აკაკი ბაქრაძე რობერტ სტურუას შესახებ

,,როცა ნიჭიერი თუ უნიჭო რეჟისორი თავის თავისუფლებას ცკ-დაქირავებაზე გაცვლის, იგი უკვე მკვდარია” – აკაკი ბაქრაძეთხზულებანი – ტომი VIII, 617-622 გვ. (როსტომ ჩხეიძის საერთო რედ., ტომის რედ.- ლაშა ბაქრაძე)

წიგნი

,,ბ-ნო ვანო!

თქვენ გაინტერესებთ, რატომ წამოვედი თეატრიდან. გიპასუხებთ, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ პასუხს გეტყოდეთ, უნდა ზოგიერთი რამ განვმარტო.

თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი, მე ყოველთვის ნაკლებ მაინტერესებდა. ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტად არა, ვიდრე ჩვეულებრივ მაყურებელს. როცა კინოში ვმუშაობდი, მაშინ იმასაც კი ვფიქრობდი, რომ თეატრი დაბერდა, მოძველდა და აღარ უნდა არსებობდეს-მეთქი. შეიძლება ეს გაგიკვირდეთ და მკითხოთ, რატომღა დავთანხმდი თეატრში მუშაობას?

თეატრთან ჩემი დაკავშირება მოხდა სერგო ზაქარიაძისა და აკაკი დვალიშვილის ინიციატივით. თქვენ გახსოვთ, რომ ს.ზაქარიაძემ შემომთავაზა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგის ადგილი. როცა ეს წინადადება მივიღე, დავფიქრდი, შევძლებდი თუ არა ჩემი მიზნისა და ამოცანის ნაწილობრივ განხორციელებას. რატომღაც დავასკვენი, რომ მოვახერხებდი.

მაინც რა მიზანი და ამოცანა მქონდა დასახული?

მე, ყმაწვილობის ასაკშიაც კი, არ ვეკუთვნოდი იმ ადამიანთა რიგს, რომელნიც ფიქრობდნენ, რომ კომუნისტურმა მოძრაობამ კაცობრიობას ბედნიერება მოუტანა. ყოველთვის კარგად ვიცოდი, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს ნაძირლებმა. ისიც მკაფიოდ მქონდა წარმოდგენილი, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში პატიოსანი ცხვორება შეუძლებელია და ადამაინმა თავი მხოლოდ ორპირობით, ლაქიაობით და უფროსის უკანალის ლოკვით უნდა გაიტანო. რაკი ყველაფერი ეს ნათლად მქონდა წარმოდგენილი ბუნებრივად დადგა ჩემ წინაშე საკითხი – როგორ მეცხოვრა?

არსებობდა უკვე გატკეპნილი, ყველასათვის ხელმისაწვდომი გზა – შევერთებოდი ორპირებს, უნამუსოებს და სინდისგარეცხილთა არმიას. მეკეთებინა ყველაფერი ჩემი ნამუსის საწინააღმდეგოდ. ეს არ არის ძნელი საქმე, თუ პატიოსნებაზე აიღებ ხელს. მით უმეტეს, ამას იოლად აკეთებენ ლიტერატორები. სტუდენტობისა და დამოუკიდებელი საქმიანობის პირველ წელიწადს მე მოვსინჯე ეს გზა. უნდა გითხრათ, რომ კარგად გამომივიდა. მეტად ნიჭიერს მეძახდნენ და ოქროს მთებს მპირდებოდნენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისიც ცხადი იყო, რომ ხელი უნდა ამეღო ჩემს პიროვნებაზე და გავთქვეფილიყავი სხვაში. ეს არ ვისურვე და გადავწყვიტე სხვა გზას დავდგომოდი. ჩემი მიზანი და ამოცანა ასე ჩამოვაყალიბე – რაკი მე საბჭოთა სინამდვილეს თავს ვერ დავაღწევ, უნდა ყოვეგვარ პირობებში მოვახერხო და ვილაპარაკო სიმართლე. ვამხილო საბჭოთა სიცრუე და ორპირობა. რაც ეს გადავწყვიტე, მერე უკან არ დამიხევია და თქვენ 1957 წლიდან ვერ ნახავთ ჩემს ვერცერთ სტრიქონს, სადაც მე ის მეთქვას, რასაც არ ვფიქრობდი. ვერ ნახავთ სტრიქონს, დაწერილს ვინმეს საამებლად და სალაქიოდ. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც ბევრი შეცდომა მომსვლია. მაგრამ ეს იყო ჩემი საკუთარი შეცდომა და არა სხვის დუდუკზე ხტომის შედეგი.

როცა რუსთაველის თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგეობა შემომთავაზეს, როგორც გითხარით, ჩავთვალე, რომ მოვახერხებდი სცენიდან სიმართლის თქმას. მაგრამ ჩემი და ს.ზაქარიაძის ერთად მუშაობა აღარ მოესწრო. ს.ზაქარიაძე ჩვენი საუბრის შემდეგ მალე გარდაიცვალა. თეატრის დირექტორად დანიშნეს ოთარ ქინქლაძე. მე მაინც დავიწყე ლიტერატურული ნაწილის გამგედ მუშაობა, მაგრამ, როგორც იცით, ორიოდე თვეში ამ საქმეს თავი დავანებე. რატომ? იმიტომ, რომ ოთ.ქინქლაძეს თეატრი არ აინტერესებდა. იგი თეატრს უყურებდა, როგორც ტრამპლინს, ახალი, უფრო მაღალი თანამდებობის მისაღებად. ასეც მოხდა. მან მალე მიღო მაღალი თანამდებობა. ცხადია, ამ მიზნით თეატრში მოსული კაცი ჩემს წინადადებებს არ დაეთანხმებოდა და ჩემს თეატრში მუშაობას აზრი არ ჰქონდა. მეც წავედი.

Baqradzeმერე, როცა ოთ.ქინქლაძე გადაიყვანეს და ახალი თანამდებობა ჩააბარეს, აკაკი დვალიშვილის წინადადებით, მე დამნიშნეს თეატრის დირექტორად. დავთანხმდი ამას იმიტომ, რომ მომეჩვენა, დირექტორობა კიდევ უფრო მეტად მომცემდა საშუალებას განმეხორციელებინა მიზანი. მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოვტყუვდი.

აღმოჩნდა, რომ მე თეატრს არ ვიცნობდი და, როგორც მაყურებელს, მასზე ზერელე წარმოდგენა მქონდა. მართალია, კინოში მუშაობის გამო, ბევრ გამოჩენილ მსახიობს პირადად ვიცნობდი და ზოგიერთთან ახლო მეგობრობაც მაკავშირებდა, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი თეატრის არსის ამოსაცნობად. როცა მე ჩემი გეგმები გავაცანი თეატრის უკეთესს ნაწილს, სამწუხაროდ, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ჩემდა გასაოცრად დავინახე, რომ მათთვის სულერთია, რას დადგამენ, ოღონდ თეატრში იყოს მაყურებელი და ის ტაშს უკრავდეს. თეატრის ერთადერთი ოცნება ეს ყოფილა. მას თურმე არ აინტერესებს, რას ამბობს, რატომ ამბობს, რა მიზნით, რა ამოცანით. ვის ემსახურება და რას ემსახურება. თუ ტაშს დაუკრავენ, მზად არის განურჩევლად ყველას ემსახუროს. ეს ჩემთვის მძიმე აღამოჩენა იყო, მაგრამ გული არ გამტეხია, რადგან მაინც ვფიქრობდი, რომ გამოსავალი მოიძებნებოდა.

ჩემთვის ნათელი იყო, რომ ძირითადად ორ კაცს – თემურ ჩხეიძესა და რობერტ სტურუას უნდა დავყრდნობოდი. უბრალოდ იმიტომ, რომ უშუალოდ პროდუქციას (წარმოდგენას) ისინი ამზადებდნენ. სხვა რეჟისორები მე არ გამომადგებოდნენ და ჩემი ორიენტაციაც ამ ორ კაცზე იყო აღებული. თ.ჩხეიძესთან კონტაქტის დამყარება მე უფრო გამიჭირდა, ვიდრე რ.სტურუასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა თეატრში პატარა კონფლიქტით დაიწყო. გახსოვთ ალბათ, რომ, როცა მე უარი ვუთხარი რ.სტურუას, რ.გაბრიაძის პიესას ,,ხანუმა პარიზში” არ დაგადგმევინებ-მეთქი, იგი თეატრიდან გაიქცა და ორი თუ სამი თვე არ მოსულა. კომპოზიტორი გია ყანჩელი აქეზებდა, არ მიხვიდე, იძულებული გახდება შეგეხვეწოს და ,,ხანუმა პარიზში” დაგვადგმევინოსო. ნაირნაირი ხმებიც მოჰქონდათ ჩემთან – სტურუა განცხადებას წერს და თეატრიდან მიდისო. მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან კარგად ვიცოდი, არც რეჟისორი და არც მსახიობი, როგორი შეურაცხყოფაც უნდა მიაყენო მას, თეატრიდან არსად წავა. მართლაც, სეზონის ბოლოს იგი თეატრში მობრუნდა და გვქონდა საქმიანი საუბარი. მაშინ შევთავაზე მე მას პ.კაკაბაძის ,,ყვარყვარე თუთაბერი”. ჯერ თავი შეიკავა. თქვა, რომ ეს პიესა სუსტია და მისგან რა გამომივა, წარმოდგენილი არა მაქვსო. მე გავაცანი ჩემი გეგმა. ვუთხარი – ,,ყვარყვარეს” მოტივები კაკაბაძეს სხვა პიესებშიც აქვს. მოდი, ყველას ერთად მოვუყაროთ თავი, გავაერთიანოთ და ამით შევავსოთ ის ხარვეზები, რომელიც ,,ყვარყვარე თუთაბერს” აქვს-მეთქი. ეს მოეწონა და რამდენიმე დღე ითხოვა მოსაფიქრებლად. არ დასჭირვებია ეს რამდენიმე დღე. მეორე დილითვე მოვიდა და მითხრა – ვიცი, როგორც უნდა დავდგაო. მართლაც მშვენიერი ფორმა მოძებნა: ბოროტი კეთილის უკანა მხარეა. ქრისტე და ანტიქრისტე.sturua1-300x203

ჩვენ ორიოდე კვირაში დავამუშავეთ ლიტერატურული ვარიანტი. მერე იგი დაიდგა. ,,ყვარყვარესთან” დაკავშირებით რაც მოხდა, ეს თქვენ კარგად იცით.

მერე კარგა ხანს ჩვენ თანხმობით ვმუშაობდით. უსიამოვნება არც წამოსვლის წინ მომსვლია, მაგრამ ჩემი დარჩენა თეატრში აღარ ღირდა.

თქვენ იცით, რომ 1978 წლის 14 აპრილსა და კონსტიტუციასთან დაკავშირებული ამბების გამო ხელისუფლება ძალიან გადამეკიდა. ჩემი მოხსნის საკითხი რამდენჯერმე იდგა, მაგრამ ვერ გაბედეს. ერთხელ ოთ.თაქთაქიშვილს დაუყვირა კიდეც შევარდნაძემ – შენ რა მინისტრი ხარ, ბაქრაძე ვერ მოგიხსნიაო. შეშინებული თაქთაქიშვილი სამინისტროში მოვარდა და მეხვეწებოდა, წადი თეატრიდან, კულტურის სამინისტროში გადმოგიყვან, იქ იმუშავეო. მე ჯიბრის გამო უარი ვუთხარი. ასეთი რამ ბევრჯერ მოხდა. ყველა რომ გიამბოთ, ძალიან გრძელი გამოვა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ორი წლის მანძილზე ხან მხსნიდნენ და ხან მტოვებდნენ. ელოდნენ ჩემს განცხადებას. მე არ ვწერდი მას. ერთხელ ტრისტან ყველაიძეს ვუთხარი კიდეც – განცხადებას არავითარ შემთხვევაში არ დავწერ-მეთქი. თუ უნდათ ისე მომხსნან-მეთქი. მერე მაინც დავწერე განცხადება და აი, რატომ.

როცა ამგვარ სიტუაციაში ვიყავი, რ.სტურუა (და სხვები) სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს ,,ცარცის წრის” გამო. ეს აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ სტურუას დაქირავებას აპირებდნენ და ჩემთან მის დაპირისპირებას. ეს რომ ასეა, ამას ის ადასტურებს, რომ ,,ცარცის წრე” დაგვიანებით და ინსტრუქციის დარღვევით წარადგინეს პრემიაზე. სამინისტრომ ყალბი დოკუმენტი შეადგინა, თითქოს ,,ცარცის წრის” განახლებულ, გადაკეთებულ ვარიანტს ადგენდნენ პრემიაზე.

,,ცარცის წრით” დაგვიანებული დაინტერესება ნაკარნახევი იყო ანგარებით. თუ სტურუას დააჯილდოვებდნენ, ჩამოაცილებდნენ იმ გეზს, რომელსაც ერთად ვადექით. რა თქმა უნდა, სტურუას პრემიაზე უარის თქმა არ შეეძლო, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაცით უნდა გამოეხატა პრემიისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამიტომ მე ვუთხარი მას, არ წასულიყო მოსკოვში პრემიის მისაღებად. ამით გასაგები გახდებოდა, რომ იგი მაინცა და მაინც დიდად არაფრად აგდებდა პრემიას. ჯერ დამპირდა, არ წავალო, მაგრამ მერე, ეტყობა სხვების შთაგონებით, მაინც წავიდა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ იგი მაშინვე წამოეგება ანკესს, როგორც მას ხელისუფლება გადმოისვრის.

STჩემი ეს ვარაუდი უტყუარად დაადასტურა შევარდნაძემ ЛГ-ს კორესპონდენთან საუბარში – ,,…მოუთმენლად მოველით სპექტაკლს თანამედროვეობის მწვავე პრობლემებზე, რომელსაც რუსთაველის სახელობის თეატრში ამზადებს რობერტ სტურუა” (გაზ. ,,კომუნისტი”, 1980 წ., 21 სექტემბერი). ცხადი გახდა, რომ სტურუა დაქირავებული რეჟისორი შეიქნა. დაქირავებულთან კი მე არაფერი მესაქმებოდა. სხვა რეჟისორი კი თეატრში არ იყო. ნ.ხატისკაცი და გია ანთაძე ძალიან სუსტები იყვნენ, რომ მათგან რაიმეს იმედი ჰქონოდა კაცს. თემურ ჩხეიძეს კი არ უნდოდა თეატრში მუშაობა. იგი ძალდატანებით რჩებოდა თეატრში. ასეთ ატმოსფეროში მე აღარაფერი საქმე მრჩებოდა.

როცა ნიჭიერი თუ უნიჭო რეჟისორი თავის თავისუფლებას ცკ-დაქირავებაზე გაცვლის, იგი უკვე მკვდარია. მისგან ცოცხალი აღარაფერი გამოვა. ახლა სტურუა მხოლოდ იმ შეკვეთაზე უნდა ფიქრობდეს, რომელიც შევარდნაძისაგან მიიღო. ამგვარი წარმოდგენის დადგმა მას გაუჭიდება იმიტომაც, რომ იგი ცინიკოსია ბუნებით და პანეგირისტული წარმოდგენა ძნელად გამოუვა. ეს ობიექტურად. სუბიექტურად კი მას შევარდნაძე სთხოვს – დადგას წარმოდგენა, რომლის გმირი თავად შევარდნაძე იქნება. შევარდნაძეს ისევე უნდა უმღეროდნენ, როგორც სტალინს და ბერიას უმღეროდნენ, მაგრამ ამას აშკარად ვერ ბედავს, რამეთუ ჯერჯერობით მოსკოვის ცკ არ ითხოვს ამას. ამიტომ ალეგორიულად უნდა ილაპარაკონ ამაზე. ისე, როგორც რ.ჩხეიძე აკეთებს თავის ფილმში. მაგრამ რ.ჩხეიძე იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან ეშინია, მისი შვილი თამრიკო არ დაიჭირონ, როგორც დისიდენტი. სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს!  მაშასადამე, ლაქიობა მისი ბუნებაა. სტურუამ ეს არ იცის, მაგრამ, როცა მას პრემიით აჯილდოვებდნენ, მე ენუქიძე მელაპარაკა და მისაყვედურა – რატომ უჭერ მხარს სტურუას. ხომ იცი, რომ ეგ შევარდნაძის მტრების ნათესავია (გულისხმობდა დ.სტურუას და ვ.სირაძეს) და მათი დავალებით მოქმედებს. ჩვენ კარგად ვიცითო, მითხრა, რომ თქვენ კარგა ხნის დადგმული გქონდათ ,,რიჩარდ მესამე”, მაგრამ მის გამოშვებას განგებ აჭაიანურებდით. როცა გაკვირვებულმა ვკითხე – რატომ ვაჭიანურებდით განგებ-მეთქი? ენუქიძემ მიპასუხა – შევარდნაძის მოხსნას ელოდით, რომ მერე ხალხი გაგეცინებინათ ხშირად გამეორებული ,,ედვარდ… ედვარდ”-ითო. მაგრამ შევარდნაძე აღარ მოხსნესო და იძულებული გახდით სპექტაკლი გაგეშვათო. როცა ეს სისულელე მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს შევარდნაძის ნათქვამი იყო, რადგან ენუქიძე ამგვარ აბდაუბდას ვერ მოიგონებდა.

ჩემი და ენუქიძის ლაპარაკი უსიამოვნოდ დამთავრდა. ეჭვით ავადმყოფს ქვეყნის მართვა არ უნდა ევალებოდეს- მეთქი, ვუთხარი და წამოვედი.

დააკვირდით სიტუაციას: სტურუას თან აჯილდოვებენ და თან მტერს ეძახიან. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ წაგვკიდონ და ამით ისედაც ჩაშლილი საქმე თეატრში მთლად ჩაშალონ. სტურუას მეტი ვერავინ ვერაფერს დგამდა. თუ ის და მე წავიკინკლავებდით, ისიც ვერაფერს გააკეთებდა და საქმე სულ წახდებოდა.

ამას დაემატა ისიც, რომ ყველა ჩემს წინადადებაზე – თეატრს ესა და ეს სჭირდება-მეთქი – სამინისტროცა და ცკ-ც უარს მეუბნებოდა. ესეც გამიზნული იყო”.

ბოლოუკომენტაროდ… 2011 წელი, ივნისი. ზურაბ ოდილავაძე

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

22 Responses to აკაკი ბაქრაძე რობერტ სტურუას შესახებ

  1. ხალხის მასამ აკაკი ბაქრაძის სახელი 1989 წელს “ბაქრაძე-პანტიკო-ს” ძახილის დროს გაიგო… კაკო ბოღმა კაცი იყო და ვისაც ეს არ ახსოვს, გადახედოს თუნდაც ზემოთმოყვანილ მის თხრობასა და ადამიანებთან დამოკიდებულებას. თანაც იმ დროს დიდი მოწონებით სარგებლობდა საზოგადოებაში ენამწარობა წივწივაძისეული “გალაშქრებები”. რობერტ სტურუა ნამდვილად სხვა წონითი კატეგორიის მოღვაწეა და თავისი ქვეყნის, საქმის და ხალხისთვის გაცილებით უფრო დიდი ფიგურაა ვიდრე კაკო ბაქრაძე. საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძისგან ბაქრაძე-პოლიტიკოსი არ შედგა. უკმეხი და ღვარძლიანი (ზოგ შემთხვევაში არცთუ უადგილო) გამონათქვამებით საქმე შორს არ მიდის. როცა საქმე საქმეზე მიდგა, ბატონმა კაკომ ორი სიტყვაც ვერ შეაწია თავის ერს მოსკოვში სსრკ უმაღლესი საბჭოს ყრილობაზე 9 აპრილის თაობაზე გამართულ დებატებზე. რატომ?… ვინც ესწრებოდა მაშინდელი ქართველი დეპუტატების საზოგადოებასთან კულუარულ შეხვედრას მოსკოვში, გაახსენდება – “კაკომ რუსული კარგად არ იცისო”. რუსულის ცოდნა-არცოდნაში არ არის აქ საქმე…. რობერტ სტურუა საერთაშორისო მასშტაბის ფიგურაა, კაკო ბაქრაძე კი მხოლოდ ქართულ-ნაციონალური. ცხადია, ეს ყველა ჩემი პირადი შეხედულებაა და ვფიქრობ, დრომოჭმული იაფფასიანი პასკვილები რობერტ სტურას ვერაფერს დააკლებს. სტურუას კიდევ მრავალჯენ დაუკრავენ ტაშს და არა მარტო საქართველოში.

    • ყველა საამაყო შვილი საქართველოსი ქართულ ნაციონალური მასშტაბის იყო. საერთაშორისო მასშტაბის თან შემდგარი პოლიტიკოსი შევარდნაძე გვყავდა ,სტალინზე აღარაფერი რომ არ ვთქვათ, რა სიკეთე გვიყო ან ერთმა ან მეორემ კარგად ვიცით.დღესაც იმ ქვაბში ვიხარშებით მათ რომ შემოდგეს საერთაშორისო ცეცხლზე .

  2. odilavadze says:

    რობერტ სტურუა, როგორც ხელოვანი ცალკე თემაა და თან სადავო. პირადად ჩემთვის საინტერესოა მისი საბჭოელობა, პირდაპირ რომ ვთქვა, რუსეთისადმი თავდადება, უსაზღვრო ერთგულება და აშშ-ს (დასავლეთის) მიმართ მრავალგზის გამოხატული სიძულვილი

  3. odilavadze says:

    ახლა ,,საქართველოში ტაშზე”: გთხოვთ იხი­ლოთ და­თო პა­პა­ვა-გურ­ჯის წე­რი­ლი – ,,რო­ბერტ სტუ­რუ­ას სიზ­მრე­ბი – ანუ რამ და­ღუ­პა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი”:
    http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=224

  4. avtandili says:

    ნიჭიერი არ ნიშნავს პატრიოტს, სტურუა ნიჭიერია მაგრამ აი პატრიოტის რა მოგახსენოთ🙂

  5. maia says:

    უბრალოდ, ნაგავია =D

  6. zezva says:

    ¨კაკო თუ ბოღმა იყო¨ მაშინ აღარ ყოფილა საშველი, ტქვე მართლა ბოღმა ბოლშევიკო ¨გრუზინებო¨!!! გვაცადეთ ცხოვრება ქართველებს!!!

  7. ასურბანიფალი says:

    თუ კაკო ბაქრაძე ბოღმა იყო, მაშინ გაუმარჯოს ბოღმას…ნამუსი არ გაქვს რაზე ლაპარაკობ, ჯერ კაკოს რომ არაკაც სტურუას შეადარებ უკვე გეტყობა განათლებულობა…

  8. axaligazeti@mail.ru says:

    აკაკი ბქრაძის თუ რამე გაქვთ წაკითხული, უნდა ხვდებოდეთ რომ ის თანამედროვეობის ერთ-ერთი პროგრესული მოაზროვნე და ამავე დროს კარგი ქართველი იყო!!!

    • Maya says:

      მაგას რომ ხვდებოდნენ და საერთოდ ამ ქვეყანაში მოაზროვნე ადამიანები რომ უყვარდეთ ასე არ ვიცხოვრებდით…

  9. Qurdi Maxo says:

    ბრავო ბ-ნო ზურა

    • ლევან ფერაძე says:

      საქმე გაცილებით მარტივადაა, სტურუას, ჩხეიძეს, ამაშუკელს და ძალიან ბევრ ეგეთი ტიპის ხელოვანი თვითიდენტიფიცირებას აკეთებდნენ როგორც cccp-ის მოქალაქეები, მაგათ მართლა წაართვეს სამშობლო. ისინი იხარჯებოდნენ დიდი “სამშობლოსთვის” და იღებდნენ კიდევაც შესაბამის დივიდენდებს ბინების, აგარაკების, 24-ს (წელიწადში ერთხელ), ორდენების, სახ. პრემიების სახით. როგორ შეიძლება მათი და იმ ფენომენის შედარებაც კი რასაც კაკო ბაქრაძე ერქვა. ადამიანმა მოახერხა, რომ გაქანებული კომუნისტების მმართველობის დროს, თავისი ლექციებით, თაობები განმსჭვალა ჭეშმარიტი პატრიოტიზმის გრძნობით.

  10. ედიშერ ჯანჯულია says:

    …მე,როგორც ამ ქვეყნის შვილს,მეც მაქვს კითვები ბ-ნ სტურუასთან,თუნდაც მისი დამოკიდებულება ,,ვეფხისტყაოსანთან” და მრავალი სხვა,მაგრამ როცა ვხედავ რატომ ქვეყნდება დღეს ათეული წლების წინ -ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის-აკაკი ბაქრაძის ნათქვამი,ამას მარტივად ვერ შევხედავ და ვერც გავიზიარებ…აკაკი ბაქრაძის შვილს,ლაშა ბაქრაძეს ერთხელ არ მოსვლია აზრად გაეკრიტიკებინა ის უბედურება,რაც 9 წლის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა…ეხლა მისტირის მიშას…ეხლა ორიოდე სიტყვა ჩემი მეგობრების გასაგონად…ზვიად გამსახურდია აკაკი ბაქრაძეს უწოდებდა მეოცე საუკუნის ილია ჭავჭავაძეს…აკაკი ბაქრაძემ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა,როცა ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ავირჩიეთ…

  11. ზურა დ. says:

    სტურუა ნიჭიერი საბჭოთა რეჟისორი იყო. დამოუკიდებელ საქართველოში ის უფუნქციოდ დარჩა და ეს ყველა საბჭოთა შემოქმედს დაემართა. ამიტომ არიან ასე გაბოროტებული და რუსებს უძვრებიან, რადგან ჰგონიათ, რომ ამით მათი დიდება დაბრუნდება. ტყუილი ოცნებაა. დღევანდელ საქართველოს სხვა დონის შემოქმედები ჭირდება. რაც შეეხება სტურუას შედარებას აკაკი ბაქრაძესთან, ეს უბრალოდ სიბრიყვეა. ბატონი კაკო ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილი იყო საბჭოთა საქართველოში, რომლის პატრიოტობასა და აზროვნების სიღრმეში ეჭვს მხოლოდ უვიცი ან ქართველობის მოძულე თუ შეიტანს.

  12. odilavadze says:

    ზურა დ. – თქვენ ყველაზე მარტივად, მოკლედ და გასაგებად ახსენით ის, რაც რეალურად მოხდა – დედა საბჭოეთის გარეშე ამ ადამაინების უფუნქციოდ დარჩენა და ამის გამო გაბოროტება. გმადლობთ თქვენ!

  13. sava says:

    sheidzleba sturua rogorc xelovani da shemoqmedi carmoadgendes ragac paseulobas, magram misi pasi baqradzestan mimartebashi da aseve qveknis patriotizmtan dakavshirebit nulis tolia, scorad agnishnes megobrebma, rom is rusetis mexotbe imis gamo aris, rom mas dgemde sjera tu saqartvelo dabrundeba rusul orbitaze, romeli orbitac jerjerobit kidev datovebuli ar gvaqvs sturuas da misnairi shemoqmedi xelovanebis shemceobit, is daibrunebs dzvelebur didebas da takvaniscemas romelic patriotuli suliskvetebita da tavisuplebis survilit gajgentilma mamulishvilebma samudamo chrilshi moaqcies, amdenad chemo kargebo droulad mivcet shepaseba kvela im vai da vitom patriot mamulishvilebs, romlebic gulmxurvaled ibrdzvian rogorme saqartvelo kvlav rusuli politikis tu cnexis qvesh moeqces.

    • ქართული შრიფტით დაგეწერათ, პატივცემულო… ქართულის მეხოტბესავით… განტოლებების რა მოგახსენოთ, მაგრამ “მისი (სტურუას) ფასი ბაქრაძესთან მიმართებაში” -პასაჟმა ერთობ გამახალისა🙂

  14. “… რ.ჩხეიძე იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან ეშინია, მისი შვილი თამრიკო არ დაიჭირონ, როგორც დისიდენტი. სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს! მაშასადამე, ლაქიობა მისი ბუნებაა….” :)))))

  15. აკაკი ბაქრაძის ლექციებზე უნივერსტეტში ფეხის დასადგამი ადგილი აღარ რჩებოდა, დარბაზი ისრუტავდა ყველა მის სიტყვას, რომელიც ყოველთვის იყო მართალი და არც ერთი ფრაზა ყალბი, სამწუხაროა, რომ აკაკი ბაქრაძის სიკვდილის შემდეგ საზოგადოებაში აღარ დარჩა ადამიანი რომლის სიტყვასაც ადამიანები ენდობიან, აკაკი ბაქრაძე ბოლო იყო!

  16. მაკა ნაცვლიშვილი says:

    ვერ იტანთ გენიოსებს! მოკალით ეს სტურუა რომ დაისვენოთ!
    აკაკი ბაქრაძე ცალკე განძიამ მაგრამ მასე სტურუამ რომ მოაღოს პირი… რასაც ის არასოდეს გააკეთებს! ის ყოველთვის მაიმუნობს. ყველა ნიჭიერი ქართველი უყვართ და პატივსს სცემენ ააქართველოს გარეთ, სტურუა არის გმირი რომ ამდენ წინადადებაზე ყქბა უარი და დარჩა მთელი ცხოვრება საქართველოში.
    მეცოდება ჯერ არ დაბადებული ქართველი გენიოსები, რა ელით , რა სიმწარე, თუმცა ზღაპრის ბოლო კეთილია

  17. kostas says:

    ძალიან თვითკრიტიკული სტატიაა – თეატრი არ მესმოდაო! მგონი რომ მართლაც ასე იყო. თუმც „ატმანიანი თეატრი გვჭირდება” ნამდვილად პროგრამული ტექსტია იდეის თვალსაზრისით. მაგრამ თეატრი სხვანაირია – დიახ მისი ბუნების ნაწილია ის, რომ მაყურებელი უნდა მოვიდეს და ტაში დაუკრას- სხვანაირად წარმოდგენა არ შედგება. და თუ იდეა არ ესმის, ან ჯერ ადრეა, ანუ თანხვედრა თუ არ მოხდა, არც მოვა და არც ტაშს არ დაუკრავს. ბაქრაძის ლექციებზეც დავდიოდი და სტურუას სპექტაკლებზეც. პირველმა ქართული ლიტერატურა სხვანაირად დამანახა, მეორემ ქრთული თეატრი. ორივე ძალიან საჭირო და დიდ საქმეს აკეთებდნენ მაშინ, ოღონდ თავის საქმეში. ბრავო აკაკი ბაქრაძეს, რომ ეს აღიარა (ანუ თეატრი რომ არ ესმოდა)! დანარჩენი, სამწუხაროდ ძალიან „ქართული წვრილმანია” და არ ღირს ყურადღების მიქცევა.

    • odilavadze says:

      დიახ, თითქმის ყველაფერში გეთანხმებით. ეს ,,თითქმისაც” მხოლოდ სტურუას ბოლოდროინდელი ,,განცხადებებიდან” გამომდინარეობს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s