ოჯახური რელიქვია – 2013

,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ აკაკი

შესავალი

ქვემოთ მოყვანილი ტექსტი, პირველად, 5 წლის წინ გამოვაქვეყნე, როდესაც ,,ვარდების რევოლუციის“ ტალღებმა მშობლიურ ორპირამდე მოაღწია. იმხანად, მეც ახალი, ,,დასავლური სიოს“ გავლენის ქვეშ მოვექეცი და ოჯახური ზანდუკიდან საგულდაგულოდ გადანახული მანუსკრიპტი ამოვიღე. eeვიფიქრე, ახალი ეპოქა დგება, მოდი, მომავალ თაობებს ბედკრული საბჭოური წარსულის ჰაგიორგრაფიულ ძეგლს დავუტოვებ და ნორჩები მას ,,შუშანიკის წამებასთან“ ერთად ისწავლიან-თქო.

შემდეგ, უკვე ,,ტაბულას“ ბლოგზე დავდე და ახალი თარიღი – 2010 წელი მივაწერე, ხოლო დღეს, ,,ვარდების“ მასონური სამოსი სრულიად განვიხუნე, ქართულ ფესვებს დავუბრუნდი და იგივე ტექსტს, ამჯერად ,,ნაცების“ არაეროვნული არსის სამხილებლად კვლავ ვაქვეყნებ. მიხარია, რომ 2013 წელი დგება და მამაპაპისეული ფასეულობებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში შედის! იმედი მაქვს, რომ ხელნაწერი ოდილავაძეების დინასტიას მომავალ საუკუნეებშიც მრავალგზის გააბრწყინებს!

საქმე ის გახლავთ, რომ ეს პაპირუსი ჩვენი საოჯახო რელიქვიაა და ის თაობებიდან თაობებს გადაეცემა. საგვარეულო გადმოცემის თანახმად, ეს ტექსტი ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს ჩემმა დიდმა ბაბუამ და იმავდროულად, ცნობილმა არქეოლოგმა –  სილიბისტრომ, გერმანელ ჰაინრიხ შლიმანთან ერთად, ტროას გათხრებისას აღმოაჩინა.

ასეა თუ ისე, იმ დროიდან მოყოლებული, პერგამენტი ოდილავაძეებს გვეკუთვნის და ის  ჩვენი გვარის არნახულ პოპულარობას განაპირობებს. სილიბისტროს შთამომავლებს მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ უძველეს ტექსტში ტერმინოლოგია თუ მორიგი მმართველის სახელი დროსთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ და შედევრიც მზადაა – აქვეყნე და იყავი! ჩემგან ანუ ამ ჯადოსნური განძის უკანასკნელი მფლობელისგან, იმას დავამატებ, რომ სამამულო წარმოების ჯავშნით დაცულმა ქართულმა შუბლმა მსოფლიო მასონიზმის ჭურვები ამჯერადაც წარმატებით მოიგერია და, შესაბამისად, მეც ტექსტის გამოქვეყნების წინ მხოლოდ თარიღის შეცვლა მომიხდა.

ერთი სიტყვით, სრულიად საქართველომ, ერმა და ბერმა შეგვიძლია ვიამაყოთ ეროვნული ცნობიერების შეუვალი მდგრადობით – ჩვენ მას საუკუნეების მანძილზე თავს ვევლებით და ვერანაირი მტერი ვერ შეგვიბღალავს! დიდება ჩვენ, დიდება ჩვენს მარადიულ ფასეულობებს და მათი დამადასტურებელი დოკუმენტის მფარველ ანგელოზებს – ოდილვაძეებს, დიდება!

I. გზა ამირანიდან ნაცარქექიამდე

2ივერია უძველესი კულტურის ქვეყანაა. აქ არა მხოლოდ ცნობიერება, არამედ გარემო, შესანიშნავი ბუნება, თვალწარმტაცი ცისფერი მთები, ჰაერიც კი გმირობით, მითოსით არის გაჟღენთილი. საქართველოში ანტიკური ხანიდან იქმნება მითი ამირანზე. რომანტიკოსი ამირანი კულტურული გმირია – ის ანადგურებს მავნე მცენარეებს, აძლევს ადამიანებს ღვთიურ ცეცხლს და ასწავლის მათ მჭედლობას. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ყოველწლიურად, სწორედ შობის წინა ღამეს ანახლებენ ჯაჭვს. დამდეგი შობის წინა ღამესაც ალბათ იგივე მოხდება და მიჯაჭვული ამირანი ვერ შეახსენებს თავს გულმავიწყ ქართველებს. ვინ დაიკავებს მის ადგილს – ვინ გაგვანათლებს ამჯერად და ვინ შემოიტანს ჩვენში კულტურას?

მითის საშუალებით ძველმა ადამიანმა მოახერხა წინააღმდეგობათა გადალახვა, დაუძლეველის დაძლევა, მაგალითად: კაცი ამაღლდა ღმერთამდე, სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე, ჩია ტანისამ სძლია გოლიათს, ღატაკი და უქონელი – გამდიდრდა!

რეალურ და წარმოსახვით ცხოვრებას შორის განსხვავების თუნდაც ნაწილობრივი გაქარწყლება, მიწიერ ყოფაში წარმატების, სამართლიანობის მიღწევით ხდება. ივერიელთა ცხოვრება არც დასაბამიდან ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ხოლო უკანასკნელი 8-9 საუკუნეა, აქ ოდნავ სასიკეთოც კი არაფერი მომხდარა. რა ექნათ? იგონებდნენ და თხზავდნენ ქართველები ახალ-ახალ მითებს, რათა ზღაპარში მაინც მიეღწიათ წარმატებისთვის, გაემართლებინათ თავიანთი ამქვეყნიური დუხჭირი ყოფა.

გავიდა მრავალი საუკუნე, შეიცვალა დროება. თანამედროვე საქართველო კი კვლავ მითოლოგიური აზროვნების ქვეყანაა, მეოცნებე ხალხით დასახლებული. ქართველები იმდენად მოწყდნენ ცივილიზაციას, პრაგმატულ რეალობას, რომ ისინი ერთს აღიარებენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. გულგატეხილი მოსახლეობის უმრავლესობა, დღესაც, მომავალ არამიწიერ ანუ ზეციურ ცხოვრებაზეა ორიენტირებული. სასუფეველზე მუდმივი ოცნება ამ ხალხს სულაც არ უშლის ხელს, ადამიანი მითოლოგიურად ,,მიწიერი კრიტერიუმებით” – მანქანით, ბეჭდით, საათით და მობილური ტელეფონით – შეაფასონ და შემდეგ ფშვინვით მიაყოლონ – დიდი პასუხისმგებლობაა ბოლო ჟამის საქართველოში ცხოვრება, ძალიან დიდიო!

3სწორედ ჩვენს ეპოქაში წამოყო თავი ქართული ზღაპრის საყვარელმა პერსონაჟმა – ,,ნაცარქექიამ”! ის ზარმაცია, მაგრამ მოხერხებული. მატყუარა და ბაქია ნაცარქექია დევებს საკუთარი სახლიდან აძევებს და მათ ქონებას ეპატრონება. დღესაც იგივე ისტორია განმეორდა – ნაცარქექიამ ჩვეული ხრიკებით ფული იშოვა, დარწმუნდა საკუთარ ,,უპირატესობაში” და მარხვას შეუდგა. დღევანდელი ,,მართლმორწმუნე” ნაცარქექიების ძირითადი საფიქრალია: როგორ არ მოჰყვეს სიტყვას საქმე, რა წინაღობა მოიგონონ, რათა არ გადაწყდეს პრობლემა. მათი მთავარი სურვილია შეინარჩუნონ გონებრივი და ფიზიკური უძრაობა და თან ამაში, რაც შეიძლება, მეტი სარგებელი მიიღონ. მუქთახორობას და კარგ, უდარდელ ცხოვრებას შორის ფატალური წინააღმდეგობის დასაძლევად, ქართველებს პროტესტის სხვადასხვა ფორმა აურჩევიათ: სამოქალაქო ომიდან –  მრავალათასიან მიტინგებამდე.

II. დიდება ჩვენ!

სამი ისტორიული ფაქტიდან: 1.საქართველოში შეიქმნა უკვდავი პოემა ,,ვეფხისტყაოსანი”; 2.ქართველებს ჰყავდათ დიდი მეფეები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე; 3.ქართველებმა დაუშვეს, რომ ერთ მოედანზე აშენებულიყო ოთხი სხვადასხვა აღმსარებლობის ტაძარი – გამომდინარეობს  ნაცარქექიების ცნობიერებისთვის სავსებით ლოგიკური, ეროვნული სიამაყის მთავარი ქმნილება, მითი – ,,ჩვენ ქართველები დედამიწის ზურგზე ყველაზე მაგარი და მართალი ერი ვართ!”. ამ მითს მრავალი განშტოება აქვს – ,,ყველაზე ძველი და გმირული ისტორიის მქონე..! ,,ყველაზე კულტურული..!”, ,,ყველაზე განათლებული..!”, ,,ყველაზე მართლმორწმუნე და შემწყნარებელი..!”, ,,ყველაზე უმანკო, უბიწო და კდემამოსილი ქალებით..!”, ,,ყველაზე ,,კაი ტიპები”, ,,ჯიგრები” და ,,არაჩმორები..!” და სხვა უამრავი ,,ყველაზე..!”. აზროვნებაც ძველი და ახალი ზღაპრებით არის გაჯერებული. ერთი მხრივ – ისტორიიდან ამოგლეჯილი ეპიზოდებით, რათა სამარცხვინო განიდევნოს, ხოლო გმირული გაზვიადდეს და მეორე მხრივ – ყოველდღიური მოხმარების, აბსურდული პოლიტიკური ხასიათის მონაგონით, შეთქმულების თეორიებით, მრავალი მტრის ხატით, რათა ცხოვრების სიძნელეები, უშრომლად, ჭორაობაში ან მიტინგზე მაინც დაიძლიოს.

აქ სიხარულის ძირითადი წყარო – ,,სუფრათამადააკადემია” – მითია, ქართულად – ,,მამა-პაპური სმა-ჭამა”და ,,შემეტენე-შეგეტენე” სადღეგრძელოები!

4

გამთენიისას სახლში მისვლა და საწოლში ჩუმი, ნეტარი ხარობა იმით, თუ როგორ შეგაქეს შენ, რა მოხდენილად, სრულიად განსახვავებულად ითქვა შენი სადღეგრძელო! სუფრის ფენომენი, ურთიერთ-ფსიქოთერაპია ჭიქით ხელში იმდენად მნიშვნელოვანია ნაცარქექიათა ყოფისთვის, იმდენად ზღაპრულია და რეალობას აცდენილი მათი ცნობიერება, რომ ყველაზე ცუდ დროსაც კი, როდესაც არც შუქი ჰქონდათ, არც ბუნებრივი აირი და ქუჩაში ერთმანეთს ხოცავდნენ, რისთვის – დღესაც არავინ იცის, მაშინაც კი, პირველ რიგში რესტორნებს, კაფე-ბარებს და სასადილოებს აშენებდნენ. ამასვე განაგრძობენ დღემდე.

ნეტავ, განახათ ნაცარქექიების ზღაპრული რიტუალები: გასვენებები, ქელეხები, ქორწილები, მრავალრიცხოვანი ბანკეტები, გაგაგონათ სადღეგრძელოები – ფანტაზიის ფოიერვერკი! აი, სად ხდება ჭეშმარიტად დაპირისპირებულ წინააღმდეგობათა გადალახვა! სუფრაზე შენდება ქვეყანა და მერე როგორი! აქ ხდება მკვდრების გაცოცხლება და ცოცხლების მიწაში ჩადება! გმირული ამბები და ახალი მითოლოგიური ისტორიის შექმნა! მიჯნურობა და განშორება! ყოველივე ეს – კაცების… დიახ, დიახ – მამრების ,,ზასაობის” თანხლებით! ნაცარქექიებს ხომ სექსი ეზარებათ და ამიტომ ეზიზღებათ კიდეც!

ქართველი ქალებისთვის გაცხადებულად ანუ საზოგადოებისგან დაუფარავად, ქორწინებამდე სექსი არ არსებობს, ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოდ ითვლება. 5ქალის და კაცის სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მიღებული ფორმა მდგომარეობს სქესობრივ აქტში ბავშვის გაჩენის მიზნით, ისიც ერთადერთი და სამუდამო სამოქალაქო ქორწინების და ჯვრისწერის შემდეგ. ნაადრევი გათხოვების ნეტარი წუთის დადგომამდე, მდედრების უმრავლესობა დამაჯერებლად ქადაგებს მითს, თითქოს არც კი უნდა დაკავდეს სექსით, რადგან სრულიად გულგრილია მისით მიყენებული სიამოვნებისადმი. ხოლო სამჯერ განათხოვარი შვილებიანი ქალი, ქალიშვილივით იქცევა და თვალში ნაცარს გაყრის ძველი ზრაპრით, რომელშიც ბავშვებს ბოსტანში პოულობენ.

აქ საზოგადოება  სასიყვარულო ურთიერთობას, როგორც კაცს და ქალს შორის მიმდინარე ომს, ისე აღიქვამს. ამ დიად ბრძოლაში გამაჯვებული მხარე – მამაკაცი დამარცხებულს – ქალს მუხლებზე დასცემს და ერთჯერადი ,,კონტრიბუციის” მიღების შემდეგ, უნიშნავს სამუდამო, მაგრამ იშვიათ, ხშირად მხოლოდ წარმოსახვით ,,ხარკს” და… აგრძელებს ,,მთვრალზე ბოზებში სიარულს”! დამცირებული და შეურაცხყოფილი  მტერი მორჩილად დგება სამუდამო ქორწინების მონობაში.

ღმერთიც, გარკვეული თვალსაზრისით  მითიაოღონდ ყველა მითი როდია ღმერთი. ღმერთი – ზემითია! მაგალითად: ღმერთი – კაცი, წარმოებს წინააღმდეგობის მითით დაძლევა და იშვება – განკაცებული ღმერთი; ან სიცოცხლე – სიკვდილი, დაპირისპირების გადალახვა – აღდგომა.

მაგრამ ,,მართლმორწმუნე” ქართველ ნაცარქექიებს მხოლოდ ამგვარი მისტიური ამბები არ ჰყოფნით, მათ რეალურის ზღაპრულთან შერწყმა სურთ, მათ გაღმერთებული კერპი სწყურიათ! მითოლოგიას სუბლიმირების მძლავრი ნაკადი უერთდება და იბადება ხატები რაინდული სახეებით: მითი – ,,კეთილშობილი მილიარდერი ბ.”; ზღაპარი – ,,სამართლიანი აბრაგი დ. და განათლებული, კულტურული, ,,ჯიგარი” ქურდი ტ.”; ,,ზემითი! – უვერცხლო, თავმდაბალი უმანკო კრავი, წინასწარმეტყველი მამაო რ. და ცოცხალი, მიწიერი, უცდომელი ,,ღმერთი” ი…ახვე-II, იგივე ი…ეღოვა-II”. ნაცარქექიები მუდმივი, დაძაბული ,,მეორედ მოსვლის” რეჟიმში ცხოვრობენ! ისინი ამაყად ამტკიცებენ – ღმერთი ქართულად იქადაგებს და განსჯისო, აი, მაშინ კი დარწმუნდებიან ამერიკელები ჩვენ რა მაგრები ვართო, მაგრამ გვიანღა იქნებაო! ასეთი ღაღადით ნაცარქექიები, აგერ უკვე ბოლო 30 წელია შეჰყურებენ ზეცას და უიმედოდ, მაგრამ ჯიუტად ელოდებიან ,,ბოლო ჟამს”. ის კი რატომღაც იგვიანებს…

III. ლოცვითა და მარხვითაწინ ნათელი მომავლისკენ!

ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც დაფუძნებულია სამ ვეშაპზე: სამყაროს მითოლოგიურ აღქმაზე, ამპარტავნებაზე და ხსენებულ უქნარობაზე – ქართველებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს ქრისტიანობის განახლებაშიც! ინოვაცია შეეხება ერთი მხრივ – ზეციდან მხოლოდ ქართველებისთვის, მათი განსაკუთრებულობის დასამტკიცებლად, მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას და მეორე: რწმენას –  სიყვარულის, ყოველგვარი თავგანწირვის, ღვალწლის გარეშე. ცეცხლის არამიწიერი წარმოშობა მტკიცდება მასზე ხელის სწრაფი გადატარებით და იბადება ახალი მითი – ,,ცივი ცეცხლი”! სავარაუდოდ რიგშია მითი – ,,ცხელი ყინული”.

6

დაბოლოს, სანამ დავშორდებოდეთ, გთხოვთ ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტის” საფუძველზე შექმნილი ნაცარქექიების ერთობლივი ლოცვა აღვავლინოთ

,,ბელადო ჩვენო, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს

და ერთმორწმუნე რუსი ძმები ჩაგვახუტენ ჩვენ!

საქართველოს ოკუპანტის სიყვარული გაგვიღვივენ

და მის წიაღში დაგვაბრუნენ ჩვენ!

რაც არ უნდა გადაგვაგდონ და დაგვიჭირონ ჩვენ,

იხტიბარს არ გავიტეხთ და სხვის ჯინაზე შემოგევლეთ შენ!

ქართველები მსოფლიოში ყველაზე მაგრები ვართ! ყველაზე, ყველაზე, ყველაფერში! ჩვენ ყველა გვიყვარს და, გარდა რუსეთისა, ყველა გვებრძვის!

გაკერილი ქალიშვილები, მართლმადიდებელ მშობელთა ტრიადები და ბუსუსებიანი პრეზერვატივებიი-ი-ი! საქართველო გაბრწყინდება – ინგლისი დაიძირება! სოროსელები, იეღოველები და მასონები, ბევრი მასონი! ბევრზე, ბევრი მასონი! მრუშები, მამათმავლები, ლესბოსელები – ჯოჯოხეთის ჰეენა და უძღები მატლი მათ!

ქართული სუფრა – აკადემიაა! ერთკვირიანი პანაშვიდები და გასვენებები, დიდი ქელეხები და უმშვენიერესი მარმარილოს საფლავები! მინიმუმ ათასკაციანი ქორწილები, ნათლობები და ბანკეტები! სამარხვო გოჭები და მწვადები, ხაჭაპურები და საცივები, ტორტები და შოკოლადები! ღიპები, ღიპები, ღიპები და ღაბაბები! ,,ქალბატონო ფინტიკოზა, აბა პაკაჟი ადინ პოზა”-ს თანხლებით სადიდებელი სადღეგრძელოები, განსხვავებულები, ყანწები, ვაზები, ჭის ,,ვედროები” და კრამიტები, ,,ლამპის” შუშები და ქალის ,,ტუფლები”! ,,ჟანეს” შპრი-ცე-ბიი-ი, ავოიეე! სუფრაზე ყველა მტერი დამარცხდება და ჯოჯოხეთს წარიგზავნება! ქეიფში უმშვენიერესი ქვეყანა-ედემი აშენდება! ინგლისი და ამერიკა მაინც დაიძირება! დოლარსაც დედა მო…ბა!”

ასეა ეს!  

ლელო-ლელო სა-ქარ-თვე-ლო! ლელო-ლელო სა-ქარ-თვე-ლო! ლელო-ლელო სა-ქარ-თვე-ლო-ოო! დიდება შენდა მითოლოგიავ და ფარისევლობავ ჩვენო, დიდება შენდა-აა!”

P.S.

მოკლედ, საშობაოდ, ამჯერადაც, კარგად უმუშავიათ ღვთიურ მჭედლებს, მაგრად შეუბოჭავთ ამირანი! დებო და ძმებო, თქვენ მოგმართავთ მე, მარადიული ხელნაწერის მცველი JB:  ,,ხელოვანთა, მწერალთა, მომღერალთა და ჟურნალისტთა სნობურ კასტებში გაერთიანებულებო, ერთმანეთის ქება-დიდებაში დამაშვრალებო და მაინც ,,ბულგარელებისთვისაც“ კი უცნობებო, ტოტალიტარულო დეიდებო, ბიძიებო და დაბერებულო ახალგაზრდებო, სასტიკი სისტემით გარდარეულო და კურთხევით მყისიერად განკურნებულო სტუდენტებო, ,,ფეისბუკელო ფრენდებო” – სრულიად საქართველოვ – საბჭოურო და დემოკრატიულო, მეოცნებევ და დასაჭერად გამზადეებულო, გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს! გაიღიმეთ მეგობრებო – ქართული ხალხური კალენდრით 2013- კვლავ ნაცარქექიას წელია, გაღიმეე!

7

2010 წლის დეკემბრის ცივ ღამეს … უი, უკაცრავად, კინაღამ დავიწვი!

.   .   .

2012 წლის დეკემბრის არც ისე ცივ ღამეს…

2013 წლის მეტად ცივი დეკემბრის მიწურულს…

2014 წლის მზიან დეკემბერს, ეს დაწერა სამართლიანობის განცდით დამტკბარმა და ღირსებააღდგენილმა ზურა (ჯორდანო) ოდილავაძემ

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

9 Responses to ოჯახური რელიქვია – 2013

  1. ara, ar girs dardi! karg xasiatze davdeqi. dzalian vitzine. albad gimili mteli dge shemrcheba da meretz.
    ho vtqvi zura: chventz gvkavs chveni mark twain-i. am natzarqeqiebis sazogadoebam tavisi M.T. tu gaachina ukve magaria. ise game rom vinmem gamagvidzos da mkitxos-romeli mtzerali gikvars kvelaze dzalian? daufiqreblad vitkvi – mark twain-i.
    zura datzeret erti romani! 21 saukuneshi naklebi masalaa saqartveloshi vidre katzia adamianis avtors hqonda?. daitzket dros nu kargavt. es kvelaferi martlatz unda shenarchundes ufro fundamenturad. es ar unda daikargos.

    • odilavadze says:

      ჯანა, ახლა თავიდან გადავიკითხე შენი კომენტარი და ხომ ხედავ, დაგიჯერე და დავწერე, თანაც სამი ერთად 🙂

  2. ვაი რომ ნაცარქექიული ჯიშის ზურაბ ოდილავაძე მართალია, სანახევროდ. კი, ბევრი რამ ეს ასეა, მაგრამ რატომ არის ასე, ამას უნდა ვუპასუხოთ, ეს იგივეა ადამიანს, ვისაც ავადმყოფობის გარეგნული ნიშნები აქვს, ექიმმა ისედაც აშკარა დიაგნოზი დაუსვას, მაგრამ რატომ დაგვემართა და რით ვიმკურნალოთ? სხვაგვარად ეგ ყოველევი ქილიკია.

  3. მაია კოხტაშვილი. says:

    ისე ძერჟინსკის ჯიშის ხაბურზანიას მკურალობის კურსიც საინტერესო იქნება.

    • ეს კოხტა გოგო ინტონაციებში და კომენტარებში თუ ვერ ერკვევით, გვარში მაინც გაერკვიე, მე ქართველი ხაბურძანია ვარ და ძერჟინკი ბალტიისპირელი ებრაელი იყო, ვერ გაიგებთ რაიმეს და ლანძღვაზე გადადიხართ, მე ოდილავაძეს მხარს ვუჭერ სანახევროდ და მივესალმები მის კრიტიკას, მაგრამ ქილიკის წინააღმდეგი ვარ კოხტაგოგო 🙂

  4. მაია კოხტაშვილი. says:

    ოჰო, ეს თქვენ ხართ ქილიკის წინააღმდეგი?! =D რაღაც არ გეტყობათ….რაც შეეხება გვარში გარგვევას, ძერჟინსკიც, ხაბურძანიაც, გიორგაძეს და კიდევ სხვა მრავალი, რავქნა და ერთი გვარის მგონია მაინც 🙂

  5. რა უნდა ქნა და ცდები, ოდილავაძემ გააქილიკა ქართველები და რის გამო გვჭირს ეს და რაა გამოსავალი არ ამბობს, კი მართალია თითქმის ყველა დებულებაში და მერე…რა ქნათ და გვარს ნუ ეხებით, ერთი რამ მაინც მითხარით რაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამიკეთებია, ერთი მაინც დაასახელეთ, მოკლედ რა ვქნა და მგონიას არ მივიღებ …

  6. მკურნალობისთვის უმნიშვნელოვანესი,ანალიზის საფუძველზე დასმული დიაგნოზია, ზურაბმა თავისი ვერსია შენოგვთავაზა, რასაც მეც ვეთანხმები! რა ვქნათ? სიტუაციის ტრაგიკულობა სწორედ ამ “თ”-შია. ქართველი ხალხი იმიტომ ირჩევს 80-90 პროცენტით ხელისუფლებებს და მერე ლამის იგივე პროცენტულობით ამხობს მას, რომ ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია::აკი-
    დო მთელი ტვირთი ერთ კაცს(ზვიადი, ედუარდი, მიშა. . .) ან რაღაც ჯგუფს და მერე მასვე დააბრალო ყველაფერი. ხელისუფლება სარკეა საზოგადოების, ხოლო რევოლუცია, ამ სარკის დამსხვრევის მცდელობა, რათა საზოგადოებამ თავისი სიმახინჯე არ დაინახოს!

  7. odilavadze says:

    გეთანხმები, ნოდარ და შენი მორიგი ციტატა ჩავიწერე: ,,ხელისუფლება სარკეა საზოგადოების, ხოლო რევოლუცია, ამ სარკის დამსხვრევის მცდელობა, რათა საზოგადოებამ თავისი სიმახინჯე არ დაინახოს!”. მადლობა ყველას!

Leave a reply to nodarkiknadze Cancel reply