრდილა, ჭერი ძლიერ დაწეულა, შიგ მყოფი ადამიანები დაპატარავებულან. მთა გულივერის მზერით უცქერდა ლილიპუტებს: დაბალ ჭერზე – ,,S”-ის გრეხილით დაკიდული, გამაღიზიანებელი ყვითელი  სინათლით, საოპერაციო ლამპა, რომელიც იისფერი წერტილ-ხაზებით სამედიცინო პერსონალს ედება; ცენტრში – მაგიდაზე გაწოლილი გასისხლული არსება, რემბრანტისეული ცეცხლით კაშკაშად განათებული; სურათის სიღრმეში – მწვანე ხალათებში ბნელით მოცული ქირურგები, პირზე აკრული ბადეებით, მხოლოდ თვალები უჩანთ და დიდი, წაწვეტებული ყურები; ხელთათმანიანი ხელები დამახასიათებელ მდგომარეობაში – იდაყვში მოხრილი, ზემოდ აწეული გაწვდენილი თითებით; მსუქან, ღიპიან ქირურგს ულვაში ხაზივით დაწვრილებია, ხელის გულები ერთმანეთზე მიუდია, თითები ერთმანეთში გაუყრია; საოპერაციო მედდა თავის პატარა, ამაღლებულ მაგიდასთან ფუსფუსებს, ნიკელით მოელვარე ინსტრუმენტებს ჩუმად ალაგებს, სისხლის საშრობ ტამპონებს ამზადებს; ქვის, ცივი იატაკი.

ერთადერთი ნავთსაყუდელი ამ უცხო, მტრულად აზვირთებულ ოკეანეში, ჩემი საყვარელი ექთანი – ,,ანესთეზისტკაა”! ისიც რემბრანტის ცეცხლით ალმოდებული დგას, მე მელოდება! საერთოდაც, ამ პროფესიის გოგონები გამორჩევით კოხტები და ლამაზები არიან, ზოგი ქოფაკის გარდა, წამალს ქორივით რომ დარაჯობენ  ისეთების. ,,ტიტანიკმა” ამ თვალებშეღებილ, კოპწია ნავთსაყუდელისკენ ნელი სვლით გეზი აიღო. ღუზა ჩუმი გრუხუნით წყალში  ჩაუშვა და ავადმყოფის მიძინებულ თავთან, საოპერაციო მაგიდის ცივ რკინას ორივე ხელით ჩაებღაუჭა. მთას ერთი დიდი ლოდი მოსწყდა, შემდეგ მეორე… და უხმოდ, შხეფებით ოკეანეში ჩაეშვა. ,,ანესთეზისტკა” გაკვირვებული გამომეტყველებით, სექსუალურად, ოდნავ შეღებული პირით ელოდა  მთის მითითებებს. ყველა თვალი შემოსულ, დეფორმირებულ ობიექტს ყურადღებით ათვალიერებდა.

კლდეს უშველებელი ტალღა შეასკდა, იგი თითქოს შექანდა. მან ხელები მთელი ძალ-ღონის მოხმობით, საოპერაციო მაგიდას ჩასჭიდა და ავადმყოფს ნახევრად მილულულ თვალებში ჩააშტერდა: ,,ეჰ, შე საცოდავო, რა დღეში ვართ ორივენიი”.

– ექიმო, რა გჭირს, ცუდად ხომ არა ხარ? – გაისმა ,,ანესთეზისტკის” ხმა.

,,თქვენობით, რომ აღარ მომმართავს, ცუდი ნიშანია, ეტყობა არ უნდა იყოს საქმე კარგადო’’ – გაიფიქრა მთამ:

– ჰო… ძალლ…ნ ცუ… დთ

ამ დროს, ექთანი ქირურგებთან ზურგით დგება და ვითომ შეუმჩნევლად, თვალებს ჩქარ-ჩქარა აფართოებს და ცხვირით მთის მარჯვენა ხელის იდაყვზე მიანიშნებს. გაქვავებული ,,ტიტანიკი” ხალათზე დიდი ლაქას უცქერს, ხელი რომ იხრება იქ. სისხლი, სველი ღაჟღაჟა სიწითლით, ქვემოდ ვრცელდება… ,,რა ცოცხალი წითელია, რა სხვანაირად  წებოვანად სველი!’’ – ჩაბნელებული უსასრულო გვირაბი, სისხლის სილამაზით მოიხიბლა. (სქელი, ბლაგვი ნემსით გავიკეთე. სიჩქარეში, ხელზე ცხვირსახოცის გადაჭერა დამვიწყებია. სისხლი პირდაპირი სვლით ვენიდან მოედინება და თეთრი ხალათის გავლით, წითელ,  ძალიან ცოცხალ წვეთებად ქვის ცივ იატაკზე ეცემა):

– მკიდ… ცუდდ…თ  ვრ… ძლ… ცუდ.. – მთა მთვრალივით მრავალმნიშვნელოვნად თავს აქიცინებდა.

– რა ვქნათ ექიმო?!

,,კიდევ კარგი შენ მყავხარ, ჩემო ცქრიალა! აბა, ,,კოტიტა” მზადაა ხელთათმანები მოიძროს და ყელში მწვდეს. ამ გველს თვალები სულ დავიწროებია, სხვებსაც გამარჯვებით უყურებს,- ხომ გეუბნებოდით ვინცაა ეს თბილისელიო! წუთიერად სული ხორცს შეუერთდა, დროის შეგრძნებაც თითქოს დაბრუნდა! ,,ოჰ, ,,კოტიტა”, შენი თავი მომცა კეკელიძეზეე!’’ – ლოდი ზანტათ მრისხანებდა. სული ისევ გვირაბის ბნელ ეთერში განზავდა:

– ვინმე მო… ყვ…ნ… დრზზზზე! მე ვკრ…ნახბ – დიდი ძალისხმევის შემდეგ გამოთქვა მთამ. ხუთ-ათ წუთში, ნახევარ საათზე მეტი არ იქნებოდა (ქვის დრო სულ სხვა, გვირაბის გაწელილ სივრცეში მიედინება), ახალგაზრდა პრაქტიკანტი ფერია შემოფრინდა: მე არა, მე არაო, ჯერ არაფერი ვიცი, მეშინიაო – წიკვინებდა. ამასობაში სანიტრებმა ჩემი მფარველი ანგელოზის – ,,ანესთეზისტკა” მედდის მითითებით ,,ლეჟანკა” შემოიტანეს, საოპერაციო მაგიდასთან, ავადმყოფის პარალელურად განათავსეს და კლდე ზედ წამოაწვინეს. ,,ტიტანიკი” შეუდგა ბნელი გვირაბიდან ნარკოზის წარმართვას.

მთავარი ახლა ინტუბაცია იყო, ანუ ტრაქეიდან ფილტვებში (ბრონქებში) დრეკადი პლასტმასის მილის ჩათხრა, რათა შემდგომ ამ მილის მეშვეობით ავადმყოფი შეუერთო აპარატს და ხელოვნური სუნთქვა აწარმოო. სულ ერთ წამიანი მანიპულაციაა, მაგრამ სახიფათო. პაციენტის სუნთქვა ამ დროს გათიშულია, მაქსიმუმ 5 წუთში თუ ვერ დააინტუბირე, იქაურია!

ლოდი უსაშველოდ გადიდდა, უკიდეგანო გვირაბი გაიწელა, კლდოვან ნაპირს  მორიგი ვეებერთელა ტალღა ჩუმად შეასკდა:

– გექ… სე… ნალლი… შეყვნ… ჰო… ეს… მიდი, ნნუუ გშინი! მიდი! მიდი!

მთამ ქვის სიმტკიცე დამწყებ ექიმს უკლებლივ გადასცა. ინტუბაცია წარმატებით განხორციელდა და დაჭრილი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. მთამ შვებით ამოისუნთქა. დროპერიდოლის რეზინივით დრეკადმა მასამ საოპერაციოს სივრცე მთლად ამოავსო და გამოტეხა  რა კარები, საავადმყოფოს დერეფნებში ჭყლეტით გაფართოებას შეუდგა. შემდეგ რაფებიდან ფანჯრები ამოადგო და ხაშურის ქუჩებში გაედინა. თვალები დახუჭა, ხაშურის ქუჩებიდან ეზოებში შეედინა და სახლებს მიადგა. მეტად აღარ გავრცელებულა…

ბუნდოვნად მახსოვს მხოლოდ ის, რომ ოპერაცია დასრულდა, ბიჭი გადარჩა! გვიან ღამით ხაშურის საავადმყოფოს ცივ, მიტოვებულ საკუჭნაო-პალატაში გამეღვიძა. გაოფლილი ვეგდე ჭუჭყიან ლეიბზე, თეთრეულის გარეშე. დროპერიდოლის ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული მიწისძვრა შეჩერებულიყო, ლავა ქუჩებიდან უკანსვლით, საავადმყოფოს ფანჯრების გავლით ყურებში შემოედინებოდა. გვირაბის სივრცის უსასრულობაც შემცირებულიყო. ძველი გამოცდილებით ვიცოდი – საბოლოო გამოჯანმრთელებამდე, როგორც ეს წიგნებში ეწერა, მინიმუმ 48 საათი მაინც უნდა გასულიყო, თან ახლა ახალ მეთოდიკას ვეცნობოდი – 20 გრამიანს!

,,ძროხა” შემოეთრია, ისევ იგივეს ითხოვს – წამალი უნდა ამ დებილს. მაგის თავი მქონდა?!:

– წადი შენი…

– წამოხვალ? გურამა ვნახე, საშარაფოდ მივდივართ – მაგარი ღვინო, კაი მწვადი!

,,ძროხას’’ ინსტიტუტის ხაშურელი მეგობარი უნახავს და ეს მართლა ძროხა, გასართობად ემზადებოდა.

– რა მექეიფება, თუ ძმა ხარ, ლავა შემდის ყურებში.

– რაა?!

– წადი შენი… ანესთეზისტკა მოიყვანე, რაღაც უთხრა

,,ძროხას” ახალგაზრდა ექთნები ძლიერ უყვარს… პრინციპში, ხნიერებიც და არაექთნებიც, მაგ ხურუშიანს! სიამოვნებით გამეგზავნა. გზად – გურამას ხატა თუ ექნებაო – ფიქრობდა. ჩემი საყვარელი, ცქრიალა შემოფრინდა:

– ჩემი გოგო, ჩემო ფერია!

– გისმენთ, დევი ექიმო…

– დაჭრილი რას შვება?

– კარგადაა, დევი ექიმო!

– წადი, ერთი 3-4 ამპულა სედუქსენი ამომიღე და ვენაში გამიკეთე… ჰო! იმ კოტიტა ქირურგს გადაეცი – მე მაგის დედას შევეცი ა-ლა-ლი გუ-ლით!!!

დევი კრამნიკი, 1984 წელი.

VIII. ნოვაციაერთდორულად, მაგიდაც და ტუალეტიც!

6დაღონებული, ძალაგამოცლილი დევიკა, ხაშურიდან პირდაპირ ქუთაისში ჩასულა. ის სახლში მივიდა და ლომკაც თან მიიტანა. გამოსავალი არსაიდან სჩანდა, არც ადგილობრივ მორფინისტებს იცნობდა. მამის ტახტზე მტკიცე გადაწყვეტილებით დაიძინა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, საწადელისთვის მაინც მიეღწია. ძილშიც კი წამალზე ფიქრობდა. თვალი სულ ნახევარი საათის მიხუჭული ჰქონდა, როდესაც ქვემოდ ჭუჭყიანმა სისველემ გააღვიძა… სიზმრად, ხაშურელი, ოდნავ შეღებული პირით, ექთანი-,,ანესთეზისტკა” ენახა. თვალებაცრემლებული, ლიმონივით გამოწურული დევიკა ტახტზე ეგდო. საწოლის ამობურცული ზამბარა გვერდში უშნოდ ერჭობოდა.

ამასობაში, რკინიგზის საავადმყოფოს პოლიკლინიკიდან, ექიმი მამა დაბრუნებულა. მამამ გამოიცვალა, წამოწოლილ დევიკასთან მივიდა, შუბლზე აკოცა, თავზე ხელი ალერსიანად გადაუსვა:

– დევი მოდი ვისადილოთ, საჭმელს გავაცხელებ, კარგი?

მამამ კარადიდან სამედიცინო სპირტი გამოიღო. გაუზავებლად ჩაარტყეს. მამა-შვილი მაგიდასთან იჯდა და ერთმანეთს მიმდინარე პრობლემებს გულითადათ უზიარებდა:

– ამ დღეებში სამინისტროდან კომისია ჩამოდის. მთელი ქალაქის ექიმობა ფეხზეა, ისტორიებს ალამაზებენ, ლევს აპრავებენ. აი, მე რომ მთავარი ექიმი ვიყავი, სულ სხვაგვარად იყო…

დანარჩენი დევიკას არც კი მოუსმენია, მამა ხმაჩაწეულ ტელეწამყვანად იქცა. წამალზე მოწყურებულ და მხოლოდ ერთი მიმართულებით მოაზროვნე მორფინისტის ტვინის უჯრედებში გეგმა ელვისებური სისწრაფიდ მწიფდებოდა. სიგარეტს მოუკიდა, ერთი ჭიქა სპირტიც მიარტყა. სულ ოფლში გაიწურა და დროებით, ისევ მამის საეთერო ტალღაზე გადაერთო:

– მამა დამიჯერე, დაიკიდე. მაგათ დედაც! მომწყინდა მაგ პარტიულ არამზადებზე საუბარი. მაგათი ცხოვრების აზრი მხოლოდ ფული და კალბასია… კიდევ მსუქანი ბოზები. ეგენი ძროხები არიან და თან რძესაც არ იძლევიან. მაგათ დედაც, იქ მ…ნ! დაიკიდე, სხვანაირად მაინც არ გამოდის.

დედას დაურეკა, ერთი-ორი-სამი ტრამალი მინდაო. სამალავი გაუმხილეს,  საძილესთან ერთად დალია, ძლივს დაიბანა, გაიპარსა და შედარებით წყნარად მიიძინა. დილით ადრიანად წამოვარდა, შიშველმა, პირველად, სარკესთან ჩვეულებრივი, არაოფტიკური შუშებით სათვალე მოირგო და რამდემიმე ჩინოვნიკური სახის გამომეტყველება მოსინჯა. კოსტუმში ჰალსტუხით გამოეწყო და გარეთ გავიდა. გზად სახელგამში შეიარა, კონვერტის მსგავსი, სამინისტროს მუშაკები რომ ატარებდნენ ისეთი, შავი დერმატინის პაპკა შეიძინა. ყალბი საბუთები, ისევე როგორც ოქროსფერ ჩარჩოიანი სათვალე, ხომ ისედაც მუდამ თან ჰქონდა.

10 საათისთვის, დევიკამ საავადმყოფოს შესასვლელში მდგომ დარაჯ-სანიტარს ჯანმრთელობის სამინისტროს წითელ ტყავში ჩასმული საბუთი დაანახა და ახალი თეთრი ,,09” ზედ კლინიკის კარებთან მიაყენა. ნარინჯისფერ ,,06”-მდე ეს მანქანა ჰყავდა, მანამ რუხი ,,ვოლგა-24”, შემდეგ ღია ყავისფერი ,,07” – საჭესთან ჩაძინებულმა ან მილიციის მიერ დევნილმა,  ყველა ავარიაში დაამსხვრია და ისე გაყიდა.

შენობაში შესვლამდე ჰალსტუხი გაისწორა, ფარულად პირჯვარი გადაისახა, ტფუ-ტფუ-ტფუო, სთქვა და გრილ დერეფანში შეაბიჯა. მთავარი ექიმის კაბინეტში დილის კონფერენცია დასასრულს უახლოვდებოდა. საბუთების წარდგენა არც დასჭირვებია. მთავარ ექიმს, ხელმძღვანელი მუშაკის დამუშავებული ჯესტით, მხოლოდ სამინისტროს წითელი წიგნაკი შორიდან დაანახა, რაც დამფრთხალი ექიმებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა მთელი პერსონალი დევიკას ფეხ-ქვეშ გაგებოდა. მხრებზე გაკრახმალებული ხალათი მოაცვეს და იგი საავადმყოფოს შემოწმების ღვაწლს მიეცა.

არც დევიკას საბუთები, არც მისი რევიზორული გამოცდილება არ გახლდათ სავსებით ყალბი. უბრალოდ, ორივე წარსულიდან იყო, რადგან სამინისტროდან, უამრავი გაცდენების გამო ის სულ სამი წლის წინ გაათავისუფლეს. ექიმ დევი კრამნიკს წელიწადში ერთხელ მხოლოდ მოძველებული თარიღის გადასწორება უწევდა. ახლადგამომცხვარი კონტროლიორი, განსაკუთრებით დაკვირვებული და მკაცრი, ქირურგიული განყოფილების შემოწმებისას შეიქნა. ბოლოს ბრძანა – ნარკოტიკები მთავარი ექიმის კაბინეტში ჩამოეტანათ. იქ დევიკა გულდასმით შეუდგა მთავარი ექთნის მიერ ჩამოცუნცულებული ნარკოტიკების რაოდენობისა და მათი აღრიცხვიანობის ჟურნალის შესწავლა-შედარებას.

აქამდე გეგმა დასახული მონახაზით წარიმართა, ახლა საქმის კეთილად დაბოლოებაღა იყო დარჩენილი. სულ რაღაც ერთი სხარტი მოძრაობა და საავადმყოფოს ნარკოტიკიანი ამპულები ,,კუკლებით’’ ანუ  წყალჩასხმულებით შეიცვლებოდა. დროპერიდოლიან ,,კუკლებს’’, ჰუმანური მოსაზრების გამო, პრინციპულად არ იყენებდა!

მსუქანი, ულვაშიანი დეიდა – საავადმყოფოს მთავარი ექთანი მის მიერვე სათუთად ჩამობრძანებულ  ნარკოტიკულ განძს ქორივით დაჰყურებდა. ქალბატონმა ოქროსფერ სათვალეს ამოფარებული ნარკომანის მზერა გამოცდილი თვალით განჭვრიტა. მთავარი ექთნის წინაღობის გადალახვის შეუძლებლობაში რევიზორი ამპულების შეცვლის პირველივე მცდელობაზე დარწმუნდა. როგორც კი დევიკამ დამატებითი საბუთები მოსთხოვა, რათა ზედამხედველი კაბინეტიდან გაეშვა, ქალი ამპულებს ეცა, მაგიდაზე გადმოაწყო და დემონსტრატიულად ორ სახაზავს შორის მოაქცია:

– ხომ ხედავთ, ბატონო ექიმო, ყველა ერთი სიგრძისაა!

ექთანმა ზიზღიანი მზერით დევიკას არაოფტიკური შუშები გაბურღა და დავალებულ საბუთებზე გავიდა. ამპულების უმანკოების სადარაჯოზე მდგომ ქალბატონს იმ დროისათვის სრულიად ნოვატორული ,,კუკლების’’ დამზადების საიდუმლო ხერხი სცოდნია. ამპულების ფალსიფიკაციის მეთოდიკის შესახებ თბილისშიც კი ერთი-ორმა მკეთებლებთან გათქვეფილმა ახალგაზრდა ექთანმა თუ იცოდა. ქუთაისითვის კი ესოდენ განსწავლულობა დევიკას უკიდეგანო ფანტაზიის მქონე გონებასაც კი აღემატებოდა! ,,ბიჭო, ბედი არ გინდა?! ასიანი მივხდი, შვილი ჰყავდა ნარკამანი!” – სამინისტროს რევიზორმა მთავარი ექთნის სასტიკი ხვედრი ბიბლიური წინასწარმეტყველივით ზუსტად განჭვრიტა. ,,მაინცადამაინც მე შემხვდა, ბედი არ გინდა?!’’

ამპულების ფალსიფიკაციის ოსტატს – ექიმ ანესთეზიოლოგ დევი კრამნიკს ამ ფილიგრანულ ხელოვნებაში დედაქალაქშიც კი ბადალი არ ჰყავდა! შეცვლისთვის წინასწარ გამზადებული გამოცვლილი ამპულებიც დევიკას კოსტუმის გულის ჯიბეში ედო. ტრაგედიის არსი კი შემდეგში მდგომარეობდა: თავების მოხერხვისა და შემდგომი გაზქურაზე შედუღების შედეგად, ფალსიფიცირებული ამპულები ორგინალთან შედარებისას 2-3 მილიმეტრით მოკლე იქნებოდა.

დევიკას გული ჩაუვარდა და ,,გენიალური” გეგმის კრახს მწუხარებით შეურიგდა:

– ვინ დამთარსა, რა საშინელ პალასაში ვარ, რა ხდება ღმერთო?! – მერამდენედ ამოიოხრა ცრემლმორეულმა დევიკამ. შემოწმების დასასრულს რევიზორმა ბოლო ხრიკი მაინც მოსინჯა და… გაუმართლა! მთავარი ექიმისა და ფხიზელი მედდის თანდასწრებით, მან თავის ტკივილი მოიმიზეზა და მეორე დღემდე, სანამ შემოწმებას გააგრძელებდა, ამპულები იქვე, კაბინეტის სეიფში დალუქეს. ბრძოლის გასაგრძელებლად მზად მყოფი, თეთრ ქათქათა ხალათში გამოწყობილი, დოინჯ შემოყრილი ულვაშიანი დედაკაცი, გამარჯვებული მხედართმთავრის მზერით, დევიკას წელშიგატეხილ  სილუეტს დერეფანში მიაცილებდა…

სახლში დაბრუნებულმა, ტრამალი მაინც მოიძია, რამოდენიმე დედის სამალავი გადაჩხრიკა და დაიძინა. გეგმის დამაგვირგვინებელი ეტაპი ღამის სიბნელეს ელოდა…

დევიკა საავადმყოფოსკენ დაიძრა. კოსტუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილ სოლიდურ მამაკაცს რატომღაც, კვლავ ოქროსფერი სათვალე ეკეთა და იღლიაში რევიზორის შავი დერმატინის პაპკა ჰქონდა ამოჩრილი. მთვარიანი ღამე იდგა. დევიკა ხარაზოვის ბაღს მიადგა, გალაქტიონის თავთან შეჩერდა, მასთან ერთად ცაში აიხედა. კუთხეში გაზონზე რამდენიმე საეჭვო გარეგნობის მამაკაცი შენიშნა, ისინი რაღაცის მოლოდინში, გამუდმებით საათზე იყურებოდნენ და ვიღაცას უკანასკნელი სიტყვებით აგინებდნენ. თითქოს, ადგილობრივ ,,თანაპარტიელებს’’ ჰგავდნენ…

შენობას ქუჩის მხრიდან მიადგა. ორი- სამი მარჯვე მოძრაობა და იგი მეორე სართულზე, მთავარი ექიმის კაბინეტის აივანზე დახტა. საზაფხულოდ გახსნილი სარკმელის დახმარებით კარები შეხსნა და კაბინეტში შეაბიჯა. ასანთი გაჰკრა და დიდი საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო. გასაღები ადგილზე იდო. სეიფი გახსნა, წამალი გამოალაგა და აკანკალებული ხელებით პრომედოლის ყუთი გახლიჩა.

ხაშურმოვლილი, დამბლაში მყოფი, მიძინებული კუჭ-ნაწლავი წამლის დანახვაზე ხალისიანად ამოძრავდა და დევიკას გამხმარი მუცელი მტკივნეულად გაჭრა. შემდეგ ხანჯალი ჩასცა! მეორედ, კიდევ და კიდევ! საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ჩამხმარ მწვადებთან, ხარჩოსთან, განსაკუთრებით კი გოჭის ხორცთან თანაცხოვრების აუტანლობას მწარე კონვულსიებით აპროტესტებდა. აღარც ღვიძლს სურდა მომწამვლელი ნარჩენების დესპოტური ბატონობის ატანა. მოთმენა სულ მეტად ჭირდა…

დევიკამ გაიხსენა: ხაშური, დროპერიდოლი, ,,ანესთეზისტკა”, პოლუცია, განვლილი დღე – გულგატეხილი მამის შესიებული სახე, ულვაშიანი ექთნის დამცინავი მზერა, დოინჯი… ის მთავარი ექიმის დიდ, მწვანე მაუდ-გადაკრულ მაგიდაზე მარდად ახტა, შარვალი ჩაიძრო და ხაშურში მირთმეული სურსათ-სანოვაგის გარეთ გადმოტვირთვას შეუკავებლად შეუდგა. პროტესტი მე რომ ვიცი, ისეთი უნდაო! – გაიფიქრა.

კონვულსიები ოდნავ რომ მოეშვა, აუდგომლად, 10 ამპულა ,,ხირანის” შპრიცით ამოწრუპა და მთავარი ექიმის ლამპის შუქზე ვენაში შეასრიალა. ,,ღვთიურმა” სითხემ, რატომღაც ,,წმინდა ელენეს ცრემლებს’’ რომ ეძახდნენ, სითბო ვენიდან, სხეულის ყოველ უჯრედამდე მიიტანა. თანდათან დევიკას ფრჩხილები, თმებიც კი ნარკოტიკით გაიჟღინთა – იგი მაგრად ჩაკაიფდა! თითქოს გაუგებარია, რისთვის ითხოვს წამალს, მაგალითად, თმები ან ყურები? ცხვირი გასაგებია – მოსაფხანად! ამგვარ ყოვლისმომცველ ზემოქმედებას ნახევარი საათი მაინც სჭირდება, რადგან დასაწყისში შეყვანილი წამლის კარგა დიდ ნაწილს ,,ლომკა ჭამს’’ – მილიარდობით ორგანიზმის უჯრედი, ყველა ცალ-ცალკე, თავის ულუფას ითხოვს, ხდება დამშეული ქსოვილების გაჯერება, ამას კი დრო მიაქვს. ჩამჯდარმა, თვალებმილულულმა დევიკამ სიგარეტიც იქვე გააბოლა.

…ერთ საათში დევიკა ბლომად ამპულებით ჯიბეში, მამასთან ერთად ტელევიზორს უცქერდა. გახარებული, ოდნავ ჩაფიქრებული დედა სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა. ცენტრალური ტელევიზიით, ლუცერნიდან თუ ბერნიდან (შეიძლება ციურიხიდანაც?) ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უჩვენებდნენ. ლუცერნი, ბერნი, ციურიხი… ჩაკაიფებულ დევიკას ამ სპორტის მხოლოდ ესთეტური მხარე აინტერესებდა და ის, რომ სანახაობა კაპიტალისტურ ქვეყანაში ტარდებოდა. ოფლი, სისხლი და თავისუფლება.

შემთვრალი მამა სიყვარულით სავსე, იმედიანი თვალებით ექიმ დევი კრამნიკს უმზერდა,  დედა კუზნეცოვის სერვიზს მაგიდაზე სათუთად აწყობდა.

დილით მისულ მთავარ ექიმს კაბინეტში სოციალისტური რეალიზმის ტრადიციებში შესრულებული ნატურმორტი დახვდა: კედელზე მედლებიანი ლ.ი.ბრეჟნევის მოზრდილი პორტრეტი, აივნის ღია კარი, დროშასავით ქარზე აფრიალებული ნეილონის თეთრი ფარდა, რაღაცით მაგიდის მწვანე მაუდზე დაწებებული;  ცისფრად გადაღებილი სეიფის ღია კარი შიგ გაყრილი გასაღებით. დიდ მაგიდაზე: მწვანე შუშიანი, ანთებული ღამის ლამპა, არეული, დაკუჭული საბუთები, რომელთაც ზემოდან, სოკოს გადაუხარშავი ნაწილაკებით, ყავისფერი მასა  გადასხმოდა… ამ ჩათლახს რა უჭამიაო! – გაუფიქრია ღიპიან მთავარს. ექთანს გამოუძახა, მდივანს დამლაგებლის მოყვანა უბრძანა.

შემოლივლივებულმა ულვაშიანმა დეიდამ, განავლის გვერდზე ნაცნობი შავი დერმატინის პაპკა შენიშნა:

– გრიგორიჩ, ეგი ვისია?!

– რა ვიცი, ქეთო! ჩავყოფ ცხვირს და გევიგებ, ისე! მაგრათ კი უჭამია ვინცხაა!

– არა, არა! მაი, არა – პაპკა, ვისია?!

…დილით ადრიანად გაღვიძებული დევიკა ღვთიურ განგებულებაზე ფიქრობდა და შიშველი, ლოგინზე წამომჯდარი, ბაიანში წამალს იღებდა:

– აი, თუ არაა ღმერთი! ხომ გამისწორა მაგათ ჯინაზე!

ბარემ კარგად გავიკეთებ და საღამომდე აღარ დამჭირდება დამატებაო – იფიქრა და ძირითად დოზას კიდევ ხუთი ამპულა მიამატა. ამგვარად წყნარ, იდილიურ მდგომარეობაში, მომავალი შეცვლებისთვის, ამპულებს თავებს აკურატულად ახერხავდა. ხელით შავი დერმატინის პაპკა მოიძებნა – მუყაოს მრგვალი ხერხები იქ ედო, წინა განყოფილებაში…  ელდა ეცა! ჯერ საქმეო – უცებ გადაწყვიტა. იქვე მხვრინავი მამის ,,პადტიაჟკები” მაჯაზე გადაიჭირა და წამალი გაუშვა. პრომედოლის ნაზ, ხავერდოვან პრიხოდში რევიზორ დევი კრამნიკს შავი დერმატინის პაპკა, შიგ მოთავსებული საკუთარი ნაღდი საბუთებით და გადაკეთებული რიცხვით ელანდებოდა…

დანარჩენი საბუთები: პასპორტი, სამუშაო ადგილიდან პარტკომისა და პროფკომის დახასიათება, საფიჩხიელი ქუჩის კომიტეტის ყალბი ცნობა, დევიკას

ვითომდა ოჯახის ერთადერთი მარჩენალობის შესახებ – მშობლებს მილიციაში ჩაატანინეს. ,,სროკს”, მათმა ავტორიტეტმა და ფულმა გადაარჩინა. სამდღიანი საკანში ჯდომის მიუხედავად, დევიკა ოპერაციის შედეგებს მაინც დადებითად აფასებდა – შავი პალასა ხომ გადავტეხე წელშიო! რაც მთავარია, დროპერიდოლის ნარჩენები გამოდევნა წამალმაო! პატიმრობიდან დაბრუნებულს, კარადის თავზე, ,,ულვაშიანი ექთნის შვილის სახელზე”, 30 ამპულა ,,უხეში” მორფინიც ჰქონდა გადანახული.

2IX. არის თუ არა ღმერთი?

ექიმ დევი კრამნიკს ყოფიერების ძირითადი კითხვა დიდად აღელვებდა. ღმერთზე ფიქრი მით უფრო ხშირად უწევდა, რაც მეტად ეფლობოდა ნარკომანიის ჭაობში.

მოსკოვში დისერაციაზე სამუშაოდ ჩასულ დევიკას პროფესორმა ტიგრან მოსეს ძე დარბინიანმა, დაღლილმა კომუნისტების ათეისტური პროპაგანდით, საკითხი ასე განუმართა:

– გაუგებარია, თუ ღმერთი არ არსებობს – მისი ამდენი ლანძღვა-გინება რა საჭიროა? ხოლო თუ იგი ნამდვილად არის – მისი ძაგებით ღმერთთან  ურთიერთობა რატომ უნდა გავიფუჭოთ?

გავიდა დრო. ამგვარად ზედაპირული, მომხმარებლური მიდგომა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ დევი კრამნიკის მომაკვდავ სულს უკვე აღარ აკმაყოფილებდა. მან მთელი ტანჯული ცხოვრება გამოსავალის ძიებაში გაატარა და ბოლოს ,,ცხოველ ღმერთს” მიადგა. იმჟამად იგი ნარკომანიის უკანასკნელ სტადიაში იმყოფებოდა, სვამდა კიდეც. მის სიმბოლოებით დაშიფრულ, წყვეტილ ლუღლუღს ერთი-ორი ადამიანი თუ იგებდა, მათ შორის მეც. ამიტომ მიწევს წამოწოლილი დევიკას მონათხრობის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.

მაშ ასე, ექიმ – ანესთეზიოლოგ დევი კრამნიკის მიერ ,,ლეჟანკაზე” ყვინთაობისას მოთხრობილი ისტორიის დასასრული თავისი თეოლოგიური დასკვნით:

– რა არი იცი მე იმდენად ნაგლიც არა ვარ, ღმერთი რომ უარვყო, მაგრამ იმათსავით თვითდაჯერებული ბალვანიც ვერ ვიქნები, მის რეალურად არსებობას დარწმუნებით რომ ქადაგებენ – ისე, თითქოს გუშინ სტრელკაზე ნახეს.

არ გაუგრძელებია. ,,არ განიკითხოო’’ – ასე ასწავლეს. იმ დროისთვის, სანთლის დასანთებათ უკვე ეკლესიაში დადიოდა, შვილთან ერთად, რომ გაიკეთებდა მერე:

– ერთადერთი, ამ ცხოვრების რეალობას მხოლოდ შვილის ჭიკარტით ვარ მიმსჭვალული. ეს ბოლო სამაგრიც მალე მოსწყდება. ჩემი ფურცელი მორფინისტების საპატიო დაფიდან ჩამოვარდება, მას ქარი ააფრიელბს და სადღაც წაიღებს… წამალი კი, მორიგი მსხვერპლის სურათს მიაკრავს…

მაგარი რამე გითხრა! ბიჭო, ხაშურელი დაჭრილის ბედი მოვიკითხე, სასწაული მომხდარა, ღვთის მართლმსაჯულებაში საბოლოოდ დავრწმუნდი. აი, მაგისი კი ნაღდათ მჯერა! დაჭრამდე იმ ბიჭისთვის 15 წლის ცოლის დასთან ნათესავებს შეუსწრიათ. გოგოს ძმას იმ ნაბოზვრისთვის თოფი მუცელში ჯიგრულად ჩაუცლია!

ბიჭო, ,,ძროხაც” მთლად დამნაშავე არ ყოფილა. ფაქტია – იმ არამზადას, თან ოხრად ეშმაკები მოყვებოდა, ალბათ სულ გარს ეხვივნენ. ყველას გვაცდუნებდნენ – მეც, ,,კოტიტასაც” და ,,ძროხასაც”! ერთი-ორი ეშმა ზურგზე ხომ მეც აუცილებლად  შემომახტებოდა.  ჰოდა, სომეხმა დროპერიდოლიანი მოკლე ამპულები რომ შემომაჩეჩა, თვალები დამიბნელეს, ვერ შევამჩნიე…

მოკლედ, ჩემი აზრი ასეთია: რადგან ეშმაკები იავნად არიან ესე იგი ღმერთიც არსებობს! – საწინააღმდეგოზე დაყრდნობის მეთოდით დაასკვნა მორწმუნე დევიკამ და მიაყოლა:

– აბა, იმ მანიაკს, ჯერ ჩემი გადამკიდე, ცოცხალს რა გადაარჩენდა და მერე ვინ მოკლავდა?! პასუხი ერთია – მხოლოდ ღმერთი!

დაჭრილს ოპერაციის შემდეგ ხელი ოდნავ დასჩირქებია – ჭრილობაში ერთი-ორი  საფანტი ჩარჩენილა. ანთება ძვალზე გავრცელებულა. 20-მდე ოპერაცია – ძვლის ფხეკითა და საშინელი ტკივილებით – გადაუტანია. ბოლოს, ძალამიხდილს, ანაერობული ინფექციით სული დაულევია – ექთნების წყევლაში, ყველასგან მიტოვებულს, საავადმყოფოს ჭუჭყიან ლოგინზე. აქსიოს!

3ზურაბ ოდილავაძე. 2012 წელი, სექტემბერი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

8 Responses to ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტის სურნელება – ნაწილი II (დასასრული)

  1. elizaveta55 says:

    ერთადერთი, ამ ცხოვრების რეალობას მხოლოდ შვილის ჭიკარტით ვარ მიმსჭვალული. ეს ბოლო სამაგრიც მალე მოსწყდება. ჩემი ფურცელი მორფინისტების საპატიო დაფიდან ჩამოვარდება, მას ქარი ააფრიელბს და სადღაც წაიღებს… წამალი კი, მორიგი მსხვერპლის სურათს მიაკრავს…
    თუ ავტორი იწვევს თანაგრძნობას, ის პატიოსანია, თუ მწერალი უძლებს დროს კლასიკაა.

  2. odilavadze says:

    🙂

  3. ,ზოგჯერ მიკვირს, ადამიანებმა როგორ შეძლეს ცნება ,,მხიარულება” გამოეგონებინათ; სრულიად შესაძლოა, რომ მათ ის მხოლოდ თეორიულად – წინააღმდეგ სევდისა გამოიანგარიშეს” – ფ.კაფკა (წერილებიდან მილენას)

  4. შემზარა!!!!

  5. odilavadze says:

    ჰო, რა ვიცი, რეალობა მძიმეა …მადლობა დავით!

  6. გიორგი (გია) შენგელაია says:

    ესეც მომდევნო, გუშინდელი გადმოსახედიდან გენიალურად აღწერილი “ღვთიური სითხით” გაჟღენთილთა დღევანდელი რეალობის მძიმე სურათი! “ღვთიური სითხე” მენტალური საკვებია. მისადმი ლტოლვა ალეგორიაა და გამოხატავს დეგრადირებადი სუბიექტის მასზე დამოკიდებულებას. მართლაც რომ საზოგადოებას დღეს ჯიბეში წამალი აქვს განაღდებული და მასში “კაიფის ასოციაცია, მყრალ სუნსაც კი, კეთილსურნელებად აქცევს”. ცოცხი, რელიგიური მარაზმი, დასავლეთის დემონიზაცია და თავად წამალი ერთი მიზნისთვის შექმნილი სუბსტანციაა.

  7. odilavadze says:

    ჰო, ეგაა, თავს რითიც გაიბრუებ, ნარკოტიკიც ის იქნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s