უილიამ ფოლკნერის სიტყვა ნობელის პრემიით მისი დაჯილდოების გამო

(ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა)

2

ასე მგონია, მე კი არა, შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი – შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ასე რომ, ამ ჯილდოს მხოლოდ ნდობის გამოცხადებად ვთვლი. ძნელი არ იქნებოდა პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამომეყენებინა და გამეცა მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მსურს ამ წუთით ვისარგებლო და ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად, რათა ხმა მივაწვდინო იმ ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, ვისაც ამგვარივე ტანჯვა-წამებისათვის გადაუდია თავი. მათ შორის უკვე იქნება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აქ იდგება, მე რომ ვდგავარ.

ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საყოველთაო და ყოვლისმომცველი შიშია, რაც იმდენი ხანია გვაძრწოლებს, რომ ლამის შევეჩვიოთ კიდეც. სულიერ პრობლემებს ვიღა ჩივის. ყველას ერთი კითხვა აკვიატებია, როდის გააცამტვერებენ. ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავარიადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან, ურომლისოდაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება, რადგან მხოლოდ ესაა დაწერის ღირსი, ღირსი ტანჯვისა და ოფლის ღვრისა.

ეს ყოველივე მწერალმა თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შეიგნოს, რომ შიში ყველაზე სამარცხვინო გრძნობაა, შეიგნოს და სამუდამოდაც დაივიწყოს იგი, არაფერი დაიტოვოს თავის სახელოსნოში, გარდა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სიმართლისასიყვარულისა, პატიოსნებისა, ლმობიერებისა, სიამაყისა, თანაგრძნობისა და თავგანწირვისა, ურომლისოდაც ყოველი ნაწარმოები წარმავალი და განწირულია. უამისოდ მწერლის ღვაწლს მადლი არ ექნება. სიყვარულზე კი არ დაწერს, არამედ ავხორცობაზე ან მარცხზე, სადაც არაფერი ღირებული არ იკარგება; ან გამარჯვებაზე, რომელსაც სასოების ნატამალიც არ ახლავს და, რაც ყველაზე სავალალოა, არც თანაგრძნობა ახლავს და არც სიბრალული. მის ვაი-ვიშს ქვეყნის სატირალი არ გაერევა და ვერც ჭრილობას დააჩნევს გულში. ჯირკვლებზე დაწერს, გულზე კი არა. ვიდრე ყოველივე ამას ხელახლა ჩასწვდებოდეს, ისე დაწერს, თითქოს მოწმე იყოს კაცობრიობის აღსასრულისა.

ხოლო მე კაცობრიობის დაღუპვას ვერ შევეგუები. სათქმელად იოლია, ადამიანი უკვდავია თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერს გაუძლებსო; მომაკვდავი საღამოს მეწამულ ფერებში უბადრუკ, პიტალო კლდეზე საბედისწერო ბოლო ზარი რომ ჩამორეკეს და მიჩუმდა, მაშინაც გაისმის ხმა, სუსტი, დაუდუმებელი ხმა ადამიანისაო. მაგრამ ამასაც ვერ ვირწმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც.

ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს. პოეტის, მწერლის ვალი ამაზე წერაა. მისი დანიშნულებაა შეეწიოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, თავგანწირვასდიდებით რომ მოსავდა ადამიანის წარსულს. პოეტის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყრდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს და გააძლებინოს.  (1949 წელი)

3

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s