რომის პაპი ნეტარი იოანე პავლე II (რომის საყდარი და საქართველო)

,,მომავალი ხვალ კი არა, დღესვე იწყება” – ნეტარი იოანე პავლე II (Beatus Ioannes Paulus PP. II)

I. ზოგადსაკაცობრიო ზეიმი

1მთელმა მსოფლიომ, ყოველმა ადამიანმა, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა და რწმენისა, აღფრთოვანებით მიიღო ცნობა – ვატიკანში უნდა გაიმართოს რომის პაპის იოანე პავლე II-ის ბეატიფიკაციის პროცესი! და აი, პირველ მაისს რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა, პაპმა ბენედიქტე XVI-მ თავისი წინამორბედი პაპი იოანე პავლე მეორე ნეტარად გამოაცხადა, რითაც გზა გაეხნა მის წმინდანად შერაცხვას. მოვლენის მასშტაბურობისა და თვით ნეტარის პიროვნების სიდიადის შესაბამისად, ცერემონიას რომში მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის 90-მდე ოფიციალური დელეგაცია, 16 ქვეყნის პირველი პირი და ხუთი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. იოანე პავლე II-ის ბეატიფიკაციას 101 ქვეყნის 2300-ზე მეტი ჟურნალისტი და მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიები აშუქებდნენ. ვატიკანში იმყოფებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც. მხოლოდ რუსეთის და უძველესი ქრისტიანული კონფესიის, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები ,,სამზეოს არვის უნახავს” ქრისტიანული სარწმუნოებისა და რელიგიური შემწყნარებლობის ცნობილი მქადაგებლის, ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ მებრძოლი გმირის წმინდანად შერაცხვის ზოგადსაკაცობრიო ზეიმზე!

პირადად ჩემთვის, სრულიად გაუგებარია ჩვენი ეკლესიის  რელიგიური დემარშის მიზეზი – ნუთუ 1054 წელს მომხდარი განხეთქილება და ფილიოქვეს პრობლემა? 2აღნიშნულ საკითხში გასარკვევად ერთად მივადევნოთ თვალი ერისკაცობაში კაროლ ვოიტილას გზას რომის საყდრამდე, მოკლედ გავიხსენოთ ,,დიდი” პაპის მოღვაწეობის ძირითადი  ეტაპები. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს ავხსნათ, თუ რატომ სარგებლობდა ეს პიროვნება ყველა აღმსარებლობის ადამიანთა შორის ესოდენ დიდი ავტორიტეტით, რატომაა ის დღესაც, გარდაცვალების შემდეგ, ამდენად პოპულარული. დასასრულ კი, მხოლოდ ფაქტების საფუძველზე შევაფასოთ, ერთი მხრივ –  პაპის ღვაწლი კაცობრიობის წინაშე და მეორე მხრივ – ჩვენი სამღვდელოების ,,ქრისტიანულად პრინციპული პოზიცია”. ,,რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშეო..”,- ასე არ ბრძანებს იაკობ მოციქული?

II. ,,კაროლი ადამიანი, რომელიც რომის პაპი გახდა და ,,კაროლი რომის პაპი,  რომელიც  ადამიანად დარჩა

,,სიცოცხლე კაცის ვალია ღვთის წინაშე, ვალი, რომელიც უნდა დააბრუნო დროულად და ღირსეულად’’ – ნეტარი იოანე პავლე II

ასეთ მრავლისმეტყველ სახელწოდებას ატარებს ორი მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი პიროვნებაზე, რომელიც ,,ღვთის წინაშე ვალის ღირსეულად მოხდაში” ხედავდა ცხოვრების აზრს. მაშ ვინ იყო ეს სათნო ადამიანი და პაპი?

იოანე პავლე II ,,დიდი” (ლათ. Ioannes Paulus Secundus Magnus), ერისკაცობაში კაროლ იოზეფ ვოიტილა  – რომის კათოლიკური ეკლესიის 264-ე პაპი 1978 – 2005 წლებში, პირველი პოლონელი წმინდა პეტრეს ტახტზე, გარდაიცვალა 2005 წლის 2 აპრილს. იგი წმინდა ტახტს 27 წელი ედგა სათავეში და მმართველობის ხანგრძლივობით ჩამორჩება მხოლოდ წმინდა პეტრეს (34 წელი) და პიუს IX-ს (32 წელი). კაროლი დაიბადა 1920 წლის 18 მაისს ქალაქ ვადოვიცეში (პოლონეთი) ავსტრია-უნგრეთის არმიის ყოფილი ოფიცრის ოჯახში. მომავალი პაპი 8 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა, შემდეგ, 9 წლის ასაკში კაროლმა უფროსი და დაკარგა, ხოლო 20 წლის ასაკში ის დედ-მამით ობოლი დარჩა.

1942 წელს კაროლ ვოიტილა ჩაეწერა კრაკოვის იატაკქვეშა სასულიერო სემინარიის კურსებზე. ჯერ კიდევ ჭაბუკობის წლებში, გარდა მშობლიური პოლონურისა, ის საკმაოდ კარგად ფლობდა ათ უცხო ენას – სლოვაკურს, რუსულს, იტალიურს, ფრანგულს, ესპანურს, პორტუგალიურს, უკრაინულს, გერმანულსა და ინგლისურს. ასევე, რაღა თქმა უნდა, იცოდა ლათინური. ქვემოთ მოყვანილია ნაწყვეტები წერილიდან, რომელიც ეძღვნება პაპის იოანე პავლე II-ის ნათელ ხსოვნას და კარგად წარმოაჩენს მის პიროვნულ თვისებებს:

,,მეორე მსოფლიო ომის მორიგი სუსხიანი, სისხლით გაჟღენთილი ღამე იდგა. იატაკქვეშეთში, კრაკოვის კონსპირაციულ სასულიერო სასწავლებლიდან გამოსული აჩქარებული ნაბიჯით თოვლიან გზას მიუყვებოდა. ძალიან სახიფათოა ასეთ დროში და ისიც ღამით სიარული…

უცაბედად წყვდიადიდან ბავშვის კვნესის ყრუ ხმა გაისმა. ფიქრებიდან გამოერკვა და შეეცადა გაერკვია თუ რა ხდებოდა. სიბნელეში ნანგრევების გარდა არაფერი ჩანდა, კვნესა კი არ წყდებოდა. ახლოს მივიდა. ფიცრის ნაჭერი ხელით გადაწია და მის წინ პატარა გოგო გაჩნდა. მთლიანად ტალახში ამოსვრილს მხოლოდ ვეებერთელა აცრემლებული თვალებიღა უჩანდა. შეშინებულმა კვნესა შეწყვიტა. ნიკაპი უცახცახებდა… ერთი ციცქნა ებრაელი გოგონა რაღაც სასწაულის ძალით ფაშისტებს გაქცევია, უფრო სწორად, დასაწვავად მიმავალმა მშობლებმა გამოაპარეს… მას ყველაფერი გადაავიწყდა: სიცივე, სისხლი, რა მოგივა როდესაც ებრაელს ეხმარები… იმ მომენტში მას ”თავისიანებიც” გადაავიწყდა. უბრალოდ გულზე მიიკრა პატარა არსება და სწრაფი ნაბიჯით გზა გააგრძელა თოვლსა და ტალახში, მინდორ მინდორ, უგზო ადგილებით, რომ არავის მოხვედროდა თვალში. მთელი ღამე იარა…

მეორე დღეს მან მხოლოდ თავისი სახელი გაუმჟღავნა გოგონას. სახელი, რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა პატარას და ასეც მოხდა. მან არაფერი იცოდა მის შესახებ, დროთა განმავლობაში აღარც რაიმე ახსოვდა… მხოლოდ მისი სახელი… და ზღაპარი, რომელიც მაშინ დაიწერა.

გავიდა 35 წელი და ერთ დღესაც მას ტელევიზიით ნაცნობი სახელი მოესმა. ჰოი სასწაულო! მისი მშველელის სახელი, ჯადოსნური სახელი! სუნთქვა შეკრული მონიტორთან მიიჭრა. 1978 წლის 16 ოქტომბერს კაროლ ვოიტილა მსოფლიოს მოევლინა როგორც იოან პავლე II.

გავიდა დრო და უკვე მის მიწაზე, ისრაელში სტუმრობისას კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ის და მისი პატარა გოგონა…”. 1978 წლის 16 ოქტომბერს, 58 წლის ასაკში, იოანე პავლე II გახდა რომის პაპი – ასე დაიწყო ,,მსოფლიო მოქალაქის”, კაროლ იოზეფ ვოიტილას მოღვაწეობა. იგი თავიდანვე შეუდგა საკუთარი თანამდებობის გაუბრალოებას: პაპმა უარი თქვა კორონაციაზე და მის ნაცვლად ჩატარდა უბრალო ინტრონიზაცია; ის არ ატარებდა პაპის თავსაბურავს – ტიარას და მუდამ ხაზს უსვამდა პაპის ტიტულში აღნიშნულ როლს – Servus Servorum Dei (ღვთის მონების მონა).

A. კომუნიზმთან ბრძოლა

4სწორედ იოანე პავლე II-ის და ამერიკის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სახელებს უკავშირდება საბჭოეთის კომუნისტური რეჟიმის დამხობის, ბერლინის კედლის დანგრევის, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების და საქართველოს რესპუბლიკის განთავისუფლების ეპოქა! 1979 წლის 2 ივნისს რომის პაპი პირველად ეწვია პოლონეთს. ,,მის გარეშე კომუნიზმი არ დამთავრდებოდა ან, უკიდურეს შემთხვევაში, ეს მოხდებოდა ბევრად გვიან და დიდი სისხლით”,- აღნიშნა იმჟამინდელი პოლონეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ,,სოლიდარნოსტ”-ის ლიდერმა, ხოლო სოციალისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ.

არ დააყოვნა კომუნისტურმა ტერორმაც. 1981 წლის 13 მაისს წმ.პეტრეს მოედანზე თურქული ულტრამემარცხენე დაჯგუფების ,,რუხი მგლების” წევრი მეჰმეტ ალი აღჯა თავს დაესხა რომის პაპს და რამდენიმე ტყვია ესროლა. სპეციალურმა საგამომძიებლო კომისიამ, დიდ ბრიტანეთში გაქცეული ,,კგბ”-ს არქივის ყოფილი უფროსის, ვ.მიტროხინის ინფორმაციის საფუძველზე დანამდვილებით დაადგინა, რომ იოანე პავლე II-ის თავიდან მოშორების ინიციატორები სსსრკ-ს ხელმძღვანელები იყვნენ.

B. რელიგიური კონსერვატიზმი და ცივილიზაცია                                         

,,დიდი” პაპის დროს კათოლიკურმა ეკლესიამ შეურიგებელი პოზიცია დაიკავა აბორტებისა და კონტრაცეპციისადმი. 3იოანე პავლე II მკაცრად გმობდა ჰომოსექსუალურ ქორწინებებსა და ევთანაზიას, ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა ქალების მღვდლად ხელდასმასა და მხარს უჭერდა ცელიბატს. პაპი წერდა: ,,თავისუფლება ნიშნავს არა იმის კეთებას, რაც მოგეპრიანება, არამედ უფლებას აღასრულო შენი ვალი. თუ თავისუფლებას არ აქვს მიზანი, თუ იგი არ ცნობს ადამიანის სულზე აღბეჭდილ ზნეობრივ კანონს და ყურს არ უგდებს სინდისის ხმას, მაშინ იგი საზოგადოებას უპირისპირდება”.

რელიგიური დოგმებისა და კანონების დაცვასთან ერთად, იოანე პავლე II-მ დაამტკიცა, რომ კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია ცივილიზაციასთან და მეცნიერულ პროგრესთან ფეხდაფეხ განვითარება. ის მიიჩნევდა, რომ ,,მეცნიერება ეხმარება რელიგიას შეცდომებისა და ცრურწმენებისგან განწმენდაში”. ასე მაგალითად, პაპმა ინტერნეტის მფარველად გამოაცხადა ისიდორე სევილიელი, ხოლო 1966 წელს პირადად დაესწრო როკ-ვარსკვლავების კონცერტს ბოლონიაში.

C. მონანიება და რელიგიური შემწყნარებლობა

პაპმა იოანე პავლე II-მ პატიება ითხოვა ჯვაროსნული ლაშქრობებისა და ინკვიზიციის დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის, მოახდინა ნიკოლაუს კოპერნიკისა და გალილეო გალილეის რეაბილიტაცია, აღიარა კათოლიკური ეკლესიის ბრალეულობა ბართლომეს ღამის ხოცვა-ჟლეტაში. გოდების კედელთან პაპმა პატიება ითხოვა ებრაელთა დევნისთვის და ასევე კათოლიკური ეკლესიის უმოქმედობისათვის მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის დროს. ამგვარი მონანიება არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, მსგავსი რამ არ გაუკეთებია არც ერთ რელიგიასა თუ კონფესიას!

პაპი იოანე პავლე II მოუწოდებდა სხვა ქრისტიანულ კონფესიებს აქტიური თანამშრომლობისკენ, ის გახდა პირველი პაპი, რომელმაც მოინახულა ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიები, მან პირველმა შეაბიჯა სინაგოგასა და მეჩეთში. 2001 წლის 4 მაისს იოანე პავლე II საბერძნეთს ეწვია. ეს გახლდათ რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი საბერძნეთში კათოლიკებსა და  მართლმადიდებლებს შორის 1054 წლის მომხდარი განხეთქილების შემდეგ.

D. მისიონერი, მშვიდობისმყოფელი, თეოლოგი

1979 წლის 25 იანვრიდან, მექსიკაში ვიზიტით, დაიწყო პონტიფიკის მისიონერული მოგზაურობა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა. იოანე პავლე II 27 წელი ედგა სათავეში კათოლიკურ ეკლესიას და ამ დროის განმავლობაში პაპი მსოფლიოს 104 ქვეყანას ეწვია და ამ მოგზაურობისას მან დაფარა 1 200 000-ზე მეტი კილომეტრი.

იოანე პავლე II-ი განუხორციელებელ ოცნებად დარჩა რუსეთში მოგზაურობა, რასაც სასტიკად შეეწინააღმდეგა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, კერძოდ კი, პატრიარქი ალექსი II. მძიმე სენის მიუხედავად, 1999 წლის 8 ნოემბერს, 79 წელს მიტანებული რომის პაპი ჩამობრძანდა საქართველოში.7

ყველგან, სადაც კი ჩადიოდა, პაპი მოუწოდებდა ხელისუფალთ ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვისკენ, აქტიურად გამოდიოდა ძალადობისა და ნებისმიერი ომების წინააღმდეგ. იოანე პავლე II გახლავთ 120-ზე მეტი ფილოსოფიური და ღვთისმეტყველური ნაშრომისა და 5 წიგნის ავტორი. პაპის ყველაზე პოპულარული წიგნი – ,,გადააბიჯო იმედის ზღურბლს” – 20 მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა,  ხოლო – ,,კათოლიკური ეკლესიის კატექიზმო” საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.

… 2005 წლის 30 მარტს იოანე პავლე II უკანასკნელად გამოჩნდა ხალხის წინაშე,  ხოლო 2 აპრილს, 84 წლის რომის პაპი გარდაიცვალა. ქვემოთ მოყვანილია მისი ავტოგრაფი, სადაც ასო ,,M”-ი აღნიშნავს ღვთისმშობელს, რომელსაც იოანე პავლე II განსაკუთრებით ეთაყვანებოდა:8

იტალიაში, პოლონეთში, ეგვიპტეში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მრავალდღიანი გლოვა იყო გამოცხადებული. იოანე პავლე II-ის დაკრძლვის დღეს კი, ცენტრალურ ამერიკაში მზის დაბნელება მოხდა.

III. ,,რომის პაპზე მეტი კათოლიკები

,,ჭეშმარიტება ყოველთვის უმრავლესობის აზრი როდია” – ნეტარი იოანე პავლე II

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები არ დასწრებიან იოანე პავლე II-ის ბეატიფიკაციის ცერემონიას. სანამ უშუალოდ რწმენის დოგმატებში ამგვარი ,,სიმტკიცის აქტის” მიზანშეწონილობას შევაფასებდეთ, ერთად გადავხედოთ საკითხის პოლიტიკურ მხარეს.

   1. ლეხ ვალენსას კვალდაკვალ გავიმეორებ,- რომ არა ,,დიდი” პაპის ძალისხმევა, საბჭოეთი ასე მალე არ დაიშლებოდა.10 შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობაც, ვინ იცის, კიდევ რამდენი ხნით გადაიწევდა დროში და, რა სისხლის ფასად მივაღწევდით მას! პაპი იოანე პავლე II და ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი არიან შემოქმედნი ანტიკომუნისტური ეპოქისა – ბოლშევიკური იდეოლოგიის მხილებისა, აღმოსავლეთ ევროპის მარიონეტული რეჟიმებისა და ათეიზმის ციტადელის – ,,ბოროტების იმპერიის” დაცემისა. თუნდაც უღმრთო დიქტატორულ რეჟიმებთან ბრძოლის გამო იმსახურებს ეს პიროვნება სასულიერო პირთაგან განსაკუთრებულ თაყვანისცემას, რაც გამოხატეს კიდეც წმინდა პეტრეს მოედანზე მიბრძანებულმა მსოფლიოს რელიგიურმა ლიდერებმა.

   2. ახლა გავიაზროთ, თუ რა პოლიტიკური გავლენის ძალასთან გვაქვს საქმე ვატიკანის სახით. დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს მთავარ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს დასავლეთის პოლიტიკურ თუ სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციის გზით რუსეთის იმპერიის ორბიტიდან თავის დაღწევა, ცივილიზებული სამყაროს კეთილგანწყობას ოქროს ფასი ადევს! უბრალოდ წარმოვიდგინოთ – რომის პაპს ჰყავს 1,5 მილიარდიანი მრევლი, რაც პრაქტიკულად იგივე რაოდენობის მორჩილ ელექტორატს ნიშნავს! ყოველივე ეს – ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე, სადაც შესაბამისი ორგანიზაციები თუ მთავრობები იღებენ საქართველოს სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს! საკმარისია რომის პაპის საკვირაო ქადაგებაში ერთი მინიშნება საქართველოს შესახებ, როგორც დღეს იტყვიან – დადებითი ,,მესიჯი” და დღევანდელი ევროპის ,,დუნე”, კონფორმისტული პოზიცია უმალ შეიცვლება, ის გახდება ჩვენთვის სასიკეთო. მე ასე ვფიქრობ, ვატიკანიდან წამოსული ერთი სიტყვა – სხვის ას სიტყვას უდრის  და ამიტომ, უძველესი ქრისტიანული ქვეყნისადმი რომის საყდრის დადებითი დამოკიდებულება უაღრესად დიდ გავლენას იქონიებს ქრისტიანულ ელექტორატზე და, შესაბამისად, დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერებზე. არც მეტი, არც ნაკლები – მილიარდ ნახევრიანი მრევლის კეთილგანწყობაზეა საუბარი!

   3. დიდად დაგვეხმარა ვატიკანი აგვისტოს ომის შემდეგაც, რათა მსოფლიოში არ მომხდარიყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და შემდგომ ,,დამოუკიდებელ” სახელმწიფოებად გამოცხადებული ტერიტორიების აღიარება. სწორედ პაპ ბენედიქტე XVI-თან ჩვენი პრეზიდენტის საუბრის შედეგად და ამ ფონზე  მ.სააკაშვილის მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა ლათინური ამერიკის ყვეყნებში ნაწილობრივ განაპირობა ის, რომ რომ რუსეთს არ მიეცა საშუალება პოლიტიკური შანტაჟისა თუ მოსყიდვის გზით მოეხდინა ამ ქვეყნების მთავრობებსა და ელექტორატზე ზემოქმედება. რომ არა აღნიშნული შეხვედრა, აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების პროცესი შესაძლოა ,,დომინოს პრინციპით” გავრცელებულიყო მსოფლიოში!

ახლა კი შევეხოთ მოვლენის ისტორიულ მხარეს. 11მ.თამარაშვილის აზრით, იტალიელი მისიონერები საქართველოში 1230 წლებიდან გამოჩენილან, ხოლო 1240 წელს დომინიკანელმა ბერებმა თბილისში პირველი მონასტერი გახსნეს. XV საუკუნისთვის მოწინავე ქართველი პოლიტიკოსების აზრით, საქართველოს მტკიცე მშვიდობის მოპოვება მხოლოდ ძლიერი უცხო სახელმწიფოთა დახმარებით შეეძლო. ასეთი სახელმწიფოები ქართველ დიპლომატებს დასავლეთ ევროპაში ეგულებოდათ. 1495 წელს ქართლის მეფე კონსტანტინე II ესპანეთის დედოფალ იზაბელასთან და რომის პაპთან თავისი დესპანი სასახლის კარის ხუცეს-მონაზონი გაგზავნა. XVII-XVIII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში კიდევ უფრო გამოიკვეთა ევროპული ორიენტაცია. ამ პერიოდში ქართლის სახელმწიფოს მმართველი ზედაფენა თანდათან ცვლიდა თავის დამოკიდებულებას რომისადმი და კათოლიციზმისკენ იხრებოდა. განსაკუთრებით მფარველობდნენ კათოლიკე მისიონერებს ვახტანგ V-ის მემკვიდრეები – გიორგი XI, ლევან ვახტანგის ძე ბატონიშვილი და მისი ვაჟი – ქართლის მეფე ქაიხოსრო. ეს პროცესი იმ დროისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მას შეუღწევია ორთოდოქსალურ მართლმადიდებლობის მესვეურთა წიაღშიც. მაგალითად, დომენტი კათალიკოსი თანახმა იყო რომის უზენაესობა ეცნო. თუ დამატებით გავითვალისწინებთ XVIII საუკუნეში, სამშობლოს გადასარჩენად – სულხან-საბა ორბელიანის, მოკლული კათალიკოსის ნიკოლოზ ხერხეულიძის და მის შემდეგ  საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ანტონ პირველის, კათოლიკური რწმენისა და რომის საყდრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, გასაგები ხდება, რომ ეს არ იყო ცალკეული ფაქტები, არამედ გახლდათ ტენდენცია. სამწუხაროდ, ამ მოღვაწეების მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო და ამის გამო აღებულ იქნა რუსეთის იმპერიასთან სარწმუნოებრივი ,,დამეგობრების” დამღუპველი გეზი..

გასაგებია, რომ ამჟამინდელი საქართველოს პატრიარქი, განხეთქილების თავიდან ასაცილებლად, ვალდებულია ანგარიში გაუწიოს ეკლესიის წიაღში ბოლო დროს მომძლავრებული რუსული ორიენტაციის, მათივე მშობლიური ტერმინოლოგიით, რომ ვთქვათ – ,,მრაკობეს” სამღვდელოთა კლანს.

13

იგივე სახის დათმობებზე წავიდა პატრიარქი ,,მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან” გამოსვლის საკითხშიც. თუმცა მაშინ ეკლესია ჯერ კიდევ სუსტი იყო და სქიზმის საშიშროება კი რეალური. დღეს კი, როდესაც პატრიარქის ავტორიტეტი განუზომლად დიდია, გასაკვირია მისი ამგვარი სიფრთხილე! რა უფრო მნიშვნელოვანიასაქართველოს სახელმწიფო, მისი სასიცოცხლო ინტერესები, თუ რამდენიმე, დრომოჭმულ ,,დოგმებშიგაქვავებული, ამპარტავნების ვნებით შეპყრობილი ადამიანების განაწყენება?!

დღეს, როდესაც პატარა საქართველო პირისპირ აღმოჩნდა რუსეთის უკიდეგანო იმპერიასთან ბრძოლაში, ვატიკანის ძალის იგნორირება, მისი გავლენის უგულებელყოფა  სახელმწიფო ინტერესების არად ჩაგდების ტოლფასია! ამგვარი სამარცხვინო საქციელი გაუმართლებელია პოლიტიკური თუ დიპლომატიური თვალსაზრისით და ეროვნული სიბეცეა!

სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების ლიდერები, როდესაც ამას სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს უცებ იჩენენ პოლიტიკურ მოქნილობას და ადვილად ივიწყებენ სარწმუნოებრივ უთანხმოებას თუ დოგმატურ სხვაობებს.14 ამისათვის სულ ორი მაგალითი კმარა – რუსეთის დამოკიდებულების შეცვლა სომხეთის ეკლესიისადმი და მსოფლიო პატრიარქთა ქცევა ახალი რეალობების გათვალისწინებით. ნუთუ ვინმე ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ მსოფლიო პატრიარქები ათენაგორა I და ბართლომე I ნაკლებად იცავენ მართლმადიდებლურ მრწამსს, ნაკლებად უყვართ ქრისტე?!

ნუთუ არც რუსებმა იციან მართლამდიდებლური კატექიზმო? ალბათ კი, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფო ინტერესს ეხება, დიდ პოლიტიკას, ყოველივე მეორე პლანზე იწევს. აი, მხოლოდ ერთი ციტატა ამჟამინდელი პატრიარქის კირილეს ,,მრწამსიდან”: «Армянская Церковь всегда оставалась верной Православию, – сказал при встрече с главой ААЦ-и США митрополит Смоленский и Калининградский Кирилл (Гундяев) – она воспринимается Русской Церковью как православная Сестра-Церковь, ибо разделяет общую веру и догматы Отцов Церкви».  თუ დოგმატიკის ზედმიწევნით დაცვაში და მის სიტყვასიტყვით გაგებაშია საქმე, ამ განცხადების კომენტირებაც ზედმეტია! მაშ რა გამოდის – ქართველები ,,რომის პაპზე მეტ კათოლიკობას”, ანუ მსოფლიოს უმაღლეს მართლამადიდებელ იერარქებზე დიდ სიმტკიცეს ვიჩემებთ? კვლავ ყველას ვუსწრებთ იზოლაციონიზმში?

დაბოლოს, უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სათქმელი. ჩვენ შევუდექით დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას. ამ გზაზე ჩვენი ძირითადი დამხმარე და მოკავშირე დასავლეთია.  ეს მხარდაჭერა კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ბარბაროსული რუსეთისგან თავის დასაცავად. იმპერია დაუფარავად გვებრძვის! გვებრძვის მზაკვრულად, არა მხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ პოლიტიკურ-იდეოლოგიურადაც, თავისი უზარმაზარი ფინანსური თუ ადამიანური რესურსით, მასმედიის საშუალებებით, ნებისმიერ ტერიტორიაზე, ევროპისა თუ ამერიკის ელექტორატის ჩვენდამი მტრულად განწყობის მიზნით. რუსეთი მცდელობას არ აკლებს, რათა წარმოაჩინოს საქართველო ,,ბანანის რესპუბლიკად”, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა არ ძალულს, სადაც დიქტატურაა, მუდმივი შიდა არეულობა და ამის გამო რუსეთის ,,ძმური ხელი” სჭირდება. SSSეს სახელმწიფო ამ ,,მიზეზით” იპყრობს ჩვენ ტერიტირიას, დღესაც დაუფარავად ცდილობს შიდა მოღალატეების მეშვეობით მოახდინოს ხელისუფლების პრორუსული ძალით ჩანაცვლება! ყველა გონიერ ადამიანს გაუჩნდება კითხვა – თუ ოკუპანტი რუსეთის პატრიარქებს, ალექსისა და კირილესთან წამდაუწუმ სირბილი, გამუდმებული კონსულტაციები – ,,ფაქიზი თემაა” და ,,ერთადერთი ხიდის” შენარჩუნების მცდელობა, თუ ,,ჩვენზე შეყვარებულ მედვედევთან” მიახლება ასეთი აუცილებელია, ეგებ გვეცადა რომის საყდართანაც, თუნდაც თბილი, საქმიანი ურითიერთობის დამყარება, მით უმეტეს, რომ  ქრისტიანულ ღირებულებზე დამყარებული მოკავშირეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს?

ნუთუ ვინმეს ღმერთი საკუთარი თავივით დოგმებში გაქვავებული რასისტად წარმოუდგენია და ჰგონია, რომ ის კრძალავს მოყვასის მიმართ მადლიერების გამოხატვას და მტერთან თუნდაც თავშეკავებულ ურთიერთობას? მხოლოდ ცივილიზებული კაცობრიობისადმი ზიზღით შეპყრობილ, ავადმყოფურ გონს შეუძლია ამის ქადაგება! არც ვიცი, რა ვუწოდო, ამ საკუთარი ნების ყველაზე და ყველაფერზე, სამშობლოზე მაღლა დამყენებელ კერპის მსახურთ, არც კი ვიცი… და ამ … ვწირავთ საქართველოს ინტერესებს, მისი ჭეშმარიტი გაბრწყინებისა და წინსვლის შესაძლებლობას?

 P.S.

,,სიბრიყვეც ღვთიური ნიჭია, ოღონდ მისი სწორად განკარგვა უნდა შეგეძლოს”,- ბრძანებდა ,,დიდი” პაპი იოანე პავლე II. მეც მივყევი მის რჩევას და მსურს დაგანახოთ, თუ სად მივყავართ ხსენებული ,,მრაკობესების” მანკიერ ლოგიკას. შესაბამისად ვწინასწარმეტყველებ, საქართველოში უდიდესი დაივინგ სკოლის – ,,გაბრწყინებული ივერია”-ს ჩასახვას! 16უახლესი საცურაო ცენტრი – ,,პოსეიდონის სამყარო”, სხვა ერების დაძირვისა და გადაბუგვის გამო, მოემსახურება მხოლოდ გაბრწყინებული საქართველოს მოქალაქეებს. წყალქვეშა ტურებს უხელმძღავანელებენ გამოცდილი დაივერ-მოძრვრები. ისინი აკვალანგებით წარუძღვებიან ექსკურსიებს, სადაც საშუალება მოგვეცემა ვიხილოთ და დავტკბეთ დაძირული ინგლისისა და განადგურებული ამერიკის ულამაზესი ხედებით! ოქროს თევზებისა და წყალმცენარეების ფონზე ჩვენ დავინახავთ წარმტაც სურათს – ამერიკის მოქალაქეთა წელში გადამტვრეულ, ხელდაგლეჯილ და ინგლისელების ფეხმოკვნეტილ, ცხვირმოჭმულ, გახრწნილ გვამებს! აბობოქრებული ოკეანეს ზედაპირიდან კი თავს ამაყად წამოყოფს ერთადერთი გადარჩენილი ბორცვი – გაბრწყინებული ივერია – ვაშა!

18ზურაბ ოდილავაძე – 2011 წლის მაისი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

10 Responses to რომის პაპი ნეტარი იოანე პავლე II (რომის საყდარი და საქართველო)

  1. zara says:

    Zura pirdapir shemiclia gitxrat, rom me tkveni azrovneba maxarebs, da getanxmebit sruliad.
    Martlac patriarks udidesi klani ebrcvis eklesiashi, maxsovs patriarks clebis cin ekumenizms scamebdnen, am dros es misi mcdeloba iko eklesiis modernizacia moexdina , rata tavidan aecilebina is savalalo surati , rac dges aris, da ra xdeba dges ? Absoluturi sxvaoba realur , koveldgiur kopasa da chvens sarcmunoebriv dogmatikas shoris. Tu ioane meorem agiara , rom mecniereba da progresi exmareba religias ganicmindos dagrovili crurcmenebisagan, ratom ar sheicleba chveni eklesiis ciagshic ikos dagrovili aseti ram… Ra iseti chkvianebi ikvnen koveltvis chveni samgvdeloeba aranairi gadacdoma ar mosvliat? Kadagebebi moisminet…adamiani sasoebit da imedit agvsili unda gamodiodes eklesiidan , am dros dazapruli sheshinebuli gamodis …vis rashi s, chirdeba es? Ar vici ra eshveleba , calian rtuli sakitxia …madlobas gixdit zura

  2. odilavadze says:

    მადლობა თქვენ!

  3. გიო says:

    ძალიან შორს ხარ ზურა მართლმადიდებლობისგან….პოლიტიკას დოგმატებზე წინ აყენებ და რაღა უნდა გითხრა? და ოხ ეს ლიბერალიზმი! ეკუმენიზმს ერესთა მამას უწოდებს ყველა წმინდა მამა და თუ შენ მართლმადიდებელი ხარ უნდა იცოდე ეს და გჯეროდეს მათი.ჭეშმარიტება ჩვენ მაცხოვარმა გამოგვიცხადა და ის მოდერნიზაციას არ საჭიროებს,რადგან ის მარადიულია და უცვლელი როგორც თავად ღმერთი. ძნელია აქ გელაპარაკო მაგაზე,უბრალოდ გირჩევ შეიცნო ის ქრისტინობა რომელიც თვით მაცხოვარმა იქადაგა და მისმა მოციქულებმა გაავრცელეს.ნახე მსოფლიო საეკლესიო კრებებში რა წერია ეკუმენიზმის შესახებ.
    და არა ის ლებერალური რელიგია რომელიც თავის თავშივე აბსურდია. ღმერთი შეგეწიოს.

    • Keti Wright says:

      Aseti detaluri grma analyzi teologiusa da eklesiasturi paktebis sruliad uadgilia, da ukacravad, sakutari intelektis da codnis gamopenas upro gavs, visre konstrjciul arguments. Blogis avtors sruliad martivi pakti mokavs magalitad, kartvelebi, tradiciuli martlmadideblebi stumars aseti zizgit ar unda xvdebidnen, take it or leave it. es reakcia konoda rusetis mcocav sazgvars, an kidev bevr martlats sachirboroto sakitxs…

  4. odilavadze says:

    პატრიარქი კირილე: «Армянская Церковь всегда оставалась верной Православию, – сказал при встрече с главой ААЦ-и США митрополит Смоленский и Калининградский Кирилл (Гундяев) – она воспринимается Русской Церковью как православная Сестра-Церковь, ибо разделяет общую веру и догматы Отцов Церкви». აქ როგორ არის დოგმატების საქმე?
    დომენტი კათალიკოსი, სულხან-საბა ორბელიანი, კათალიკოსი ნიკოლოზ ხერხეულიძე, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი ანტონ პირველი – აქაც აბსურდია?

  5. გიო says:

    კი ზურა,მართალი ხარ და ველოდი კიდევაც რომ ამ ფაქტებს წამოაყენებდი.მე უფრო მეტსაც გეტყვი .ახლა პაპის ინტრონიზაციას პირველად 1054 წლის შემდეგ ისტორიაში დაესწრება მართლმადიდებელი პატრიარქი,თანაც მსოფლიო პატრიარქი.შენ მეტყვი ეს რაღა არისო? მაგრამ მთავარი ის არის რომ არც მღვდელს,არც ეპისკოპოს და არც პატრიარქს არ შეუძლია დოგმატის,ჭეშმარიტების შეცვლა.(განსხვავებით რომის პაპისგან,რომელიც თვითონ არის დოგმატის წყარო კათოლიკურ სამყაროში).ის უკვე დადგენილია მსოფლიოს საეკლესიო კრებებით და მასზე დგას მართლმადიდებლური სწავლება. შენ მომიყვანე პატრიარქ კირილეს სიტყვები. არ მინდა პატრიარქის განკითხვის ცოდვაში ჩავარდე თუმცა ჭეშმარიტება მოითხოვს არ დავმუდმე უმეცარივით. როდესაც პატრიარქი კირილე ამას ამბობს,ის თავისდაუნებურად მძიმე მდგომაეობაში ვარდება,რადგან თუნდაც რუსული ეკლესიის ისეთ უდიდეს წმინდა მამებს ეწინააღმდეგება,როგორიცაა იოანე კრონშტატელი,ეგნატე ბრიანჩანინოვი,თეოფანე დაყუდებული და უამრავი სხვა წმინდა მამა,რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა წმინდა მამებზე,და რაც მთავარია მოციქულთა კანონებზე. კარგი მგონი სჯობს მე გავჩერდე და უბრალოდ ციტირებას მოვახდენ:
    “თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან
    ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ
    შეასრულონრაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს”! ( მ ო ც ი ქ უ ლ თ ა 45 კანონი)
    თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
    (მ ო ც ი ქ უ ლ თ ა 65 კანონი)
    ეკუმენიზმი არის ერესთა ერესი (“წმ. იუსტინე”)

    მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ერეტიკოსთა მიმართ – ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის – ერთხელ და სამუდამოდ იქნა დამტკიცებული წმ. მოციქულებისა და წმ. მამების მიერ, ანუ ღვთივშთაგონებული გადმოცემით, რომელიც ერთია და უცვალებელი. ამ დებულების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ ნებისმიერ ერთობლივ ლოცვაში ან მსახურებაში მონაწილეობა ერეტიკოსებთან ერთად. წმ.იუსტინე
    Католики, признавая главою церкви папу, настоящую Главу церкви – Христа потеряли и остались без Главы…. Папа – глава ли церкви? Нет, это нелепо. Церковь объемлет собою и святых угодников, и ангельский собор, – это одно тело под главою Единым Христом. При чем тут грешный папа! (წმ.იოანე კრონშტატელი)
    მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს… მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. ამასთან მე ვამბობ: დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო. მე კაცთმოძულეობას დავარქმევდი და არა სიყვარულს, როცა მწვალებელს ვინმე მათეულ ცდომილებაში განამტკიცებს, რაც მათი უფრო დიდი დაცემისა და გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი გახდება. წმ.მაქსიმე აღმსარებელი.
    თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ღვთის სიტყვა ხორცით ევნო, ხორცით ჯვარსეცვა, ხორცით იგემა სიკვდილი და გახდა პირმშო მკვდართა, რადგანაც არის იგი სიცოცხლე, ცხოველმყოფელი, და ღმერთი, ა ნ ა თ ე მ ა! (ეს კონკრეტულად მონოფიზიტებს რაც შეეხება. მეხუთე საუკუნეში მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო მონოფიზიტობა)
    ეს დაუსრულებლად შეიძლება გაგრდძელდეს,მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ დღეს გამოჩნდნენ ცრუ ღვთისმეტყველები და მასწავლებლები. მე პატრიარქ კირილეს უფრო მეტად
    გასაოცარი ფრაზები მოვისმინე,რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოციქულთა კანონებს და მსოფლიო საეკლესიო კრებებს.სამწუხაროა ამას მოსმენა,მაგრამ რას იზამ,ის ნაწინასწარმეტყველები ჯამი დგება,როდესაც : რ ჩ ე უ ლ ნ ი ც კი შეცდებიან.
    ბევრზე შეგეკამათებოდი, მაგრამ ერთზე მინდა გავამახვილო ყურადღება.აი მე რომ ახლა უზრდელურად რამე დავწერო შენზე,მემგონი მაინც არ იქნება სწორი ეს ჩემი უზრდელობა მართლმადიდებლობასთან რომ გააიგივო.რა შუაშია აქ ქრისტე, თუ მე ვარ თვითონ უგნური და უმეცარი?! ამას იმიტომ გწერ რომ ხშირად მართლმადიდებლობას დაცინი სხვისი უღირსი საქციელის გამო.ეს ხშირად გვემართება დღევანდელ დღეს.ჩვენიარად რომ ემსჯელა ლოთს,დღეს მთელი ქვეყანა სოდომ-გომორში იქმნებოდა ჩაფლული. 11 მოციქულსსაც არ მიუბაძია იუდასთვის,პირიქით ჭესმარიტებას ეძებდნენ და იპოვეს.შენც თუ რომელიმე ქრისტიანი უხეშად მოგწერს ან გეტყვის რამეს,შენ ამას ნუ გაურევ ქრისტესთან და მის მოძღვრებასთან. არასოდეს ვმსჯელობ მუსლიმანურ სარწმუნოებაზე იმის და მიხედვით,რომ მისი მიმდევრები როცა საქართველოში გადმომდიან ფიქრობენ რო აქ ღმერთი ვერ დაინახავს და რომ არ იმრუშო თითქოს საქართველოს მიწაზე არ ვრცელდება.ხომ აბსურდი იქნებოდა ეს სარწმუნოება ასეთი ხალხით შემეფასებინა?
    ჭკვიანი ადამინი ჩანხარ მაგრამ შენი აზროვნება არასწორად გაქვს მიმართული. ბევრთან მიკამათია,ვინც ზუსტად შენსავით ფიქრობდა და აზროვნებდა,მაგრამ დროთა განმავლობაში
    შეიცვალეს აზრი და ახლა სხვას ასწავლიან ქრისტიანობას,მათ შორის მეც. შენც იპოვი ამ გზას ჩემი აზრით,იმიტომ რომ ეძებ,ხოლო ვინც ეძებს პოულობს კიდეც ყოველთვის.

  6. odilavadze says:

    გმადლობთ ყურადღებისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის. მე სარწმუნოებრივ საკითხებზე ვერ ვიკამათებ, აქ მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაზეა საუბარი

  7. ბატონო ზურა წერილისთვის გმადლობთ! სარწმუნეობრივ საკითხებზე არ კამათობენ, არც დაობენ და ამ ჭეშმარიტებას უნდა ამშვენებდეს კეთილი საქმე და სიყვარული. ეს კი ნაკლებად აქვს დღევანდელ ეკლესიას, სამწუხაროდ! ვერცხლისმოყვარე მამების მიერ ნაღაღადევი ,,ჭეშმარიტებანი” სრულიად უცხოა ჩემთვის. მეც სიკეთე მინდა ჩემი ქვეყნისთვის და მაპატიეთ, თუკი ზურა ოდილავაძის სულისკვეთება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დოგმატიკა, რომლის ცოდნა სასიკეთო საქმეების გარეშე არაფერს წარმოადგენს თუ ადამიანის გაკეთილშობილებას არ ემსახურება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s