ვირუსული მარაზმი, ჩიტების ჟღურტული… და კაშკაშა მზე

,,კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?“ – ალბერტ აინშტაინი

ამასწინათ მეგობარმა მომწერა: რამ გაგაჩუმა, რატომ არ წერო? არც მან იცოდა… ოქტომბრიდან ფსიქიატრიულში ვაგდივარ. ვიღაცამ ჩამიშვა, ინფიცირებულიაო და გისოსებს-მიღმა აღმოვჩნდი. ასეც რომ არ იყოს, რა დროს წერაა? მართალია, მარადიულ თემებზე საუბრის დრო არასოდეს გადის, მაგრამ გარშემო შიზოფრენიის აქამდე უცნობი, ვირუსული სახეობის ეპიდემია მძვინვარებს, ასიათასობით ადამიანს Dementia praecox – ნაადრევი ჭკუასუსტობა ტანჯავს. ვითომ მეც ავად ვარ? ,,UR – SS – II” ვირუსის ლაბორატორიული დადასტურება ჯერ არ მოსულა… თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ მე ხომ არ ვარ ასე, პარანოიდალური ბოდვები მთელ ქვეყანას მოედო. ჰოდა, ვის აინტერესებს ან ჩიტების ჟღურტული, ან სიყვარული, ან ლურჯი ზღვა და კაშკაშა მზე? თანამემამულებს დემენცია ბალახივით ცელავს!.. ან ნუთუ საჭიროა იმაზე წერა, რომ ფსიქიატრიულში ცუდი ამბები ხდება, ძალიან ცუდი?

Demeniciaრადგან მაინც დავიწყე წერა, მოკლედ, საავადმყოფოში ვითარების შესახებ. ყველანი ერთ დიდ სამედიცინო დარბაზში ვწევართ და ჭერზე დღე და ღამ ჩართულ ტელევიზორს ვართ მიშტერებული. ძილი მკაცრად აკრძალულია! ღმერთმა ნუ ქნას, თვალი თუ მოგეხუჭა, შემოდის გაუპარსავი სანიტარი, თავში მუშტს გირტყამს და დროპერიდოლს გიკეთებს. ასე რომ, თვალები დაჭყეტილი უნდა გქონდეს. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, დროთა განმავლობაში გახელილი თვალებით ძილს სწავლობ. გადაცემები? მუდამ ერთი მრგვალთავა, მელოტი, ჭუჭყიან ხალათში გამოწყობილი უფროსი სანიტარი გამოდის. მეტსახელი – ,,იაიცო“. ის, დამწყებ კლასებში ჩარჩენილი მოსწავლის გამომეტყველებით, მონოტონური ხმით, რატომღაც სულ დაკითხვებით გვემუქრება, ნაირნაირ ბრალდებებს გვიყენებს და გვაფრთხილებს, ჩვენ ყველაფერი ვიცით, თქვენი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები წინასწარ მზად გვაქვს და როგორც კი გაატრაკებთ, ეგრევე დროპერიდოლის სამმაგ დოზაზე გადაგიყვანთო. თუმცა, გარკვეული ნაირფეროვნება აქაც შეიმჩნევა – მრგვალთავა სანიტარს პერიოდულად, ასე, კვირაში ერთხელ, პატარა, თმააფოფრილი, ფართოდ გახელილი თვალებით უზენაესი ფელდშერი ცვლის. მთავარი ექემი არავის უნახავს, მხოლოდ ეჭვებია, რომ ის არსებობს, მართალია საკმაოდ დასაბუთებული, მაგრამ მაინც ეჭვები… ასეა თუ ისე, ჩვენი ფელდშერი სასაცილოდ საყვარელია და თან, თაგვივით საზიზღარი. აბა ეს უბერავს, თუ უბერავს! აწყვეტილი პარანოიკია, ბოდვითი ჰალუცინაციებით, განდიდებისა და დევნის მანიით – მკვეთრად გამოხატული ბირთვული შიზოფრენიაა. ბოდვითი სინდრომითა და დემენციით შეპყრობილი უმრავლესობა გაიძახის – ვერაფერს იტყვი, ყველას გვჯობს და ამიტომაც გახდა პირველიო, ჭეშმარიტად ღირსიაო! პაციენტებმა მას, პირველობის გამო, ,,პელე“ შეარქვეს. ,,პელეს“ ახირებებს აშკარად რომანტიულ-ესთეტიური შეფერილობა ახასიათებს. ის ტელეეკრანიდან საყვარლად გვიღიმის და რაღაც ფანტასტიურ დაპირებებს იძლევა… კეთილი ზრახვების გამოთქმის შემდმეგ მკაცრი რეჟიმით უკმაყოფილო ავადმყოფებს აფრთხილებს, თუ არ მოისვენებთ მთელი ფსიქიატრიულის გიჟებს თქვენ მოგისევთო. მისი ყველას გვეშინია! თუმცა, პირადად მე მუქარა არ უნდა მეხებოდეს, მაგრამ მაინც… სამაგიეროდ, დაპირებებიაა, ო, დაპიერებებიაა, ოოო! თაფლივით ტკბილი და ჰეროინივით წარმტაცი! შიზოფრენიკებიც სხედან და მთელი დღე იმაზე ბჭობენ, თუ რას და როგორ შეუსრულებს მათ უზენაესი ფელდშერი. ღამისკენ, როდესაც კოლექტიური ჰალუცინაციები აგრესიულ მიმართულებას იძენს, უფროსი მედდის მითითებით, სანიტრები შემორბიან და ყველას დროპერიდოლით აქვავებენ. ქანდაკებად ქცეულნი, კატატონურ სტუპორშიც ,,პელეს“ დაპირებების გარდა, სხვა ვერაფერზე ფიქრობენ. დილით კი, ისევ თავიდან, იგივე…

10151396_10202285743478210_1581997291_n

ჩვენთან, როგორც ვახსენე, ურჩ რევოლუციონერთა ჯგუფიც არსებობს. მათ ტელევიზორის სავალდებულო ყურების გარდა, დიაზეპამივით დამამშვიდებელი, იაპონური ხალხური ჰანგების სადღეღამისო თერაპიის კურსებსაც უტარებენ, თუმცა, ამაოდ. მათი ბელადი, რომლის სახელის გაგონებზეც კი, ,,პელე-შეუცნობადს“ ბურძგლავს, არ ცხრება და მანიფესტაციებს აწყობს. ფელდშერს აშკარად ეშინია მისი და ამიტომ სძულს ასე ძლიერ, ასე გამეტებით. ეს შიში ნაადრევი ჭკუასუსტობით დაავადებულებსაც გადაეცემა – ისაა ამ  ჰალუცინატორული იდილიის დასრულების ერთადერთი ხილული წყარო. სხედან ასე ,,შიზიკები“ ყველანი ერთად, მაგარ კაიფში და მთელი დღე ზიზღისგან კანკალებენ. ბოღმა დაპირებებთან და ,,პელეს“ შიშებთან ერთად, უძლიერესი ნარკოტიკია!

როგორც ზემოთ ვახსენე, პალატები არ გვაქვს და ერთ სამედიცო დარბაზში ვცხოვრობთ. მიზანი? ყოვლისმომცველი თვალთვალი და კონტროლი, რომელსაც ბრონირებული შუშის უკან მდგომი, უდაბნოს საქსაულივით მარტოსული მთავარი ექთანი ,,ლედი ლობოტომია“ ანხორციელებს. ჯერ კიდევ მძიმე ბავშვობიდან პარანოიკს, მას სამუდამო უძილობა სჭირს და პატარა სკამზე შემდგარი, აცრემლებული მიმინოს მზერით, ის გადაჰყურებს ფსიქიატრიულის სივრცეს. წმინდა გადმოცემის თანახმად ის უკვდავია და წინა საუკუნეებში სწორედ ის უნიშნავდა პროტესტანტებს ლობოტომიას. ერთი სიტყვით, ხსენებულ ნარკოტიკულ კოქტეილს – ,,ზიზღი, დაპირებები და შიში”, სისხლის მომხიბლავ არომატს ,,ლედი ლობოტომია“ სძენს. მთელი ფსიქიატრიული, მეც მათ შორის, ნებით თუ უნებლიედ, ამ უტკბილეს ნარკოტიკზე ვზივართ, რადგან მისი წვეთოვანი გადასხმები ყველასათვის აუცილებელია. ,,ბოღმა – დაპირების“ კონცენტრირებული ხსნარი სულ წუილ-წუილით მიდის ვენებში. ისე დეპრესიულ ფსიქოზს მაგრად კი შველის. ამიტომაც გვიყვარს და ამავდროულად, სასტიკად გვძულს თმახუჭუჭა ,,ლედი ლობოტომია“!

ფსიქიატრიულში, რაღა თქმა უნდა, ყველას ერთი მოძღვარი და სულიერი მამა გვყავს. ადრე, როგორც ძველი ავადმყოფები ჰყვებიან, ისიც მუდამ ტელევიზორში იყო და სიბრძნეებს ქადაგებდა. ახლა ხმას არ იღებს, მიყუჩებულია და იშვიათად თუ ამოილუღლუღებს რაიმეს. ჩვენ ,,საკალელა“ მაინც ძალიან გვიყვარს, რადგან სხვა არ გვყავს.

4ჩემს მოპირდაპირე მხარეს ერთი წევს, ძილისაგან დასიებული, გაქონილი სახით და ჩემსკენ მომართული, გაშტერებული მზერით. როგორც ჩანს, ფსიქიატრიულის ძველი ბინადარია, ამინაზინით (ადრე იმპორტული დროპერიდოლი ფუფუნება იყო) გაჟღენთილი. მას შემდეგ, რაც მე მიმიყვანეს, სულ ერთხელ ჩაიჩურჩულა, ოჰ, ეს პუტჩისტები, პუტჩისტებიო და საბოლოოდ მიყუჩდა. თვალები მუდამ დაქაჩული აქვს და ისე სძინავს – აი, მას უკვე ათვისებული აქვს ღია თვალებით ძილი! გუშინ, მოულოდნელად ქაღალდის ნაგლეჯი მომაწოდა, ზედ ეწერა:

,,ტყუილსა მოკლე ფეხი აქვსო, სიმართლეა ამად კარგი!

უეკლოდ და უჭრილობოდ, ვის რგებია აბა ვარდი?“

რაც არ უნდა იყოს, კაცი პირველად შემეხმიანა და მეც უპასუხოდ არ დავტოვე. პოეზიის ნიჭი ჯანმრთელს არ მქონდა და დადროპერიდოლებულს რა გამიჩენდა? ავიღე და ილიას სიტყვებით ვუპასუხე: ,,აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია!“. უიმედოდ გამიღიმასავით და თვალებდაჭყეტილმა ძილი განაგრძო…

სანამ ,,თვალღიას“ სძინავს, ერთ საიდუმლოს გავამხელ! მე ამ ვირუსული შიზოფრენიისადმი, ჯერ კიდევ საბჭოეთში შეძენილი, მყარი იმუნიტეტი გამაჩნია! ასე რომ, ჰა და ჰა დაავადების აბორტული ფორმა შემეყაროს და შემდეგ ვირუსს ტვინის გააქტიურებული უჯრედები დაჯაბნიან. ამიტომ ვარ შედარებით არხეინად და რაღაცას მაინც ვწერ…

ერთხელ, ჩემმა დადუმებულმა მეზობელმა თვალებით რევოლუციონერებზე მიმანიშნა, შეიძლება ითქვას მკითხა: მათ რატომ არ უერთდებიო? ძლივს მსმენელი გამოჩნდა და თან ჩემი პოზიციის საკუთარ თავთან გამართლებაც ძლიერ მსურდა. მოკლედ, მინდოდა მკაფიოდ, პუნქტებად ჩამომეყალიბებინა ჩემი პასიურობის მიზეზი. დავფიქრდი და განმარტების მწყობრი სქემა დავუშვი: ,,პირველი, ჩემო უხმო ლოდო ისაა, რომ ასაკი (ჯანმრთელობაც) არ მიწყობს ხელს, რადგან რევოლუცია ბევრ ენერგიასა და სირბილს მოითხოვს. მეორე, ჩემო მდუმარე მოწმევ და სწორედ ამის გამო საყვარელო, ისაა, რომ ჩემი საბჭოური წარსულიდან გადმომყვა ყოველგვარი გაერთიანებებისადმი, რაოდენ პროგრესულიც არ უნდა იყოს ის, კოლექტივისადმი სიფრთხილე, შიშიც. მესამე და მთავარი! ჩემო წარსულში აქტიურო მებრძოლო, შენ ხომ მაინც კარგად იცი ეს – მე ვხედავ, თუ რამდენად დიდია ამ წყეული ვირუსით დაავადებულთა რიცხვი, ვიცი, მათი დემენციის შეუქცევადობის შესახებ და ამიტომ რევოლუციურ გარდაქმნებს საკმაოდ პესიმისტურად ვუყურებ – ხალხი ძირითად მასაში ხომ იგივე დარჩება, მათ ხომ ჩვენსავით ,,UR – SS – II” ვირუსის წინააღმდეგ შეძენილი იმუნიტეტი არ გააჩნიათ, ასე რომ ევოლუციას დაველოდოთ. ხაზს ვუსვამ – ეს არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ, ეს მხოლოდ მე მეხება… ერთნი რევოლუციას ამზადებენ, მეორენი მას აწყობენ… ვიმეორებ, ყოველივე ჩამოთვლილი არც გამორჩეულობის მანიშნებელია და არც დასაგმობი – ეს ჩემია და მორჩა… არ ვარ აქტიური ტიპის ადამიანი, უფრო გარედან, განყენებულად ჭვრეტა მიტაცებს და პროცესების არსში წვდომაზე ვკაიფობ…  ჩემო, ასევე აწპასიურო და ერთი შეხედვით მიძინებულ-გაშტერებულო მეგობარო, ჩვენ ერთად ვართ! რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? რა ვაკეთოთ? ეჰ, ესეც კარგად იცი, რა ადვილია ავტომატის ხელში აღება და რა ძნელია ამ უმსგავსობის ყურება, მაგრამ უნდა გავუძლოთ, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. თუ საკითხს ფილოსოფიურად შევხედავთ, ცხადია, დემენციის ეპიდემიის ტალღა გადაივლის, ჩვენ იმუნიტეტი გადაგვარჩენს და აი, მერე კი დავწერ კაშკაშა მზესა და ლურჯ ზღვაზე… სავსე მთვარის ქვეშ სიყვარულსა და გარიჟრაჟზე ჩიტების ჟღურტულზე!

5ზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, თებერვალი – მარტი

 

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

22 Responses to ვირუსული მარაზმი, ჩიტების ჟღურტული… და კაშკაშა მზე

  1. elizaveta55 says:

    წმინდა გადმოცემის თანახმად ის უკვდავია და წინა საუკუნეებში, სწორედ ის უნიშნავდა პროტესტანტებს ლობოტომიას
    ო დიდიო იაჰვეე, შენ დაგვიფარე!
    ჩემი აპლოდისმენტები ავტორს!

  2. David says:

    ვირუსული მარაზმი!!! 😀😀😀

  3. მაია კოხტაშვილი. says:

    ბირთვული შიზოფრენია—-მაგარი ბრენდია😉 =D

  4. odilavadze says:

    მადლობა თქვენ!

  5. Alex Kadaria says:

    “ჩვენ იმუნიტეტი გადაგვარჩენს და აი, მერე კი დავწერ კაშკაშა მზესა და ლურჯ ზღვაზე… სავსე მთვარის ქვეშ სიყვარულსა და გარიჟრაჟზე ჩიტების ჟღურტულზე!” – მაგარია…..

  6. მაგარი ხალხია “შიზიკები.” Respect! (y)

    • odilavadze says:

      ჰო, განსაკუთრებით დემენციის განვითარების შემდეგ🙂

  7. lika says:

    ჩვენ ,,საკალელა“ მაინც ძალიან გვიყვარს, რადგან სხვა არ გვყავს😀
    ზურა, დიდი მადლობა, მაგარი ხარ!

  8. toma says:

    “ბირთვული შიზოფრენია”ზურ ძალიან მაგარია!

  9. ამას ჰქვია იუმორი იმედის შემდეგ კვდებაო. ასე გულიანად და მწარედ რამე თუ გამაცინებდა არ მეგონა. გმადლობთ ბატონო ზურა!

    ,,ჩემო წარსულში აქტიურო მებრძოლო, შენ ხომ მაინც კარგად იცი ეს – მე ვხედავ, თუ რამდენად დიდია ამ წყეული ვირუსით დაავადებულთა რიცხვი, ვიცი, მათი დემენციის შეუქცევადობის შესახებ და ამიტომ რევოლუციურ გარდაქმნებს საკმაოდ პესიმისტურად ვუყურებ – ხალხი ძირითად მასაში ხომ იგივე დარჩება, მათ ხომ ჩვენსავით ,,UR I, SS I” ვირუსის წინააღმდეგ შეძენილი იმუნიტეტი არ გააჩნიათ, ასე რომ ევოლუციას დაველოდოთ.”

  10. odilavadze says:

    🙂 დაველოდოთ. გმადლობთ!

  11. 555555555555555555555555555

  12. ლევან კენჭოშვილი says:

    კაი კაცი ხარ შენ (მაპატიე ფამილარობა სხვანაირად ვერ ვიტყოდი)

  13. odilavadze says:

    ლევან, გეკადრება, გმადლობ!

  14. nene says:

    კარგად წერ, თუმცა მაგარი ბანძი ,,მუზა,,გყავს. მიშას გამო ამდენი აბსურდი ცუდია.
    იმედია გამოხვალთ ამ აბსურდული ლაბირინთიდან.
    ბანი 30 დღე ; )

    • odilavadze says:

      ჩემ ნაწერთან მიშა, რა კავშირშია, თან მუზის როლში, ვერ ვიგებ? არც კაცობრიობას ვყოფ ,,ნაცებად” და ,,ქოცებად”. ალბათ, ადამიანები ჩემზეც, საკუთარი თავის მიხედვით მსჯელობენ, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ

  15. manana says:

    არ ღირს ამ ნააზრევის “მიშა-ბიძოთი” გაუფასურება….

  16. odilavadze says:

    მეც ასე ვფიქრობ🙂

  17. მაია says:

    ძალიან მომეწონა, ” ჩვენ იმუნიტეტი გადაგვარჩენს და აი, მერე კი დავწერ კაშკაშა მზესა და ლურჯ ზღვაზე… სავსე მთვარის ქვეშ სიყვარულსა და გარიჟრაჟზე ჩიტების ჟღურტულზე!” მეც დარწმუნებული ვარ ამაში! დიდი მადლობა

  18. odilavadze says:

    მადლობა, თქვენ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s