იმპერიის ორსულობა. სპექტაკლი – ,,ორ ცეცხლს შუა” (ნაწილი I)

zura odilavadze12ჩემი აზრით, ომის ვეტერანთაგან ყველაზე სიმპათიურები, ყველაზე კეთილები, ყველაზე მომლხენნი და ყველაზე მეტად ომის მოძულენი ისინი არიან, ვინც ნამდვილად იბრძოდა – კურტ ვონეგუტი. ,,სასაკლაო ნომერი ხუთი, ან ყრმათა ჯვაროსნული სვლა.

………………………………………………………………………………………………

სცენა მეოთხე. ფროტისპირა ქალაქი

რაღა ბევრი გავაგრძელო და თავდაპირველად ,,ფსოუს წყლის დასალევად“ მსუბუქ გასეირნებად მიჩნეული საზეიმო სვლა დაუნდობელ ომში გადაიზარდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე: ქართველთა, რუსთა, აფხაზთა, ჩეჩენთა, კაზაკთა, სომეხთა, ბერძენთა და სხვათა სასაკლაო ამოქმედდა. შენ ოღონდ სისხლი გაიღე, ხორცსაკეპი მზადაა!

სამტრედია ფრონტისპირა ქალაქად იქცა. აფხაზეთამდე მხოლოდ ცენტრალური მთავრობისადმი დაუმორჩილებელი სამეგრელოს სულ რაღაც ასიოდე კილომეტრიღა იყო გასავლელი. მეამბოხე სამეგრელოსთან მეზობლობამ სამტრედიას განსაკუთრებით მაღალი სტრატეგიული  სტატუსი შესძინა. ჩვენთან წარმოებდა თბილისიდან ჩამოყვანილი საჯარისო შენაერთების საბოლოო დაკომპლექტება და მათი შემდგომი სამხედრო მოქმედების ადგილამდე გადასროლა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთამდე, სწორედ სამტრედიაში მდებარეობდა უკანასკნელი მსხვილი სარკინიგზო კვანძი, გასაგებია, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქალაქს, როგორც პლაცდარმს ფრონტის ტექნიკით და ცოცხალი ძალით უზრუნველყოფის საქმეში.

სამტრედიაში ირეოდა ყველა: ვინც აფხაზეთში ბრძოლის ველზე მიდიოდა თუ მხოლოდ იჩემებდა, რომ წასვლას აპირებს და ისინი, ვინც ფრონტიდან ნაომარი ბრუნდებოდა ან უბრალოდ სიკვდილის შიშს გამოურბოდა; განცალკევებით იდგა ნაკლებად მიმზიდველ ავანტურისტთა ჯგუფი, რომლის წევრებიც საერთოდაც იგონებდნენ, რომ სადმე მიდიან ან საიდანღაც ბრუნდებიან, ხოლო სინამდვილეში გარშემო ტერიტორიების ძარცვა-გლეჯვით იყვნენ დაკავებულნი.

ყაჩაღობის მხრივ, არც სამთავრობო ჯარი აკლებდა ხელს. გზად, როგორც ავღნიშნე სამეგრელო მდებარეობს. აქ მამაცი მეომრები, ფრონტზე გადამწყვეტ ბრძოლებში ჩაბმამდე, მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორებით, ,,ზვიადისტების” დარბევითა და მდიდრების ზედაპირული შეპარსვით მსუბუქ მოთელვას გადიოდნენ. აბაშა-სენაკი-ხობი-ზუგდიდი-გალი-ის მონაკვეთზე ხდებოდა იარაღის პირველი გაჟღარუნება, მეომრების საბრძოლო ნათლობა, სისხლთან შეჩვევა და კიდევ ბევრი არასასიამოვნოდ მოსაგონარი რამ… ზოგიერთისთვის აქამდე გაურკვეველი დარჩა, რუსებს ეომებოდნენ თუ მეგრელებს, თუ ორივეს ერთად?

სამეგრელო-იმერეთის მოსახლეობის საფუძვლიანი, პროფესიულ დონეზე აყვანილი შენჯღრევის მძიმე ტვირთი, ძირითადად მაინც ,,მხედრიონის” გამხდარ ბეჭებს დააწვა. რა ექნათ წელში მოხრილ, ტყავქურთუკიან და ბენდენიან მეომრებს? ბიჭებიც ცხვირის ქექვას მიეცნენ და კარდაკარ თავდაუზოგავად დარბოდნენ, რათა ადამიანები მატერიალურ ფასეულობებზე ზრუნვისგან ეხსნათ და ამით მიწიერზე ზედმეტად მიჯაჭვულობისგან გადაერჩინათ.

ჯერ კიდევ თბილისის ქუჩებში დაპატენტებულმა სამხედრო ნოვაციამ, ხოლო შემდგომ აფხაზეთში წარმატებით გამოცდილმა ,,Exclusive” საჯარისო შენაერთებმა გრიგალივით  გადაუქროლეს იმერეთს. სამტრედიელებს ეგონათ, რომ ცუნამის ყველაზე დამანგრეველი დაქროლვა, ქალაქს პირველივე ტალღაზე გადაუვლიდა და დროთა სვლასთან ერთად ჩაცხრებოდა. იმერლები საბედისწეროდ შეცდნენ – ,,მხედრიონმა” საბოლოოდ შერყვნა მათი რწმენა კაცობრიობის ჰუმანურ ბუნებაში! იმედის გაცრუების მიზეზს კი, მიუხედავად თბილისიდან ერათგზის თავსდამტყდარი ტაიფუნისა, ძირითადად, მაინც ორგანიზაციის ადგილობრივი უჯრედი წარმოადგენდა. ,,მხედრიონის” პროვინციული ფილიალი იმის გამო, რომ ცენტრის საყრდენი ბაზა სამტრედიაში მდებარეობდა, უფროსობისგან უხვად დელეგირებული განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. იმერული კრიმინალური კადრებით დაკომპლექტებულ სამხედრო ბანდას გენერალ პარმენ აქვსენტის ძე შენგელიას დაუნდობელი ბრიგადა ხელმძღვანელობდა.

ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, ,,პარადი” სამტრედიაში გენერალ პარმენ შენგელიას, მის ერთ მაიორის წოდების, ხოლო მეორე – ქურდული გაგების ძმებს და ქუთაისელ ყაჩაღ-რეციდივისტს ,,პავლოვიჩ”- ,,გებელსიას” ერთად მიჰყავდათ. შენგელიების სახელოვან მეომართა ოჯახი კიდევ ერთი პოლკოვნიკი ძმით გახლდათ წარმოდგენილი. ეს გმირი ფრონტისპირა საომარ მოქმედებებში ანუ სამტრედიელების დაყაჩაღება-დაშინებაში უშუალო მონაწილეობას ვერ ღებულობდა, რადგან მოსკოვის გენერალური შტაბის აკადემიაში იყო სამხედრო ხელოვნების ასათვისებლად გაგზავნილი. რა ექნა საცოდავს, იჯდა აკადემიის ,,აბსჩეჟიტიაში” და იჩხირავდა ძმების გამოგზავნილ წამალს. ბრიგადაში ერთი ,,კანონიერიც” ჰყავდათ, სამტრედიული წარმოების თბილისელი – ,,გლდანელო”. დეკორატიული ფუნქციების მატარებელი და წამლის მკეთებელი ,,გლდანელო” სასწრაფოდ წამოყენებულ იქნა ქურდად, იმერეთში საპასუხისმგებლო უბანზე შემდგომი მივლინებით. ახლადგაგანაბებული ,,გლდანელოც” დაუღალავად იღვწოდა, რათა უჯრედის ბირთვი ესთეტურად შეელამაზებინა და სამტრედიელები ,,სწორ ცხოვრებაში“ მეტად გაენათლებინა. ერთი სიტყვით, ,,ადამიანი” ძალ-ღონეს არ იშურებდა და ,,ასტეა სტორიო“-თი ხელს მუდამ ,,მხედრიონისკენ“ იშვერდა.

ახლა, იმის შეხსენება, რომ ამ ხალხს არც სკოლა ენახათ თვალით და არც აფხაზეთზე სმენიათ რაიმე, ზედმეტად მიმაჩნია. უბრალოდ, იმისთვის, რომ ,,არიფისთვის”, იგივე მკითხველისთვის გასაგები გახდეს, თუ რა ხილია აბსოლუტური მონარქია ,,შენგელიების” შესრულებით,  საკმარისია გავიხსენო სახელოვანი კორტეჟის სამტრედიის ქუჩებში დიდებით გატასავება… და ჩემთვის ცემაში სულის ამოხდა.

…მეფის ნაცვალი გენერალ-გუბერნატორი პარმენ შენგელია, რაღა თქმა უნდა, მაგრად გაჩხერილი, ყავისფერი სიგარეტის ,,More”-ს ჩამწვარი ბიჩოკით ხელში, კულაშის ქალაქგარეთა რეზიდენციის ,,კუშეტკაზე” განისვენებდა – ,,ასტე ევასებოდა პარმენიას და ვსიო! ხმაი არ გევიგო, ბიჯო, თვარა, გაგათავე ადგილზე!”.

ლოკალური ტაიფუნის შედეგად, კულაშის დაცარიელებამდე და ებრაელების ემიგრაციაში გაქცევამდე – ,,კიდო ხანდისხანე დგებოდაო” – ბიჭები ყვებოდნენ – ,,მარა, რაც სამლიტრიანებით ნიკოლოზის თუმნიანები ამოუთხარა კულაშელ: მენაშე-,,ილიიჩს”… აბრაშკა-,,ჭუტას”, დათიკო-,,კოლოფას”, ელიაო-,,რიკი-რიკის”, სიმონა-,,ლამაზოს”, ,,შათიას”, დუდუ- ექიმს და სხვათა და სხვათა…, მას მერე წოუწვა და ქე დენაო, ნამეტანი დეეჩვია დიმედროლიან წამალსო”. ასეთი სევდანარევი სინანულით იხსენებდნენ სამტრედიელები სამუდამოდ ჩაყვინთულ მონარქს! სულ ერთხელ თავის ,,კუშეტკიანად” გარეთ გამოუტანიათ და მამისეული ძველი, დანგრეული  დიდი ჯიხაიშის სახლიდან, კულაშელი ებრაელის მდიდრულ ,,ასაბნიაკში” გადაუბრძანებიათ. მანამ გაშეშებული პარმენი, გვერდზე გადმობრუნებულა, ოდნავ თვალებიც კი შეუღია(!) და უკითხავს: ,,სადანე მივდივართ, ბაბაიაო… ლომკაში ვარ, წამალს არ მიკეთებთ, თქვე დედა მოტყ…ოო?!” არა და მამა კარგა ხნის გარდაცვლილი ყოფილა. ალბათ ეჩვენა ხილვაში, იცის დიმედროლმა ეგეთები.

სამეფო კორტეჟი მოსკოვის წითელი აგურით ნაშენი, ,,მარსელის” კრამიტით გადახურული, იზრაელში დათესილი ებრაელის კოშკიდან სამტრედიის ,,ცენტრისკენ” მისრიალებდა. კავალკადას წინ ორი დიდი ვეზირი – ქუთაისელი ,,მოზგი”, ამავდროულად, ,,დერზკი” ,,პავლოვიჩ-გებელსიე” და ქურდული გაგების, ,,უნაგლესი” შენგელია უმცროსი, მოყავისფრო-მოწითალო ,,BMW”-თი მოუძღოდნენ. იგივე ავტოში, უკან, კუთხეში განცალკევებით იდო და ცხვირს იფხანდა ავტომატიანი დეკორი ,,გლდანელო”. ოდნავ ჩამორჩენით და გვერდებზე მსუბუქი კავალერია მოდიოდა. ორი ავტო – ,,მერსედეს შისოტი” და ,,აი, «დიდი შავი» ზატემნიონი შუშებით, არა კაცმა არ იცის რა ფირმააო?!” – რბილად მოსისინებდა. კულაშის წმ. გიორგის ეკლესიაში შეიარეს, ბიჭებს პირჯვარი ხომ უნდა გადაეწერათ!

სამტრედიული დიდი გასეირნება ადგილობრივი მოსახლეობის მაღალ მორალურ ტონუსში ყოფნასა და ,,მეგრული ხიფათის” პროფილაქტიკის დიად საქმეს ემსახურებოდა. ერთხელაც სასწაული მოხდა – სასწრაფო გამოძახებაზე საჩქაროდ გამოვარდნილმა ქირურგების ბრიგადამ ყაჩაღების კორტეჟს დანჯღრეული ,,06”-ით გაუსწრო!.. ,,აი ნაგლი პიდარასტებს შეხედე ერთიო!” – ერთხმად წამოიძახეს გაკვირვებულმა ,,პავლოვიჩმა” და ქურდული გაგების ,,უნაგლესმა”  შენგელიამ. მხოლოდ ამ კეთილი განზრახვის აღმოთქმა დასცლიათ სათავე მანქანაში მჯდომთ და მსუბუქი კავალერისტების კორტეჟი დაქვეითებულა… ერთი საათი მაინც ურტყეს, ფეხქვეშ გაგდებულ თეთრხალათიან, ხანში შესულ ,,ნაგლ-პიდარასტ” ქირურგებს!

ექიმების ამბავი კი ჩავამთავრე, საკუთარი ცემის მტკივნეული გახსენება არ გინდა?! ო, არა, ნუ მთხოვთ!

სცენა მეხუთე. ,,რემბოს” მუშტი!

მოგვიანებით, როდესაც დასაყაჩაღებელი აღარავინ დარჩა, ფართემასშტაბიანმა ოპერაციებმა ,,პლოცკოთი” კბილების დაძრობით (,,ფული სად გაქ ჩამარხული თქვი, თვარა აღარ დაგრჩა ოქროს კბილები!”) თითქოს იკლო. სამაგიეროდ, რაც მეტად ღატაკდებოდა სამტრედიის ელიტარული საზოგადოება, მით უფრო ბრაზდებოდა და ბოროტდებოდა შენგელიების ბრიგადა. ქუჩაში ვეღარავინ ბედავდა გამოსვლას, მაღაზიები საიმედოდ ჩაირაზა, ქალაქი გაუკაცრიელდა. ,,მაგ ოხრებს სახში არ მეეკითხენ, თვარა, ცხვირს რავა გავყოფ გარეთ!” – ჩურჩულით ამბობდნენ დაბრძენებული სამტრედიელები. თავისი პირვანდელი დანიშნულება და გადამწყვეტი მნიშვნელობა რაიონის საზოგადოებრივ- კულტურულ ცხოვრებაში მხოლოდ ბაზარმა შეინარჩუნა.

დილით, პახმელიაზე ბაზარში გავქანდით მე და შარა – მეზობელია, საშინელი ძველი-ბიჭი. იმ დროს – ძმა და ,,პადდელნიკიც“. ფული მაქვს! სასადილოში შევედით, კუპატი, რამე, ხორცები ავიღეთ, ზეიდან ორი  ,,პოლლიტრა“ და ლუდი. არაყი ჩავარტყით, ჩვენთვის ვართ და გრძლად ვაბოლებთ. უახლოეს მაგიდაზე ვიღაც ზის, შემცა, კაი ბიჭებს გაუმარჯოსო, თქვენს გვერდზე მიგულეთო და ამგვარი ათასი ყ….ბა. ვიფიქრე, მეტენება ეს დებილი. მეც ცოტას ვუსწორებ, შავურად ვპასუხობ – კანეშნა, რაზეა ბაზარი-თქო… შარა თან ღრმა ნაფაზებს ურტყამს, თან ცალი ყბით მიჩურჩულებს – მეეშვი, მაგ ჩემისას, ,,რემბოა”, შენგელიების ბაზრის მაყურებელიო. შევთვერით, დავბოლდით და გავდივართ. საფულე გავაძრე და გადავიხადე…

– ძმოო, დღეს თბილისში მივდივარ და ლაპატნიკი მათხოვე, თუ ძმა ხარ…

ღმერთო რას მერჩი?! ამათ თბილისიდან მოუტყდი და აქ დამახვედრე?! ეჰ, მართლაც რომ ბედს ვერსად გაექცევი! ვერაფერს გააწყობ, ღმერთი მაღალიაო:

– ვაა?! ფულიც ხომ არ დავტოვო შიიგ?!

მე გამხდარი ვარ, ყბა-ყბაში მაქვს გაყრილი, შარა ხომ – პაპიროსის ქაღალდივით სიფრიფანაა. ,,რემბო”? ოოო, ,,რემბო” – დიდმუშტებიანი, ჩლუნგი რემბოა, რა! გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა. აბა, რა იქნებოდა?! რაც ,,გლდანელოს” თბილისელი ბიძაშვილი – ,,რემბო” შენგელიებმა ბაზრის მაყურებლად დაადგინეს, მას შემდეგ ,,არა“ სიტყვა – არ სმენია და შელაპარაკება, ხომ საერთოდ, რა ხილია, არც იცის!

– ეეე, ამას შეხედე, ჩემი დედას შ…ი!

მთელი სასადილო ჩვენ გვიყურებს. მაგარ შარში გავეხვიე! კი მინდა დავპატარავდე და გავქრე, მაგრამ პრესტიჟი?! სასადილო? კაი ბიჭობა? მთელი მუღამი და ვაჟკაცობა ხომ სიმართლისთვის იმ დროს ჩხუბია, როდესაც იცი – დამარცხდები და მაგრადაც გაილახები:

– მიყურე და იყავი. არ გინდა ეგ ბაზარი ჩემთან, თუ ძმა ხარ, რა!

– ბიჭო შეგჭამ, ჩემი დედას შევეცი!

– ყლე არავის მოაჭამო, შე ნაბოზვარო, გაიგე?! თუ, ჩაგხადო და ისე აგიხსნა?!

რა მექნა, ,,საუკეთესო დაცვა – თავდასხმააო”. ,,რემბო” ახტა-დახტა, ,,იაუ!” – დაიძახა და მუშტი დამიადა. დამიადა და მეც დავუადე. შარა არ ჩანს, ადგილობრივია და ზუსტად შეაფასა სიტუაცია. უკვე ბაზრის წინა ტერიტორიაზე ვართ გამოვარდნილნი, გავაძრე ,,მონკავშირის” ყამა. ,,რემბო”, ხარივით დაწითლებული თვალებით ჩემზე იქაჩება, ნახევარი ბაზარი აკავებს … მერე რა მოხდა გიამბოთ?! ო, არა, არა, ნუღარ მაიძულებთ!

…რა და, სამეფო კორტეჟი თავისი მსუბუქი კავალერიით ფეხებთან წაჩერდა! პირადად მე აღარაფერი მახსოვს. ოთხ-ხუთ კაცს იმპროვიზირებული საკაცე-ლეჟანკით სახლში მოვუთრევივართ, სრულ გონზე მხოლოდ საღამოსკენ მოვედი. ,,სრულს” პირობითად ვუწოდებ – დასიებულ თვალებში ოდნავ ვიყურები, გაგლეჯილ თავს ძლივს ვამოძრავებ, გატეხილი შვიდი ნეკნით ზედაპირულად ვსუნთქავ. ორივე ყვრიმალი და წარბსზედა რკალები ისე მაქვს სისხლჩაქცევისგან ამობურცული, საკუთარი თვალებით ვხედავ. ცხვირი გვერდზეა მარჟვენა ყურთან. მნახველები მიყვებიან: ,,… რომ გადმოლაგდნენ მანქნებიდან, შენ ერთი კარგათ შეუკურთხე. მერე ჯერ გამოხარშული ხის დრინით მოგთიშეს და ფეხებით აგწიეს… ნახევარი საათი თავით ასფალთზე ატბოინი მალატოკივით გაჭახუნეს. ბოლოს, რემბომ ფეხები დაგცხო გვერდებში და წევიდენ“.

ყველაზე რთული მაინც ნეკნებია. თაბაშირში ვერ ჩასვამ, გატეხილი ძვლის პირები სუნთქვისას ერთმანეთს ეხახუნება და საშინელ ტკივილს იწვევს. გადაბრუნება-გადმობრუნებაზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ყველა უბედურებასთან ერთად, საავადმყოფოში წამალი არაა, ეგეც წაიღეს მაგ ოხრებმა!  რა მექნა? ვეგდე, ვსვამდი – კაშმარნად, თვალის გახელისთანავე, ეგრევე პოლლიტრას! ვაყოლებდი 40-50 ტაბლეტ სიბაზონს და მასტირკას. ვიწექი და ვიწექი. სამი თვე მაინც გაუნძრევლად ვიდე. ფიქრი მიჭირდა. თითქოს დროც ბევრი მქონდა და შენელებულ აზროვნებას ძალიანაც არ უნდა გავეღიზიანებინე, მაგრამ ელემენტარულ არითმეტიკულ მოქმედებებს ვერ ვასრულებდი, ასოების წერა მიჭირდა, განსაკუთრებით მაბრკოლებდა კითხვა: შ თუ წ? ხ თუ ძ? მ – ნ? კარგია არა? არ გაბრაზდები ეს ექიმი კაცი?! ამიტომ საკუთარ თავს ფიქრიც კი ავუგრძალე… ნუ, გარდა, კერძოდ, ,,რემბოს” და ზოგადად, სამტრედიის ,,მხედრიონის” ადგილობრივი უჯრედის ხელმძრვანელობის მწარე გინებისა. თბილისელები, მაინც ვცდილობდი არ გამელანძღა.

სცენა მეექვსე. ომის ვირუსის პანდემია

სამოქალაქო ომს თან სდევს მდგომარეობა, როდესაც ყოველივე ცუდი, რაც ადამიანში დევს ზედაპირზე ამოდის და მანკიერი მხარეები არა თუ არ იმალება, არამედ ვაჟკაცობის, მამაცობის ელფერსაც კი იძენს. იმხანად ძირითადად ასეთი პიროვნებები მართავდნენ მოვლენებს და მისაბაძ მაგალითსაც წარმოადგენდნენ. ამას გარდა, აღმოვაჩინე ომის კიდევ ერთი თვისება – ის თავის მღვრიე მორევში ყველას ითრევს და გინდა-არ გინდა, შენც სამხედრო ყაიდაზე იწყებ ცხოვრებას. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ სამოქალაქო ომი ჩვეულებრივ უწყინარ ადამიანებში ყველაზე მდაბიო ინსტიქტებს აღვიძებს და მხეცებად აქცევს. ჩვენც, ხშირად ამგვარი ცხოველური ინსტინქტებით ვხელმძღანელობდით და ამაზე ნაკლებად ვდარდობდით.

   სულ მოკლე ხანში არსებული რეალობის აღქმა სამტრედიაშიც შეიცვალა. დიდი ტრაგედიიდან, ომი ჯერ ცხოვრების წესად და მოსაწყენ ყოველდღიურობად იქცა, შემდეგ კი, ,,დიდი ბიძიების” გასართობი, ,,ომობანას“ თამაში გახდა. ასე უპასუხეს უკიდურესად გადაღლილმა ქართულმა ინფანტილურმა ნეირონებმა ხანგრძლივ დუხჭირ ყოფას.

მეც დიდი მონდომებით ჩავები სამხედრო გარდაქმნებში. მახსოვს, თუ რა მონდომებით დავრბოდი დილაადრიან ბაზარში და ვარჩევდი ჩემთვის მოსახდენ სამხედრო ფორმას, ჩექმებს და სათანადო ზომის ,,მონკავშირის” დანებს. პორტუპეა და ტყავის სხვა ქამრები მამის ძველმანებში აღმოვაჩინე. ასე გიჟივით გამოწყობილი ვიწონებდი თავს ქუჩის ბიჭებთან. მათ მორთვა-მოკაზმულობაშიც ერთი ელემენტი მაინც სამხედრო დანიშნულების იყო. იარაღს არც ვახსენებ, ყველას ეკიდა.

ღმერთი კვლავ დამცინოდა – თბილისიდან ომს და შფოთს გამოვექეცი  და ჯოჯოხეთის ცენტრში ამოვყავი თავი! სამეგრელოსა და იმერეთის საზღვარზე მდებარეობის გამო, რაიონული ცენტრი გარდამავალ დროშასავით გადადიოდა ხელიდან ხელში. ხან ,,ზვიადისტები” მოიწევდნენ სამტრედიის გავლით ქუთაისისკენ (იჩემებდნენ, ვითომ თბილისისკენო, ,,მარა, მეტი არაა ჩემი მტერი, მაგენს პერევალამდეც ვერ ჩეეღწიენ“), ხან კი ,,პუტჩისტები” უტევდნენ სამეგრელოს, ესეც ჩვენს ტერიტორიაზე ,,გადაჯლიგინებით”. ყველანი ისე შევეჩვიეთ ამ ,,კაზაკი ი რაზბოინიკის” თამაშს, რომ წუხილის მაგიერ, გვიხაროდა კიდეც დილიდან ელვის სიწრაფით გავრცელებული შეტყობინება, მორიგი ახალი სამხედრო ადმინისტრაციის შესახებ. ასე ვხარობდით სამტრედიელები მთავრობების გახშირებული ცვლით! ჩვენი რა მიდიოდა, როო? ერთ დღეს გამოხვალ, შემხვედრ სამხედროს უპასუხებ – ,,ეე, ეგ რა პონტია, ჩემი დედას შ…ი?“, მეორე დილას შემოგეფეთება ქერათმიანი გმირი და ეტყვი – ,,არაა მაი სტორი მოქცევა!’.

მე პირადად, ამ ომმა საბოლოოდ დამღუპა და გამაცამტვერა, როგორც უმეტესობა იმ დროს. არა, არც მანამ ვიყავი ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ ამ საშინელებამ, პირველ რიგში ყოველგვარი ოცნება გაფანტა, კეთილი განზრახვები ძირშივე ჩაკლა! საომარი დროის ერთადერთი ნატვრა, ხომ სისხლია და მტრის დაჯაბვნა-განადგურება. მტრებიც ბევრი და ყველგან ჩნდებიან, შენც სულ მეტად და მეტად ებრძვი მათ!

ყველა სვამს, თანაც გამოუფხიზლებლად, მწარედ და საზიზღრობას, ოღონდ დასალევი იყოს. მე რა, წითელი კვერცხი ხომ არ ვიქნები? მეც დათიშული დავდივარ ყველასთან ერთად და ყველაზე მაგრად! სამტრედია ამერიკული სპირტის ოხშივარით აყროლდა – ქუჩაში დაეხეტებიან მუდამ ახლადგაღვიძებული ტიპები, შეშუპებული, გაუპარსავი სიფათებითა და ჩალურჯებული თვალებით, ხალხს მიწისფერი ადევს. რაც მთავარია, ყველამ დავკარგეთ სიკვდილის შიში!

… ბიჭო, რა დროს შეფასებებია, ჩვენ ისევ შევხურდით ომობანას თამაშში! ამ ომში ორივე მხარის საიდუმლო გეგმები მთელმა ქალაქმა ერთი დღით ადრე მაინც ვიცოდით. ამჯერად დასავლეთის მხარე ანუ ,,ზვიადისტები” მოძლიერდნენ, ეგ ,,მიწადასაყრელები”(ან ჯიგრები) და ხვალისთვის დაიწყებენ სამტრედიაზე შეტევას. იატაკქვეშეთში წასული სამტრედიელი ,,კანონიერები”, იგივე ,,ზვიადისტები“ კბილებს ილესავენ, დროშებს ამზადებენ. ,,პუტჩისტები” უკან დასახევად ემზადებიან. ორივე მხარეს დიდი ფუსფუსია ატეხილი. წარმოდგენა დილის 7-8 საათზეა დანიშნული! სცენა – აბაშა-სამტრედია, წყალგამყოფი – ცხენისწყალი; მიზანსცენა: ერთი დღით ადრე, სიტყვებით – ,,ჩემი დედას, რო შევეცი!”,  ქალაქს ტოვებს ,,სამთავრობო” ჯარი, სამხედროებს გაუმართაობის გამო, ორი ,,БТР”-ს რჩებათ; სცენაზე შემოდიან ,,კანონიერი” ხელისუფლების ჯარები შეძახილებით – ,,სკანი დიდა ფხოდი, ედო(ჯაბა)!”, მათ შემოჰყავთ ამაღლებულბორტიანი ,,КАЗ”(,,КАМАЗ”)-ები; მთავარი მოქმედი პირები – მე, შარა, ჩეჩენი მეთაური და მეგრელების ჯაჭვი. ვიმეორებ, არ გამოგრჩეთ, სპექტაკლი დილაადრიან იწყება! დასწრება აუცილებელია საცოდავი სამტრედიელებისთვის.

გაგრძელება იქნება 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s