როგორ ,,გადავაგდოთ წამალი“ და ალკოჰოლი. ნაწილი II

1. ტყვეობა

მე – მოდი, გიო, მომიყევი შენი ნარკომანული ავტობიოგრაფია, როგორ დაიწყე წამლის კეთება?

berouzგიო კეთილი. წარჩინებით დავამთავრე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ამავე წელს ჩავაბარე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. აქაც, როგორც მანამ სკოლაში, თავგამოდებით ვსწავლობდი და… ასეთივე მონდომებით დავეწაფე წამალს. ეს დაიწყო 1970-ში. თუმცა მანამ, მე-7-8 კლასისთვის, უკვე მქონდა ცხოველი ინტერესი ამ სამყაროსადმი. ჯერ კიდევ მოზარდი შურით ვუცქერდი ჩემზე 5-6 წლით უფროს უბნელ ბიჭებს. წარმოიდგინე, ის სურათი დღესაც მკაფიოდ მახსოვს: კაშკაშა მზე. ბირჟაზე მოზრდილი ძველი ბიჭები, მუქ ლურჯ “Levi Strauss” -ის ჯინსებში, საყელოზე პატარაღილებიან ,,ბატენ-დაუნის” პერანგებში – ჭიჭყინა, ნუკრია, პავლიკა… მუდამ კაიფში, წელში მოხრილები, ცხვირსახოცით ხელში, ჩამყაყებულ სოციალისტურ საზოგადოებას ხმამაღლა აგინებენ, მათი ყველას ეშინია, მილიციასაც, რომელსაც მაინც გაურბიან, დანებით დადიან, ,,საკაიფოდ ბაზრობენ”, ყველაზე ლამაზი გოგონები მათ ეტრფიან. ჩემი იმ დროინდელი ოცნებაც შესაბამისია – ყველა ძალით ვეცადო, როდისმე მაინც მივაღწიო მათი მანერების, ჩაცმულობის, გამბედაობის და რომანტუკული მომხიბვლელობის სიმაღლეებს! დანარჩენში ეზოელი მორფინისტი ელდარა დამეხმარა…

მოვიყვანე ცოლი, ოთხი-ხუთი თვით დავანებე და ისევ წამალი. დავიწყე სამსახური, ვიყავი საავადმყოფოს წამყვანი ანესტეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. შემდეგ გავემგზავრე მოსკოვს, ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც 1983 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. მოსკოვში საბოლოდ დავეშვი მორფინისტულ ფსკერზე, ორგანიზმი ნარკოტიკის გარეშე უბრალოდ აღარ ფუნქციონირებდა, ფხიზლად საწოლიდან წამოდგომაზეც კი ზედმეტი იყო ფიქრი. ჩამოვედი საქართველოში. დაიწყო ,,პერესტროიკა”, დაიშალა საბჭოთა კავშირი. ამ დროიდან დავიწყე ალკოჰოლის მიღება. წამლის კეთებისას უკვე საათობით მიწევდა ანთებისგან და სისხლჩაქცევისგან დასიებულ კიდურებში ნემსის ყრა – ,,ქარგვა”, რათა გამქრალ ვენებში მოვხვედრილიყავი. ცხოვრება ერთ დიდ, დაუსრულებელ ტანჯვად გადაიქცა! ,,უპარაშუტო ვარდნა”: გადასხმები, ,,ესპერალეს” ჩაკერებები, ხშირი ავტომატიანი ,,რაუნდები”, ნარკოლოგიურში მოთავასებით, მტკივნეული მილიციებით, ბევრი ცემით და ნარკოტიკის ჩადებით, პერიოდული დანებებებით, სასამართლოებით და 3-5 ათას დოლარად ნაყიდი სამწლიანი პირობითი სასჯელებით. დაიწყო თვითმკვლელობაზე ფიქრი, ორ-სამჯერ სხვის დასანახად ვენებიც გადავიჭერი. სულ მოკლე ხანში გავხდი გამოუსწორებელი “ალკაში”, საშინლად აგრესიული სიმთვრალით. ახლა უკვე ალკოჰოლის “ლომკისგან” თავის დასაღწევად მჭირდებოდა ნარკოტიკის მიღება. სამსახური სრულიად მივაგდე. გადიოდა წლები. დღეში სამოც ტაბლეტამდე, მხოლოდ სიბაზონ-რელანიუმ-როდედორმ-ფენაზეპამს ვიღებდი ტრამალთან და სპირტთან ერთად! ისე მაგრად ვთვრებოდი, რომ ხშირად სახლამდეც ვერ მივდიოდი და ქუჩაშივე ვიქცეოდი. გავხდი  ჩვეულებრივი ,,ბომჟი”. ამ დროისთვის უკვე ვიყავი ნარკომანიაზე ოთხჯერ ნასამართლევი გაიძვერა, რომელიც 15-ზე მეტჯერ იწვა ,,მეჩნიკოვის” ნარკოლოგიურში.

ჯანმრთელობასთან ,,თამაში” კატასტოფით დასრულდა! 1998 წელს, უკიდურეს მდგომარეობაში ჩავვარდი ლოგინად, ძლივს ვსუნთქავდი. იყო ხანგრძლივი, თვეობით მკურნალობა ინფექციურ საავადმყოფოსში, კისერში გაყრილი კათეტერებით გადასხმები და გამოჯამრთელება… ისევ ჩხერვა, ისევ საავადმყოფო. 1998 წლის ბოლოს-1999 წლის დასაწყისში, 44 წლის ასაკში საავადმყოფოდან გამომწერეს, როგორც მომაკვდავი. ,,დასალოცი სიტყვა” დედას მისმა აკადემიკოსმა ბიძამ გამოაყოლა: ჩემო კარგო ლია, რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, ჩვენი გიო მალე, სულ ერთ-ორ თვეში გარდაიცვლება… წაიყვანე სახლში, ბარემ საკუთარ საწოლში დალიოს სული. თქვენც ნაკლები სირბილი და ხარჯი მოგიწევთ”. ასე დამდეს საკაცეზე და წამომათრიეს სახლში, მომათავსეს დიდ ოთახში, სადაც ვიწექი, ველოდებოდი სიკვდილს და საკუთარ პანაშვიდებს ვეჩვევოდი… სიკვდილი გარდუვლად ეჩვენებოდა ყველას, მათ შორის მეც. გავიდა წელი, ორი… გაუნძრევლად წოლაში დადგა მესამე, 2000 წლის ზამთარი… დაა-ა… მე სიკვდილი გადავიფიქრე!.. მისუსტებული, საშინლად გამხდარი ავდექი, რაც კი ნარკოტიკების დარჩენილი მარაგი მქონდა ღუმელში გადავუძახე და უახლოეს ტაძრამდე ძლივს მივლასლასდი. შემდეგ იყო მედავითნეობა, მონასტერი – გერგეთის სამება. ეკლესიაში სულ 6-7 წელი დავჰყავი. ორი წელია თბილისს დავუბრუნდი, ვმუშაობ, ვწერ, ამჟამად კი – შენ გესაუბრები და ვტრაბახობ ჩემი მიღწევებით… 2001 წლის დასაწყისშივე სრულიად შევეშვი როგორც წამალს, ასევე ალკოჰოლს. იმ დროიდან ერთხელაც კი არ შევმცდარვარ, პლანიც კი არ მომიწევია, ერთი ჭიქა ლუდიც კი არ დამილევია! ასე დავანებე თავი წამალს და შევუდექი ყოველდღიურ ცხოვრებას.

2. გამოსვლა

მე – ჰოო, მოსასმენადაც მძიმე ისტორიაა, წარმომიდგენია როგორ გაგიჭირდებოდა. მაგრამ, ასე უბრალოდ რომ იყოს საქმე, ყველა დაანებებდა. მიპასუხე, ალბათ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე – რატომ ვერ ანებებს ნარკომანი წამალს თავს? ჯოჯოხეთურ ტანჯვაზე რომ არაფერი ვთქვათ, დამატებით არსებობს ნარკომანიის თანმხლები შეზღუდვები – კანონგარეშე ცხოვრება, პოლიცია, დაკავებები. ამჟამად მაინც არის პირობები საკმაოდ უმტკივნეულოდ გადააგდო ეს მავნე ჩვევა და მაინც უარყოფითი შედეგი, რატომ?

გიო – მართალი ხარ, ნარკომანის მთელი ცხოვრება დანებება-დაწყებაში გადის. დროთა განმავლობაში, კაიფით ტკბობა ნელდება, წამალი იქცევა აბსტინენციის მკურნალობის ერთადერთ საშუალებად. იკეთებ მხოლოდ ერთი მიზნით – არ იყო იმ წყეულ მდგომარეობაში,  რომელსაც “ლომკა” ჰქვია. ბევრი მიფიქრია, თუ როგორ შეიძლება ასე დაეცე, ზრდასრულმა მამაკაცმა ყოველგვარი თავმოყვარეობა დაკარგო და იცხოვრო იმ წუმპეში, რომელიც ნარკომანიას თან ახლავს?! შევეცდები ავხსნა.

მორფინისტმა იმკურნალა, ჩაიტარა გადასხმები, აბსტინენცია შეწყდა. აი აქ მივადექით ახლადდანებებული მკეთებლის წინაშე აღმართულ ორ დიდ კედელს, რომლის გადალახვის გარეშეც სრული განკურნება წარმოუდგენელია: 1. უახლოესი დროის ამოცანა – ემოციური გამოფიტვის დაძლევა და 2. შორეული პრობლემები – რეალურ ცხოვრებაში ჩართვა, ანუ სოციალური და სექსუალური რეაბილიტაცია. მივყვეთ თანმიმდევრობით.

1. მოკლედ, ორ-სამ კვირაში “ლომკა” დამარცხებულია, და რა?! ნარკომანი სიცარიელეშია – მისი ემოციები მკვდარია! მას არ უხარია ცხოვრება, არ ხიბლავს ჩვეულებრივი ყოფა, მზის ამოსვლა, შესანიშნავი ბუნება, საყვარელი შვილები, საინტერესო წიგნი. დაკარგული ემოციების დაბრუნებას საკმაო დრო და მოთმინება სჭირდება. მაგრამ, როგორც ჩემმა დანებების პრაქტიკამ მიჩვენა, ის ტვინის ცენტრები, რომლებიც განაგებენ ჩვენ გუნება-განწყობას, სავსებით აღდგენადია. ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრების ხალისიანი აღქმა, სულ რაღაც ნახევარ წელიწადში იწყებს დაბრუნებას!

2. საღი ცხოვრების მიმზიდველობის სრულად შეგრძნებისთვის, ადამიანი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას, გახდეს მისი სრულფასოვანი, წარმატებული წევრი.  დანებების სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. ფსიქოლოგებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ადამიანის ცხოვრებისეულ გზას წარმართავს ორი ძალა: 1. სურვილი, იყოს მნიშვნელოვანი და 2. სექსუალური ლტოლვა. ეს უკანასკნელი გულისხმობს შემდეგს: კაცს სურს მუდმივად იღებდეს საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღებას, საწოლში გრძნობდეს თავს ძლიერ სექსუალურ პარტნიორად. ჩვენთან ცხოვრების ეს მხარე მიჩქმალულია, არა და, ის იმდენად მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის, რომ დიდწილად პირველ პუნქტს, ანუ ,,სურვილს, იყო მნიშვნელოვანი”-ც კი ჯაბნის. მოდი, განვიხილოთ ნარკომანის ცხოვრება ამ თვალსაზრისით. მორფინისტი შეეშვა წამალს, გაიარა ფსიქო-ემოციური ადაპტაცია და… ისევ რა? კვლავ სიცარიელე! ადამიანი ხედავს, რომ მას არავითარი ფუნქცია არ გააჩნია, გარდა ჭამისა და ძილისა, ის არაა რეალიზირებული. გარშემო ყველა რაღაც საყვარელ საქმეს აკეთებს, ერთობა, ჰყავს საყვარელი ქალი, ისინი ცხოვრობენ სისხლსავსე ცხოვრებით. გამოჯამრთელებული მორფინისტის ყოფა კი, ძველებურად მოსაწყენი და ერფეროვანია. ის უბრალო ადამიანურ ურთიერთობებსაც კი გადაეჩვია, გოგოს გაცნობაზე და რომანზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ასეთი ადამიანი, ფაქტიურად, თავიდან იდგამს ფეხს, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, რადგან ფხიზლად ვერ უახლოვდება ადამიანებს, ის დაშინებულია, უმიზეზოდ მორცხვობს. მოკლედ, ნარკომანს სჭირდება სოციალური ადაპტაცია, ადამიანური ურთიერთობები, რაღა თქმა უნდა, სიყვარული და სექსი. რადგან ჩვეულებრივ, ფხიზლად ყოფნისას ამას ვერ აღწევს, ის ფიქრობს ასე: ,,აჰა, დავანებე, ამდენი ვიწვალე და რა? ისევ მოხარშული კარტოფილივით ვაგდივარ, მიტოვებული, არც გოგო მყავს, არც არავის ვუყვარვარ, ვერც ვერაფერს ვაკეთებ, არც არავის ვჭირდები…რა ვქნა, რაა?! აი, გუშინ ზურა იყო, კაიფში, ნაშასთან ერთად, სადღაც მიდიოდნენ…. რა გაეწყობა, სულ ასე გდებას, გავიკეთებ და იმ წამებასთან ერთად დრო და დრო მაინც ვიქნები ხასიათზე, ცხოვრებაში ჩართული. ეჰ, მოდი ერთხელ გავიჩხირავ, ცოტას მეც გავიხარებ” – იღებს ტელეფონს და იწყება ჯოჯოხეთის ახალი წრე. ამას კი, უარესი სასოწრკვეთა და წამალში ღრმად ჩაფვლა მოჰყვება.

220px-Kerouac_by_Palumboგარდა ჩამოთვლილისა, მორფინისტს აგრეთვე ექმნება სხვა სექსუალური პრობლემები. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ორგაზმის დადგომის დრო ძლიერ გახანგრძლივებულია, რაც მკეთებელს სექსუალური სიძლიერის ილუზიას უქმნის. დანებების შემდეგ კი, მას უმუშავდება პოლუციის მსგავსი, მომენტალური ორგაზმი, ხოლო ერექცია ხანმოკლეა და დუნე. ამ ორი მიზეზის, ანუ დაბალი თვითშეფასებით გამოწვეული შიშების და სქესობრივი კავშირისთვის არასაკმარისი ერექციის გამო, მორფინისტი იწყებს ალკოჰოლის მიღებას. დასალევის ზემოქმედებით მიღებული სიამოვნება არ ხიბლავს მორფინისტს, რადგან ის დიდად განსხვავდება კაიფისგან. მიუხედავად ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ ყველა ნარკომანი ადრე თუ გვიან იწყებს სმას, უფრო ხშირად ,,კარიერის” დასასრულს. სწორედ დასალევი ,,კურნავს” ზემოხსენებულ შიშებს და გარკვეული დროით, ნაწილობრივ, ვენური სისხლის მიმოქცევის გაზრდის ხარჯზე, აგვარებს კიდეც ხანგრძლივი სექსის პრობლემას. მაგრამ, გადის სულ ერთი-ორი წელი და ნარკომანის ცხოვრებაში დგება საბოლოო დაშვების ხანა, ის უკიდურესად ,,ფარჩაკდება”. ეს იგივეა, ცეცხლი რომ ბენზინით აქრო – ,,მკურნალობა” საშინელი შედეგით! თან სახიფათო ისაა, რომ დანებების ჟამს ალკოჰოლზე გადასვლა ახლობლებს, თვით ნარკომანსაც უქმნის ილუზიას, თითქოს დადგა ბედნიერი ხანა – კაცი გონს მოეგო და ქეიფი დაიწყო! სულ მოკლე ხანში კი მოდის გაწბილება – ნარკომანი ისეთ პათოლოგიურ ლოთად იქცევა, რომ მისთვის და გარშემომყოფთათვის ნარკომანული ცხოვრების წესი სანატრელი ხდება. ამიტომ სასმელი სამუდამო დავიწყებას უნდა მიეცეს, თორემ გარდა აგრესიული ქმედებებისა, ღვიძლის ციროზი უახლოეს 2-3 წელში გარდუვალია!

მე – ახლა დავუბრუნდეთ ისევ საზოგადოებაში ადაპტაციის სხვა ასპექტებს – სამსახურს, საყვარელ საქმეს. შენ როგორ მოახერხე ეს?

 გიო – ცხოვრების ახალი აზრის პოვნა, ურთიერთობები ადამიანებთან, სამსახური, შენი საქმე, ჰობი, და ეს ყოველივე თავიდან, უნარკოტიკოდ – ძნელია! მაგრამ, ნარკომანისთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ბრძოლაა და მასში ის ვალდებულია გამარჯვებული გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოთობა გარდუვალია! მან აუცილებლად უნდა მოახერხოს ყურადღების მთლიანი გადატანა რაღაც ახალ, საინტერესო საქმეზე. თავიდან ჩვეულებრივი, უბრალო საქმეც კმარა. ვთქვათ, პირადი კუთხის, წიგნების მოწესრიგება, ხატვა, წერა, კითხვა. ნარკომანს ხომ ყველაფერი არეული აქვს, ყოფის ყველა სფერო პრაქტიკულად თავიდანაა ასაწყობი. საქმეს რა გამოლევს? მთავარია იყოს სურვილი! მეც ამ გზით წავედი: საქმედ ჯერ ეკლესია და მედავითნეობა ავირჩიე, შემდეგ მოთხრობების წერა დავიწყე, მერე  მეგობრებმაც შემიწყვეს ხელი და სამსახურს შევუდექი. მოვიდა წარმატება, თვითშეფასებამ მკვეთრად აიწია. თანდათან აღვადგინე ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესთან, რაშიც კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დამეხმარა. გაჩნდა ახალი ინტერესები, ახალი ამხანაგები და ჩემთვის თავიდან აღმოჩენილი ქალი, სიყვარული.

3. წამლის გადაგდების ნაბიჯები

როგოც ზემოთ ითქვა, ყოველივე, რაც ნარკომანმა უნდა შესძლოს, რათა თავი დაანებოს წამალს, მისთვის ახალია და ჩვილი ბავშვის პირველ ნაბიჯებს ჰგავს. ამიტომ ჩვენი საუბრების შედეგად ჩამოწერილ ნუსხას – ,,წამლის გადაგდების ნაბიჯები” ვუწოდეთ.

A. ყველას – არ გასინჯო წამალი, ერთხელაც კი, თორემ აუცილებლად დაიღუპები!

B. მკეთებელს!

1. მიუხედავად გაფრთხილებისა, შენ მაინც დაჯექი წამალზე – პერიოდულად ანებებ და კვლავ იწყებ? დაიცავი შემდეგი წესები:

a. განკურნების მთავარი საიდუმლო საკუთარი უძლურების აღიარებაში მდგომარეობს. უნდა იყვირო, რომ ავად ხარ და ყოველივეში მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულო. ნარკოტიკის (ალკოჰოლის) ტყვეობიდან გამოსვლა დაავადების წინაშე უმწეობის აღიარებითა და თავის დამდაბლებით იწყება, ,,წყლულების“ გახსნით და მათი გულრწფელი გამომზეურებით. ასე ხორციელდება რეალურ ცხვორებაში ცნობილი სახარებისეული პრინციპი – ,,ითხოვეთ და მოგეცემათ”. თუ საკუთარ სენს სხვას დააბრალებ, ეცდები შენი  პიროვნება მაინც დადებითად წარმოაჩინო და ყველას ზემოდან უყურო, ასე არაფერი არ გამოგივა – შენ საბოლოოდ დაიღუპები. ერთი სიტყვით, თავის დამდაბლება და საკუთარი უძლურების აღიარება ხსნის ერთადერთ გზას წარმოადგენს! ეს აუცილებელი ეტაპია, მხოლოდ შემდეგ მოდის – საქმე, დაინტერესება, ამბიცია.

b. გქონდეს მუდმივი სინდისის ქენჯნა. სულ გახსოვდეს, თუ რას სჩადიხარ, რა ჯოჯოხეთს უწყობ, როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფთ! იცოდე, ერთი გაჩხერვის ხათრით შენ საკუთარ სინდისთან ნებისმიერ კომპრომისზე წახვალ, მით უმეტეს, თუ შენი ბინძური საქციელის შესახებ ვერავინ გაიგებს. შენ ნარკოტიკის გარეშე ვერაფერს აკეთებ, ესე იგი შენ წამლის უპირობო მონა ხარ! ნუღარ გაქვს პრეტენზია კაცობაზე – ნაგავი ხარ და ჩვარი!

 c. იყავი შეუპოვარი. არასოდეს შეურიგდე მარცხს, არ დანებდე ნარკოტიკს! არ თქვა – ,,მე უწამლოდ არსებობა არ შემიძლია!”. რა მტკინეულიც არ უნდა იყოს მორიგი დაცემა, გააგრძელე ბრძოლა, ყველაზე ცუდ დროსაც კი!

 d. არ დაკარგო იმედი. იცოდე, თუ ასე მოიქცევი, გაძლევ პირობას, შენ ოდესმე, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებ! შენ ადამიანი ხარ და ამიტომ ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერი!

2. ყველაზე მთავარი – გარემოდან ამოგლეჯა! რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ძველი ამხანაგებისგან შორს! საკუთარი თავის შემდეგ, ისინი არიან შენი პირველი მტრები! ყოფილ მეგობრებთან ურთიერთობებს მოჰყვება ,,დიადი წარსულის” გახსენება, არყის სმა, რაც აუცილებლად დამთავრდება გაჩხერვით. მიატოვე ყველა და გაიქეცი, ისე არაფერი გამოგივა – კარგად დაიმახსოვრე ეს! შენ ყოველივე გაგონებს წამალს, ამიტომ გამოცვალე ოთახის ინტერიერიც კი!

ginsberg_title3. საქმე, ყურადღების გადატანა. იპოვნე საქმე, რომელიც მთლიანად ჩაგითრევს, ნარკოტიკივით შეგიპყრობს. შენ ამბიციური მაქსიმალისტი ხარ, სხვებზე სწრაფად მიაღწევ წარმატებას, გახდები თავდაჯერებული. გახსოვდეს, შენ ისეთი დიდი, სასტიკი, უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვს, რომ შენი შინაგანი გამოცდილება აუცილებლად დააინტერესებს ადამიანებს, მთავარია თავდაუზოგავად იშრომო.

4. სიყვარული და სექსი. ძირათადად, ეს ექიმ-სექსოლოგის სფეროა. ზოგადად ვიტყვი, რომ არსებობს ათასგვარი თანამედროვე ეფექტური მედიკამენტი, რომელიც აუმჯობესებს დათრგუნულ ჰორმონალურ ფონს, არეგულირებს ერექციას. მაგრამ წამლები დამხმარე საშუალებაა, მთავარი პრობლემა მაინც შენს ფსიქიკაშია. დასაწყისისთვის შეგიძლია დაიწყო პოტენციის სტიმულიატორებით, მერე დაანებებ თავს. ბოლო-ბოლო, რომელი სჯობს, იჯდე წამალზე თუ სტიმულიატორებზე? ალბათ მეორე! სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესება ალკოჰოლზე გადასვლით –  დამღუპველია! სამაგიეროდ, ფხიზელი ურთიერთობის აღდგენა საწინააღმდეგო სქესთან დაგეხმარება წარმატებაში ცხოვრების გზაზე, რადგან სწორედ ქალის, მისი სიყვარულის ხათრით მამაკაცი ყველაფერს შესძლებს, მიაღწევს ნებისმიერ მიზანს!

C. ახლობლებს!

1. დანებების მოტივაცია. ნარკომანიისგან თავის დახსნის პრაქტიკულად ერთადერთი რეალური და ეფექტური მოტივია – სიკვდილის შიში! რათა მკეთებელი დანებების შესახებ საბოლოო და შეუქცევად გადაწყვეტილებამდე მივიდეს, მისი გაჭირვების, ავადმყოფობის ხარისხი იმ უკანასკნელ ზღვრამდე უნდა დაეცეს, რომლის იქეთ აღარაფერია, გარდა სიკვდილისა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაშია დანებების რეალური იმედი. ამგვარი მდგომარეობაც მხოლოდ მაშინაა ეფექტური, თუ ეს დაცემა და ავადმყოფობა საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, დიდი ტკივილით, გარდაცვალების დიდხნიანი შიშით. იცოდეთ – ,,ოვერდოზისგან”, ტანჯვის გარეშე ,,გაპარვები” არ მოქმედებს მორფინისტზე, მას ისინი არც ახსოვს.

2. შეგონება. მშობლებო, დებო, ცოლებო, ამხანაგებო – ნუ მოგერიდებათ, მუდამ შეაგონეთ, დაარცხვინეთ, დასაჯეთ მორფინისტი! ნარკომანის აღქმა გახევებულია, სინდისი მიძინებული. არავითარი ნაზი მოპყრობა მასთან ურთიერთობისას არ გამოიღებს შედეგს! მაგალითად, მე ასე ჩამყვიროდნენ და სამუდამოდ დამამახსოვრდა: ,,არ გრცხვენია ასე ცხოვრების?! მე, შენს ადგილას, თავს მოვიკლავდი, შე უსირცხვილო და ნამუსგარეცხილო!”. ნუ გგონიათ, რომ მორფინისტი თქვენი სიტყვებით ისეთი შეურაცხყოფილი დარჩება, რომ თავს მოიკლავს! ნარკომანი მშიშარაა, ეგოისტიც, ის ვერ გაბედავს საკუთარი ნებით გამოესალმოს ტკბილ სიცოცხლეს.

3. სამედიცინო დახმარება. შორეული და ძვირიანი მკურნალობა, როგორიცაა ბიშკეკი და ნაზარალიევი, სხვა ამგვარი ,,სენსაციური” მეთოდები მოკლევადიან გაჯანსაღებას იძლევა. ოჯახი უზარმაზარ სახსრებს ხარჯავს და მალევე რწმუნდება გაღებული მსხვერპლის ამაოებაში. ჩვეულებრივი გადასხმები, მხოლოდ მცირეხნიანი, მაქსიმუმ ერთკვირიანი ,,კიბე“ ანუ დოზის დაკლება ტრამალით, საძილეები და შარდმდენები – ამგვარი პროცედურები ნებისმიერ ნარკოლოგიურში ტარდება. ასეთი მკურნალობა საკმარისია და სავსებით ხელმისაწვდომი.

P.S.

გიო – იარე რთული გზით, მიყევი წამლის გადაგდების ნაბიჯებს და გჯეროდეს, რომ ის, რაც ხელს გიშლის, დაძლევადია! ეს დაიწყება პირველივე წარმატების შემდეგ – დაბრუნდება ფხიზელი ცხოვრების ხალისი, დადებითი ემოციები და განცდები! შენი არსებობა შეიძენს აზრს! აიწევს თვითშეფასება და შენ ისეთი ამბიციური გახდები, რომ ყოველივეს მიაღწევ! იცოდე, შენ აუცილებლად გაიმარჯვებ!

მე – რამდენიმე ადამიანს გავანდე სათაურში გამოტანილ თემაზე ვმუშაობ-თქო. ბევრი გაბრაზდა, რადგან ჩვენ ,,სარკე“ და მასში საკუთარი თავის დანახვა მეტად გვაღიზიანებს – იმის მაგივრად რომ რთული გზით ვიაროთ, იოლს, სხვისი გინების გზას ვირჩევთ. თან მკითხეს – შენ გჯერა, რომ შენი ნაწერით რაიმეს შეცვლი და ვინმე დაანებს წამალს თავსო? პასუხი გაურკვეველია – არ ვიცი… უფრო მეტიც – ალბათ არა, არ მჯერა, მაგრამ ვიცი, გიორგის ისტორიის მოსმენის შემდეგ, ჩემი ვალია დავწერო, ვუთხრა მათ, რომ გვიან არასოდეს არის. დანარჩენი – პირადად ნარკომანის გადასაწყვეტია. მე მსურს თუნდაც იმედი მივცე მათ, ხოლო იმედი საკმაოდ ბევრია! მე ასე ვთვლი.

rabზურაბ ოდილავაძე. 2010 წელი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s