,,იმპერიის ორსულობა“ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის აღმოჩენა

zura odilavadze12

ქეთევან ქურდოვანიძე. გაზეთ ,,რეზონანსის“ საკვირაო გამოცემა – ,,გალაქტიონი“ (კვირა, 15 სექტემბერი)

მწერალი ისტორიის წინააღმდეგ თუ თავად ისტორიული ცნობიერების დამანგრეველი ელემენტები. როგორია “ავადმყოფობა”, რომელსაც ვერც შიშით, ვერც სურვილით ვერ მოერევი. ამ ავადმყოფობის შედეგების გაცნობიერება და გამოსავლის ძიება წინაკოლაფსურ მდგომარეობაში. ხელოვნებაში ჭეშმარიტების მიგნების მცდელობა, რწმენის დაბრუნების იმედით, მაგრამ აქაც სრული უსუსურობის განცდა და სულიერი ტანჯვის გაორმაგება. გონებისა და ვნების ჭიდილი, სოციალური განხეთქილება ჭკვიანსა და სულელს შორის, მეპროტესტესა და კონფორმისტს შორის, მოაზროვნესა და არაკომპეტენტურ ოპტიმისტებს შორის. ეპოქა სიცრუის, ეგოიზმის, გამორჩენის, სულიერი და მორალური გახრწნის. აი, მოკლედ ის თემები, რომლებსაც ეხება მწერალ ზურა ოდილავაძის წიგნი “იმპერიის ორსულობა” – ახალი სიტყვა ქართულ მწერლობაში – რომლის გამოქვეყნებაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ითავა და ამისთვის მადლობას ვუხდი მას. ასევე, მადლობას ვუხდი ავტორს, საუბარზე რომ დამთანხმდა და კიდევ უფრო დეტალურად განმარტა საკუთარი, როგორც ინტელექტუალის რეაქცია სისტემით, ტოტალიტარიზმით, იმპერიალიზმით განპირობებულ ამაზრზენ რეალობაზე. ამ ტექსტს მწერალმა უწოდა “ეპოქის სოციალური დოკუმენტი”, რომელიც მთელი თავისი პათოსით უპირისპირდება “სამყაროს გამაბედნიერებელთა” (ვგულისხმობ მარქსს, ენგელსს, ლენინს) მავნებლურ, უტოპიურ ზეგავლენას და საკუთარი თავის მხილებით დაიწყო ეპოქის მხილებაც.

სიკვდილის ყველაზე საზარელი ფორმაა – სიკვდილი სიცოცხლეში, აი, რას არ ეგუება ნაწარმოების გმირი, ის ზუსტად აცნობიერებს, რომ ბოროტების იმპერიის დამარცხება მომხიბვლელი ქიმერებით, ილუზიებითა და მასთან იდენტიფიკაციით შეუძლებელია. საჭიროა, აღდგეს სიკეთის მთლიანობა საზოგადოებაში ინდივიდუალიზმით, ბრძოლითა და თავგანწირვით, რადგან ადამიანურ ყოფას ირაციონალური მოტივებიც ახასიათებს ამიტომ არ ღირს სიცოცხლის გაფლანგვა, რომელიც, კინოსცენარივით, ვარგისი და უვარგისი კადრებისგან შედგება. ეს კადრები სამუდამოდ იბეჭდება ადამიანური ცნობიერების მგრძნობიარე კინოფირზე და მისი მონტაჟი თითქმის შეუძლებელია.

ქეთი ქურდოვანიძე

ზურა ოდილავაძე

მოთხრობები მორფინისტებზე თუ ,,ეპოქის დოკუმენტი”?

წიგნი მოგვითხრობს ჩვენს საბჭოურ, ტოტალიტარულ წარსულზე, შედგება სამი ვრცელი მოთხრობისგან და მოიცავს პერიოდს 60-იან წლებიდან 2000 წლამდე. პირველი მოთხრობა ეხება შედარებით ვარდისფერ პერიოდს, როდესაც საბჭოეთის ტოტალიტარიზმის საშინელება ჯერ კიდევ არ გაგვეცნობიერებინა და რჩებოდა ადგილი ოპტიმიზმისთვის, კარგ ხასიათზე ყოფნისთვის. შემდეგ დადგა 70-იანების ბოლო, 80-იანების დასაწყისი, როდესაც გავაცნობიერეთ, სად ვცხოვრობდით, ამიტომაც დაისადგურა პესიმიზმმა და უიმედობამ. ამას მოჰყვა ომი და ის მოვლენები, რომლებიც ყველამ იცით. განსაკუთრებულად  მინდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი არამც და არამც არ არის მორფინისტებზე, არამედ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეპოქის დოკუმენტია.

როგორ დაორსულდა იმპერია?

60-იანი წლების დასაწყისში, როდესაც, ასე ვთქვათ, ცხოვრების ასპარეზზე გამოვედი, დაიწყო რკინის ფარდის რღვევა, დასავლეთიდან ინფორმაციის შემოდინება, თითქოს ის უმნიშვნელო ჰიპები, გრძელი თმები, ბითლზები, როკი,  ნარკოტიკიც კი, რომელიც იმხანად გარკვეული პროტესტის, გაქცევის  ფორმა იყო, ქმნიდა თავისუფლების იმ ნაკადს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, თავისუფლებით დააორსულა იმპერია. ეს ორსულობა 90-იან წლებში დამთავრდა მშობიარობით. ამ მტკივნეულ, სასტიკ, სისხლიან პროცესში იშვა ჩვილი, არყით გაჟღენთილი, სიცივით, უშუქობით დათრგუნული – დამოუკიდებელი საქართველო. დედა-სსრკ მშობიარობას გადაჰყვა, ჩვენც – ალკოჰოლი სმას. ამ ჩვილის შესახებ ორი თვალსაზრისი არსებობს. ერთი, პესიმისტური: რომ დაიბადა მუტანტი, ერთგვარი გამომწვარი, დაწყევლილი მიწა და ვხედავთ კიდევაც, რომ 30 წელია უდაბნოში დავდივართ. და მეორე, ოპტიმისტური: როდესაც ყველას ჰგონია, რომ ჭეშმარიტად დაიბადა ჩვილი, მართალია 7-თვიანი, ნაადრევი, ინფანტილური, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ ის რაღაცას დაემსგავსება. ეს რაც შეეხება ახალ საქართველოს, ახლა მთავარია, დაიბადოს ჩვენი ახალი “მე”, რომელსაც, დიდწილად, აქვს საბჭოური შემადგენელი – ბატონყმური, მონური მენტალობა და დღესაც მთავარი ამოცანაა ამ “მე”-ს განახლების, მონური შემადგენლის დაძლევის პრობლემა. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს – 60-იანი წლებიდან 2000 წლებამდე – დაერქვა იმპერიის ორსულობა. და 2000 წელს მოხდა მშობიარობა ანუ სსრკს დაშლა.

რატომ კინოსცენარი?

კინოსცენარივით გამოვიდა, რადგან ეს სურათი იმდენად ცოცხალი იყო ჩემთვის და შთამბეჭდავი, რომ დამაინვალიდა. შეგნებულად არ დამიწერია ამ ფორმით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოუცდელი მწერალი ვარ და ამიტომაც ლიტერატურის აუცილებელი კანონები არც კი ვიცი. ეს მოთხრობები 6-7 წლის წინ დავწერე და ბევრმა მითხრა, რომ  ნამდვილი კინო სცენარია. იმდენად მტკივნეული პროცესი იყო ჩემთვის, რომ ის ემოცია ახლაც მახსოვს.

რას გვიპირებს ტოტალიტარიზმი?

ჩემი ნაწარმოები ტოტალიტარიზმსა და მასთან ბრძოლას, მის დაძლევას ეხება. სწორედ ეს თემა აერთიანებს ამ მოთხრობებს; ასევე, ეხმიანება იმ დაუძლეველ მდგომარეობას, რომელშიც ახლა ვართ. ტოტალიტარიზმი საზოგადოებაა, რომელიც დაკარგულია. ეს რთული ფორმულაა. ტოტალიტარიზმის მკვლევრების კარლ ფრიდრიხისა და ზბიგნევ ბჟეჟინსკის აზრით, სსრკ-ში ,,შიში და თანხმობა“ გახდნენ სიამის ტყუპები – ანუ ზემოდან მომავალი შიში და ქვემოთ კოლექტივის თანხმობა. შიშსა და თანხმობაზე დამყარებულ საზოგადოების შეგნებას ახასიათებს ოთხი მთავარი რამ:

1. აზროვნება – უკრიტიკო, შაბლონური.

2. ცნობიერება – მითოლოგიური, ზღაპრული.

3. მორალი – ორმაგი სტანდარტების, ფარისევლური.

4. მენტალიტეტი –  ბატონ-ყმური, ბელადის, ავტორიტეტის უპირობო მორჩილებაზე დამყარებული.

გარდა ამისა, ტოტალიტარიზმი გულისხმობს ადამიანის ორგანიზების ერთადერთ ფორმას – კოლექტივიზმს. კოლექტივი, თავისთავად, ინდივიდუალიზმის დათრგუნვის, ინდივიდზე უმრავლესობის დიქტატის განხორციელების საშუალებაა და ამიტომ ის ძველი მენტალობის ადამიანები, რომელთაც არ სურთ ფიქრი, ახლის გაგება და სარკეში ჩახედვა, სწორედ კომფორტულად გრძნობენ თავს ამ გაერთიანებაში. უხეშად რომ ვთქვათ, როგორც ცხოველი გრძნობს დაცულად თავს საკუთარ ჯოგში, იმასვე გრძნობენ ადამიანებიც. ისინი თითქოს რეფლექსურად იცავენ თავს განსხვავებული აზრისგან.

რევოლუცია თუ პლაგიატი?

ჩემი დიდი ხნის ამოცანაა, პროტესტი გამოვუცხადო ყოველივე ზემოთქმულს. ეს ერთადერთი ფორმაა, დავუპირისპირდე მას. რაც შეეხება ხელოვნებას, შეიძლება უნივერსალური კანონი არ იყოს, მაგრამ ჩემთვის ასეა: თუ ხელოვნება, კერძოდ კი ლიტერატურა მოკლებულია პროტესტს, ის ლიტერატურა არ არის. ასეთი ფრანგული გამონათქვამი არსებობს: ,,ხელოვნება ან რევოლუციაა, ან პლაგიატი”. ეს ფრაზა ზუსტად ესადაგება იმ ტოტალიტარულ ეპოქას, რომელშიც ვცხოვრობდით.

მაშინ ჩემი ძირითადი ამოცანა იყო პროტესტი. პირობითად ვიხმარ სიტყვას – ,,პროტესტანტი“. იმხანად, არა მარტო თავად ვიყავი პროტესტანტი, არამედ სხვებისთვისაც მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს ტოტალიტარული სისტემა ქიმერაა, რომ მისი დაძლევა შესაძლებელია, თუ არ შეურიგდები დაწესებულ რეალობას. ამიტომაც ამ მოთხრობებში, მართალია, იგრძნობა საშინელი ტკივილი, მაგრამ, ძირითადად, სწორედ ეს პროტესტია გამოხატული – სწრაფვა ინდივიდუალიზმისკენ, თავისუფლებისკენ. ალბათ გახსოვთ, რით დავიწყეთ ამ სრული დაბნელების ეპოქაში, დავიწყეთ დაკომპლექსებით, დათრგუნვით, შაბლონებით, პირობითობებით და არ შეიძლებოდა ეს პროცესი დიდი შეცდომების გარეშე წარმართულიყო. მეც, რა თქმა უნდა, საშინელ შეცდომებს ვუშვებდი. მაგრამ პროტესტი ხომ გულწრფელია, გულიდან ამოდის, ამიტომ მიმაჩნია, რომ ის გამართლებულია და თავის მიზანს, ადრე თუ გვიან, მაინც მიაღწევს, რადგან გულწრფელი პროტესტი მხოლოდ დროებით შეიძლება იყოს მცდარი, მერე აუცილებლად მიხვალ რაღაც ჭეშმარიტამდე.

 

რთულია უარყო საკუთარი თავი?

ახლა ამ პროტესტს ორი ძირითადი სფერო – პირადული და საზოგადოებრივი აქვს. პირველი: უნდა დაიწყო პირადი გათავისუფლებიდან ანუ საკუთარი “მე”-ს განახლებიდან, რაც ყველაზე რთულია. სწორედ საკუთარი თავის უარყოფაა საწინდარი კოლექტივიზმის ასეთი მდგრადობის დარღვევისა. არადა, ადამიანი, რომელიც არ სწავლობს, არ ვითარდება და არ ცდილობს ამის გაკეთებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბოროტდება, იკეტება და შემდეგ გვიკვირს კიდეც, რატომ განიცდის მუმიფიცირებას საოცრად ნიჭიერი მწერალი, რეჟისორი ან ხელოვანი. როგორც კი “მე”-ს  განაახლებ, ძალაუნებურად, იმ კოლექტივს ტოვებ, გადადიხარ თავისუფლების უფრო მაღალ ხარისხში. შემდეგ იმ მესაც აახლებ, და ასე ვითარდება ადამიანი. გველის პერანგივით ამ ძველს სულ უკან ტოვებ. ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ აუცილებელი. თავისუფლებისკენ სწრაფვის მთავარი მეთოდი პროტესტია და ეს პროტესტი გამოიხატება საუკათარ “მე”-ს მუდმივ განახლებაში. დღევანდელი პროგრესი იმდენად სწრაფია, რომ თუ ამას არ აკეთებ, ერთ ადგილზე კი არ გაჩერდები, არამედ უკან  მიდიხარ.

მეორე: ეს არის დაჯახება კოლექტივთან, ეს არის პროტესტანტული იდეები. პროტესტი, რა თქმა უნდა, გამოიწვევს კოლექტივისგან გარიყვას, ტალახს, გინებას, ყოველივე ცუდს, რისი წარმოდგენაც შეიძლება. ერთია, რომ შემოტევას უნდა გაუმკლავდე, თუმცა, ამას თავისი დიდი პლუსებიც ახლავს, რადგან იდეისთვის ბრძოლაში გამარჯვებული ის კი არ არის, ვინც სძლია, არამედ პირიქით, ვინც გარიყეს. აქ ჩვეულებრივი კანონები აღარ მოქმედებს. გამარჯვებულია სუსტი, რომელიც, მიუხედავად კოლექტივის რიცხვობრივი უპირატესობისა, ჩაება ამ ბრძოლაში, დამარცხდა, მაგრამ მომავალში მისი იდეები გახდება მასების გულთამპრყობელი და ცნობიერების ჩამომყალიბებელი. რამდენად შემიძლია, თავად გავიარო ეს გზა, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ვცდილობ, რადგან მთავარი ის ხომ არ არის, მიაღწევ თუ არა მიზანს, მთავარია, რომ ცდილობ.

ხშირად დასმული კითხვა

რატომ აირჩიე ნარკომანების ცხოვრება ნაწარმოების სიუჟეტად?

ამ კითხვას ხშირად მისვამენ, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ეს არ არის გამოგონილი ისტორია, რომელშიც მხოლოდ ორი ან რამდენიმე კაცი მონაწილეობს. იმ ეპოქაში ასე იყო. ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი სვამდა ან წამალს იკეთებდა, ეს გახლდათ სოციუმის ცუდი ჩვევა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო, თუმცა ამაზე ქილიკი უზნეობაა, რადგან ამ პრობლემამ წალეკა თაობები. სამწუხაროდ, ქართველებს სარკეში ჩახედვა და რაღაცების აღიარება არ გვიყვარს. საუბედუროდ, ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია, თანაც უფრო ადრეული ასაკიდან. ისევ პათეტიკურად გამომდის, მაგრამ პირადად მე ამ მდგომარეობიდან 30 წლის შემდეგ გამოვედი. ათასობით, ათიათასობით დედა, მამა, და, ძმა არსებობს, რომელთათვისაც მე იმედი ვარ, მაგალითი ვარ და არ არის ეს ცოტა. მთავარია, თავადაც გინდოდეს გამარჯვება.

რაზე წერ, რა იდეას იცავ?

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, საზოგადოებრივი ცხოვრებაა, რადგან, გარდა მწერლობისა, პუბლიცისტურ წერილებსაც ვწერ  ინტერნეტში. ყველა, ასე თუ ისე, დიდ პოლიტიკურ მოვლენას ვეხმიანები.      სოციალურ ქსელებში შესამჩნევია ადამიანების დაყოფა ქოცებად, ნაცებად, ზვიადისტებად და ა.შ. აქაც იგივე პრობლემაა. პირველი და უმთავრესი გულწრფელობა, მეორეც, იესო ქრისტე თავისი ადამიანური ბუნებით შეცდა და აირჩია ყველაზე საშინელი მეგობარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის უმართებულო საქციელი სულაც არ ნიშნავს იდეის მცდარობას. რა თქმა უნდა, რაზეც ვწერ, იმ იდეის ახლაც მჯერა, მაგრამ ვიღაცამ თუ ამ იდეის განხორციელების გზაზე ათასი შეცდომა დაუშვა ან პირიქით, ეს სულაც არაფერს ნიშნავს. რადგან სამომავლოდ იდეა რჩება და დაშვებული შეცდომები მას ვერაფერს ავნებს.

მნიშვნელოვანია, რაზე წერ და რა იდეას იცავ: მე არ ვარ პოლიტიკოსი, თანაც განსაკუთრებულად მძულს არაპროფესიონალიზმი. პოლიტიკაში ჩემი მთავარი წყალგამყოფია საქართველო, რუსეთი და დასავლეთი, ადამიანური ჭორები ნაკლებად მაინტერესებს და, შესაბამისად, ამის შესახებ არასდროს არაფეს ვწერ. გვარებსაც იშვიათად ვახსენებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკოსის ავკარგიანობა ჩემთვის იწყება და მთავრდება რუსეთთან მიმართებაში. თუ ის რუსეთისკენ არ მექაჩება, ჩემთვის მისაღებია და, ამის იქეთ, პოლიტიკოსებისთვის მიმინდვია მისი ქმედების მართებულობის განსაზღვრა. მე მხოლოდ ემოციურად შემიძლია შევაფასო, აი, ამ დონეზე.

საქართველოს პოლიტიკური არჩევანი  ჩემთვის უმთავრესი საკითხია. და არ არის გასაკვირი, რომ ქართველი ხალხის შვიდასწლიანი ოცნების ახდენაში საკუთარი წვლილის შეტანაც მსურდეს. სრულებით არ ეხება ეს პოლიტიკური დივიდენდების დაწერას. ასე რომ, ესეც კლიშეა. რა თქმა უნდა, ადამიანს თრგუნავს ის, რომ ვიღაცამ ამ სწორი იდეისკენ მიმავალ გზაზე დაუშვა უხეში შეცდომები, მაგრამ  ეს იდეის მცდარობას სრულებით არ  ნიშნავს, მთავარია პროტესტი და გულწრფელობა. დანაჩენს გამოვასწორებ.

როდის შეძლებ, ავტოსტოპით გადაკვეთო საქართველო?

მაქვს რამდენიმე საყვარელი ფრაზა და აფორიზმი. არა იმიტომ, რომ ამ  ფრაზებით ვკეკლუცობ,  არამედ იმიტომ, რომ ხშირად ერთი წინადადება ამბობს იმას, რაც, შესაძლოა, მთელ ნაწარმოებში ვერ დაატიო. ამ ხნის განმავლობაში დამიგროვდა ასეთი საყვარელი ფრაზები, ზოგი ჩემი, ზოგიც სხვისი. მაგალითად, ჩემია: ფარისევლობავ, ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ განმარტება არ უნდა, რადგან ფარისევლობა ჩვენი იმ სარკეში ჩაუხედაობის, მითოლოგიურ ცხოვრებაში ლივლივისა და ამით ტკბობის საფუძველია. ფარისევლობა – არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება; ზუსტად ისაა, რაც ფარავს ჩვენს საბჭოურ წარსულს. როგორც კი დაძლევ ფარისევლობას და მინიმალურ, ასე ვთქვათ, ვაჟკაცობას გამოიჩენ, რომ სარკეში ჩაიხედო, თავადვე არ მოგინდება საკუთარი სიმახინჯის დანახვა. კიდევ ერთი ფრაზა რუსეთ-საქართველოს შეეხება. თავად ისეთი ავტორიტეტი, როგორიც კუნდერაა, ამბობს, რომ “პრაღის გაზაფხულის შემდეგ მე მოვიძულე ყველაფერი რუსული, მათი ეკლესიის გუმბათებიც კი საზარბაზნე ბირთვებს მაგონებენ.” დამეთანხმებით, მას ვერც ფაშიზმში, ვერც რადიკალიზმში ვერ დავადანაშაულებთ. ეს სიტყვები ეკუთვნის ნამდვილ ევროპელს, რომელსაც არასდროს უარუყვია ეს მოსაზრება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დისტანცირება ჩემში ეტაპობრივად ხდებოდა, მეც, მილან კუნდერას კვალდაკვალ, ასე გამოვთქვამ: “2008 წლის აგვისტოს შემდეგ მე მოვიძულე ყველაფერი რუსული, მათი ეკლესიის გუმბათებიც კი მე მაგონებენ საზარბაზნე ბირთვებს”. კიდევ დავამატებ ერთ-ორ ფრაზას, მაგალითად, “ჩვენ, მეპროტესტენი, ვართ მარილნი ამასოფლისა” – ქრისტეს სიტყვების პერიფრაზია. და ბოლოს, ჩემი, შესაძლოა, გულუბრყვილო იდეა მომავალი საქართველოსი: “საქართველო მაშინ გახდება ცივილიზებული სახელმწიფო, როდესაც სახლიდან გახვალ და შეძლებ, ავტოსტოპით გადაკვეთო საქართველო”. მიამიტური ფორმულაა თითქოს, მაგრამ მეტყველებს იმაზე, რომ შეიცვლება მთავარი რაღაცები: პირველი, ადამიანები ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილნი იქნებიან, მეორე, ადამიანები დაინტერესდებიან ერთმანეთის გამოცდილებით.

 

ის, რაც ჯერ არავი წაუკითხავს

უკვე დავწერე მოთხრობა “რუსული ტანკები არ მოდიან”, ეკლესიაზე უამრავი მოთხრობა, ასევე ქალისა და კაცის ურთიერთობის თემაზე. მინდა გამოვცე წიგნი ეკლესიაზე, ვრცელი მოთხრობა “ბაბილონელი მეთოჯინეები”, რომელშიც წარმოვაჩინე თანამედროვე ეკლესიის სახე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ ვარ კომპეტენტური რელიგიის საკითხებში, მოთხრობა აღწერს თანამედროვე ეკლესიის ტაძრულ, ბიზანტიურ, იგივე “პრავასლავნიკურ” რუსეთიდან წამოსულ წესს, რომელიც არ იყო ქართული, რადგან ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტოლერანტობით. მართლაც, გვყავდნენ მეფეები, ცნობილი თავიანთი განათლებით, შემწყნარებლობით, ქრისტიანული თავგანწირვით. არის ასეთი ცნება, ტაძრული რწმენა, რომელიც აგებულია კანონების, დოგმების მშრალ აღსრულებაზე, რაც არ გულისხმობს ქრისტიანობის გულში გატარებას. არადა, ქრისტიანობაში მთავარია, ინდივიდზე აგებული რწმენა. ქრისტიანობა პირველი რელიგიაა, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს მიმართა, კონკრეტულ ადამიანს უთხრა – ხარ ცენტრი მთელი სამყაროსიო, შენშია ყველაფერიო. ამის ნაცვლად, არის რაღაც დოგმების ჩამონათვალი, ჭამა-სმის განრიგი, რომელიც მეასეხარისხოვანია და მხოლოდ ასკეტიზმისა და შეზღუდვებისთვისაა დაწესებული. როდესაც ამას დააყენებ პირველ ადგილას, შემდეგ ამას დაუმატებ მითებს – სხვა ერებზე წარმოსახვითი უპირატესობის შესახებ, იქცევი ჩვეულებრივ კერპად, რომელიც თვითდარწმუნებულია, გაბერილია, დაბოღმილია და მიაჩნია, რომ ყველაზე უკეთესია. ეს წარმოსახვითი უპირატესობა ისე ღრმად არის გამჯდარი, რომ ვლინდება რელიგიური, ეროვნული, სოციალური უპირატესობის განცდაშიც – ერთი პარტიის ხალხი მეორეზე უკეთესია, ერთი მრევლი სხვის მრევლს სჯობია.  დამანგრეველი იდეაა წარმოსახვითი უპირატესობის განცდა, წარმოიდგინეთ, ადამიანის განვითარების საწინდარია საკუთარ თავში ნაკლის პოვნა, მისი დაძლევა, არადა შენ დღითიდღე გარწმუნებს შენი თავი, არასწორი მოძღვარი, რომ ყველაზე უკეთესი, ყველაზე მართალი ხარ. შედეგად, თან ზარმაცდები,  თან აგრესიული ხდები. ამაზე ცუდი რა შეიძლება იყოს.

რა არის კრიმინალური ფოკუსი?

ამპარტავნება, სიამაყე ფუძეთფუძეა ყოველგვარი ცოდვისა. იგივე ბიბლია იწყება შესაქმით, შემდეგ კი მას მოსდევს ბაბილონის გოდოლის ისტორია. ასე დგება ადამიანი არასწორ გზაზე, რაც გულისხმობს ღვთის ნების საკუთარი ნებით შეცვლას და იწყება კოშკების მშენებლობა. გნებავთ, მას ბაბილონის კოშკი დაარქვით, გნებავთ – საკუთარი უპირატესობისა. ამ უკიდეგანო ბეტონის ნაგებობების მშენებლობაც ერთგვარად ჰგავს გოდოლის ისტორიას. სწორად გამიგეთ, მე ეკლესიების შენების წინააღმდეგი კი არ ვარ, არამედ იმ სახლებისა, რომლებსაც არ მოაქვთ სულიერი ზრდა, რასაც ახლავს უკუსვლა და უპირატესობის განცდა. ახალი ბაბილონელი მეთოჯინეები გამოჩდნენ, რომლებიც თოჯინებივით მართავენ ხალხს, ღვთის ნება განდევნეს, საკუთარი შეიტანეს, მოგეხსენებათ, ადამიანის ნება ცოდვილია და მანკიერი. ისეთ კრიმინალურ გარემოში ვცხოვრობდით, რომ, გასაგებია, ათასობით ახალმიღებული მოძღვარი იმ მენტალიტეტის იქნებოდა. დამერწმუნეთ, ეკლესიაში არაგულწრფელად არასდროს არავინ მიდის, საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი, მიდის მთელი გულით, ცხელი გულით და უნდა მივიდეს კიდეც. თუმცა, მასში, ანუ ყოფილ კრიმინალში ყოფაქცევის სტერეოტიპია გამჯდარი,  თან მან იცის ადამიანზე ზეგავლენის მოხდენისა და მისი დამორჩილების წესები. ეს თავისდაუნებურად ხდება და იწყება, ზემოთ რომ ვთქვით, კრიმინალური ფოკუსი – შეცვლა ოქროსი ყალბი ფასეულობით. “ბაბილონელი მეთოჯინეები” მოგვითხრობს ეკლესიურ იერარქებზე, შიდა ურთიერთობებზე, ჩვეულებრივ მრევლზე, და ბოლოს, იმაზე, თუ როგორ ვიბრძოლეთ რამდენიმე ადამიანმა – ზოგი წამოვიდა, ზოგი დარჩა.

დასასრულს საკუთარი თავი შევადარე ჯორდანო ბრუნოს, რომელმაც გააკეთა ის, რაც გააკეთა. იმედია, მოვა დრო და დადგება სხვა ეტაპი, რომელიც სიყვარულს, თავგანწირვასა და ურთიერთდახმარებას ქადაგებს. ადამიანებს სურთ სიკეთის კეთება, მაგრამ სწორედ საკუთარი ნაკლის არაღიარება უშლით ამაში ხელს.

2013. 31 აგვისტო

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

21 Responses to ,,იმპერიის ორსულობა“ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის აღმოჩენა

  1. maiko says:

    ოქროს ინტერვიუს დავარქმევდი

  2. nargiza says:

    ბატონო ზურა!!!!რა ჭკვიანი ხართ!!!

  3. odilavadze says:

    გმადლობთ!

  4. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    “ცხოვრებისაგან გაქცევა.. ყოველთვის შეცდომაა“.. კი. ასეა. მაგრამ ამის გაცნობიერება რომ ადვილი იყოს… ზურა, როგორ შეიძლება შენი წიგნის უცხოეთში “შოვნა“ ?

  5. odilavadze says:

    რევაზ, თბილისში ყველგან: ,,ბიბლუსის” მაღაზიებში; ლიტერატურული კაფეები პეკინზე და ვაკეში; ვაკეში – ,,პარნასი”; აღმაშენებლის დასაწისში პატარა შესახვევია, სადაც განთავსებულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და მათ აქვთ საკუთარი მაღაზია, სადაც გამომცემლობის ყველა წიგნია. ამჟამად ვნახე კიდევ ახლადგახსნილ ,,ბიბლუსში“ პალიაშვილისა და კავსაძის გადაკვეთაზე. უცხოეთში, ალბათ, გამომცემლობას უნდა დაუკავშირდე და ისე. აი, მათი გვერდის მისამართი:
    https://www.facebook.com/bakursulakauripublishing?ref=ts&fref=ts

  6. გიორგი says:

    დიდი ხანია არ შემოვსულვარ ამ ბლოგზე იმ კამათის შემდეგ რაც აქ მომივიდა ავტორთან და ზოგიერთ წევრთან…საინტერესოა,რომ კრიტიკული შეფასებები თითქმის არ მინახავს ამ საიტზე…პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ბატონო ზურა წიგნის დაბეჭდვა. რაც შეეხება ამ სტატიას…მხოლოდ ერთს შევეხები,თუმცა ბევრს თქვენ აზრს არ ვეთანხმები. სამწუხაროა,რომ რამდენჯერაც შეეხეთ რაღაც ქრისტიანულ თემებს იმდენჯერ ანტიქრისტიანულ სიტყვებს ამბობთ. “იესო ქრისტე თავისი ადამიანური ბუნებით შეცდა და აირჩია ყველაზე საშინელი მეგობარი“ _ო. ამ თემაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად ბევრის თქმა შეიძლებოდა.მაგრამ მთავარს ვიტყვი შეძლებისდაგვარად მოკლე., ქრისტემ თორმეტივე მოციქულში(მათ შორის იუდაშიც) იპოვა ის ღირსება,რითაც ისინი იმსახურებდნენ მოციქულებრივ ღვაწლს.მაგრამ მათ ასევე გააჩნდათ ნაკლოვანებებიც, იაკობს და იოანეს – დიდებისმოყვარეობა,მათ სურდათ ქრისტეს მარცხნივ და მარჯნივ დამდგარიყვნენ მისი მეორედ მოსვლის დროს ,თომას _ურწმუნოება, პეტრე მოციქულს-ამპარტავნება,(როდესაც უფალმა დაცემა უწინასწარმეტყველა, მან ამას ყურადღება არ მიაქცია: „ხოლო პეტრე უმეტესად უფროის იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უარ-გყო შენ“ (მარკ. 14, 31).სხვებს შიში და მრავალი სხვა.ბოლოს და ბოლოს,პეტრემაც ხომ უარყო ქრისტე და უღალატა მას 3 ჯერ.განა ეს ქრისტეს ბრალია? მაგრამ თუ ვთქვათ ვიტყვით იმას,რომ იუდა ყველაზე მეტად იყო ცოდვაში ჩაფლული,მაშინ ისიც უნდა ვთქვათ,რომ მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქრისტესთან ყოფნა,მისგან პირდაპირ მიეღო კურნება სულისა.უბედურება დაცემა კი არაა ,არამედ ამ დაცემულ მდგომარეობაში დარჩენა.იუდასაც რომ გაეაზრებინა მისი დანაშაული და მოენანიებინა,ქრისტე მას აუცილებლად შეუნდობდა,როგორც პეტრეს შეუნდო.
    იუდას დაცემის მიზეზი მისი პიროვნული ნება იყო.მან ვერ დასძლია თავისი ნაკლოვანებები,როგორც დანარჩენმა მოციქულებმა.დასაწყისში კი ის არ იყო ის “საშინელი“
    როგორც თქვენ დაახასიათეთ,არამედ შემდგომში გახდა თავისივე გაუკუღმართებული ნებით.
    ქრისტემ გვერდით კი მისდამი სიყვარულის გამო დაიყენა ,აფრთხილებდა და შეაგონებდა მის მანკიერებებს,მაგრამ იუდამ არ ისმინა მისი. თქვენებური განმარტება სახარებისა,სხვათა შორის,პროტესტანტიზმს ეკუთვნის თავისი სულისკვეთებით,როდესაც ყველას შეუძლია თავისი სურვილისებრ განმარტოს და დაამახინჯოს სახარება. მათი აზრი ასეთია,რომ ყველას შეუძლია გააჩნდეს საკუთარი სახარება,საკუთარი ქრისტე. ანუ ჭეშმარიტების მცნება პიროვნების საკუთარ აზრამდე დადის. ეს მაშინ,როცა პავლე მოციქული ამობს: “ერთი არის უფალი,ერთი სარწმუნოება და ერთი ნათლისღება“.ერთიო და არა მრავალი.

  7. odilavadze says:

    ,,ერთი არის უფალიო”,– მაგრამ არა კონკრეტული პიროვნების მიერ მისი აღქმაო

  8. გიორგი says:

    კიდევ ერთი მცდელობა ბიბლიის თავისებური განმარტებისა ბატონო ზურა. თქვენ პავლე მოციქულის სიტყვებს ისეთი შინაარსი მიეცით და ისე განმარტეთ,რომ თვით პავლე მოციქულის აზრი არაფრად ჩააგდეთ. ვნახოთ აბა, სხვაგან რას ამბობს იგივე მოციქული.
    “თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგნია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა, სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით” (II კორ. 11:4).
    “მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლებისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ” (ტიტ. 3:10,11).
    “თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი, . ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით(გალ.1;7-12)
    პავლე მოციქულის სიტყვებს განმარტავთ და მასთან წინააღმდეგობაში მოდიხართ.
    “თვით ანგელოზმაც რო გახაროთ“ ო არ მიიღოთო,რა საოცარია,არა? ჩვენც, მართლმადიდებლები მივსდევთ მოციქულის ამ სიტყვებს და თუ ანგელოზსაც არ უნდა ვენდოთ ამ საკითხში, მაშინ როგორღა ვენდობოდით ლუთერს ან თუნდაც რომელიმე პაპს?!
    ერთ არს უფალი , ერთ არს ნათლისღება, ერთ არს სარწმუნოება

  9. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    “კიდევ ერთი მცდელობა ბიბლიის თავისებური განმარტებისა” მართალი ბრძანდებით პატივცემულო გიორგი. სასწრაფოდაა მისაღები კანონი რათა მსგავსი მცდელობები აღიკვეთოს და უმკაცრესად დაისაჯოს! ბუსუსიანი პრეზერვატივების დამღუპველობაზე ნაკლები საკითხია, განა??

    • გიორგი says:

      რაზე ვლაპარაკობდით ჩვენ და თქვენ კიდე პრეზერვატივის თემაზე გადადით. რა შუაში იყო საერთოდ?სადმე ვახსნენე მე რომ ვინც სხვაგვარად განმარტავს ბიბლიას,უნდა დაისაჯოს,ან აწამონ ან კიდევ სხვა?საოცარია რა! მიზანი ყოველ შემთხვევაში გასაგებია,უბრალოდ დაცინვა, რაღაც ფაქტიდან თითიდან გამოწოვის და სარკაზმის მცდელობა,სხვა თუ არაფერი,ეგ მაინც ადვილია. თუმცა მაგასაც ნიჭი უნდა. იქ კი თავისებურის ნაცვლად თვითნებური უნდა დამეწერა,შემეშალა.ასე უფრო სწორი იქნებოდა. 🙂

  10. odilavadze says:

    დევს ინტერვიუ და ის ახალ წიგნს – ,,იმპერიის ორსულობას” ეხება… და საერთოდ, რა შუაშია აქ რელიიგიის სიღრმეებზე საუბარი?

  11. გიორგი says:

    ამ სტატიიდან ნათქვამ ფრაზას(ქრისტე შეცდაო) მოყვა ეგ ყველაფერი და სწორედაც რომ ასეთი თემებიდან იწყება ყველაფერი და განგებ დავიწყე აქედან.არასწორად(თვითნებურად) გაგებული მაცხოვრის სიტყვები,შემდეგ მოციქულის და წმინდანების,ამას რათქმაუნდა მოყვება ქრისტიანობის და თვითონ ეკლესიის,როგორც ღვთისგან დაფუძნებული ორგანოს მცდარი(თვითნებური) გაგება,გაუკუღმართება. ეს არის ზოგადი ჯაჭვი იმ პრობლემებისა,რომელიც ხშირად გვხვდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუკუღმართება კი,რაც არის,ესაა მართამდიდებლობის დაყვანა ეროვნულამდე,თითქოს მართლმადიდებლობა იყოს ნაწილი ამ ეროვნულობისა,მისგან გამოსული და მისივე საკუთრება,რომელიც ამ ეროვნულს უნდა მოხმარდეს ყოველთვის,თუნდაც მართლმადიდებლური პოზიციების,დოგმატების დათმობა მოგვიწიოს. თქვენ ხშირად იმეორებთ რუსული,“პრავოსლავნიკური“,ტაძრული რწმენა,რომ თითქოს მათ თავისი მართლმადიდებლობა მოგვახვიეს თავს. მინდა გითხრათ ბატონო ზურა,რომ არ არსებობს რუსული მართლამადიდებლობა,არც ქართული და არც ბიზანტიური.მართლმადიდებლობა ერთია ყვეალგან,ერთ სწავლებას მივყვებით ყველანი და თქვენ რომ კარგად შეისწავლოთ რუსული, ქართული ან ბერძნულ ენაზე დაწერილი სწავლებები მართლმადიდებლობისა,იოტისოდენა განსხვავებასაც ვერ ნახავთ მათში.ეს შეუძლებელია.მოკლედ,ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ, თუ ჩვენ ეროვნულობას მივაწერთ ქართულ და რუსულ ეკლესიას,როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მქონეს,მაშინ რა უნდა ვთქვათ, კონსტანტინეპოლის,ალექსანდრიისა და ანტიოქიის სამოციქულო,ავტოკეფალური ეკლესიების შესახებ? ისინიც ეროვნულია? გამოდის რომ არსებობს ანტიოქური ეროვნულობა,რაც აბსურდია.(ამ თემაზე ბრწყინვალე ნაშრომი არსებობს: ედიშერ ჭელიძე-მართლმადიდებელი ეკლესია და ეროვნულობა).

  12. გიორგი says:

    რაც შეეხება იმას,რომ მეფეები გვყავდაო ასეთი და ისეთიო,“დოგმებით“(სხვათაშორის სწორი იქნება დოგმატი) არ ცხოვრობდნენო,არც ასკეტური(ტყუილი) ცხოვრებითო. როგორც ცნობილია,რუის-ურბნისის კრების მოთავე და ინიციატორი ყოფილა დავით მეფე და უშუალო მონაწილე ყველა მიღებული გადაწყვეტილებისა. ანუ ძეგლისწერისაც,სადაც გამოხატულია უდიდესი ერთგულება მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და მისი ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა ერის გადასარჩენად: “არა გეცრუვნოთ შენ სიწმინდით,მშობელო ჩუენო კათოლიკე (ანუ საყოველთაო.ავტ.) ეკლესიაო,არცა განგცეთ შენ,სიქადულო ჩვენო მართლამადიდებლობაო,რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ,ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ,მოწამე არს ჭეშმარიტება“. საოცარება ერთგულება! ვნახოთ რას ამბობს თავის აღსარებაში, გალობანი სინანულისანი- ში მეფე: დაღათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლადხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე აღვიხუენ ხელნი, არცა დავდევ სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა უცხოთესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ საწუთრელ-ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღმრთისმეტყველთა შენთა . ნახეთ რა ერთგულებაა? თუმცა ყოველი გრძნობა ცოდვას ვაზიარეო,მაგრამ რაც მასწავლეს შენმა ღვთისმეტყველებმაო,იმას არ ვუღალატეო. აღარ მოვიყვან ფაქტებს მისი ცხოვრებიდან,თორემ სათქმელი იმდენია…წმ. მეფეების თამარ მეფის ცხოვრება? წმ.ვახტანგ გორგასლის, წმ,მოწამე არჩილი, წმ,მოწამე ლუარსაბი,წმ.დემეტრე თავდადებული…როდესაც თქვენ ამბობთ “დოგმებით“ და რაღაც “ჭამა-სმის განრიგით“( უტრირება მოვლენის) ცხოვრება არ არის ქრისტიანობაო,ანუ რაღაც მოჩვენებით ტოლერანტობამდე დაგყავთ რწმენა,ამით თქვენ მიერ დამოწმებულ მეფეებსვე ეწინააღმდეგებით და დიდ შეურაცხყოფასაც აყენებთ,რადგან ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ. დიდ-მარხვის დროს ნადიმზე ლუარსაბმა შაჰის შემოთავაზებული თევზი არ ჭამა და უთხრა: “დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო“. გესმით რას ამბობს მეფე ლუარსაბი? როგორი ჯაჭვია. ვერაფრით გადაიბირა თავის რწმენაზე შაჰ-აბასმა და ეწამა წმინდა მეფე ქრისტესთვის და მამულისთვის. ახლა რიტორიკული შეკითხვა მინდა დაგისვათ,ბატონო ზურა, ვინაა ის მეფეები,რომლებსაც თქვენ პატივს ცემთ და მაგალითად მოგყავთ საქართველოს ისტორიიდან,თუ არა ჩემ მიერ ნაწილობრივ ჩამოთვლილნი? განა გვყავდა ჩვენ ვინმე სხვა მათზე უკეთესი? ან სხვას თუ ყავდა ვინმეს საერთოდ?
    ბოდიშს ვიხდი ამოდენა კომენტარებისთვის,მეტი აღარ განმეორდება,თუმცა ბევრის დაწერა მსურდა.

  13. odilavadze says:

    გიორგი, სადმე ვთქვი, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი, მართლაც დიდი მეფეები უღირსი პიროვნებები იყვნენ?

  14. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    ზურა, დღეს ჩამომიტანეს წიგნი. ვერ ვწყდები! “ტორტი რესპუბლიკური“ გენიალურია..

  15. odilavadze says:

    დიდი მადლობა, რევაზ! ამაზე უფრო ვერ გამახარებდი!

  16. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    ზურა, წიგნი ერთ დღეში წავიკითხე. მერე წასული ვიყავი და ნეტთან კავშირი არ მქონდა. ამიტომ ვერ დავწერე მაშინვე ჩემი შთაბეჭდილებები…სიტყვებით მაინც ვერ გადმოვცემ იმას რაც განვიცადე. სამედიცინო სამყაროსა და სსრკ ს რომ არ ვიცნობდე და ბევრ შენს აზრს არ ვიზიარებდე, ალბათ ეს წიგნი ასე ძლიერად არ იმოქმედებდა ჩემზე. თანაც ისე წერ, ისეთ დეტალებს იხსენებ… რამდენმა მოგონებამ, დაკავშირებულმა ადგილებთან, საგნებთან, ცნებებთან, მოვლენებთან, პიროვნებებთან (მოგონილ, კრებით თუ რეალურ) მძაფრად შემახსენა თავი…მართლა ფილმი გამოვიდა. თითქოს მეც ვესწრებოდი ამ ყველაფერს. ახლაც ვხედავ იმ კოტიტა , არაქირურგიულ თითებიან პატარა ქირურგს… დროპერიდოლის ეპიზოდი უძლიერესია. და რომელი არაა….რამდენჯერმე გადავიკითხე ზოგიერთი…. სამტრედიის, რელაქსანტის, ზვიადისადმი და ძმისადმი წერილების…ბევრ რამეზე კიდევ დავფიქრდი, სხვანაირად შევხედე…
    ყველაზე მეტად კი ის ჩამრჩა გონებაში, რაც ბოლო გვერდზე დაწერე… “მე“ ს შესახებ…
    რამოდენიმე დღეა ისეთი განცდა მაქვს, მორიგი “მე“ ს გან განვთავისუფლდი… ძალზე დიდიხანია არ ვყოფილვარ ასე..
    დიდი მადლობა ზურა!

  17. odilavadze says:

    რევაზ, უღრმესი მადლობა! სხვა სიტყვები უბრალოდ, ზედმეტია!

  18. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    ზურა, შენი ახალი წიგნი ჩამომივიდა! უღრმესი მადლობა! წავიკითხე. მხოლოდ ერთს ავღნიშნავ….17 მაისი გამახსენდა, ხომ სწორედ მაშინ, დაუფარავად, მომძლავრებულად ამოხეთქეს “გაბოიებმა“, და “ფარაონებმა“ ერთდროულად. არა ლიტერატურულმა პერსონაჟებმა, არამედ რეალურმა არსებებმა. ჩემთვის ეს “სესეების“ და მსგავსთა მიერ ძალის საჯაროდ დემონსტრირება იყო. ჯერ სად ხართო. შენი წიგნის წაკითხვის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საიდან მოდის ( თუ უკვე მოვიდა) მთავარი საშიშროება.. …. კი, ლიუთერია თუნდაც საჭირო. და ჯერ ვერ ვხედავ….

  19. odilavadze says:

    რეზო, ისევ დიდი მადლობა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s