იძირება ავსტარლია, იწვის ამერიკა!

,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ – რენე დეკარტი

Samtredia

კარგა ხანია შევამჩნიე, რომ საქართველოში რენე დეკარტის ცნობილი გამონათქვამი, თვითმყოფად, ეროვნულ ელფერს იძენს და ასე ჟღერს – ,,ვაზროვნებ როგორც ყველა, მაშასადამე ჭეშმარიტი ქართველი ვარ!“. ასე ტკბილად უმღერის ერი საამო საბჭოეთს – ასეთია ,,ოდა კოლექტიურ ცნობიერებას”!

მართალია, ერთეულები თვლიან, თითქოს ეს ეროვნული დიაგნოზია, ან განაჩენი… ზოგი ბედავს და მკრეხელურ კითხვასაც სვამს: ,,თუ უმრავლესობის აზრს სრულებით ეთანხმები, მაშასადამე შენ საერთოდ არ აზროვნებ და ამიტომ ხარ ჭეშმარიტი ქართველი?“,– მაგრამ ასეთ არარაოებს, უბრალოდ ქართველი ხალხის არ ესმით, მის ენაზე არ საუბრობენ და, როგორც ერთი იტყოდა, ისინი მყისიერად უნდა გაქრნენ.

Korova ჩვენ სკოლიდანვე ლიტერატურის შავთეთრ აღქმას მიგვაჩვიეს და მხოლოდ კეთილსა და ბოროტ გმირებს ვარჩევთ. საბჭოურ ცხოვრებაშიც უმწიკვლო კომუნისტებს, ცალკეული ხალხის მტრები უშლიდნენ ხელს. დღესაც, შაბლონური აზროვნების მიხედვით, მსგავსი პერსონაჟებით ვართ გარემოცულნი – ჩვენ ადამიანებს, როგორც ცხოველებს ისე, ორ დაპირისპირებულ ჯოგს მივაკუთვნებთ – ხალხის მასებიდან გამოსულ, კეთილშობილ ,,ქოცებსა“ და მცირერიცხოვან, უცხოტომელ მტრებს, იგივე ,,ნაცებს”, სხვა ჯიშს, უბრალოდ, არ ვცნობთ.

ასე, საუკუნეებია ჩვენში ბოღმა და შური მეფობს – უმცირესობას გაშმაგებული უმრავლესობა ურტყამს და ამ პროცეში საკმაო ნუგეშსაც ჰპოვებს. ასე ვცოხვრობთ ერთი რმწმენითა და საერთო სიძულვილით შედუღაბებულნი… ამ დროს კი, ავსტარლიაში ადამიანები ევკალიპტის ჩრდილქვეშ ისვენებენ, მთვლემარე კოალების ცქერით ტკბებიან, ბავშვები ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე ოქროს ქვიშაში საქმიანად იქექებიან, უფროსები ლაჟვარდოვან წყალში ჭყუმპალაობენ და გიგანტურ კუებთან ერთად ცურვით ერთობიან, აეროპლანით ტასმანიის კუნძულს გადაუფრენენ ხოლმე, საღამოობით მათ ერთმანეთი უყვარდებათ, ისინი კეთილად იღიმიან და უდარდელად იძინებენ… არც პარლამენტზე სმენიათ რაიმე და არც უშიშროების საბჭოზე, მტერი, მტრობა, ხომ საერთოდ, ასეთი სიტყვაც კი არ იციან…

   ,,, ტასმანიავ, სამშობლოვ ჩემო სანატრელო!

   აბორიგენებო, ერო ჩემო საყვარელო…“

Kundzuli

თუმცა, ავსტრალია ერთ სავალალო შედეგს ელოდება – ვარვარა ტვერელის უტყუარი წინასწარმეტყველების თანახმად, ის ინგლისთან და ამერიკასთან ერთად მალე დაიძირება, საქართველო კი ამასობაში გაბრწყინდება! ჩვენი უკრიტიკო და კოლექტიური ცნობიერებაც, ყოველგვარი გონებრივი პროცესისა და ფიქრის გარეშე, ზემოდან იღებს და თავადაც ჰქმნის ზღაპარს, რომელშიც სხვადასხვა ჯურის, მხოლოდ ორი ბუნების მოღვაწეები მოქმედებენ – საპირისპირო თვისებების მატარებელი კეთილი და ბოროტი გმირები. ასე იქმნება მითოლოგიური რეალობა ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიდებლებითა და დასავლელი, ჩმორი ,,პიდარასტით“ დასახლებულ საქართველოზე. გასაოცარია კოლექტიური აზროვნების პარადოქსები – გუშინ ყველა ათეისტი იყო, დღეს კი, გამჭოლ მართლმადიდებლობასთან გვაქვს საქმე. მაშ, ასე:

ა) ჭეშმარიტი ქართველი გულით ,,ერთმორწმუნე“ რუსეთს ეთაყვანება, თუმცა სიტყვით, რათა ჩამორჩენილის სახელი არ დაიმკვიდროს და არაპატრიოტად არ წარმოჩნდეს, მას დროებით ოკუპანტს უწოდებს. მთელი ფარისევლობის მოხმობით, ჭეშმარიტი ქართველი ასე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას სამყაროსადმი: ,,მართალია, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ საზიზღარ ამერიკელებს, ისევ რუსები მირჩევნია!“. შემდეგ ამ მერყევ კონსტრუქციას რუსული ლიტერატურის სიდიადით, მაგალითად, დოსტოევსკის გენიალურობით ამყარებს და ასე შეუმჩნევლად უყვარდება ვლადიმერ პუტინიც. სრულიად ირაციონალური მიდგომით, ის ფაქტობრივად რუსული სივრცისკენ მიილტვის, მისთვის რუსულენოვანი სამყაროა მშობლიური და იბადება მითი – ,,საქართველოსა და რუსეთის ისტორიული, შეურყვნელი სიყვარულისა და ძმობის“ შესახებ;

ბ) ჭეშმარიტ ქართველს მთელი არსით სძულს დასავლეთი – მას ყველგან მასონები, იეღოველები, სამი ექვსიანით დაძეძგილი ID-ბარათები და სისხლში შეყვანილი ჩიპები ელანდება. მართლმადიდებლობის მტრებისა და ამერიკელი ბუდისტების ხრიკები ყველგან და ყველაფერში ვლინდება – ისინი, თან ერთუჯრედიანი ჩმორები არიან და თან გარყვნილებასაც თესავენ. ერი დარაზმულია ერთი ამოცანით – სულის გადარჩენა და ერთი სიძულვილით – მასონებისა თუ იეღოველების ექსპანსიიდან საქართველოს ხსნა!;

გ) ნამდვილ ქართველს სიგიჟემდე უყვარს პატრიარქი და… სძულს რომის პაპი. იმ შემთხვევაში კი, თუ მორწმუნე ახალგაზრდა ქალბატონია, უწმინდესს ,,საკალელსაც“ კი უწოდებს!

Kurdgeliდ) ნამდვილ ქართველს ეჭვშეუტანლად და უპირობოდ სჯერა ყველაფრის, რასაც ,,მუდამ მართალი“ მოძღვარი უქადაგებს. ჭეშმარიტი ქართველი ქალი იღებს კურთხევას და მხოლოდ ისე ეწევა სიგარეტს. კდემამოსილმა არსებამ იცის, რომ ,,დედაკაცი შარვალში სძაგს უფალსა!“, მაგრამ კურთხევით, ამ წინააღმდეგობასაც ლახავს და შემოტკეცილი შარვლით დაიარება, ხოლო კაცი იგივე ჯადოსნური ხერხით ცოტას, სულ ოდნავ – ასე 3…6…10 ჭიქას მარხვაში მიირთევს და შემდეგ… ო, არა!.. შეიძლება შეცდეს და საყვარელთანაც გაინავარდოს! თუმცა, ესეც უცებ გამოსწორებადია და მეორე დღესვე აღსარებაში ბათილდება. მხოლოდ მტკიცე რწმენა, არავითარი ეჭვი! ვინც ოდნავ მაინც, მერყეობს და კურთხევის გარეშე სუნთქვას, ანუ იგივე  ,,ათეისტები“ – ცეცხლში!

სწორედ მოძღვარი კვებავს ჭეშმარიტ ქართველს „ეროვნული სიამაყის” მითებით – „ჩვენ ქართველები დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი ისტორიისა და მართალი სარწმუნოების ერი ვართ!”. აქედან იჩეკება შვილობილი მითები – „ყველაზე ძველი, გმირული წარსულის მქონე!”, „ყველაზე ტოლერანტული!”, „ყველაზე კულტურული და განათლებული!”, „ყველაზე უმანკო, კდემამოსილი ქალებით!” და სხვა უამრავი „ყველაზე!” – მითი, რომელთა საერთო პათოსია: „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!”.

ამ სახის „გადმოცემათა” რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ძნელია გაერკვე, სად მთავრდება რეალობა და იწყება ზღაპარი. ერი წარმოსახვითი უპირატესობის ქართულ მითოლოგიურ რეალობაში ლივლივებს: „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა”, „მეორედ მოსვლის ჟამს, ღმერთი ქართულად იქადაგებს”, „მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის გადმოდის”, „დავით აღმაშენებელმა 60-ათასიანი ჯარით, ნახევარ მილიონ ურჯულოს მუსრი გაავლო”, „საქართველო გაბრწყინდება, ხოლო ინგლისი დაიძირება”, „სტალინი ცხონდა”! საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებიდან ძალადობამდე კი ერთი ნაბიჯიღაა.

Rasizmiე) ასე ხდება ჭეშმარიტი ქართველი სასტიკად აგრესიული სხვა ერებისა და მათი რწმენისადმისხვა – ცუდია, შენ – კარგი! შეფასების ეტაპის შემდეგ მოქმედების დრო დგება. მასებში წარმოებს პიროვნებების, ერების საბჭოურ-რუსული გემოვნებით არჩევითი დემონიზაცია. შესაბამისად, კოლექტიური მორალი ,,ყმას“ კარნახობს, დაუნდობლად ებრძოლოს უცხოს, ისე, როგორც მტერს! ხოლო ძალადობა სულაც არ მოდის ქრისტიანული ქცევის წესებთან წინააღმდეგობაში, რადგან ორმაგი სტანდარტების ფარისევლური მორალითა და რწმენის გარყვნილებისგან დაცვით მართლდება. ნამდვილი ქართველი კათოლიკეებსა თუ პროტესტანტებს, მუსლიმებსა და ბუდისტებს დაუნდობლად ებრძვის, რადგან ისინი ,,რწმენას ართმევენ“!

ვ) ჭეშმარიტ ქართველს, ასევე გულრწფელად სძულს მამათმავლები და მათი არჩატარებული ,,აღლუმები“, ხოლო გაცილებით სახიფათო ადამიანთა მიმართ, როგორიცაა ყაჩაღი, მკვლელი თუ მოძალადე, ნამდვილი ქართველი ლოიალურია, ან უყვარს კიდეც ისინი. ჩნდება ფარისევლური ზღაპრების მთელი წყება: ,,მეტად განათლებული ქურდი“, ,,კეთილშობილი რობინ ჰუდი ყაჩაღი“ და ,,შემომაკვდა“ მკვლელი“.

ჭეშმარიტი ქართველი განსაკუთრებით დიდ ხიფათს ქართული ფასეულობებისა და რწმენის დაცვის საქმეში, მამათმავლების აღლუმში ხედავს, რომელიც ,,სადაცაა ჩატარდება და ერი საბოლოოდ გაირყვნება!”.

ხსენებული შაბლონების სისტემა იმდენად მყარია, შეუვალი, რომ აგერ უკვე მესამე ათეული წელი მიდის და ეს ტოტალიტარული ფოლადის კონსტრუქცია კვლავ ურყევად დგას! მართლაც გასაოცარია ჩვენში გამჯდარი სტერეოტიპების სიმტკიცე! მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

1. პრემიერ მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა არაერთხელ გააკეთეს მკვეთრად ერთმნიშვნელოვანი განცხადებები, ლგტბ-საზოგადოების წევრების უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ, ხოლო პრეზიდენტმა მ.სააკაშვილმა, პირიქით, მეორე მხარის, ანუ მათი აქციის მოწინააღმდეგეთა უფლებებსაც ხაზი გაუსვა. მიუხედავად ამისა, იმუშავა დასავლეთთან ასოცირებული სექსუალური თავისუფლებების სტერეოტიპმა და ყველა დღესაც ,,ოცნების“ მხარეს განიხილავს როგორც ლგტბ-საზოგადოების სასტიკ მოწინააღმდეგეს, ხოლო დასავლელ ,,ნაციონალებს“ როგორც მათ უკიდურეს ქომაგებს;

2. ავღანეთში გარდაცვლილი მეომრების შეთხვევაშიც იგივე მექანიზმი მოქმედებს – აგინებენ მხოლოდ წინა ხელისუფლებას, რადგან ისევ დასავლეთ-რუსეთის სტერეოტიპი მუშაობს. ამის გამო ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მეომრების სისხლიც ,,მიშას” კისერზეა! რატომ? ასე მოითხოვს რუსული იდეოლოგიური შაბლონი, მესამე რომის მითოლოგია და დასავლური სიძუვლილის ფარისევლური მორალი;

3. აი, კიდევ ამ შაბლონური მითოლოგიის ცხადი მაგალითი: მიუხედავად ბ.ივანიშვილის გაცხადებული ათეისტობისა (,,Я материалист, не верю в жизнь после смерти, а сама жизнь коротка, и я не хочу делать ничего, что ограничивает мою свободу“. Мария Рожкова, “Ведомости”, 07.04.2005, “Не думал, что стану миллиардером”), ის თავგამოდებულ მორწმუნეთ აღიქმება და ამისთვის უამრავი ტაძრების შეკეთების ფაქტი მოჰყავთ, მთავარი კი სამების ტაძრის აგებაა.

ახლადმოვლენილი მესია ჭეშმარიტი ქართველია და ამიტომ, ავტომატურად, თავქუდმოგლეჯილი პატრიოტია და ,,გენეტიკურად მართლმადიდებელიც“! საწინააღმდეგო სტერეოტიპი ვრცელდება ,,ნაციონალებზე“ – რამდენი ტაძარიც არ უნდა აეშენებინა ,,მიშას”, რა გულმხურვალედაც არ უნდა მთხვეოდა პატრიარქის ხელს – ის მაინც დასავლეთის აგენტია და მაშასადამე, მართლმადიდებლობის მტერი! ზოგადად კი – ყველაფერი ბ.ივანიშვილმა ააშენა და შექმნა, ხოლო ,,ნაციონალებმა“ მხოლოდ დაანგრიეს და მისი ფულიც მიიტაცეს. აქაც მხოლოდ სტერეოტიპები და შაბლონები, არავითარი შუქჩრდილი – არა, ადამიანთა მოდგმა მხოლოდ ორი ჯიშის არსებისგან შესდგება – ის ან მტერია და ,,ნაციონალი”, ან ,,ოცნების” (გრეჩიხას, ბადრის) მომხრეა და მოყვარე;

4. მიუხედავად აშკარა ისტორიული ფაქტებისა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებენ, რომ რუსეთი არა მხოლოდ დღეს, არამედ საუკუნეების მანძილზე აგრესიულ ომებს ეწევა და ერების ასიმილიაცია-განადგურებით არის დაკავებული, ის მაინც ინარჩუნებს უპირობო და ერთადერთი, ერთმორწმუნე ძმის სტატუსს – ,,ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია”;

5. იგივე ხდება ამა თუ იმ ხელისუფალის დასავლურობისა თუ პრორუსულობის აღქმისას. მაგალითად, რამდენიც არ უნდა იძახოს იგივე პრემიერ მინისტრმა, რომ მისი მიზანი ,,ნატოა“ და დასავლეთი, რამდენ დოკუმენტსაც არ უნდა მოაწერონ ხელი მისი კოალიციის წევრებმა, დასავლური კურსის უცვლელობის შესახებ, ბ.ივანიშვილი იმდენად ასხივებს საბჭოურ რუსეთს, იმდენად ძლიერია ,,ოცნებაზე“ გავრცელებული რუსული სტერეოტიპი, რომ ის მუდამ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მომხრეებს განასახიერებს.

ყველა მოყვანილ მაგალითში ჩვენში მოარული მითების ერთიდაიგივე სტერეოტიპი და მთავარი წყალგამყოფი მოქმედებს – რუსეთი – დასავლეთი. წარმოთქმულ სიტყვებს პრაქტიკული აზრი ეკარგება, მათ შინაარს არავინ უსმენს! პოლიტიკოსზე და მოვლენაზე მსჯელობისას, გადამწყვეტია, თუ როგორ აფასებს მას მითი.

ასევე მითოლოგიურად და ორ შეურიგებელ ბანაკად იყოფა საქართველოში, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მწერლები, მომღერლები და, თქვენ წარმოიდგინეთ, სპორტსმენებიც კი! მართალია არავინ იცნობს ოპოზიციურ ნახტომსა თუ ,,ნაციონალების“ მოგვერდს, მაგრამ მაინც ასეა.

ზღაპარში ცხოვრება საამოა, მტრობის შაბლონებით ცხოვრება ადვილია – მას არც ფიქრი სჭირდება და არც შრომა, რადგან წინასწარ იცი, ვინ ვინაა და მოძღვრის დახმარებით, ყველა მოვლენის არსს ბოლომდე წვდები. ასეთი არსებობა არც გარჯას მოითხოვს, რადგან წარმოსახვითი მითების მეშვეობით ყველას ავტომატურად ჯობნი. ყოველდღიური ყოფა კი ქართული ნაციონალური ტრიადითაა გაჯერებული: 1. შური და სიძულვილი; 2. უვიცობა და არაპროფესიონალიზმი; 3. ფარისევლობა და მითოლოგიური, უკრიტიკო, შაბლონური აზროვნება.

დასასრულს, ჩნდება ლოგიკური კითხვა: საიდან, რა მიზეზით გამეფდა ჩვენში რუსეთის სრულიად ირაციონალური და ესოდენ ურყევი სიყვარული?

Sssrk

თითქოს ყველამ იცის ,,ჩრდილოელი მეზობლის“ მეტად არამიმზიდველი ეკონომიკური განვითარების მოდელისა თუ პოლიტიკური მოწყობის შესახებ, არავინ ეტანება რუსულ ,,შმოტკებსა“ თუ ავტომობილებს… აღარაფერს ვამბობ ორსაუკუნოვანი დაპყრობისა და ქართულ მართლმადიდებლობასთან ბრძოლის, ყველასთვის ცნობილ ისტორიულ ფაქტებზე, და მაინც ასეთი თავგამოდებული ლტოლვა?!

ასეთი ძლიერი, დომინანტი და მყარი სტერეოტიპი, მხოლოდ ბავშვობიდან შეიძლება მომდინარეობდეს. სწორედ, ადრეული ასაკიდან, ოჯახსა თუ გარემოცვაში ჩანერგილი რუსული კლიშეები მართავს აღნიშნულ მითოლოგიურ სიყვარულს. შემდეგ მას ენობრივი ბარიერიც ემატება, ადამიანი სრულიად წყდება დასავლურ სივრცეს –  მისი ცნობიერება ადვილად მანიპულირებადი ხდება და ის მხოლოდ საბჭოურ – რუსულ იდეოლოგიურ შაბლონებს ითვისებს. გადამწყვეტი კი, მაინც ბატონ-ყმური მენტალობაა! მონას ახსოვს თუ რაოდენ წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო ის საბჭოეთის ხანაში და იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ მისი ქვეყანა დაპყრობილი ჰქონდა იგივე რუსეთს. დღეს კი, რას წარმოადგენს ის ამერიკელისა თუ ევროპელის თვალში? ის ვერც განათლებით ჯობნის მას, ვერც მატერიალური მდგომარეობით, ვერც მის ქალებს იპყრობს ძველებური წარმატებით და თავს იჩენს დასავლეთისადმი გაღიზიანება – როგორ, ასეთი ძველი ისტორიისა და კულტურის ერის უპირატესობას არ ცნობთ?! იბადება დიდი სიძულვილი… ის მშობლებისგან შვილებს გადაეცემა და საკუთარი ნაკლოვანებები – ენის არცოდნა, დღევანდელი სიდუხჭირე, საკუთარი უნიათობა, საპენსიო ასაკიც კი, კონკურენციისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე გადამკვდარ, ,,ჩმორ“ ამერიკელებს ბრალდება. ერთი სიტყვით:

სანამ ჩვენში ერთი ამბავია,

ბოლავს ამერიკა, იძირება ავსტრალია!

http://www.australia.com/campaigns/nothinglike/en/

Samtredia Mziano

ზურა ოდილავაძე. 2013 წელი, ივნისი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

9 Responses to იძირება ავსტარლია, იწვის ამერიკა!

  1. gola bujiahvili says:

    მთავარი მიზეზი ამ ჩვენი უბედურებისა ის არის, რომ ქართველების უმეტესობა რუსეთს მტრად არ აღიქვავს. ყველაფერი დანარჩენი დეტალებია და აქედან მოდის

  2. maia koxtasvili says:

    სასკოლო პროგრამაშია ეს ბლოგი შესატანი

  3. ნინო ჩოგოვაძე says:

    ნიუ იორკში 1999 წლიდან ვცხოვრობ 2001 წელს აქ გამომავალ ქართულ გაზეთ ,,ივერია” -სთან ვთანამშრომლობდი. რედაქტორის შესარჩევ ტურზე ერთმა ქალბატონმა თავისი წერილი წარმოადგინა და გასაუბრებაზე ისიც გვითხრა, რომ ის აუცილებლად გაუძღვებოდა რედაქტორის საავტორო გვერდს. წერილის სათაური: ,,ამერიკა საპნის ბუშტივით და თოვლის ფიფქივით გაქრება დედამიწიდან ისე, კვალსაც არ დატოვებს” სამწუხაროდ წერილის შინაარსი ადექვატურო გახლდათ სათაურისა…. გამომცემელმა ის ქალბატონი უარით გაისტუმრა… მე გაზეთის არსებობის მანძილზე, ვიდრე დახურვამდე სიამოვნებით ვითანამშრომლე მათთან

  4. odilavadze says:

    თანადროული აქტი ასეთია – ინგლისი დაიძირება, ხოლო საქართველო გაბრწყინდება! ამ მითის რუსული წარმომავლობა, იმედია ყველსთვის ცხადია 🙂

  5. Natali Bukia says:

    ძალიან, ძალიან კარგია!

  6. manana says:

    როგორ ხელისგულზე გყავთ მთელი ქვეყანა და რა ზუსტად ხედავთ ჩვენს გზააბნეულობას ბატონო ზურაბ…..რამდენი ხანია მერე ასე ვართ…ვერაფერი ჩვენ ვერ ვისწავლეთ..რა იდეოლოგია იყო მაინც ასეთი 30-წელმა რომ ვერაფერი უშველა…მაინცდამაინც 70 უნდა გავიდეს?,მაგრამ ვაი, რომ მარტო 70 არ არის, უფრო გვიანდელია,უფრო უარესი დროინდელია და “ვსჭამთ ნაყოფს,მისგან” (ყოველნაირი აღფრთოვანების გარეშე)..ჩვენ ძენნი..(არ ვიცი ვისი)…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s