საბჭოელები VS ახალი ფეოდალები

,,ღმერთმა დაგიფაროთ გარდაქმნების ეპოქაში ცხოვრებისგან“ – ძველი ჩინური სიბრძნე

მოგვწონს თუ გვაღიზიანებს უახლოესი წარსული, ჩვენ მოგვიწევს მისი გააზრება, რადგან სხვაგვარად წინ ვერ წავალთ. ამასთან დაკავშირებით, მეტად თვალსაჩინოა სულ ახლახანს ,,იმედის“ ეთერში ჩატარებული დისკუსია – ,,უნდა გაემართა თუ არა ,,ერისიონს“ კონცერტები რუსეთში?“. გადაცემას თან ახლდა ინტერაქტიური გამოკითხვა, რომელიც ასეთი შედეგით დასრულდა: 25% – არა, ხოლო 75% – დიახ. დავიმახსოვროთ ეს ციფრები…

Vojd Kerpi

I. საბჭოელები

,,ბოროტების იმეპერია“ დაემხო, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შევუდექით ახალი სახელმწიფოს შენებას. თუმცა, ცხადია ადამიანთა მენტალობა საბჭოური დარჩა, რაც პირველ რიგში, კოლექტივიზმს გულისხმობს. კოლექტიური აზროვნება უკვე, თავისთავად, გამორიცხავს ინდივიდუალიზმს; სწორედ ის წარმოადგენს უმრავლესობის ინდივიდებზე დიქტატის საშუალებას; ის აიძულებს ადამიანებს, გაერთიანდნენ ,,ერთმორწმუნე“, უსახურ მასაში, სადაც გარანტირებულია კომფორტული და უპასუხისმგებლო არსებობა. ერთი სიტყვით, კოლექტივში მისი წევრი ისე დაცულად გრძნობს თავს, როგორც ცხოველი – საკუთარ ჯოგში. კოლექტიური ფსიქოლოგია კი ასეთია: ,,ვინც ჩვენს აზრს არ იზიარებს – ის მტერია და უნდა განადგურდეს”.

ამავდროულად, რუსეთის იმპერიის წიაღში განვითარებამ წარმატების შესაბამისი სტერეოტიპებიც ჩამოგვიყალიბა. იგივე ხელოვანი თუ არტისტი საკუთარი თავის რეალიზებას დღესაც მხოლოდ რუსულ სივრცეში ხედავს – ესაა მის წარმოდგენაში წარმატების უმაღლესი საფეხური. მართლაც, მაგალითისთვის, ,,რუსული რომანსების“ მგზნებარე შესრულებით ამერიკელებისა თუ ევროპელების ფართო მასებს დიდად ვერ მოხიბლავ. სწორედ რუს ბატონს მიიჩნევს ყმა უმაღლეს მსაჯულად – ასეა მოწყობილი საბჭოური ტვინი და ამას არაფერი ეშველება. ყოფით დონეზეც ქართველი რუსთან ადვილად იძენს წარმოსახვით უპირატესობას და შესაბამისად, მონა მონასთან თავს კომფორტულად გრძნობს –  მათ ფასეულობები, მისწრაფებები და ტკბილად მოსაგონარი წარსულიც ერთი აქვთ.

დადგა 2003 წელი – ,,ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა“. მიუხედავად, თითქოსდა რევოლუციის იდეების საყოველთაო მხარდაჭერისა და მისი ლიდერების საერთო-სახალხო პოპულარობისა, უკვე 2006-2007 წლებისთვის საპროტესტო ტალღამ პიკს მიაღწია. მეპროტესტეების აღშფოთების მიზეზს ,,ღირსების წართმევა“ წარმოადგენდა. დიახ, ასეც იყო, რადგან საბჭოელებმა ფაქტობრივად საკუთარი ,,მე“ დაკარგეს. ისინი ახლადდადგმულ ცხოვრებისეულ სპექტაკლში თავის როლს ვერ ხედავდნენ, პირდაპირ, რომ ვაღიაროთ ამ ადამიანებისთვის რაიმე სასარგებლო ფუნქციას ახალი რეალობა არც ითვალისწინებდა. ამისათვის საბჭოელები არც ინგლისურ ენას ფლობდნენ და არც შესაბამისი ცოდნა თუ უნარჩვევები გააჩნდათ. მათ ბედ-იღბალზე ნაკლებად ფიქრობდნენ – ყველას ეგონა, რომ ეს ,,დინოზავრები“ დროთა განმავლობაში თავისით გადაშენდებოდნენ.

რეალურად კი მოვლენები ასე განვითარდა: დასავლურ დემოკრატიულ საზოგადოაბაში არსებობა ამ ადამიანებისთვის სიკვდილის ტოლფასი აღმოჩნდა, რადგან ის ძველი, საბჭოური ,,მე“-ს მოკვდინებას და ახალი ,,მე“-ს შექმნას მოითხოვდა; ,,კოლექტივისტებს“ კი არც ინდივიდუალისტებად გარდაქმა და არც  თავისუფალი ბაზრის კონკურენციაში ჩაბმა არ სურდათ – მათთვის ხომ მხოლოდ ნათესაური კავშირებით, სატელეფონო ზარებითა თუ ქრთამის გაცემით წინსვლის გზა იყო ცნობილი; ამიტომაც საბჭოელებმა საკუთარი თავის ამ მტკივნეულ, შრომატევად გარდაქმნაზე უარი განაცხადეს და შედეგად, ეს ადამაიენბი უიმედოდ ჩამორჩნენ; საბჭოურმა ინერტულობამ და ახლის მიუღებლობამ მათი კოლექტივი კიდევ უფრო შეადუღაბა ერთი მიზნისთვის – ყველა გზებით ებრძოლათ ძველი სოციალური წყობისა და იერარქიის აღდგენისთვის.

 გაჩაღდა ბრძოლა ,,ღირსების დაბრუნებისთვის” – ტოტალიტარული დეიდები  და ბიძიები, მათი ახალაგაზრდა, მაგრამ, ოჯახური ტრადიციებისამებრ, მაინც ,,დინოზავრი“ შვილები რევანშისთვის მზადებას შეუდგნენ! საბჭოელების პოპულაცია ხომ ზემოთხსენებულ 75–80% შეადგენდა. ასეთმა დიდმა რიცხობრივმა უპირატესობამ და რუსეთის მხარდაჭერამ მათ საშუალება მისცა არა მხოლოდ დასავლური გამყინვარება გადაეტანათ, არამედ 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებში გაემარჯვათ კიდეც. თუ ადრე ოკუპანტთან ლაქუცი ,,ტოლსტოისა და დოსტოევსკის“ სიყვარულით მართლდებოდა, დღეს, დროშაზე ლოზუნგით – ,,აბა, არ ველაპარაკოთ მეზობელს?!“ ხელდამშვენებულმა საბჭოელებმა, ,,ხელოვნება და პოლიტიკა გამიჯნეს“ და ბატონის საამებლად ,,წითელი მოედნისკენ“ დაიძრნენ.

II. ახალი ფეოდალები

ჩემი აზრით, 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციის“ მთავარი იდეა, რის გამოც ჩვეულებრივმა ადამიანებმა მას მხარი დაუჭირეს, პატრიარქალური, ბატონ-ყმური წყობის დამხობაში მდგომარეობდა. ძველი ტრაიბალური (ინგლ. tribe – ტომი) სისტემა, გამეფებული ნეპოტიზმითა და გვარების მემკვიდრეობითი ბატონობით, ,,უცხოტომელისადმი“ ზიზღითა და ახლის მიუღებლობით, უნდა შეცვლილიყო ახალი, დემოკრატიისა და კონკურენციის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებით. აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ეკლესიის, როგორც რუსული იმპერიის იდეოლოგიური დანამატის რეფორმირება. დაიწყო ,,ტომობრივი ელიტისა“ და ,,კანონიერი ქურდების“ ფეოდალური პრივილეგიების გაუქმება. დაისახა საბოლოო მიზანიც – დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, რომლის დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი ,,ნატოსა“ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იქნებოდა.

დასაწყისი მართლაც შთამბეჭდავი იყო: აჭარელი დიქტატორი, როგორც ფეოდალიზმის სიმბოლო დაემხო, ქურდები კანონგარეშე აღმოჩდნენ, გატარდა განათლების რეფორმა და მისაღები გამოცდები კონკურენტული გახდა, საბჭოეთის ხოტბის შემსხმელი, ძველი ელიტა საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველ თანამდებობებს ჩამოაშორეს, დაიწყო საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბის აღმშენებლობა…

2დროთა განმავლობაში, მმართველი გუნდის ხელდასხმით ახალი ელიტაც ჩამოყალიბდა. შემდეგ ის მოძლიერდა და კვლავ ქართველებისთვის უკვე ჩვეულ, ფეოდალური ბატონობის გზას დაადგა – გარდა უკრიტიკო და უკონკურენტო მდგომარეობისა, ,,ახალი ფეოდალები” კანონზე მაღლაც კი აღმოჩდნენ და ასე გააგრძელეს მშვიდი არსებობა. რევოლუცია კი მოხდა, ინსტიტუციონალური რეფორმებიც მეტნაკელბი წარმატებით განხორციელდა, მაგრამ ადამიანთა მენტალობა არ შეცვლილა – ის კვლავ ძველი დარჩა, ამისთვის დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. ბატონ-ყმურ ურთიერთობებზე აღზრდილმა ახალგაზრდა რეფორმატორებმაც ოჯახურ ტრადიციებს არ უღალატეს და ისინი ახალ ფეოდალებად მოგვევლინენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარე იყო…

რეფორმების შედეგად უამრავი ადამიანი უფუნქციოდ დარჩა, ბევრიც, კანონდამცველების ხშირად ზედმეტად მკაცრმა ქმედებებმა გაანაწყენა. ხელისუფლებაზე ჩასაფრებული საბჭოელი რევანშისტების რიგებიც გაიზარდა. მათი თავდასხმების მოგერიების მიზნით, უმცირესობაში მყოფი დასავლელები იძულებულნი იყვნენ კლანური ურთიერთთავდებობისა და წრიული თავდაცვის პოზიციები დაეკავებინათ. უმრავლესობის მართვა, რეფორმების გატარება და დასვლეთისკენ სწრაფვა მხოლოდ უმცირესობის ახალი ფეოდალური კლანების მეშვეობით შეიქნა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ძალმომრეობა იძულებით ზომას წარმოადგენდა, რადგან ავტორიტარიზმის გარეშე 20-25% მიერ 75-80% მართვა შეუძლებელი აღმოჩნდა – შექმნილ პირობებში ის ხელისუფლების ,,დაჭერა“- შენარჩუნებისა და ამავდროული დასავლეთისკენ წინსვლის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. ფეოდალური კლანურობისა და კარჩაკეტილობის შედეგად კი, მთავრობა, როგორც ყველა დახურული სისტემა, ,,მუდამ მართალი“ მსაჯულის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამას ხელი შეუწყო შემდეგმა გარემოებამ ჩასაფრებული საბჭოელების ,,კრიტიკა კრიტიკისათვის“ იმდენად აცდენილი იყო რეალობას, რომ მმართველმა ელიტამ მისდამი იმუნიტეტი შეიძინა და ამავდროულად, სხვა, ჯანსაღი კრიტიკის მოსმენის უნარიც დაკარგა. ხელისუფლებას ,,ყოვლისმცოდნეობით“ ტკბობა თავში აუვარდა და ახალი ელიტის მიერ საყოველთაო იგნორირების პროცესი წესიერ, საკმაოდ განათლებულ და კეთილის მოსურნე იდეალისტებზეც გავრცელდა.

ყოველივე დამთავრდა იმით, რომ გაამაყებულმა, გარეშე პირთათვის მიუწვდომელმა და ,,უცდომელმა“ ახალმა კლანებმა ჩაანაცვლა ძველი ,,ბატონები“. დროთა განმავლობაში, განსხვავება ძველსა და ახალ ელიტას შორის ძირითადად გარეგნულ ნიშნებში გამოიხატა – ახლები ,,შმოტკებით“, ინგლისურის ცოდნით და მოწინავე იდეების ქადაგებით აშკარად სჯობდნენ ძველებს, თუმცა ეს იდეები ხშირად მხოლოდ სხვისთვის იყო დეკლარირებული, კლანები კი საკუთარი ტოტალიტარული სექტის კანონებით განაგრძობდნენ არსებობას. ასე დამყარდა მმართველი ელიტის ცოლების, ცოლების დაქალებისა თუ ძმაკაცების, სახელმწიფო ჩინოვნიკების ძმაკაც-დაქალებისა თუ ნათესავებისგან შემდგარი ახალი, ავტორიტარიზმისკენ მეტად მიდრეკილი სოციალური სისტემა.

III. იდეალისტები

Roial

საშუალო ფენის ადამიანებმა, მიუხედავად პროგრესული შეხედულებისა და საკმაო განათლებისა, თავი გარიყულად იგრძნეს. ისინი, მიუხედავად კეთილი ზრახვებისა და მონდომებისა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების თანამონაწილენი აღარ შეიქნენ. ,,ელიტარულობითა“ და ნეპოტიზმით დაავადებულ მოხელეთა წრეს დაავიწყდა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ახალი სახელმწიფოს შენებას, პირველ რიგში, განათლებული იდეალისტები სჭირდება. ჩინოვნიკების კარჩაკეტილობის შედეგად, მოხდა საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ნაწილის გაუცხოება და მათ თანდათან პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ პროცესებში თანამონაწილეობის განცდა გაუნელდათ. მოქალაქე აღარ შეიქნა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და სახელმწიფო აღმშენებლობის თანაზიარი, ის ხელისუფელებას ვეღარ უგებდა და ბოლოს განუდგა. მართალია, ეს საშუალო ფენა რიცხობრივად დიდ მასას არ წარმოადგენს, სამაგიეროდ, მისი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე მეტად მნიშვნელოვანია და დიდწილად, მასების გემოვნებასა და სიმპათიებს სწორედ ეს უანგარო იდეალისტები განსაზღვრავენ.

უბრალო მოკვდათათვის მომავლის მოლოდინი ამაო შეიქნა, მათ განვითარების, წინსვლის პერსპექტივა დაკარგეს. მეტნაკლებად განათლებული ფენები საყოველთაო ნიჰილიზმმა შეიპყრო. სხვა უამრავი მიღწევა – სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, დასავლეთისკენ სვლა, ინფრასტრუქტურა და არნახული აღმშენებლობა მეორეხარისხოვნად გამოიყურებოდა, რადგან ადამიანებს რეალიზება, ღირსეული სამსახური უნდოდათ და ,,ასფალტი საჭმელად“ მართლაც არ ვარგოდა. ამის გამო, ამ ფართე საშუალო ფენებმა არ/ვერ შეასრულეს ამომრჩევლის ყოფით დონეზე დარწმუნებაში ის გადამწყვეტი როლი, რომელიც მათ ჩვეულებისამებრ შეუძლიად ითამაშონ და ნებისმიერი არჩვენები მოიგონ. ყოველდღიურ ცხოვრებაში უპერსპექტივობის ფონზე, ევროპულ სტრუქტურებში დამოუკიდებლობის გარანტიების ძიება და რუსეთი როგორც დამოუკიდებლობის მტერი, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრისთვის ეფემერული ცნებები გახდა.  მით უმეტეს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ საბჭოურ- რუსული რიტორიკა უცებ შეცვალა და ყოყმანის გარეშე, უპრინციპოდ, როგორც ამ კოალიციას სჩვევია, უცებ მკვეთრად ,,დასავლური“ გეზი აიღო. შედეგად, მერყევი ადმიანებისთვის უფრო ადვილი შეიქნა, რუსეთის საფრთხის მივიწყება და მთავარი ფასეულობის – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მეორე პლანზე გადაწევა. საკუთარ სინდისთან მორიგება და იდეალების ღალატი ადვილად გამართლდა.

,,ჭეშმარიტება“ ხომ მხოლოდ პრივილეგირებულთა კასტამ იცოდა, ჰქმნიდა და აშენებდა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა – უარესი, მდარე გემოვნების და დაბალი ინტელექტის კლანები გაბატონდნენ. არადა, საკმარისი იყო სულ ოდნავ კარის შეღება, სულ პატარაზე ფანჯრის გაღება, ხანდახან მაინც სხვისი მოსმენა და იმ იდეალისტთა ძალას ვერაფერი მოერეოდა და ვერანაირი ფული ვერ მოისყიდიდა. გაუცხოების გამო, ამ ადამიანებისთვის ,,ცოცხების” ბიძგიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავში იდეისადმი ღალატი გაემართლებინათ და მოხდა ის რაც მოხდა. სხვა დანარჩენი ძალები, ფული, შავი პიარი და მედია, საბჭოელი მოძღვრები თუ კრიმინალი – ვერას გახდებოდნენ, რომ არა ფეოდალური კლანების კარჩაკეტილობა და იდეალისტების გარიყვა. სწორედ ელიტის გაამაყების შედეგია ბნელი ძალების დღევანდელი აღზევება.

IV. შედეგი

Furtxi - Akaki

ცხადია, ავტორიტარიზმი აუცილებელი, იძულებითი ზომა იყო. რევოლუციის შემდეგ მალევე აღმოჩნდა, რომ დიქტატის გარეშე, დემოკრატიის პირობებში 25%-ი, იმ საბჭოურ 75%-ს თავისი ნების საწინააღმდეგოდ, დასავლეთისკენ ვერ წაიყვანდა. სხვაგვარად შეურიგებელი ანტაგონიზმი ვერ დაიძლეოდა და ხალხის ნების აღსრულების პირობებში ის 75–80% თავის საწადელს აუცილებლად აიხდენდა, რაც მოახერხა კიდეც დიდი ფულისა და არჩევნების გზით.

ამასთან ერთად, სწორედ მმართველი ელიტის კარჩაკეტილობას, პატივმოყვარეობასა და კლანურობას შეეწირა მართლაც კეთილშობილი ოცნება და გრანდიოზული საქმე – ჩვენ საბჭოური მენტალობის, გაბოროტებული ბოლშევიკების ხანაში დავბრუნდით და უმწვავესი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ კვლავ საბჭოთა მენტალობის მმართველი სექტებისა და დაბალი ინტელექტის კოლექტივების ბატონობის, უმრავლესობის უმცირესობაზე დიქტატის ხანაში დავბრუნდით. დადგა კონფორმისტების, ნებისმიერ იდეოლოგიაზე მომრგები მედროვეების ხანა…

იძულებითი ,,დემოკრატიობანასა” და დასავლურობის თამაშით გაღიზიანებული დღევანდელი მმართველი ელიტა დღითიდღე ჩქარობს – უხვი დაპირებების შესრულების ვადა იწურება, მასების უკმაყოფილება სადაცაა თოვლის გუნდასავით ზრდას დაიწყებს და ერთადერთი რეალური მიღწევა ყოვლად უაზრო, უკვე დასაცინი დაპატიმრებებია. გამოსავალი მხოლოდ ერთია: ტერორი და ყოველგვარი განსხვავებულად მოაზროვნე ძალის განადგურება; ხელისუფლების ხელში სრულად ჩაგდება და უალტერნატივო გარემოში, შევარდნაძისეული საქართველოს ჩვეულ უიმედობასა თუ სტაგნაციაში გადაყვანა; … და დაპირებები, დაპირებები და ოცნებები – ამასობაში კაცს შესაძლოა რუსეთიც კეთილ მეზობლად მოგეჩვენოს და ნატვრაც აგისრულდეს.

,,მეოცნებე“ იდეალისტებისთვისაც მძიმე დრო დადგა – მათ, ერთის მხრივ, დაინახეს, რომ საბჭოურ გადატრიალებას შეუწყვეს ხელი, ხოლო მეორეს მხრივ, წინა ხელისუფლების ,,რეჟიმს” ვერ იტანენ და ამიტომ ჯიუტად ,,ოცნების“ გაუმჯობესებისთვის იღწვიან. ეს კი აუხდენელი ოცნებაა – საბჭოური სისტემა და მენტალობა პროგრესს არ ექვემდებარება.

ჩვენ მწარე რეალობაში აღმოვჩნდით – ხელისუფლებაში კვლავ საბჭოელები მოვიდნენ. ისინი, სულ რომ აშშ-ს შემადგენლობაში 51-ე შტატად შესვლაზე განაცხადი შეიტანონ, მაინც საბჭოეთს განასახიერებენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთთან მიერთების მყისიერი აუცილებლობა ჯერ არც არსებობს და მოსახლეობის 80%-ც მშვიდადაა – მასები გულით გრძნობენ, რომ ,,ოცნების“ პოლიტიკური ელიტა საბჭოეთს პირდაპირ ასხივებს და ამა თუ იმ გზით ისინი რუსეთთან მაინც მივლენ. მოსახლეობის უმრავლესობაც ,,ღირსებას“ საბჭოურ ,,მე”-სთან ერთად დაიბრუნებს.

რა ვაკეთოთ, რაშია გამოსავალი, თუ საბჭოელები ამდენად დიდ უმრავლესობაში არიან და დემოკრატიის პირობებში მათი გამარჯვება გარდუვალია? რითი დამთავრდა ავტორიტარიზმით დროის მოგება და ამ გზით დასავლეთისკენ გაღწევის მცდელობა, ყველამ დავინახეთ – რევოლუციამ ვერც მენტალობა გადააკეთა და ვერც ,,ნატოში“ გავერთიანდით. მიუხედავად ამისა, რევოლუცია მეტად სასარგებლო, მაგრამ დროებითი წინსვლის კარგი გაკვეთილი იყო… ახლა ევოლუციის დრო დადგა – მხოლოდ განათლება და ევოლუციური განვითარება, შრომა და დასავლური ფასეულობების შესისხლხორცება მოგვიტანს მყარ შედეგს… და ამასობაში ,,მცოცავი ოკუპაციის“ მცდელობებთან და კრემლის ტრფიალებთან მუდმივი, დაუღალავი ბრძოლა.

Vse Vozrastiზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, მარტი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

27 Responses to საბჭოელები VS ახალი ფეოდალები

  1. elizaveta55 says:

    საშუალო ფენის ადამიანებმა, მიუხედავად პროგრესული შეხედულებისა და საკმაო განათლებისა, თავი გარიყულად იგრძნეს. ისინი მიუხედავად კეთილი ზრახვებისა და მონდომებისა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების თანამონაწილენი აღარ შეიქნენ. ,,ელიტარულობითა“ და ნეპოტიზმით დაავადებულ მოხელეთა წრეს დაავიწყდა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ახალი სახელმწიფოს შენებას, პირველ რიგში, განათლებული იდეალისტები სჭირდება. ჩინოვნიკების კარჩაკეტილობის შედეგად, მოხდა საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ნაწილის გაუცხოება და მათ თანდათან პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ პროცესებში თანამონაწილეობის განცდა გაუნელდათ.
    აი, რამ დაგვღუპა!

  2. ჯიმშერი says:

    ზუსტად ის წერია რასაც მე ვფიქრობ, უბრალოდ მე ასე კარგად ვერ ვწერ. (y)

  3. odilavadze says:

    🙂

  4. ჯიმშერს ვეთანხმები))) გმადლობთ კიდევ ერთხელ ბატონ ზურას. ფაქტია, გზა გასავლელია, თუ მოვინდომებთ გავივლით. თუ არადა საბჭოეთი აქვეა!

  5. odilavadze says:

    მადლობა თქვენ!

  6. ჩემი აზრები და შეხედულებები გადმოეცით!

  7. დიდი მადლობა , ძალიან საინტერესოა ბატონო ზურა. გაიდლაინია მზა🙂

  8. odilavadze says:

    მადლობა თქვენ🙂

  9. MARIKA says:

    მშვენივრად დალაგებული და ლოგიკური ფაილებია… კარგია ზურა!

  10. Jano Zhvania says:

    ზუსტად არის აღწერილი ახლო წარსული,ის რაც გვჭირს და რა უნდა ვაკეტოთ.

  11. zurab mtchedlishvili says:

    აბსოლუტურ სიმართლეს ბრძანებთ! ჩვენი უბედურებაც ის გახლავთ სწორედ, რომ მსგავსი ანალიტიკური დასკვნები საზოგადოების უმრავლესობის ყურადღების მიღმა რჩებოდა და რჩება დღესაც, რაც ამავე საზოგადოების პოლიტიკურ უმწიფარობასა და გულგრილობაზე მიუთითებს, არადა ბოლო 25 წლის მანძილზე ჩვენს თავს დამტყდარი უბედურებებიდან მაინც უნდა გამოგვეტანა დასკვნა, რომ აღარაფერი ვთქვა წარსულსა და უახლეს ისტორიაზე! ზურა, ჩემი ფეისბუქის კედლის ბოლოში(2012 წლის ამბებში) დევს ჩემი სტატია, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ გამოქვეყნდა სათაურით ,,რა იდეოლოგიას ვუპირისპირებთ რუსეთის აგრესიას?!” იქ ჩასმული მაქვს 2000 წელს ჩემი მეგობრისა და პოლიტოლოგის, აწ განსვენებულ კახა კაციტაძესთვის ჩამორთმეული ინტერვიუს ფრაგმენტები. წაიკითხეთ როცა მოიცლით და ნახავთ როგორ ემზადებოდა რუსეთი საქართველოსთვის ომისთვის, რასაც დღეს ბევრი იდიოტი ჩვენი თანამემამულე, — სააკაშვილს აბრალებს.

  12. odilavadze says:

    ზურა, დიდი, დიდი მადლობა! აუცილებლად ვნახავ. ისე, კარგი აზრი მომაწოდე, ავიღებ და ,,ტაბულას” ბლოგზეც დავდებ

  13. manana says:

    ….”კოლექტიური ფსიქოლოგია ასეთია: ,,ვინც ჩვენს აზრს არ იზიარებს – ის მტერია და უნდა განადგურდეს”…./ზ.ო./. სანამ საზოგადოება ხელისუფლებასთან ერთად (ხელისუფლების წარმომადგენლებიც საზოგადოების ნაწილია) ამ ფსიქოლოგიის მარწუხებისგან არ განთავისუფლდება, არასოდეს არაფერი არ გვეშველება, მიუხედავად მრავალგვარი გატარებული რეფორმისა!!!!!!!

    • odilavadze says:

      მანანა, აბა რა! დღესაც ადამიანებს ,,ნეცებად” და ,,ქოცებად” ვყოფთ…

  14. ძალიან მომეწონა – შესანიშნავი, მიუკერძოებელი, არსებითი. თუმცა, იმასაც ნათლად აჩვენებს, რომ ახლო მომავალში არაფრის იმედი არ შეიძლება გვქონდეს.
    სტატიის ბოლოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით – ერთადერთი სწორი გზაა ნაჩვენები: „განათლება და ევოლუციური განვითარება, შრომა და დასავლური ფასეულობების შესისხლხორცება მოგვიტანს მყარ შედეგს… და ამასობაში მცდელობებთან და კრემლის ტრფიალებთან მუდმივი, დაუღალავი ბრძოლა“.

  15. odilavadze says:

    გმადლობთ! მართლაც, ,,ახლო მომავალში არაფრის იმედი არ შეიძლება გვქონდეს”.

  16. ზურა აბსილუტურად გეთანხმებით.მაგრამ ეს მაინც ბოლომდე არ მეცმის
    საშუალო ფენის ადამიანებმა, მიუხედავად პროგრესული შეხედულებისა და საკმაო განათლებისა, თავი გარიყულად იგრძნეს. ისინი მიუხედავად კეთილი ზრახვებისა და მონდომებისა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების თანამონაწილენი აღარ შეიქნენ. ,,ელიტარულობითა“ და ნეპოტიზმით დაავადებულ მოხელეთა წრეს დაავიწყდა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ახალი სახელმწიფოს შენებას, პირველ რიგში, განათლებული იდეალისტები სჭირდება. ჩინოვნიკების კარჩაკეტილობის შედეგად, მოხდა საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ნაწილის გაუცხოება და მათ თანდათან პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ პროცესებში თანამონაწილეობის განცდა გაუნელდათ.

  17. odilavadze says:

    ქართულ ,,ელიტარულ” წრეებში გარეშე პირთათვის შეღწევა შეუძლებელი გახდა. თუ აღნიშნულ მდგომარეობას გარკვეული ახსნა თუ გამართლება პოლიტიკური და ფინანსური მმართველი ელიტის შემთხვევაში (კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რუსული საფრთხე და დიდი ფინანსური ნაკადების კონტროლი), კიდევ ჰქონდა, მრავალ სხვა დარგში (მაგ., მედია, ხელოვნება და სხვა), გაბატობული ფეოდალების თავხედობის ატანა შეუძლებელი შეიქნა.

  18. zura rogortz koveltvis didi siamovnebaa tqveni tzakitxva, tumtza ratz sheexeba tzagebuli mxaris shetzdomebs, surati sxvanairad mesaxeba. gamichirdeboda shetzdomebis aseti dakonkreteba da is rasatz tqven gabatonebuli feodalebis autanel tavxedobas edzaxit es isev dabali kulturit aixsneba ris amaglebasatz taobebis tzvla schirdeba. bolos da bolos demokratia dasavletshi sul tzota 3 saukune iqmneboda. “politika aris shesadzleblobebis (gamokenebis) xelovneba” bismarkis es natqvami aqtualurobas arasdros kargavs. me mjera rom am gunds kvelaferi idealurad stzorad rom gaeketebina maintz tzaagebda. es tzagebatz, mogeba iko, gansakutrebit mattvis. adamianis shesadzleblobebi shezgudulia.tomas jefersonma tavisi monebis did natzils ar mianicha tavisufleba. einshteinma kvanturi fizika verafrit ver agiara. is ratz amat 9 tzelitzadshi moaxerxes tzarmoudgeneli gargveva iko. magram politikashi shens xalxs dzalian tzin ver gaustzreb, unda daelodo gazrdaz da amasobashi shentz gaizardo. vfiqrob kvelaferi kanonzomierad moxda da ara var gantzkobili shetzdomebs davabralo. rogortz cherchilma stqva tzarmateba aris tzagebidan tzagebamde svla entuziazmis dakargvis gareshe. bodishs vixdi amdeni tzitatebistvis magram tu politikaze vlaparakobt amas ver gaveqtzevit.

    • odilavadze says:

      გეთანხმები, ის რაც მოხდა გარდაუვალი იყო, რაზეც ვწერ კიდეც – საბჭოელები მოსახლეობის 70–80% შეადგენენ. ამავდროულად, იყო ხელისუფლების ბევრი შეცდომა, ეს უნდა დაიწეროს, რაც პროგრესის საქმეს მხოლოდ წაადგება.

      • lasha says:

        კოლექტივიზმის მოწინააღმდეგე ვარ მთელი ჩემი არსებით. იმ სიტუაციით რაც შექმნილია საქართველოში, რომ კომუნიზმი ჩაანაცვლა რელიგიამ და ცოტა მოგვიანებით კი ნაციონალურმა მოძრაობამ. ამ სამ, თითქოს ერთი შეხედვით სრულად განსხვავებულ ფაქტორის, მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს – ეს არის კოლექტივიზმი. კომუნიზმში კომუნისტური პარტის წევრობა და (ყველას დავხოცავ თუ პარტია მიბრძანებს), ნაციონალური მოძრაობა – არ აქვს არსებობის უფლება ყველას, რომელიც მისი წევრი არ იყო და კრიტიკას გამოტქვამდა და მის ბრძანებებს არ ასრულებდა. და ეს ბოლო სრულიად განსხვავებული მარაა ე, წ. “ეკლესია”, რომელიც ქრისტიანობის და ღემრთის სახელით, საკუთარ თავს აძლევს ყველაფრის უფლებას. და რაც აერთიანებთ ამ “სამს” ისა რომ საკუთარ სიმართლეში სრული კმაყოფილება და როგორც შენ იტყოდი “თრობა”.

        და სწორად ესაა არის ყველაზე დიდი დამღუპველი რამ, რაც შეიძლება არსებობდეს საზოგადოებისათვის, ქვეყნისათვის და მათი წინსვლისათვის.

        სრულად ვემიჯნები კოლექტივიზმს და მის ყველანაირ გამოხატულებას. მზარავს ის ყველაფერი რაც ხდებოდა საბჭოთა პერიოდში, მზარავს ის რომ გიორგიევსკის ტრაქტატით საქართველომ დაკარგა თავისი ინდივიდუალიზმი და მას მერე შედეგად ასევე საზოგადოების შემადგენელმა ნაწილმა – ადამიანმაც. მზარავს ის რომ რელიგის ამოფარებით, ასე მიაჩუმა საქართველოს მოსახლეობის სიფხიზლე და საღი აზრი. მზარავს, ის რომ საზოგადოების განვითარება ნაციონალური მოძრაობის წევრობამდე დაიყვანა და დემოკრატიის სახელით ყველაფრის უფლებას აძლევდა თავს. ასევეა, ეკლესიაც. ის ” ვერ გადარჩება ეკლესიის გარეშეე? და მტერია ეკლესიის?” ანუ მტერია საკუთარი ერის მოსახლეობის? ეკლესია ბეტონი არაა, ის ხალხია, მოსახლეობაა რომელიც იქ დადის? და “ამ ცოდვას სისხლითაც ვერ მოიბანს და ტანჯვითაც?

        ერთი სენით არის დაავედბული თუ ზოგადად საზოგადოება დაავადდა, რადგან ამას უშვებს, და თავიდანვე არ ძირკვავს ამ სარეველას და აძლევს საშუალებას გაიზარდოს და იფოფინოს, უკვე საზოგადოებას არ დაუპირებს დახრჩობას.

        ჩემი აზრით, საზოგადოების ერთადერთი ხსნა არის შემდეგში: ქვეყნისადმი სიყვარული, კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა, ჭეშმარიტად რამე იდეისადმი და მიზნისადმი მისწრაფება, აზროვნება და კითხვებზე პასუხის ძიება, (სწორედ კითხვებზე პასუხის ძიებამ გამოყვანა ადამიანი გამოქვაბულიდან.) ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის სურვილმა და ინდივიდუალურად აზროვნება.

  19. მოხარული ვარ თქვენისთანა საღად მოაზროვნე ადამიანები რომ არსებობენ საქართველოში. გისურვებთ წარმატებებეს.

  20. odilavadze says:

    გმადლობთ!

  21. jlago says:

    mose giji ki ar iko ebraelebi 40 celi rom atara udabnoshi-monobashi dabadebuli kartveli tavisuplad mashin grdznobs tavs,roca vanias chekma adgas saxeze

  22. თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ, სურვილი გამიჩნდა გაგაცნოთ ჩემი სტატია, რომელიც არჩევნებამდე გამოვაქვეყნე:http://javakhishviliinstitute.wordpress.com/category/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98/

  23. odilavadze says:

    გმადლობთ, ვნახავ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s