გზა თავისუფლებისკენ

,,თავისუფლების კლუბის” ესსეს კონკურსი:

https://www.facebook.com/ClubofLiberty/posts/557331984290459?notif_t=notify_me

1

 

 

 

 

 

 

გზა თავისუფლებისკენ

თავისუფლება არის ცნება, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ და იშვიათად თუ ვუფიქრდებით მის შინაარს. ჩვენ თავისუფლების იდეა დავასაჭურისეთ და ფართო მოხმარების საგნად ვაქციეთ. თავისუფელებისთვის ბრძოლა აუტანელ ტკივილთან და მარტოობასთან შერიგებას გულისხმობს, ჩვენ კი ამ სიტყვის ხშირი წარმოთქმით ვცდილობთ ხელოვნურად მაინც დავიკმაყოფილოთ ადამიანის ბუნებაში ჩადებული უზენაესი მოთხოვნილება – ლტოლვა თავისუფლებისადმი, თავისუფალი ნებისადმი. მას ბევრი ადიდებს, ცოტა თუ შეიგრძნობს და მხოლოდ ერთეულები აღწევენ. ის ხომ ღმერთებისა და ,,უკვდავი ადამიანების“ მძიმე და ამავდროულად საამო ხვედრია.

თავისუფლება – ესაა სულის მდგომარეობა, რის გამოც მისი ფილოსოფიური თუ პოლიტიკური განსაზღვრა ბევრს არაფერს მოგვცემს, სჯობს განვიხილოთ პიროვნების გათავისუფლების პროცესი და ამის შემდეგ დავისახოთ მომხიბვლელი მიზანი – ზა პიროვნული თავისუფლებიდან თავისუფალ საზოგადოებამდე.

ამოცანა საკმაოდ რთულია, ამიტომ ვიმოქმედოთ ე.წ. საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდით მაშ, რა არ არის თავისუფლება? პასუხი ერთია – კოლექტივიზმი, სადაც ადამიანთა უმრავლესობა, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს. კოლექტიური აზროვნება უკვე, თავისთავად, გამორიცხავს ინდივიდუალიზმს; სწორედ ის წარმოადგენს უმრავლესობის ინდივიდებზე დიქტატის საფუძველს; ის აიძულებს ადამიანებს გაერთიანდნენ ,,ერთმორწმუნე“, უსახურ მასაში, სადაც გარანტირებულია კომფორტული და უპასუხისმგებლო არსებობა. ერთი სიტყვით, კოლექტივში მისი წევრი, ისე დაცულად გრძნობს თავს, როგორც ცხოველი – საკუთარ ჯოგში. ეს განსაკუთრებით გვეხება ჩვენ, საბჭოური წარსულიდან გამოსულ საზოგადოებას.

საბჭოთა სისტემის რეპრესიებმა და ტოტალურმა კონტროლმა შვა შიში და საყოველთაო თანხმობა. შემდგომმა ხანგრძლივმა ძალადობრივმა წნეხმა და თვალთვალმა ისე დააშინა მასა, ხალხი ისე მიეჩვია უხმო მორჩილებას, რომ საკუთარ მონობას ვერც კი ამჩნევდა. ყოველდღიური ძალადობა აღარც იყო საჭირო, შიში სადღაც ქვეცნობიერში ბუდობდა და ინდივიდს იქედან მართავდა – მონობამ სრულიად მოიცვა საბჭოთა ადამიანების ბუნება, მან გენეტიკური ხასიათი შეიძინა.

ტოტალიტარული ანუ ,,შიშსა და თანხმობაზე“ დაფუძნებული ცნობიერების ძირითადი მახასიათებლები ასეთია: 1. აზროვნება – უკრიტიკო, შაბლონური; 2. ცნობიერება – მითოლოგიური; 3. მორალი – ფარისევლური; 4. მენტალობა – მონური.

,,ბატონყმურ“ ცნობიერებას საფუძვლად რეალობის ნეგატიური, პასიური და ნიჰილისტური აღქმა უდევს. ასეთი პიროვნება მხოლოდ მითების საშუალებით ახერხებს დაუძლეველის დაძლევას – წარმატების მიღწევას და მტრის დამარცხებას. წარმოსახვითი დიდების ეიფორიაში ყოფნისთვის ,,ყმას“ ისტორიული მითები სჭირდება. მეტად მნიშვნელოვანია მისთვის რელიგიური მითებიც, რათა როგორმე მთავარი შიშის – სიკვდილის შიშის დაძლევა შეძლოს და ყოველდღიური ცხოვრების უსამართლობა, სამოთხის მოლოდინით შეიმსუბუქოს. ყოველივე ამას კი ფარისევლური მორალი აადვილებს – წესიერება ხომ, წარმოსახვაში ჯობს – ასე უფრო უსაფრთხოა.

დასკვნა: ,,მონური“ მენტალიტეტის პირველწყაროს წარსულიდან გადმოყოლილი კოლექტიური მორჩილება წარმოადგენს, ხოლო კოლექტივში გამეფებული  უკრიტიკო აზროვნების გამო, მისი წევრები ნებისმიერ ზემოდან თავსმოხვეულ ზღაპარს ადვილად იჯერებენ და შესაბამისად, ასეთი საზოგადოება ადვილად მართვადიც ხდება.

კოლექტიური ფსიქოლოგია ასეთია: ,,ვინც ჩვენს დიქტატს არ ექვემდებარება – ის მტერია და უნდა განადგურდეს”. მაშასადამე, თავისუფლებისკენ სწრაფვის გზაზე, პირველი რიგის ამოცანაა კოლექტივის ტყვეობიდან გამოსვლა. ასე რომ, თავისუფლების საწყისი წყარო პროტესტია. საზოგადოების განვითარება პროტესტის გარეშე ჩერდება, ის ჩამყაყებულ ჭაობს ემსგავსება და კვდება.

პროტესტის გზა, არა მხოლოდ კოლექტივთან ბრძოლითაა რთული, არამედ ის, პირველ რიგში, საკუთარი თავის დაძლევას გულისხმობს. ადამიანის მთავარი ნიჭი და მიზანი ხომ განვითარებასა და წარმატებაშია. სწორედ ეს განაპირობებს ,,ადამიანის ცვალებადობას“: ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ის თითო ,,მეს“ თმობს და ამ მორიგი ,,მეს“ მოკვდინებით, მორიგ კერპს ამსხვრევს და მორიგ კოლექტივს ტოვებს. ასე თავისუფლდება და ვითარდება ის – თანდათან გამოდის ყოველდღიურობის მონობის წნეხისგან: ,,მესგან“, რომელიც გვთრგუნავს და არ გვაძლევს ფრთების გაშლის საშუალებას; რომელიც გვზღუდავს, რაღაც პირობითი აკრძალვებითა და წესებით; გვბორკავს კონკრეტული გარემოებებით და თავს გვახვევს, თუნდაც კაცთმოყვარე თუ პროგრესულ, მაგრამ მაინც ზემოდან დაშვებულ, კოლექტივში მიღებულ შაბლონურ შეხედულებებს.

   გახსოვდეს, შენში კიდევ უამრავი ,,მე“ დევს! გადახედე შენში არსებულ შეხედულებათა სისტემას, იმ ეტაპისთვის მორიგი კერპი უკუაგდე და გადადი უფრო მაღალი ხარისხის თავისუფლების სივრცეში, სადაც მორიგი კერპები გელოდება და ყველაფერი ისევ თავიდან… წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარება წყდება, ადამიანი ქვავდება და თვით იქცევა დაბოღმილ კერპად. ასე, ამ ,,მეების“ მოკვდინებით იზრდება პიროვნება, ხოლო ერთეულები კი ,,კოსმოსთან ჰარმონიასაც“ აღწევენ. ეს მეტად მტკივნეული პროცესია, რომელსაც დიდი ტანჯვა, საზოგადოებიდან გარიყვა, გაჭირვება და სასოწარკვეთამდე მძიმე მარტოობა სდევს თან…

   ამ გზაზე, პირველ რიგში, უნდა დაიძლიოს შიში. უნდა გვახსოვდეს მეპროტესტეს პირველი წესი: გამარჯვებული ხომ, ხშირად ის არ არის, ვინც მოწინააღმდეგეს მოერია, არამედ სწორედ ,,დამარცხებული“, რომელიც, მიუხედავად, მეტოქის აშკარა რიცხობრივი უპირატესობისა, არ შეუშინდა მას, თავისი სიმართლის გასატანად თავგანწირვით ჩაება ბრძოლაში და მორალური გამარჯვებაც მოიპოვა. მეპროტესტეები არიან ,,მარილი ამა სოფლისა“, ისინი ,,ატრიალებენ დედამიწას“!

  სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მან ჯერ ყველაფერი, რისი გულისთვისაც ცხოვრება ღირს, უნდა დაკარგოს და ამ გზით გაიგოს ჭაშმარიტი თავისუფლების ფასი! ამის გარეშე, მხოლოდ წაკითხვით, მთავარი შიშის, სიკვდილის შიშის მეტნაკლები დაძლევა, და, ასე ყოველდღიური ყოფის წნეხისგან გათავისუფლება არ მოდის. თავისუფლება – ეს არის სიკვდილთან მაქსიმალური მიახლოება, რადგან ადამიანი ზუსტად და მკაფიოდ, მხოლოდ სიკვდილის პირას შეიგრძნობს, თუ რას ნიშნავს ,,ამაოება ამაოთა“ – წარმატება, სიმდიდრე თუ ულამაზესი ქალი, სხვა წვრილმანი ზრახვები და ,,დიდი“ წყენები – ,,ყოველივე ამაოა თუმცა, ზემოჩამოთვლილს არ უნდა შეუშინდე, რადგან დათმენის საზღაურიც დიდია – თავისუფლება მოგცემს იმ აბობოქრებული მდინარის ძალას, რომელიც კოლექტივიზმის კლდეს გააპობს!

   თავისუფლება არ გახლავთ ერთჯერადი, თუნდაც დიდი თავგანწირვის აქტი, არამედ ესაა პროცესი – ის  ჩაკირკიტებით შრომასა და ,,წვეთ-წვეთად საკუთარ თავში მონისგან გათავისუფლებას“ მოითხოვს.

თავისუფლება, როგორც კოლექტივის უდაბნოში დაკარგულ მგზავრს, ისე უნდა გწყუროდეს. ის უნდა მოიპოვო ხანგრძლივი, მძიმე მოგზაურობით!

თავისუფლება არ ითხოვს ჰიმნებსა და ორატორიებს, მას სჭირდება ნება, გამბედაობა და სიმტკიცე.

თავისუფლება არ გახლავთ ზეცაში ლივლივით ტკბობა, ესაა უახლოესი ადამიანების მიერ მოყენებული აუტანელი ტკივილის, დაცინვის, ტალახის ატანა! წინ!

 

P.S.

ქართველებს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის, საკმაოდ, დიდი, უარყოფითი, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება დაგვიგროვდა: ვიწყებთ თითქოს კარგად – ,,ცეკას” მდივნების, ძველი ინტელიგენციის, კრიმინალებისა და გაამაყებული იერარქების ფეოდალური მმართველობის ნგრევას და ვამთავრებთ მათი ახალი კლანებით ჩანაცვლებით – ვკლავთ თავისუფალ ბაზარსა და ჯანსაღ კონკურენციას; ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის და უშედეგოდ ვცდილობთ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები. წარუმატებლობის მიზეზი კი ერთია – ჯერ თვით უნდა გახდე თავისუფალი და მხოლოდ შემდეგ შეძლებ გაათავისუფლო სხვა. ასეთია გზა პიროვნული თავისუფლებიდან – თავისუფალ საზოგადოებამდე.

თავისუფლებისთვის მებრძოლთა მთავარი მტერია ,,ძეხვი” და ფარისევლობა, მთავარი იარაღი კი გულრწფელობაა! ჩვენ შეიძლება დროებით შევცდეთ, მაგრამ ჩვენს გულრწფელობაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ჩვენ, თავისუფლების მედროშეებმა უნდა ,,მოვასწოროთ ბილიკები“ –  მომავალი თაობებისთვის უნდა მოვამზადოთ სამშენებლო მოედანი. ჩვენ – შავი მუშები, მტვირთავები და მენაგვეები მოწოდებულნი ვართ, ახალგაზრდებს დამუშავებული და გამარგვლული მინდორი დავახვედროთ, რათა ტოტალიტარიზმის სარეველამ ისევ, როგორც ეს ამ 20 -30 წლის მანძილზე ხდებოდა, უმშვენიერესი ყვავილები და ბაღ-ვენახი კვლავ არ დაჯაბნოს. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ტოტალიტარიზმის კოშკები, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფალი და თანამედროვე საქართველოს აშენება!

ზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, იანვარი.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

8 Responses to გზა თავისუფლებისკენ

  1. არ ვიცი რანაირად შეგაქო :)) თავისუფლების შეგრძნება მეც ასეთივე მაქვს და ასეთად მიმაჩნია !!!!!! ბრავო ბატონო ზურა !!!!!!!

  2. odilavadze says:

    აი, ასე, როგორც შემაქე!🙂

  3. manana says:

    მონობამ სრულიად მოიცვა საბჭოთა ადამიანების ბუნება, მან გენეტიკური ხასიათი შეიძინა.
    ტოტალიტარული ანუ ,,შიშსა და თანხმობაზე“ დაფუძნებული ცნობიერების ძირითადი მახასიათებლები ასეთია: 1. აზროვნება – უკრიტიკო, შაბლონური; 2. ცნობიერება – მითოლოგიური; 3. მორალი – ფარისევლური; 4. მენტალობა – მონური…..(კიდევ ერთხელ გავიმეორებდი 2. ცნობიერება – მითოლოგიური; !!!!!!!..)…თავისუფლება არ გახლავთ ზეცაში ლივლივით ტკბობა, ესაა უახლოესი ადამიანების მიერ მოყენებული აუტანელი ტკივილის, დაცინვის, ტალახის ატანა! წინ!

    აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო ზურაბ…ბრავო!

  4. odilavadze says:

    გმადლობთ!

  5. მარტოობა თავისუფლებისკენ მიმავალი გზის დასაწყისი. მარტოობა, როგორც პროტესტის უკდურესი გამოხატვა. მე ესე ვხედავ. გმადლობთ

  6. odilavadze says:

    იცით, კონკურსის პირობებით, ტექსტის მოცულობა შეზღუდული იყო ორი გვერდით და მეტად ვერ გავშალე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s