ღმერთების საჩუქარი

,,როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას” – ზ.გამსახურდია, ,,აირჩიე, ქართველო ერო”.

1. ,,ბოროტების იმპერიის“ აღსასრული

Gamsaxurdia

დედამიწის ზურგზე ორი სახელმწიფო ბატონობდა: ერთი – ტოტალიტარული –  ჩვენი ,,ერთმორწმუნე ძმა“ და ,,ჩრდილოელი მეზობელი“ – სსრკ, ხოლო მეორე – დემოკრატიული – დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული – ამერიკის შეერთებული შტატები. რაღა თქმა უნდა, ეს ორი ბანაკი სასტიკად მტრობდა ერთმანეთს.

უკიდეგანო რუსული იმპერიის ხელწერა საუკუნეების მანძილზე არ იცვლებოდა, ის ახალი მიწების დაპყრობითა და ამ ტერიტორიებზე მცხოვ­რე­ბი ერე­ბის შემ­დგო­მი ასი­მი­ლი­ა­ცი­ით, გა­ნაგ­რძობდა სწრაფ­ვას გა­ფარ­თო­ე­ბის­კენ. XX საუკუნის მიწურულს კი, სსრკ თავისი დაჟანგული, მაგრამ ურიცხვი ატომური რაკეტებით თავისუფალ სამყაროსა და საკუთარ თავსაც, უკვე სამუდამო ,,ბირთვული ზამთრით“ ემუქრებოდა. ესეც არ იკმარა და ,,შავი ოქროს” ინექციებით ეიფორიული მოძლიერების შემდეგ, ჩინგიზ ყაენის შთამომავლები 100 ათასიანი არმიით ინდოეთის ოკეანისკენ დაიძრენ. ავღანურმა ავანტიურამ გააპარტახა, ისედაც, არაეფექტური საბჭოთა ეკონომიკა და, როგორც ეს დამპყრობლურ ომებს ახასიათებს, გამოიწვია არმიის გახრწნა, საზოგადოებრივი პროტესტი და საყოველთაო ნიჰილიზმი. საბჭოეთი ძეხვისა და არყის რიგში ჩადგა.

ასე იყო თუ ისე, თავისუფალი სამყაროს დღის წესრიგში, მსოფლიოს ამ ,,ავთვიებიანი სიმსივნის“ მკურნალობა პირველხარისხოვან ამოცანად იქცა. რონალდ რეიგანმა სსრკ-ს ,,ბოროტების იმპერია“ უწოდა, რის შემდეგაც სამეული – აშშ-ს პრეზიდენტის, ინგლისის პრემიერ მინისტრის მარგარეტ ტეტჩერისა და რომის პაპ იოანე პავლე II-ს შემადგენლობით საქმეს შეუდგა. ახლოვდებოდა ძირგამომპალი იმპერიის დასასრული…

საბჭოეთის პერიფერიაზე დისიდენტური მოძრაობის წიაღიდან ჩამოყალიბდა ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა, იშვნენ მისი ლიდერები. საქართველოში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.                

საბჭოთა კავშირის ხალხების მატერიალური გასაჭირის ფონზე, 1989-1991 წლებში სსრკ-ს ტერიტორიაზე განვითარდა კონფლიქტები ეთნიკურ-ნაციონალურ ნიადაგზე – ყაზახეთი, ყარაბაღი, სუმგაითი, ფერგანა, ყირიმი, აფხაზეთი, სამაჩაბლო… ,,წითელი იმპერია“ არ ურიგდებოდა მარცხს და უკანასკნელ კონვულსიებში ცდილობდა ძალაუფლება შეენარჩუნებინა. რუსეთი არ მოერიდა სისხლს, რათა სასტიკად ჩაეხშო ადამაინთა სწრაფვა თავისუფლებისკენ: თბილისი – 1989წლის 9 აპრილი, ბაქო – 1990წლის 20 იანვარი; ვილნიუსი – 1991წლის 13 იანვარი… ყოველივე დასრულდა ,,სუვერენიტეტების პარადით”.1

… და აი,1991 წლის 26 დეკემბერს ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება; მსოფლიოსა და ,,ხალხთა საპყრობილეს“ ( სსრკ-ს) მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა – მოჩვენებით უძლეველ გოლიათს, დასავლეთთან გამალებულ შეიარაღებულ შეჯიბრში, თიხის ფეხები აღმოაჩნდა. რუსულ ,,კოლოსს”, ნავთობის ფასების ვარდნით დასუსტებული მუხლები მოეკეცა და ეკონომიკური გაპარტახების წნეხმა იგი საბოლოოდ დასცა. ,,წითელი იმპერია” დამთავრდა!

აქვე უნდა ითქვას, რომ, პირადად, ჩემში საბჭოეთის მზის ჩასვენება გაცილებით ადრე დაიწყო, რაშიც ერთის მხრივ, ,,ამერიკის ხმის”, ,,ბი-ბი-სისა” და ,,რადიო თავისუფალების” ,,ღვთაებრივმა შიშინმა“, ხოლო მეორეს მხრივ, ,,ბიტლებმა“, ,,როლინგებმა“, ჯიმიმ, ,,ვუდსტოკმა“ და ჯინსებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს.

 2. ეროვნული მოძრაობა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა

რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში? ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და იმავე წელს, ხმების 87%-ით ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი… მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა – მონა კვლავ ბატონის წიაღში უპასუხისმგებლო და უდარდელ ყოფაში დაბრუნებას ლამობდა. ქართველებს 37 ლარიანი ავიაბილეთით მოსკოვში ჩასვლის, ქალებთან ,,ნეტარებისა“ და საბჭოური ახალგაზრდობის ნოსტალგია მოეძალა… ივერიის მკვიდრთ სსრკ-ს წიაღში დიდების მითი შეახსენეს… მონობის მონატრება გამწვავდა…5

დამოუკიდებლობის აქტზე პრეზიდენტის მეუღლის ხელის მოწერა, სხვა ასეთივე ,,მნიშვნელოვან” დეტალებთან ერთად, როგორებიც იყო: ,,ტოტალიტარად“ შერაცხული პრეზიდენტის ,,კარგად შენახული“, პრეისტორიული ,,მერსედესი“, მის მიერვე მეუღლისთვის ნაყიდი ქურქი, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის მინისტრის თვალწასული ,,ჩულქი“, საკმარისზე მეტ საბაბს იძლეოდა კონტრევოლუციის ასაგორებლად. ყოფილი პარტოკრატია, ,,კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია“ და ნაირნაირი კრიმინალები, რუსეთის სპეცსამსახურების ბრძნული ხელმძღვანელობით სამართლიანობისა და დემოკრატიის აღდგენის ღვაწლს მიეცნენ…

აქვე უნდა აღინიშნოს დიდად ყურადსაღები გარემოებაც. აშშ-ს პრეზიდენტმა, რ.რეიგანის მემკვიდრემ, უფროსმა ჯ.ბუშმა, ,,Realpolitik“-ის ჩარჩოებს გაცილებულ ზ.გამსახურდიას ,,დინების საწინააღმდეგოდ მცურავი“ უწოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველების დამოუკიდებლობა მის გეგმაში ჯერ არ შედიოდა და ჩვენ უნდა მოგვეცადა. ზ.გამსახურდიამ უპასუხა, რომ დინებას „მხოლოდ მკვდარი თევზები“ მიჰყვებიანო და ბრძოლა გაგრძელდა. ,,მრგვალმა მაგიდამ“ მამა-ბუშს 365 წმინდა გიორგის სალოცავის წყევლაც კი შეუთვალა… მაგრამ, აბა აშშ-ს თანადგომის გარეშე, მეზობელი ,,ბოროტების იმპერიის“ კლანჭებიდან დასხლტომა როგორ მოხერხდებოდა?

ზვიად გამსახურდიამ, პარლამენტის პირველივე სხდომაზე, რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანას ხელი მოაწერა. ქართველ საბჭოელებს გონზე მოსასვლელად სულ რამდენიმე თვე დასჭირდათ – ფეოდალურმა ელიტამ უცებ იყნოსა, რომ მათ დიდებასა და პრივილეგიებს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა. მონებსაც ბატონყმური მოპყრობა, კოლექტიური მორჩილება სწყუროდათ – ბრბომ ავტორიტეტებად სწორედ, ყოფილი ბატონები აღიარა.

4

ეროვნული სულის აღტკინებამ სულ 6-7თვე გასტანა – ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, ადრე მზად იყო ნებისმიერი გაჭირვება დაეთმინა და  ,,ბალახიც კი ეჭამა“, ,,თბილისის ომი“ გააჩაღა…

სამხედრო გადატრიალების შედეგად, 1992 წლის 6 იანვარს კანონიერი პრეზიდენტი იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და გროზნოში (ჩეჩნეთი) ჯოხარ დუდაევთან ჩასულიყო.

3. ღმერთების საჩუქარი

ეროვნული მოძრაობა…  ეს იყო დრო ქართული სულის ტრიუმფისა და მისი სამარცხვინო დაცემისა, დრო უდიდესი აღმაფრენისა და დრო სინანულისა იმის გამო, რომ შენ ქართველი ხარ. ეს იყო დრო სისხლიანი და გმირული 9 აპრილისა და ზურგში დანის ჩაცემისა.

იმ დროს მეგონა, რომ ეს მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ბავშვური ხანაა –  ჩვენ შეცდომებით, ბარბაცითა და დაცემებით, დამოუკიდებლად სიარულს ვსწავლობთ… სამწუხაროდ, მწარედ შევცდი, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ნაწილი ყოფილა – საუკუნეების მანძილზე ნაწრთობი მონური ვერაგობა და შური, ჯოგის ინსტიქტებით მოქმედება და კერპების უპირობო მორჩილება.

ეროვნული მოძროაბა…  ეს იყო დრო უკიდეგანო, არნახული იდეალიზმისა და დრო ,,ნაგვის ზედაპირზე ამოტივტივებისა“ – ნაგვისა, რომელიც დღესაც ზედაპირზეა. მეტიც, ის საკუთარი ნაგვობით კვლავ თავს იწონებს და ამის საშუალებას მას  ჩვენ ვაძლევთ – მონა შიშს, ჯოხსა და მამონას ეთაყვანება.

იმპერიის დაშლა, ზვიადი და მერაბი – ეს იყო ქართველებისთვის ლანგარზე მორთმეული ღმერთების საჩუქარი, რომელსაც ჩვენ, არა თუ არ გავუფრთხილდით, არამედ საბჭოელების მაგიერ, სანაგვეზეც კი მოვისროლეთ…

მე ვერ მივცემ თავს უფლებას, ეს ორი რაინდი – ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა შევაფასო და ამ ორეულში რომელიმე გამოვყო, თუმცა, ის კი შემიძლია ვთქვა, რომ მერაბი იყო ეროვნული მოძრაობის შემდუღაბებელი და ბურჯი, სინდისი და კლდე! იმპერიამ და ადგილობრივმა ,,ელიტამ“ ზუსტად გათვალეს – მარტო ზ.გამსახურდია, გარსშემორტყმული უვიცობისა და გაუთავებელი ღალატის ბურუსით, ადვილად დამარცხებოდა.6 ეროვნულ მოძრაობას ბურჯი გამოაცალეს – საბრძოლო ხმალი, რომელიც ზვიადს ხელთ ეპყრა, კლდე, რომელზედაც ის იდგა, დაანგრიეს და ხრამში გადაჩეხეს.

…და ბოლოს რა?! უმადური ხალხი, უშნო ჭორები. საუკეთესო შემთხვევაში: ,,მოკვდა რა… ნაშასთან ერთად… კაი კაცი იყო, შარაფი უყვარდა. ცოტას უბერავდა, თორე…”.

ციმბირში გატარებული პირველი ათი წლის შემდეგ, მერაბს მონანიების ქაღალდზე ხელის მოწერა შესთავაზეს. არ დათმო! კიდევ დაუმატეს და ოცამდე წელი ციხესა და გადასახლებაში გაატარა. ეწამა ჩვენთვის, რათა ჩვენ მონობიდან ვეხსნეთ!.. და – ,,მოკვდა, რაა…? კაი კაცი იყო, ნიშტიაკ…?”

ორმა სკოლის მერხის მეგობარმა, მიზნად დაისახეს და ოც წელზე მეტი თავგანწირული ბრძოლის შედეგად, სანაგვეზე გადააგდეს ამხელა იმპერია! როგორ, რითი?! მხოლოდ თავისი წესიერებით, მართლობით, სიმტკიცით და გაუტეხელობით! ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ზვიადი და მერაბი, საუკუნეში ერთხელაც თუ გაუჩნდა ერს, ისიც დიდი ბედნიერებაა! ვისღა ახსოვს დღეს ისინი? ვის?! არა და, მე რომ მკითხო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს აღმართული მათი – საქართველოს დამოუკიდებლობის რაინდისა და კლდის ძეგლი! ვინ გვყავს მათსავით დიდი?! ვინ?…

აი, დღესაც ეს ვართ ქართველები – ფარისევლები, შურიანები და უმადურები!

4. დამოუკიდებლობის დასასრული

   2მეამბოხე ტრიუმვირატმა (თ.სიგუა, ჯ.იოსელიანი, თ.კიტოვანი) მშვიდობის დასამყარებლად, მოწყენილი ქართველი ნაცარქექიების ბოლო იმედი – ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან ჩამოაბრძანა და გაამეფა. პატრიარქმა ის მონათლა, ძლევამოსილი წმინდანის სახელი – გიორგი უწოდა და ხალხიც მის წინაშე, ერთგულების ნიშნად დააჩოქა. ამავდროულად, საქართველოს ეწვია (ჰოი, საოცრებავ!) ასიათასობით ქართველის ეთნოწმენდის შემოქმედი გენერალი პავლე გრაჩოვი. ,,ერთმორწუნე ძმობის“ დამადასტურებელი ბოლო აკორდიც ამაღელვებელი გახლდათ – გენერალი პატრიარქთან ერთად, ცოდვების მოსანანიებლად, ანანურში განმარტოვდა და იქ პირველიერარქის ხელითვე მოინათლა. ასე შეემატა სამყაროს ორი დიდი ქრისტიანი – პავლე და ედუარდ-გიორგი. პირველი, რათა იქედან ,,ზეციურ რუსეთში“ მოხვედრილიყო, მოსკოვს გაემგზავრა, ხოლო მეორე – ,,ზეციური საქართველოს“ მომავალი მოქალაქე, ჩვენთან დარჩა.3

მოგვიანებით (1993 წელი) ზვიად გამსახურდია ზუგდიდში დაბრუნდა და ,,სამხედრო ხუნტის“ წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძო. დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, პარალელურად, მიმდინარეობდა დაუნდობელი ომი რუსულ შენაერთებთან და აფხაზ სეპარატისტებთან აფხაზეთში, ასიათასობით ადამიანი დევნილად იქცა, ათასობით ახალგაზრდა დაიხოცა…

თავდაპირველად ,,ფსოუს წყლის დასალევად“ მსუბუქ გასეირნებად მიჩნეული საზეიმო სვლა, დაუნდობელ ომში გადაიზარდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე: ქართველთა, რუსთა, აფხაზთა, ჩეჩენთა, კაზაკთა, სომეხთა, ბერძენთა და სხვათა სასაკლაო ამოქმედდა. შენ ოღონდ სისხლი გაგეღო – საბჭოელი ბიძიების მიერ დადგმული ხორსაკეპი კეთილსინდისიერად მუშაობდა! ბევრისთვის აქამდე გაურკვეველი დარჩა, რუსებს ეომებოდნენ თუ მეგრელებს, თუ ორივეს ერთად?

… 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის მიკარგულ სოფელ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, გაუთავებელი დევნითა და ღალატით დაღლილი, ქანცგაწყვეტილი და მარტოსული, მოკლეს თუ თავი მოიკლა. ,,წმინდა გიორგის“ ორდენით გამშვენებულმა ცკ-ს მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ კი, ჩვეული კომუნისტური სიმტკიცით, ჯერ ,,ზვიადისტები“ დაიჭირა-დახვრიტა, ხოლო შემდეგ ,,გვარდია“-,,მხედრიონს“ დაერია და წამებაში სული ამოხადა. დადგა, ერთის მხრივ, უშუქობის, შიმშილისა და სიცივის, პარაფინის სანთლის, ნავთისა და ალკოჰოლის სურნელით გაჟღენთილი კუპონების და, მეორეს მხრივ, დაკაიფებული კანონიერი ქურდებისა და დაპურებული ,,ელიტის“ ,,საყოველთაო სტაბილურობის“ ეპოქა. ,,ზვიადისტებად“ და ,,პუტჩისტებად“ გახლეჩილი ერი მუდმივი მეორედ მოსვლის მოლოდინის რეჟიმში ცხოვრებას შეუდგა…

აღარავის ახსოვდა თვალწასული ,,ჩულქი“ და მერსედესი, მით უმეტეს, დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერთა ვინაობა, სამაგიეროდ, მოსკოვის ბრძანებით საქართველოში უკვე ძალოვანი მინისტრები ინიშნებოდა, რუსული ბაზები იდგა და აფხაზეთ-სამაჩაბლოსკენ გზა დაკეტილი გვქონდა.

P.S.

ასე იყო თუ ისე, ,,წითელ იმპერიას“ მტანჯავი კრუნჩხვები დაეწყო – მშობიარობა სასტიკი შეტევითი ტკივილებით, სამოქალაქო ომის საშინელი ჭინთვებითა და სისხლდენით წარიმართა. შედეგად, ცივი, უშუქო, არყით გაჟღენთილი ჩვილი დაიბადა. ,,დედა სსრკ“ – მშობიარობას, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის ნაყოფი – ღალატს, შურსა და ვერცხლის სიყვარულს გადაჰყვა… ჩვენ კვლავ ვერ დავინახეთ ერისთვის სასიცოცხლოდ მთავარი წყალგამყოფი – რუსეთი და თავისუფლების ახალშობილი ბავშვი, მეოცე საუკუნეში მეორედ მდინარეში ჩავახრჩვეთ…

ქართველებს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის, საკმაოდ, დიდი, უარყოფითი, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება დაგვიგროვდა: ვიწყებთ თითქოს კარგად – ,,ცეკას” მდივნების, ძველი ინტელიგენციის, კრიმინალებისა და გაამაყებული იერარქების ფეოდალური მმართველობის ნგრევას და ვამთავრებთ მათი ახალი კლანებით ჩანაცვლებით – ვკლავთ თავისუფალ ბაზარსა და ჯანსაღ კონკურენციას; ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის და უშედეგოდ ვცდილობთ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები. წარუმატებლობის მიზეზი კი ერთია – ჯერ თვით უნდა გახდე თავისუფალი და მხოლოდ შემდეგ შეძლებ გაათავისუფლო სხვა. ასეთია გზა პიროვნული თავისუფლებიდან – თავისუფალ საზოგადოებამდე.

bnზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, იანვარი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

30 Responses to ღმერთების საჩუქარი

  1. merabtan da sviadistan sasjels ixhdida gulagshi erti qartveli general-maiori romelic mattan ertad studentebis gverdit dadga eseni gamovdnen da is general-maiori saejvo vitarebashi daigupa gulagshi .amitomac ver vitan da mezizgebian vinc didi rusetze ocnebobs. is general-maiori babua iyo chemi misi saflavic ki ar vici 😦

  2. ´´ aravis araferi dauceria aqamde ,amaze uketesad ,chvens droshi ,shinauri gatishvebis da zneobrivi degradaciis shesaxeb , .

  3. paatani says:

    სამწუხაროდ, სრული ჭეშმარიტებაა! არის კი იმედი, რომ საქართველოში მცხოვრებნი იქნებიან თავისუფალნი? ადრე ღმად ვიყავი ამაში დარწმუნებული, ახლა კი – პირიქით 😦

  4. ისტორია ისევ განმეორდა, ჩვენ კი, საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერი ვისწავლეთ. –ასეთია ზოგადი სურათი. თუმცა ღრმად თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის რღვევას თუ სასწრაფოდ შევაჩერებთ და ქვეყნის აღმშენებლობას ისევ ინტენსიურად გავაგრძელებთ–ფონს გავალთ. ჯერ კიდევ არის საერთაშორისო მხარდაჭერა იმაზე მეტი, ვიდრე 90–იან წლებში იყო. ერთი ხელის გაწვდენაა დარჩენილი გამარჯვებამდე. ჩვენი ხსნა ოცნებაში არ არის (არ ყოფილა მართალი– ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. ეს ის ოცნებაა, რომელიც კლავს). ჩვენ ფეხზე ისევ უნდა წამოვდგეთ ამ დაცემის შემდეგაც, უნდა ვიბრძოლოთ და უნდა გავიმარჯვოთ!

  5. zurab lezhava says:

    ჰო, რა – ეგრეა!

  6. David says:

    ჭეშმარიტება!! ცხვირზე ლურსმნით დააჭედეტ ქართველებს, იქნებ ხანდახან მაინც გაახსენდეთ!!!

  7. odilavadze says:

    ეს გმირები გაცილებით მეტის ღირსნი არიან, ყველას დიდი მადლობა!

  8. არის რაღაცეები, რაც შეიძლება უზუსტობათ ჩაითვალოს თქვენს წერილში, მაგრამ მთლიანობაში სულისკვეთება არ შეიძლება არ გაიზიაროს ადამიანმა https://www.facebook.com/Mikola50?ref=tn_tnmn#!/photo.php?fbid=2428253321535&set=pb.1707655210.-2207520000.1359659268&type=3&theater
    https://www.facebook.com/Mikola50?ref=tn_tnmn#!/photo.php?fbid=2428244281309&set=pb.1707655210.-2207520000.1359659268&type=3&theater

  9. elizaveta55 says:

    ჯერ თვით უნდა გახდე თავისუფალი და მხოლოდ შემდეგ შეძლებ გაათავისუფლო სხვა. ასეთია გზა პიროვნული თავისუფლებიდან – თავისუფალ საზოგადოებამდე.
    ამ ბოლო დროს ხშირად ვიმეორებ სიტყვებს : როგორც პიროვნება თუ არ ხარ შემდგარი, ვერც პროფესიონალად შედგებითქო… რამდენადაც თავისუფალია პიროვნებები სახელმწიფოში, იმდენად დემოკრატიულია ქვეყანაც…
    როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ 🙂

  10. odilavadze says:

    გმადლობთ!

  11. Tea says:

    ძალიან კარგი წერილია. რა დასანანია, როცა შორიდან უყურებ ამ მოვლენებს და ხვდები, რომ ეს მოვლენები კრემლში ვიღაცის მიერ დაწერილი სცენარით სრულდებოდა და ახლა ახალი სცენარი, იგივე ოთახში დაწერილი, მაგრამ სხვა შემსრულებლებით ხორციელდება.
    აეხილება, ნეტა, ქართველ ერს თვალები ოდესმე?

  12. odilavadze says:

    ოროსანი ისევ ჩარჩება პირველ კლასში? 🙂

  13. dali says:

    ჯერ თვით უნდა გახდე თავისუფალი და მხოლოდ შემდეგ შეძლებ გაათავისუფლო სხვა. ასეთია გზა პიროვნული თავისუფლებიდან – თავისუფალ საზოგადოებამდე. ჭეშმარიტი ნათქვამია! სამწუხაროდ, ჩვენ თავისუფლების არსიც კი ვერ გაგვიგია და თავგასულობაში გვერევა, არადა, დრო მიდის, თაობები იკარგება და იკარგება იმედიც, რომ ოდესმე რაღაცას მივაღწევთ და სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით… როგორც ყოველთვის, უაღრესად საინტერესო ნაშრომი შემოგვთავაზეთ. დიდი მდლობა, ბატონო ზურა!

  14. Kentavry says:

    ძალიან კარგი წერილია!

  15. odilavadze says:

    მადლობა თქვენ!

  16. skhanari1650 says:

    კარგად არის ჩამოყალიბებული და აღწერილი მაშინდელი უბედურება, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. მაგრამ ამ ფონზე გაუგებარია, ზვიადის იდეების ერთგულება რა კავშირშია დორბლიანი სააკაშვილის ავანტიურისტულ გამოხტომების ერთგულებასთან, რომელიც ასე ძვირად დაგვიჯდა. როგორ შეიძლება ერთდროულად ეროვნული გმირიც გიყვარდეს და ცრუ ,,ნაცმოძრაობის” ცრუ ბელადიც?! უფრო მეტიც, ეს ეროვნული იდეების მოღალატეები მშვენივრად გრძნობენ თავს პუტჩისტების გარემოცვაში…
    მოკლედ, ზვიადის სახელით სპეკულაციას მოეშვით!!!!!!

    • skhanari1650 says:

      მადლობა ბატონ ზურაბს მოკლე მიმოხილვისთვის!

  17. დიმიტრი მანაგაძე says:

    და კიდევ ერთი ცინიზმის “ევერესტი” – მერაბ კოსტავას საზოგადოებილ ლიდერი ვაჯა ადამიაა………

  18. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    რამდენი რამე გამახსენდა… აუცილებელია გახსენება და.. შეხსენება. რატომ არ გამოიძია ბერაბის დაღუპვის ამბავიო. ფარისველნი ამასაც კი “ნეგატივში“ უთვლიდნენ გამსახურდიას.. როდის უნდა მოესწრო, ან ვის უნდა გამოეძიებია, იმ საბჭოთა მილიციელებს, პირველებმა რომ უმუხთლეს და 2 სექტემბრის პროვოკაცია რომ მოაწყვეს? ეს კინოს სახლის ფოტომ გამახსენა.. რამდენად სიმბოლურია ეს ფოტო. ბევრმა იცის კი? ხო, კიდევ ციხის ისტორიების გახსენებამ სხვა ტერმინები ამოატივტივა. “ნასედკა“.. დღევანდელი უმრავლესობის ლიდერი ევროპის სახალხო პარტიისადმი მიწერილ “წერილში“ დისიდენტობას იჩემებს.. თავად მის კომპარტიულ წარსულს რომ თავი დავანებოთ, ძმები ბერძენიშვილების წარსული ბევრ კითხვას ბადებს, სწორედ ამ “ნასედკობასთან“ დაკავშირებით. “თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეს ვგულისხმობ. ჩემთვის ბევრი რამ ნათელი და ლოგიკურია.. რა იყო მაშინ და რა ხდება დღეს…

  19. odilavadze says:

    დიდი მადლობა, რევაზ! ძალაინ მახარებ!

  20. zaza tsitsishvili says:

    უკვე მერამდენედ ვაკეთებთ ჩვენი საკუთარი ხელით რუსების საქმეს
    ეგეთი რა მოგვწამლეს? ან იქნებ არც ვართ თავისუფლების ღირსი?

  21. თითქმის არ ვკითხულობ არაფერს რასაც მერაბზე და ზვიადზე წერენ. ერთი უბრალო მიზეზისა გამო, უმეტესობა ტენდენციურია, ან სხვა უკიდურესობაა. ამასწინათ ნათია მეგრელიშვილს ჰქონდა წერილი ,,24 საათში” – ამ წერილზე უკეთესი აქამდე არაფერი წამიკითხავს. ეს წერილი კი ზურა ოდილავაძის ღრმა პატივისცემის გამო წავიკითხე,მაჟრიალებს (გადამეტების გარეშე), გული მიჩქარდება და ზოგად განწყობებს პირადი ცხოვრების განცდებიც ემატება, რომელიც შიშით და შიმშილით, სიცივით და სხვა ათასი უბედურებით გამოვიარე ჩემს შვილებთან ერთად. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ისტორიის ათვლა 2003 წლიდან დაიწყო, იშვიათად ახსენებდა ზვიად გამსახურდიას სახელს, თითქოს მტერი ყოფილიყოს მისი. ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გვერდით მერაბ კოსტავას ბიუსტს დადგამენ 26 მაისს, ძეგლების დადგმა ვიცით ქართველებმა, სიკვდილის შემდეგ!

  22. odilavadze says:

    მაია, გმადლობთ! არაუშავს, ძეგლიც საქმეა, ახალგაზრდები დაინტერესდებიან

  23. nugzar berulava says:

    მადლობა ბატონო ზურაბ.ამაზე უკეთესად ვერ იტყვის კაცი სათქმელს.მე მაინც მგონია გავაღწევთ ამ უკუღმართობას თავს,თქვენი და თქვენნაირი ადამიანების დახმარებით თუ საზოგადოება გამოფხიზლდება და დაიწყებს აზროვნებას დამოუკიდებლად.

  24. ნინო ჩოგოვაძე says:

    ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ აქტუალობას არ კარგავს, შეხსენება და გახსენება გვჭირდება ძალიან ხშირად. აღარაფერს ვამბობ ავტორზე… ბრავო, ბრავო, ბრავო!

  25. Nana Dellios says:

    სამწუხაროდ, მოკლე მეხსიერებისა და თეთრისა და შავის გარჩევის უუნარობის გენეტიკურად მატარებელი ერი ვართ! ფერებზე და თავისუფლებაზე “ხეიბრების წარმოდგენა” გვაქვს! სამი წლის დაგვიანებით…მ ა დ ლ ო ბ თ, ბ რ ა ვ ო ო!

Leave a reply to odilavadze Cancel reply