ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტის სურნელება – ნაწილი I

ნარკომანიის ფრონტზე უკვალოდ გამქრალ ბიჭებს ვუძღვნი.

Jimi 2ნაწილი I.

  ეს მოხდა 1974 წლის 31 აგვისტოს. ,,თათარმა ბარიგამ”, ყვერებში ამოდებული ამპულებით, ,,ბადენ-ბადენის’’ სასტუმრო ,,ქიაფაზში” შეაბიჯა. თვალების ცეცებით ფოიე გაიარა და თბილისიდან ჩამოსული სტუმრების ნომერში აირბინა. ბიჭებმა წამალი გაიკეთეს, ერთმანეთი გადაკოცნეს და საღამოს კიროვობადში ,,სატასაოდ” გასვლისთვის მზადებას შეუდგნენ. უთქმელადაც ყველამ იცოდა – გასეირნებისას რუსი ნაშების დაბმის მცირე, მაგრამ რაღაც შანსი მაინც არსებობდა. აი, ამ დროს თბილისელების გულმოდგინე ოდეკოლონ-დეზოდორული პროცედურებით გაკვირვებულმა ,,ნარიმანამ”, ისტორიული ფრაზა წარმოთქვა: ,,თავარიშჩი! ზაჩემ ეთა დუხი? დეზადორ ვ იაიცა?! ნასთაიაშჩი მუჟჩინა, თემ ბოლეე ნარქამან, დოლჟენ ფახნუთ: ფოთომ, სფერმოი ი გავნომ!’’.

ამ სიბრძნით ,,გაჩხერილმა” ნარიმანმა ნარკომანების განსაკუთრებული ვაჟკაცობა აღნიშნა, ხოლო ბიჭებმა ეს სიტყვები მის გოიმობას მიაწერეს და ,,საკაიფო” გამონათქვამი სამუდამოდ დაიმახსოვრეს. ახალბედებმა ჯერ არ იცოდნენ, რომ ნარკომანიაც ამგვარი სამბუნებოვანი ბუკეტით ყარს – ,,ლომკის” ოფლით, აბსტინენციის პოლუციებითა და ფაღარათით.

I. ექიმი, მეცნიერი და საპირფარეშოების მცოდნე

ვაკელი ექიმი დევი კრამნიკი საკუთარ ხუთოთახიან ბინაში მარტო ყოფნის დროსაც კი წამალს რატომღაც მხოლოდ ტუალეტში იკეთებდა. თუ განაცილებ ცოლზე, ერთი დღით ნათხოვარი შვილი სტუმრად არ ჰყავდა, მაშინ საპირფარეშოს კარს ღიად ტოვებდა, ხოლო თუ პატარა ლიკა სახლში იყო, საგულდაგულოდ ირაზებოდა და ისე იჩხირავდა. ათი წლის გოგო ხვდებოდა, რომ მამა რაღაც აკრძალულს, ,,დედიკოსთვის” საზიზღარს სჩადიოდა. ტუალეტის კარზე მიყრდნობილი ბავშვი ,,მამიკოს” ვენაში მოხვედრის კვნესას უსმენდა, მასთან ერთად წვალობდა, ხოლო დევიკას გამოსვლისთვის დიდ ოთახში გარბოდა და ტელევიზორს არაბუნებრივად აშტერდებოდა.

უცნაური ქცევისკენ ექიმ კრამნიკს ნარკომანის ხიფათიანმა ცხოვრებამ უბიძგა, ხოლო დროთა განმავლობაში მალვა ჩვევად გადაიქცა და ის ტუალეტების ჭეშმარიტ ესთეტად ჩამოყალიბდა. დადგენილ წესს იშვიათად თუ უღალატებდა. მაგალითად, ერთხელ, მარნეულიდან ჩამორბენილმა ვეღარ მოითმინა და სანამ ჩაკეტილ კარს მიღმა, სახლში დატოვებული ძმაკაცი, ,,ძროხა” იჭინთებოდა, სამზარეულოშივე გაიკეთა.

დევიდ (ასეთი ჟღერადობა დევიკას სახელმა მას შემდეგ შეიძინა, რაც  სტომატოლოგმა დედამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაცია გადაწყვიტა) ლეოპოლდის ძე კრამკინი უმაღლესი კვალიფიკაციის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახლდათ. მან ორი მწვერვალი ერთდროულად დაიპყრო – კოლეგებს შორისაც წამყვანი სპეციალისტად ითვლებოდა და ამავდროულად, მედიკოს- მკეთებელთა კასტაშიც, მოხმარებული წამლის რაოდენობით პირველობას არავის უთმობდა. მე ის ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას გავიცანი და შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასეთ საქმეებში, სწორედაც, რომ დაეჯერებოდა.

პრაქტიკულად მთელი შეგნებული ცხოვრება ექიმი დევი კრამნიკი კაიფში იმყოფებოდა, რის გამოც მას მუდმივად კუჭში შეკრულობა აწუხებდა და ამიტომ ტუალეტის ძირითადი დანიშნულება მისთვის მეორეხარისხოვან ხასიათს იძენდა. დევიკას თეორიის მიხედვით, თუ სამედიცინო მანიპულიაციების ჩატარება მხოლოდ სპეციალურად განკუთვნილ საპროცედუროებში იყო ნებადართული, სრულიად ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ტუალეტები უცხო თვალისგან ნარკოტიკის შესაყვანადაც შეექმნათ. ,,რაღაც, იმის… სუნი ასდის მთელ ამ საქმესო – აღნიშნავდა ის და მეცნიერული ირონიით, მორფინისტის ბედისწერას – ,,ჩეჩმის გარდაუვალობის ფენომენს” უწოდებდა. მას ხომ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატის რუსული სექტორი ჰქონდა დამთავრებული, ხოლო შემდეგ სამედიცინო მეცნიერებაშიც საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობდა.

II. ჩეჩმების მრავალფეროვნების ტყვეობაში 

იმ საბედისწერო დღეს დევი კრამნიკს ტუალეტების შედარებითი შესწავლის ჩინებული საშუალება მიეცა. ყოველივე ერთ დღე-ღამეში მოხდა: ქუთაისში იყო, ექიმ მშობლებთან სტუმრად ჩავარდნილი – ძირითადათ წამალზე, არც ზედმეტი ფული აწყენდა; იქვე, ,,სან-ავიაციიდან” (,,სანიტარული ავიაცია” [საბჭ.] – რაიონში კვალიფიციური ექიმის სასწრაფო გამოძახება) დაურეკეს; ღამითვე მატარებლით თბილისში გაემგზავრა. სანამ ბილეთებს აიღებდა, ვაგონების შემადგენლობა ჩამოდგებოდა, რაღა თქმა უნდა, დევიმ შარდოვანასა და ამიაკის სუნით გაჟღენთილ, ქუთაისის სადგურის ფეხსალაგში გასაჩხერად შეირბინა. არც კაბინის კარი იკეტებოდა, შემობარბაცებულმა მექორწილეებმაც შეუსწრეს…  როგორც იქნა ვენაში შევიდა, ,,კანტროლი” მისცა და წამალი გაუშვა. შემდეგ იყო გზა. მატარებლის საპირფარეშო სასტიკად სძულდა:

– გარედან სულ ვიღაც გიკაკუნებს, კარების საკეტს ეჭიდება, ყურებში მატარებლის გრუხუნი გაწვება და, რაც მთავარია, იატაკი უხეშად ირყევა. რიტმს ვერ აუბამ, შეყვანის პროცედურა ძლიერ ძნელდება, თან ეს ფორმიანებიც სახიფათოდ მიდი-მოდიან.

შემდეგ, მოვლენები მისთვის ჩვეული სქემით განვითარდა. ,,კალინინზე”, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში შეიარა, ქირურგს შეხვდა და მასთან ერთად ავადმყოფის პატრონის ცისფერი ,,ვოლგა-21’’-ით, რიკოთის უღელტეხილის გავლით, სურამის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ჩავიდა. გზის სიგრძე დევიკასთვის, კილომეტრაჟის მაჩვენებელ ბოძებთან ერთად, შემხვედრი საპირფარეშოებით იყო მონიშნული. გზისპირა ტუალეტები, მაწანწალა ძაღლივით, სპეციფიური სუნითა და მოსალოდნელი საფრთხით ამახსოვრებდნენ თავს. ,,თბილისშივე იმ დებილს- ,,ძროხას” შევუარეთ, ვიფიქრე: წამომყვება, ცოტას წამალსაც გაიკეთებს, მაინც ჩიტის დოზა ჰყოფნის და მეც გავერთობი”.

სურამში ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა. ცისფერ ,,ვოლგიანი” მსუქანი  მამაკაცის მეუღლეს ფეხი წვივში მოუტეხავს. ,,მცირე” ოპერაცია ჩატარებულა –  ოსტეოსინთეზი (ბერძ. osteon-ძვალი, synthesis – შეერთება). მას ნაავარიებ ავადმყოფებზე ორი ,,უმნიშვნელო’’ ქირურგიული ჩარევაც მოჰყოლია. დევიკა ოპერაციის მოცულობას, არა როგორც ანესტეზიოლოგი – ტრავმის სიმძიმისა და დაკარგული სისხლის რაოდენობით აფასებდა, არამედ ქირურგიულ ჩარევაზე, როგორც მორფინისტი – საჭირო ნარკოტიკის – ფენტანილის რაოდენობის მიხედვით მსჯელობდა. მთავარი მედდის მიერ ოპერაციებისთვის გამოყოფილი 25 ამპულა ფენტანილი ასე გადაუნაწილებია: 18 ამპულა – ექიმ დ.კრამნიკს, 5 – ავადმყოფებს, 2-იც ,,ძროხას” (მომკვდარა რწყევით) და 200 მანეთი ფულიც ჩაუჯიბავს.

საღამოსკენ ცოლზე გადაყოლილ, ღიპიან ქმარს დაუჩემებია – პური უნდა ვჭამოთო. ცისფერ ,,ვოლგიანი”, ხაშურის რაიონში განთქმული ღვინის ტექნოლოგი და თანაც, სურამის ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ძმაც ყოფილა.

– ბიჭო, გაჩხერილს რა მექეიფებოდა, ,,პოლნი ბაკი” მქონდა ჩასხმული! მაგათი მჟავე ღვინო ვის უნდოდა, მაგრამ ბიძამ ვენები გადაიჭრა, თანაც, ქირურგს და ,,ძროხას” მაგრად შიოდათ. არ უნდა დავრჩენილიყავი, კაიფში არწყევდა და მაინც ჭამდა, ,,ძროხას” ღორი დედას რო შ… იო – თავგადასავლის მხოლოდ მესამედ მოყოლისას დაამატა დევიმ. ,,ძროხა” ხომ ჩემი მეგობარიც იყო და ამის გამო, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აგინებდა:

– თან ღამდებოდა. ვიფიქრე: გამოვიძინებ და დილით სახლისკენ მივაწვები. იმხანად სახლში ცოლი – ნანაც მელოდებოდა, ჩემი ნანიტა და პაწაწინა ლიკა… ეჰ… ფულს ჩავუტანდი, გავახარებდი!

,,მესამე ჭიქა მჟავე, ცივი ღვინის შემდეგ, ამ ლოთების გადამკიდე, ასო ,,ღ”-ც კი გულს მირევდაო’’- შეზარხოშებული ტექნოლოგი გვერდზე გაუყვანია და ნაუცფადევად მოგონილი ტყუილი უთქვამს:

– ბატონო მურმან… თქვენს მეუღლესთან უნდა მივიდეთ სასწრაფოდ!  წამოსვლისას, რომ დავხედე, ჰაბიტუსი რაღაც არ მომეწონა… ძლიერი ტკივილები ჰქონდა, წნევამ არ აუწიოს. ჰიპერტონიის ფონზე, არაა სასურველი, საშიშიცაა! გამაყუჩებლები გჭვირდება, ოღონდ ფენტანილი – ეს წამალი სუნთქვას არ აჩერებს… გულში ხინჯათ დარდს ღამით ნუ დავიტოვებთ.

აღელვებული მურმანი აფაცურებულა – ხრუსტალის ყანწით განსხვავებული შეუსვამს, ერთი შამფური მწვადი მიუყოლებია და ,,ზამენა” თამადაც დაუნიშნავს.

– მეღვინის დასთან მივედით, სურამის ტრავმატოლოგიურში გადარეკა. მთავარ ექიმს ვინ გაუბედავდა უარს?!

ერთი ყუთი ფენტალინი დევიკას ჯიბეში განმარტოვდა. წინ მთელი ღამე იყო: მჟავე, ცივი, საზიზღარი ღვინო, მთვრალების მომაბეზრებელი ღრიანცელი და მეღვინის გაწკრიალებული, ,,ევრორემონტიანი” საპირაფარეშო. მასპინძლის ტუალეტი: მუხის კარებით, ოქროსფერი საკეტით, ,,დაკიდული” შუშის ჭერით, ჩეხური სანტექნიკითა და იტალიური კაფელ-მეტლახით – ძლიერ მოსწონებია! ღია მწვანე კაფელი, ცისფერი უნიტაზი და შავი მეტლახი, ზედ შემთვრალი დევიკას სისხლის წვეთებით – ,,წითელი სისხლი შავ მეტლახზე არ ჩანდაო”. არც მოუწმინდავს, მხოლოდ ფეხსაცმელი გადაუსვამს.

III. მუცლის აორტა გასკდა!

დილით ადრე, 7 იქნებოდა, ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოს მთავარი ექიმი მილიციის უფროსთან ერთად დასდგომიათ თავზე. მილიციელის დედისთვის მუცლის აორტის გარშემო მდებარე სიმსივნე უნდა ამოკვეთათ. იმ ხანად კარგი ანესთეზიოლოგი წართმევაზე იყო, თბილისიდან ჩამოსული ,,პროფესორი” ხომ საოცნებოც.

– ბედად, დილის ლოთობას ავცდი! მე და ,,ძროხა”, როგორ საპატიო სტუმრები, შავი, სახურავზე მოკლე ანტენიანი ,,24”-ით ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოში  მიგვაბრძანეს.

…შუა ოპერაციისას მუცლის აორტა გასკდა! დილით მეღვინის ,,ევროტუალეტში” ცოტა წამლის გაკეთება კი მოვასწარი, მაგრამ 5 ამპულა რას გეყოფა? დიდი შიში ვჭამე, მთელი საოპერაციო ალისფერი სისხლით გაიჟღინთა! გულის ყოველი  შეკუმშვისას მუცლიდან წითელი შადრევანი ასხამდა: ,,ფშშუუ! ფშშუუ!” – ასე. მე და ქირურგები სააღდგომო კვერცხებივით შევიღებეთ. საოპერაციო ლამპა სისხლით დაიფარა, განათება პრაქტიკულად აღარ გვქონდა. წნევა ნულამდე დავარდა, პულსი არ ისინჯებოდა… სასწრაფოდ, კათეტერი: ნაკადით გადასხმები, პრედნიზოლონი, მუცელში ქირურგების ბრმად ხელების ფათური… და… დაა, გა-დავ-რჩიით! გული  გაეშვა, წნევა 80-ზე დასტაბილდა. ყველანი ოფლში გავიწურეთ. მთელი ფენტალინი გარეთ გამოვიდა, შემამცივნა. მხოლოდ ჩემი ალისფრად შეღებილი ხალათიღა იყო კაიფში. ბევრი ნარკოტიკი მიაქვს ავადმყოფზე ნერვიულობას, ბევრი…

3-4 საათის შემდეგ ოპერაცია როგორც იქნა დასრულებულა, ნაოპერაციევი მოხუცი რეანიმაციაში გადუყვანიათ:

– ამჯერად, ენდემურ ფენტანილს გავუსინჯეთ გემო, იქვე საოპერაციო ბლოკში, ტუალეტში გასვლა არც დაგვჭირდა. მარტო რომ დავრჩით, ,,ძროხას” ვთხოვე მედდების მაგიდიდან ბაიანი მოეწოდებინა. დაღლილი, ლომკაში, ვეღარ ვინძრეოდი. მაინცადამაინც სტერილური ზეწარი ასწია და საოპერაციოდ გამზადებულ ინსტრუმენტებში დაიწყო ხელის ფათური! ასეთი რეგვენი არაფერი მინახავს!

დავუყვირე: ბიჭო, ეგ სტერილურია, შე ჩემა, რას შვები?! მანდ ჭუჭყიანი ხელის შეყოფა როგორ შეიძლება?!

დებილმა მიპასუხა: ,,შე ჩემა, დავიბანე, საჭმელი რომ ვჭამეთ, მერე… ბოზის შვილი ვიყო! არ გჯერავს?’’

რა გინდა უთხრა, გვიანღა იყო, ,,ძროხას” მუდმივად შორისის ფხანით დაკავებული ხელის მიკრობები საოპერაციო ინსტრუმენტებზე გადაბარგდნენ. მივვარდი, 20-იანი შპრიცი თავის ნემსითურთ ორი თითით ამოვასრიალე და ზეწარი ისევ გადავაფარე. საოპერაციო მედდას ხომ აღარ ვეტყოდი – თქვენს მიერ გასტერილებულ ინსტრუმენტებში ,,ძროხამ’’ ყვერებიანი ხელი აფათურა-თქო. ისე დარჩა.

მონაპოვარი: მე-10 ცალი, ,,ძროხას’’- 2. კვლავ რწყევით გასკდა, ტუალეტში სირბილი მაინც მოუწია და იქაური სურნელის ყნოსვა, მაგიის! ფენტანილნარევი ოფლით სველი, გასისხლული ხალათი გავიხადე. ისეთ კაიფში იყო, ღონე მიხდილი, კრახმალგამოცლილი და უფორმო. საცოდავს, იქვე ემალის ტაშტში მიეძინა – იწვა თავისთვის საოპერაციო ტაშტში და ჩემს მაგიერ ყვინთაობდა. ოფლი, სისხლი და წამალი.

გაკეთების შემდეგ ისევ მოვყოჩაღდი, სამედიცინო პერანგი მოვიცვი და რეანიამციისკენ გავსწიე. სიგარეტს მოვუკიდე და მადიანად დავქაჩე. დერეფანში მილიციის უფროსი დამედევნა, ჯიბეში 100 მანეთს მიკუჭავდა. გავუძალიანდი,  თავისი გაჭირვება ეყოფა-თქო – რამდენიმე თვეში პანკრეასის კიბოთი მამა მოუკვდება.

IV. ხაშურის 1 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ტუალეტი

– ამ ჭიდაობაში ვართ, წინ დიდი ჩოჩქოლია. ამჯერად, ქალაქის საავადმყოფოდან არიან მოვარდნილნი, თოფით მუცელში ბიჭი დაუჭრიათ. ხომ იცი, ანესთეზიოლოგი  რაიონში ახლაც დეფიციტია, ისეთი კვალიფიკაციის, როგორიც მე, თბილისშიც არ იყო ბევრი. ნაოპერაციევ ბაბუს დავხედე – ნორმალურადაა. მილიციელმა ისევ ჭიდაობა დამიწყო. დავუთმე და ,,თეთრი ხალათის შავ ლაქებიან ჯიბეში’’ ხელი, როგორც იქნა, ჩამისრიალა. 20 – ექთანს ვაჩუქე, 30 – ბაბუს ბალიშის ქვეშ ამოვუდე, 50-იც მე. წავედით დაჭრილის გადასარჩენად, წინ!

დევიკა, როგორც ყველა ნარკომანიაში დაძირული ადამიანი, საშინელი პესიმისტი იყო. გამუდმებით კაფკას კითხულობდა, ერთიდაიგივეს ბევრჯერ, განსაკუთრებით ტარაკანებზე, ვირთხებზე და თხუნელებზე. შავ თხელ ტომებს, ფრანცის ვერცხლისფერი ხელმოწერით, აკადემიკოსი მამის ბიბლიოთეკიდან, ,,ძროხას” პარავდა. ,,კაფკას გონებით, რაც უფრო ვერ ვიგებ, გულით, მით მეტად მევასებაო”.

– ადგილზე მივედით. საავადმყოფოს მოწყენილი, გატანჯული გამომეტყველება მიეღო. სახის კანი – კეთროვანივით ხორკლიანი, სველი, ხავსმოკიდებული ბეტონი. ჩამსხვრეული ფარჯრებით მიმზერს. დაღებულ, ყოველივეს შთანმთქავ ალუმინის პირს მივუახლოვდი და შუშის მაგიერ აჭედილი, ფანერის დამპალი კბილები გავიარე. ბნელი გამოქვაბული, თხუნელების მრავალი საძვრომით. ქირურგიაში ავედით. ავადმყოფი სადაცაა საოპერაციოში უნდა შეიყვანონ. უკვე წყნარადაა, მშვიდად კვნესის – შერიგებულია სიკვდილს. დროზე უნდა შველა, სიკდილი უნდა გადავაფიქრებინო.

ბლოკში შევაგორე, საკაცეზევე სწრაფად გავსინჯე. მუცელი ამოტრიალებულია კატლეტის აზელილი ფარშივით. სისხლი და დენთის მური. შავი ნასაფანტევი იარები ფუყფუყებს. მიბჯენითაა ნასროლი. მოკლედ, დასაწყისისთვის ორივეს წამალი გვჭირდება. მედდას გამაყუჩებლის გაკეთება დავავალე, გადასხმა დავუყენე და პირადი მარაგებიდან დექსამეტაზონიც მივაყოლე. საოპერაციოდან ქირურგებთან სასაუბროდ გამოვედი. ჩემი კატეგოირული მოთხოვნა ასე ჟღერდა:

Suzi 2– ჩქარა ფენტანილი! ორი ყუთი – დროზე!

რაღაც ყოყმანობენ, ერთმანეთს გადახედეს, განძის გაცემა არ უნდათ.

– ორი ყუთი – სას-წრა-ფოდ!

ექიმები მტკიცე უარზე იდგნენ, განსაკუთრებით, ერთი დაბალი, მსუქანი, წვრილი ულვაშით. საუნჯე მას ჰქონია ჩაბარებული – ჩვენ საიდან ფენტანილიო? მაშინვე უნდა მიმხვდარიყავი, რაღაც ესენი ცუდათ იპრანჭებიან, ნარკობიზნესში იქნებიან ჩართულნი და ამიტომ ძუნწობენ. უნდა მეყიდა, ბიჭო, უნდაა! სიფრთხილე დავკარგე – წამალი საჩქაროდ გვჭირდებოდა ორივეს – მეც და დაჭრილსაც.

დებატების დასასრულს დაბალმა მოკლე, მსუქანი ხელი არაქირურგიული, კოტიტა თითებით ჩაიქნია, ზიზღით შემომხედა და დერეფანში გაუჩინარდა. მთავარმა უთხრა, მიეციო, იქ ხომ პირობებს მე, ,,თბილისელი პროფესორი” ვკარნახობდი.

ჯერ კიდევ იყო დრო, კოლეგების ღალატი მეგრძნო! ,,ძროხამაც” მითხრა დაბალ-მსუქანზე,- ,,სომეხია, რაღაც არ მევასება ეგ როჟა, არ ენდოო”. ნეტავ დამეჯერბინა, მაგრამ ,,ძროხაა”, როგორ გინდა მოუსმინო?

სანამ წამალს მომიცუნცულებდნენ, დამხმარე ექთანი – ,,ანესთეზისტკა” დავარიგე, ავადმყოფი წინა საოპერაციოდან მაგიდაზე გადავაწვინე და მეორე ვენაში ,,რინგერი” დავუყენე, მაინც, რა იცი რა ხდება… მუცელი – აზელილი სისხლი და დენთის მური, კვლავ ფუყფუყებს. ახლოდან უსვრია, ნაბიჭვარს, მიბჯენით!.. თუმცა, რას გაიგებ, ვინ იყო დამნაშავე?

რელანიუმი, დიმედროლი – ატროპინით დავამატე, სულ მიყუჩდა, თვალები მილულა. ქირურგებმა ხელის ბანა დაიწყეს. საოპერაციოს ალუმინის კარის ჭრიალი მომესმა, მივხვდი შიკრიკი მობრძანდა! მოვიდა ჩემი გაოფლილი, აქოშინებული, მსუქანი – ფენტანილის ულვაშიანი მაცნე! გულდაწყვეტით მომცა, შუბლზე ეწერა – ოჰ, ეს დაჭრილი რომ არა, მე კი ვიცი შენ რას მოგცემდიო. მიღწეული გამარჯვებით აღელვებულს შემიყვარდა კიდეც ,,კოტიტა”. ქირურგებს დავუბარე:

– თქვენ საოპერაციო ველი მოამზადეთ, გაპარსეთ, გაწმინდეთ, მე ახლავე მოვალ. საოპერაციოდან გასვლისას უკან მოვიხედე:  მთელი მედ-პერსონალი დაკვირვებით მიცქერდა, თვალებით მაცილებდნენ და მზერითვე ხაშურის №1 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ტუალეტში შემოყვნენ. ოცი თვალი მაინც იქნებოდა, რომ წამომყვა, დერეფანში კიდევ ამდენივე ამედევნა, ავივსე მოწებებული  თვალებით… და ზედმეტი ყურადგებისგან საკუთარი დამიბნელდა – ამპულების სიგრძეს ყურადღება არ მივაქციე!

არა და მანამ უნდა მეყიდა! ,,კოტიტა” ყუთებს რომ მაძლევდა, თვალები დაურბოდა, მზერას ვერ მისწორებდა. ვერ დავწვი მე გოიმმა, მეჩქარებოდა – სულ სისხლში იყო მუცელი! შავი ნასაფანტევი იარები, სუნთქვისას ფუყფუყებდა, შველას ითხოვდა, მაგის დედაც!

საოპერაციოდან გასვლამდე ერთი ყუთი ფენტანილი ექთანს დავუტოვე და ,,ანესთეზისტკის” მაგიდიდან 20-იანი ,,რეკორდი” შეუმჩნევლად ჯიბეში ჩავიცურე. მანამ დაჭრილის მუცელს გაპარსავდნენ (სანიტარი, როგორც ეს ყველა საავადმყოფოში ხდება, ,,ბრიტვას’’ ეძებს დუდღუნით, დიდხანს), ქირურგები საოპერაციო არეს ანტისეპტიკური ხსნარით დაამუშავებდნენ, გაჩხერვასაც თავისუფლად ვასწრებდი და სიგარეტის გემრიელად გაბოლებასაც. მაგრან ხომ იცი, ბიჭო, წამალმა არ იცის სიდინჯე. საოპერაციო ბლოკიდან მაინც გიჟივით გამოვვარდი, ,,ძროხას” ჩავუქროლე და ხაშურის №1 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ღირშესანიშნავ ტუალეტში ფეხი შევდგი… ოჰ, ნეტავ სულ არ დავბადებულიყავი, ან იქ შესვლამდე მომტეხოდა ფეხი! ოღონდ იქ არ შევსულიყავი, მაგის დედაც!

მჟავე სუნი, ხაშურის ქირურგიული განყოფილების ფეხსალაგში რომ იდგა, როკის უღელტეხილისა თუ ქუთაისის ვაგზლის ჩეჩმების მეთანის ჩამყაყებული სიმყრალისაგან, ნაკლები სიმძაფრით აშკარად განსხვავდებოდა, თუმცა, იგი არ იყო იმგვარად დამახასიათებელი სამედიცინო დაწესებულებისთვის, როგორც სურამის საავადმყოფოს და მით უმეტეს, თბილისის ტრავმატოლოგიური, ო.ღუდუშაურის სახელობის კლინიკის, სუფთა ტუალეტების დახვეწილი, ქაფურნარევი სურნელებაა. ექიმ დევი კრამნიკს ხაშურის ფეხსალაგის არც თუ ისე სასიამოვნო არომატი, თავიდან მოსწონებია კიდეც: ,,ასეა, როდესაც ჯიბეში წამალი გიდევს, კაიფის ასოციაცია, მყრალ სუნსაც კი, კეთილსურნელებად აქცევს”.

V. დევიკა, ,,ძროხადა მე

– ბიჭო, მე ამდენს ვშრომობ, სიქა გამძვრა, ვნერვიულობ, ეს დებილი მაინც ვერ მოვიშორე. შემცა, გამიკეთე, გამიკეთეო! არადა მეორე დღეა არწყევს, რაღად უნდა?! მაგის ფენტანილი დედაც! სულ ამირია დებილმა თავგზა, ,,ძროხას” დედაც! ერთი კი არის, არ დავმალავ, გამაფრთხილა – სომეხია, თვალებში უყურე, მაგის დედაცო! ძმაო, ოჩილ, არ გეწყინოს, ამდენ ,,დედებში’’ სულ დავიბენი: ,,ძროხას’’, სომეხის, ფენტანილის – ჩემი დედას რომ შ…..ი!

ასე მეტყველებდა – ბაზრობდა დევიკა, შემდეგაც, როდესაც მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. თუ არ ვცდები, სულ რაღაც 10-15 წლის წინ, დაბრედილი სახლში უპოვიათ. მონდომებულ მეგობრებს კარები შეუმტვრევიათ – ეგებ წამალი დარჩა მიმალული სადმეო. იმ ჟამად ექიმად აღარც მუშაობდა, დილიდან, მარნეულის გავლით, ხშირად ლიკასთან ერთად, ოპიუმის საყიდლად კიროვობადში დაქროდა. მარშრუტი: რუსთაველი ,,სვეტაფორა”, მარნეულელი მესიკა და ,,კიტაია”, ყაზახელი ილხამა, კიროვობადელი ნორიკა და ამირა.

მორიგი შეხვედრისას მიამბო: ,,ახალი გამოსული ვარ. კირავაბადში დამიჭირეს და სანამ ჩემები ფულს გადაიხდიდნენ, საგიჟეთში დამამწყვდიეს! ,,ბადენ-ბადენის” (დღევანდელი განჯის, ყოფილი კიროვობადის მორფინისტული სახელი) პირველი მაისის რაიონული განყოფილების, ,,უგ-როზისკის’’ უფროსმა დაკითხვაზე მითხრა: ,,თი ნე ქანდიდათ მედიცინსკიხ ნაუქ, ა თი ქანდიდათ ნარქოლოგიჩესკიხ ნაუქ!”.

,,ძროხა”, დღესაც, გარეგნულად მაინც, თითქოს, ცოცხალია. დევიკას გარდაცვალების შემდეგ, 20 თეთრიან არყებს სვამდა, ბევრს. აბა, დარმავოი წამალს ვინ მიართმევდა, ,,მერძევე” საიქიოს მოუტყდა. ,,ზედმეტს შვებოდა და აბა, რა  მოუვიდოდაო” – ასე ამბობდა დევიკაზე. ,,ძროხა” ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. ცოლიც გამძლე შეხვდა, ლოგინად ჩავარდნილს უვლიდა. ბედი უნდა, ძმაო, ყველაფერს, ბე-დი!

ჩემთვის ყველაფერი, ჩემივე დაბადების დღეს, 31 აგვისტოს დაიწყო – დევიკამ, როგორც იუბილარი, ისე დამპატიჟა. აი, ასე შემოაბიჯა ,,თათარმა ბარიგამ”, ყვერებში ამოდებული ამპულებით, ,,ბადენ-ბადენის’’ სასტუმრო ,,ქიაფაზში” და ჩვენს ცხოვრებაში.

დევიკას თავგადასავალი ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტში, მიუხედავად მისი გარდაცვალებისა, კვლავ გაინტერესებთ? მაშ, გავაგრძელებ:

– ფეხსალაგში შევვარდი, აცახცახებული ხელებით 10-ივე ამპულას თავები კბილებით მოვაკვნიტე. ენა გამეჭრა, პირი წვეტიანი შუშებით ამევსო, ტუჩიდანაც სისხლი მდიოდა, პირში მჟავე გემო ჩამიდგა. წამალი ამოვსრუპე – 20 კუბი და ხერხივით ბლაგვი ,,რეკორდის” ნემსით შევუდექი ვენების თხრას. ,,ცენტრალკა” (ანუ დიდი, ცენტრალური ვენა) ბლაგვი ნემსით როგორც იქნა შევგლიჯე და გავუშვი. დგუშმა ერთი-ორი კუბი უკნიდან გააპარა. 10 კუბის ნიშნულზე რაღაც ცუდი ვიგრძენი – თითქოს, ვიღაც თავში ხელს მკრავდა, არასასიამოვნო ტალღამ დამიარა… მაინც ბოლომდე მივაწექი დაა:

VI. დროპერიდოლი აღმოჩნდა – 20 ,,კუბიდროპერიდოლი!!!

ეს ამბავი 7-ჯერ მაინც მომითხრო, შვიდჯერვე ერთნაირად, მოყოლიდან მოყოლამდე მხოლოდ ,,ძროხას” გინება მატულობდა. დროპერიდოლის პირველად ხსენებისთანავე მთელი ტანით შეკრთა, მხრები ჩამოუვარდა, ცრემლიანი თვალებით უმწეოდ მიყურებდა: ,,ძმაო, ოჩილ, ერთადერთ შემთხვევაში, ნაღდი წავიბოზებ!’’ – დროპერიდოლი, რომ გამიკეთონო. არადა ,,ძაღლებს” სულ რტყმაში ჰყავდათ, ერთხელაც არ გამტყდარა, ის ხომ ღირსების კოდექსს ზედმიწევნით იცავდა.

– ბიჭო, შენ მაინც ხომ იცი დროპერიდოლი რაცაა!

– ჰო, ნეიროლეფტიკია, 10-ჯერ ძლიერია ამინაზინზე…

– არა! არა! ეგ სტუდენტურ წიგნებში, არიფებისთვის წერია – მაგრად აწყნარებსო, ამშვიდებსო… მერე აღმოვაჩინე, დისერტაციას რომ ვწერდი – დროპერიდოლის ავტორებს მუნ დე ლეერსა და დე კასტროს ადამიანის ფსიქიკაზე პრეპარატის მოქმედებისთვის ,,გაქვავების სინდრომი” უწოდებიათ! ანუ გაქვავებს და ძეგლივით უმოძრაოს გხდის. გვერდიდან თითქოს მშვიდად ხარ, პროსტა, განძრევის ტრაკი არა გაქვს, ქვა ხარ, ერთი დიდი ლოდი! თან ეს ლოდი, რაღაც საშინელებებზე ფიქრობს! სიძლიერეს რაც შეეხება, ზოგი მონაცემით, ამინაზინზე 16-ჯერ ძლიერია! შენ, აზრზე ხარ?!

სულ ბოლოს, სანამ სამუდამო ძილს მიეცემოდა, ხაშურის ამბავს უკანასკნელად, მე-7-დედ რომ მიყვებოდა, ანესთეზიოლოგობა კარგა ხნის მიტოვებული ჰქონდა, ზოგადი მედიცინაც აქა-იქ ახსოვდა. ამერიკაში გადასახლებული დედის, ვაკის ხუთოთახიანი ბინა თავისი ავეჯით გაუყუდია და ხილიანზე ერთოთახიანში გადასულა. ,,შტატებში ოპიუმი, ანჰიდრიდი, ,,რასტვარიტელი” და მესიკა სად ვეძებოო’’ – დედისთვის უთქვამს და თბილისში დარჩენილა. მთელი ფული, 80 000 მაინც იქნებოდა, გამხმარ, დაკარგულ ვენებში გაუშვია და ისე დაბრედილა.

დევი, ორ რაიმეს არ ითვლიდა და ყურადღებასაც ნაკლებს აქცევდა – დროს და ფულს:

– ამბობენ: ,,დრო – ფულიაო”… ოღონდ, ზოგს  გროვება იტაცებს, ზოგსაც ფლანგვა. მე უკანასკნელთა რიცხვს მივეკუთნები – ფულის დედაც მ…ნ და ზევიდან გაცდენილი დროისაც! ჩემი თავისთვის ბევრჯერ მიკითხავს: ბიჭო, წამალმა ამდენი გაჭირვება გამოგაცდევინა, პროფესია, ოჯახი, მთელი ცხოვრება დაკარგე და თავიდან რომ დაგაწყებინა, როგორ მოიქცეოდი? ბევრი ვიფიქრე და დავასკვენი: წამალს მაინც გავიკეთებდი, ოღონდ უფრო ჭკვიანურად. ეს დედა მ….ი, ხომ იცი როგორი მაგარი რამეა, ერთხელ თუ გაუსინჯე გემო, დამთავრდა – ასი ცხოვრება, რომ იცხოვრო, კაიფს მაინც ვერ დაივიწყებ! ჭკვიანურად კეთებაზე რა გითხრა, აბა? მოკლედ, წამლის ერთადერთი პრინციპია – თავიდან ერთხელაც არ გასინჯო! თუ არა და მ…ი გაქვს დედის ტ….ი!

ასეთი ,,იდეინი’’ მორფინისტი გახლდათ დევიდ ლეოპოლდის ძე კრამნიკი. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მხოლოდ მარნეულში დადიოდა, მესიკასთან, დღეში ორჯერ, დილით ადრე და შეღამებისას. კიროვობადი შორს იყო უკვე, ძაღლების გამოც ჭირდა წასვლა. შვილს თუ არ ჩავთვლით, წამლის გარდა ვეღარაფერზე ფიქრობდა – იმიტომ ვიკეთებ, რომ ლიკა ვნახო, აბა ისე საწოლიდან ვერ ვდგებიო:

– ამ ცხოვრებას, ბიჭო, ვერაფერი გავუგე. რისთვის ცხოვრობს ეს ხალხი? რა უნდათ? ისე მოვკვდები, ჭიანჭველების საქმიანი ფუსფუსის აზრს მაინც ვერ გავიგებ… თუ ტარაკანების ან ვირთხების? არც ვიცი, მაგათ რა ჰქვიათ? ცხოვრბის ერთადერთი აზრი – შვილებია! მაგარი რამეა! ისეთი ძლიერია, რაღაც ცხოველურია მაგ სიყვარულში, პირველყოფილი.

უკანასკნელად რომ შემხვდა, თავისი ნარინჯისფერი ,,06”-ით, ზამთარი იდგა. შიშველ ფეხზე თეთრი ,,ბასანოჟკები” ჩამოეცვა – ახლა ჩამოვედი მარნეულიდან, გზაში მესიკასთან კარგად გავიკეთეო! მასთან ბინაში ავედით: პატარა 5 X 4-ზე ოთახი, სამზარეულო, გაერთიანებული აბაზანა-ტუალეტი, გამჯდარი სიგარეტის, ,,რასტვარიტელის”, ანჰიდრიდის და მარტოობის სუნით. ოთახში ,,ლეჟანკა”, გვერდზე დაბალი მაგიდა, ზედ ,,ბიჩოკებით’’ სავსე საფერფლე, ტელევიზორი, სკოტჩ-გადაკრული პულტი. აბაზანაში შემიყვანა, ჩამქვრალი მზერით მომიტრიალდა:

– იმ ფულით, მარტო აბაზანა-ტუალეტი გავარემონტე, დანარჩენზე აღარ მეყო, წამალი ხომ იცი, დაითვალე, მეტი არც გამოდის. პრინციპში, მთელი დღე მაინც აქ ვზივარ, ჩეჩმა მაინც იყოს ნორმალური. რომ ვიკეთებ, მიჭირს, 1 საათი მაინც ვეძებ ვენებს და ოთახში ხომ არ ვიჩალიჩებ. მერე კუჭის გამორეცხვებს ვიწყებ, ხომ იცი ზაპორების ამბავი. თან ,,C” – მაქვს, ციროზით… ერთი, სპიდს ამაცდინა ღმერთმა. ამასობაში ღამეც მოდის და ისევ მარნეულში მიწევს წამალზე წასვლა.

დევიკამ ხელი შორისში ჩაიყო, ვერცხლის ქაღალდში გახვეული ოპიუმიანი ცელოფანი გააძრო და კარგა მოზრდილი – 2-3 გრამი იქნებოდა, ბურთულის ხარშვას შეუდგა.

– გაიკეთებ?

– …

– კარგი, არ გინდა, არ გინდა, არ დაჯდე ისევ. ისეეე, რა იშუსტრე, ბიჭო! ვინ როგორ გამოიყენებს უარყოფით გამოცდილებას. მა-ლა-დეც!

მე იმავე დროპერიდოლმა გადამარჩინა, აღარ განმამეორებინა დევიკას მიერ განვლილი გზა. მეგობარ ექთანს შემთხვევით შპრიცები არევია და ამ საშინელი პრეპარატის 2-3 კუბი გავიკეთე. ჩემს მდგომარეობას ვერც კი გადმოვცემ! გარეთ გამოსვლა და ტაქსში ჩაჯდომა მოვასწარი. ბარნოვის ხიდზე ჩამოვედი, ვიდექი და ვფიქრობდი – ახლავე გადავხტე და დავეხეთქო კეკელიძის ქუჩაზე თუ მეზარება? ერთი კვირა თავში ლოდები დაგორავდა, თავის მოკვლა საოცნებო შემექმნა. განცდილი შოკი იმდენად ძლიერი იყო, რომ ნარკოტიკზე ფიქრიც კი დამავიწყა! სულ 2 კუბის, ერთმა ინიექციამ!

ამასობაში, საცოდავი დევიკა თავის გაერთიანებულ ევრო-აბაზანა-ტუალეტში, ფეხების ბაბოჩკით ქარგვასა და გამქრალი ვენების ძიებას შეუდგა. ჯერ იღლიაში სცადა, მერე პახში ანუ შორისში. იტალურ, ვარდისფერი კაფელით გაწყობილ საპირფარეშოში, თეთრ ჩეხურ უნიტაზზე, შიშველი, გასისხლული იჯდა – დაწყლულებული, გაშავებული ჩონჩხი, თავის ქალაში, მწარე ცრემლით სავსე, ჩასმული კაკლებით. ოფლი, სისხლი და ცრემლები.

10 კუბი ოპიუმის ,,ბანია” თავისი რეალანიუმით, პიპოლფენით და როჰიპნოლით, როგორც იქნა გაიკეთა. იქვე პეშვით რაღაც ტაბლეტები მიაყოლა. ერთი საათი შარვალჩახდილს და ყბაჩამოვარდნილს ეძინა. შემდეგ თვალები ოდნავ შეახილა, წამოდგა, ბარბაცით ოთახში გამოვიდა, სიგარეტს მოუკიდა:

– ბიჭო, მაგრად ცუდად ვარ, დავიბრიდები მალე, სტო-პრო დავიბრიდები. ღმერთის საკითხმა მაგრად დამაინტერესა, მაგრამ შენ არ გეცოდინება, ჯერ  ჯანმრთელი ხარ, რომ დაგენძრევა მერე გაიგებ. გინდა მოგიყვე ხაშურში რა მომივიდა?

Lennonზურაბ ოდილავაზე. 2012 წელი, სექტემბერი

გაგრძელება (ნაწილი II) იქნება…

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

21 Responses to ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტის სურნელება – ნაწილი I

  1. მაია კოხტაშვილი. says:

    გენიოს-პროფესიონალი ხარ😉

  2. momcons,gaocebuli var tqvenit.

  3. zaira says:

    axlaxan vkitxulobdi 1839 -1842 clebis chinet britanetis opiumis omis istorias da chemi kuragdeba miikcia iman .rom chinetis mosaxleobis 10 procenti im droisatvis opiumze kopila “damokidebuli”, ramac turme chinetis geno pondis DAKNINEBA gamoicvia… opiumshi chaplul chinels sulac ar adardebda vin ipkrobda mis samshoblos… chinetis imdriondelma mtavrobam sastiki brcola gamoucxada opimis shemomtan-gamsageblebs : isini sikvdilit isjebodnen
    ra amazrzeni, sashineli da sacodavia kopa am sazizzgari senit daavadebulebisa… ra gulis amrevia es kvelaperi…calian kargia zura, zustad es ckalivit s,chirdeba chvens sazogadoebas, miuxedavad imisa , rom umcires da ucvrilmanes detalebs ostaturad agcert , sasiamovno efektebze calze moxerxebulad naklebad amaxvilebt kuradgebas da ciritadad cin scevt im fatalur aspektebs, rac narkotikis moxmarebas axlavs tan da amas ise agcert, rom didxans tavidan ver amovigde… da bravo tkven ,martla kargad cert

  4. odilavadze says:

    გმადლობთ!

  5. ზურა, რაღაცნაირად ჩამაფიქრა, ნარკომანი არ ვყოფილვარ თუმცა მეოთხე კურსამდე პლანს კარგად ვაბოლებდი. ასე რომ ჩაფიქრების მიზეზი ნარკომანის ბედი არ ყოფილა. მე არ ვიცი რატომ ლოთდებიან, ან რატომ კაიფობენ, მაგრამ ერთი რამ ვიცი. ისეთი ტკივილი დავინახე დევიკასთან, რომელიც მეც ხშირად განმიცდია. თუმცა მქონდა ისეთიც, რომელიც მაცოცხლებდა. ალბათ დევიკასაც ჰქონდა, მაგრამ ან მცირე დოზით, ან შეუცნობელი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადარჩებოდა. რთულია ეს ყველაფერი. ეგებ იმაზეც დაწერო რატომ ვერ გადარჩა.

  6. shota vashakidze says:

    მადლობა ზურა, იმისთვის რომ მკითხველს იმ საშინელებას ანახებ,რაც ნარკოტიკის მოხმარებამ შეიძლება დამართოს მათ. ასეთი ისტორიების კითხვის შემდეგ დარწმუნებული ვარ არავის გაუჩნდება სურვილი ერთხელ მაინც გასინჯოს ნარკოტიკი.

  7. odilavadze says:

    ალექსანდრე, შოთა, გმადლობთ! დავწერ ბევრს, აბა რა!

  8. qurdi maxo says:

    შესანიშნავია ზურა, ბრავო, ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითია. ყველაფრის მიხედავად, მაინც შემეცოდა დევიკა

  9. nino mindiashvili says:

    ორიგინალურია ბატონო ზურა.BRAVOOOOOOOOOOOOOOOOOOOOO

  10. lika says:

    მადლობა ზურა, შემაძრწუნა, იმდენად რეალისტურად წერთ! ველოდები მეორე ნაწილს!

  11. odilavadze says:

    მადლობა თქვენ! ლიკა, ჩემს კედელზეა მეორე ნაწილი და აქ დევს

  12. ალექსანდრე ქართველს აინტერესებს, რატომ ვერ გადარჩა ნაწარმოების გმირი – დევიკა ?! მე კი დარწმუნებული ვარ, დევიკას რეალური პროტოტიპი გადარჩა და განიკურნა ამ საშინელი სენისგან, მაგრამ ლიტერატურული პერსონაჟი განგებ კვდება.ამ ნაწარმოებში. ამით ავტორმა საშინელი სენს ბოლო მოუღო და “დაამარცხა”, რათა თაობები იხსნას მისგან!!!

    • მე არ მგონია რომ აქ მარტო ნარკომანიაზეა … ყოველ შემთხვევაში მე ასე დავინახე. ამიტომ არ მაინტერესებს პროტოტიპი ვინ არის. მე მაინტერესებს რატომ ვერ გადარჩა დევიკა

  13. odilavadze says:

    🙂

  14. Natali says:

    ძალიან კარგი, ჩემს მეგობრებსაც გავუგზავნე.
    .

  15. ზურა,იმედი მაქვს უამრავი ნატურალისტური დეტალი,რომლითაც სავსეა შენი მოთხრობა-შეძრავს ყველას,ვინც შენს ტექსტს წაიკითხავს და აცრის იმ საშინელებისგან,რომელსაც ნარკომანია ეწოდება.
    გული დამიმძიმდა,ხასიათიც წამიხდა,მაგრამ თუკი ერთ ადამიანს მაინც უშველის და გამოაფხიზლებს შენი მოთხრობა-ჩეთვალე,რომ სამოთხის ბილეთი ჯიბეში გაქვს ამ სიკეთისთვის🙂

  16. ჩათვალე-მეთქი,მექანიკური შეცდომაა🙂

  17. odilavadze says:

    კაი, მეორე ნაწილიც წაიკითხე და ბარემ ,,დლია სტრახოვკი” მეორე ბილეთიც მაჩუქე🙂

  18. Tami Gongadze says:

    ფეხისალაგის მყაყე ქაქის სუნში აზელილი, დაგლეჯილი ვენებიდან ნაჟონ თბილ სისხლში ასვრილი, დაწრეტილი და დასუსტებული, ცხოვრებსაგან ნაბადივით გათელილი ადამიანის სევდა-კაეშანი…მახინჯი რეალობა და დაკარგული თაობები……

    გული მეკუმშება შენს მოთხრობებზე, ზურა… დამინდე :-(((

  19. zurab lezhava says:

    ვაა, ეს რა მაგარი რაღაცა დაგიწერია! ყოჩაღ ზურა.

  20. odilavadze says:

    🙂 შობას გილოცავთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s