იმპერიის ორსულობა. სპექტაკლი – ,,ორ ცეცხლს შუა” (ნაწილი II)

Giovanni Bellini - Drunken Noahსცენა მეშვიდე. მფრინავი ,,ზვიადისტები”, ნოე და ლოთი

დილა თენდება. სამხედრო ოპერაცია დაიწყო! ჯერ საარტილერიო მომზადებაა, აქა-იქ ჭურვები სკდება. მე და შარას ჩვენი გეგმა გვაქვს – საომარ არეულობაში ცენტრალური აფთიაქის მიბომბვა წამლის კონფისკაციით, მისი შემდგომი დანიშნულებისამებრ მოხმარებისთვის. უკანასკნელად ვამოწმებთ სამუშაო იარაღს: კარების გასატეხი ფომკა აღუნული ორკაპით, ,,მანტიროვკა”, ,,ატვერკა”, ,,ზუბილა”, უფრო ურო ვიდრე ჩაქუჩი და ,,პლოცკო; ამას გარდა ბოქლომის გადასაკვნეტი მაკრატელი, სამუშაო ხელთათმანი, ერთი-ორი დიდი დანა-შტირი, გისოსების ამოსაგდებად ,,კირკა” – ეგაა, ყველაფერი ადგილზეა. თითო ჭიქა – ,,აბა, ღმერთი ჩვენსკენ და გავეშვით!”

ჩვენი ქუჩის თავამდე გასვლა იყო და, ,,ზვიადისტების” 10-15 კაციანი ჯაჭვი სროლით ცენტრისკენ მიიწევს. წინ დაბალი ტანის, ხმელი ჩეჩენი მეთაური მიუძღვის, ,,რეიბანებით“ და წვრილი ულვაშებით – ტიპიური საკადრო ოფიცერია, ხაკის, თხელ წელზე მომდგარ ფრენჩში, ასე 40 წლამდე. უკან ორმეტრიანი ცისფერთვალება, ქერათმიანი მეგრელი ბიჭები, სადესანტო კომბინეზონებში – რა დედამ შობაო, აღტაცებით იტყვი!

,,წავეე-დით!” – გავეცი ბრძანება და ჩვენი ქურდული ორეული მოიერიშე ,,ზმეიკას” უკან ამოუდგა. მე ,, Adidas”-ის ლურჯი რეიტუზი მაცვია და წითელი ხასხასა ყვითლით ,, Puma ”-ას ზედა, შარა შედარებით სადადაა -შავი ჯინსი და პერანგი, ასეთივე ფერის ქურთუკი. კაი ბიჭის სტატუსი ავალდებულებს, რა ქნას. ხელში დიდი ჭარხლისფერი ჩანთა. მეომრები გაკვირვებით გვიყურებენ, ვერ გაუგიათ ვინ ვართ, რა გვინდა? ვერც გვიშორებენ, გაქანებული სროლაა. ციდან დიდი თვითმფრინავი პიკირებს, მგონია, სადაცაა თავზე დამაფრინდება.

– Лажись!

თვალის დახამხამებაში მთელი ბატალიონი უჩვეულო ფრენას იწყებს. ორმეტრიანი მეომრები, წინ გაწვდენილი ხელებით ადგილიდან წყდებიან, თითქოს წყალში უნდა გადახტნენ ისე და მიწაზე გართხუმულები, რბილად ეშვებიან. განსაცვიფრებელი სანახაობაა!

– Лажись! Ёб твой… Всех накроет сука , что охуели, ёб вашу мать! Что как клоуны оделись! Лажись-гаварю блядь!

მე და შარა დამცინავი სახით ვუცქერთ  ჩაწოლილ ჩეჩენ მეთაურს – ჩვენ, ჩემი ძმა, ტყვიის არ გვეშინია, შე ყლეო, აბა რისი კაი ბიჭები ვართ?! წინიდან ტყვიამფრქვევმა დაუშვა – ,,და-და-და-დან, და-დან!”.

– შარა გააძრე ,,პერშინგი”! პულემეტჩიკ, შენ დამეხიე ყლეზეე!

ეიფორიაში ვარ, ვყვირი. ლეიტენანტი შარა-ში-ძე ჩანთიდან იღებს სამხედრო მათარას, ხსინს თავსახურს და იყუდებს.

– ჰოუ, ჰოუ გააჩერე, გააჩერე, რა ამბავია, აფტიაქამდე არ მიგვყვება!

– ოჩილ, შენ ნუ გეშინია, ერთი კიდო მაქ სუმკაში – სააფთიაქო! ჰა, ჩაარტყი.

ჩეჩენი, გაყ… და, თვალებს არ უჯერებს! მეგრელები ზიზღით გვიყურებენ, თან ჩემი თბილისური აქცენტია საეჭვო. დიდად მაინც ვერ იცლიან ჩვენთვის, წინ ტყვიებია.

– Встать! Вперёд! Пошли, пошли!….Лажись!

ისევ ხელგაწვდენილი გადაფრენა მიწაზე გაშხლართვით. ტრადიციული – ,,Ёб вашу…!” და თავიდან… აღარ ისვრიან, როგორც ჩანს, მოწინააღმდეგის ნაწილებმა საბოლოოდ დატოვეს სამტრედია. მხოლოდ უშველებელი თვითმფრინავი ურტყავს ქალაქის თავზე წრეს, არც მანამ უსვრია და ახლაც არაფერს აშავებს. ვითომ დაზვერვაზეა თუ ჩვენ გვაშინებს? ჩვენ არ გვეშინია, ჩიტუნი!

ჩვენი ბატალიონის შეიარაღებას ვუკვირდები. ტორებში – უზარმაზარი, ჩემი წონის მაინც იქნება – ხელის ტყვიამფრქვევი, ფართე ზურგზე – თითქოს სათამაშოა, ცეროდენა კალაშნიკოვები. დამცავი შეფერილობის კომბინეზონები, გულმკერდზე – ჯვარედინად, წელზე – შემორტყმით – ლენტები, მტკაველის ოდენა ტყვიებით. რა ძალა უნდა მარტო ამ ამუნიციის ზიდვას და ამას დამატებული სირბილი, ფრენა?! რაჟოკები, ლიმონკები, შტიკ-ნოჟი და ამგვარი წვრილმანები მხვედველობაში არც მიიღება. საღოლ, ძმებო მეგრელებო!

სამტრედიის ცენტრალური ქუჩით მივიწევთ. გზაჯვარედინია. აბა ჰე, დროებით მამაცო ჯარისკაცებო, ,,გოოდ ბაი“ ჩეჩენ! ,,ზმეიკა” მილიციისკენ მიცოცავს, ჩვენ ჩამოვრჩით. აფთიაქამდე არასაუწყებო დაცვის შენობა გვაქვს ასაღები. რისთვის ჩვენაც არ ვიცით, უბრალოდ მიტოვებულია და ალბათ იმიტომ. გაგვიტაცა ომობანამ, ხელს არავინ გვიშლის, არც გვიჭერს, ჩვენც განუსაზღვრელი თავისუფლებით ვთვრებით! მტვრევავ, ნგრევავ, მსხვრევავ, რა საამური ხარ შენ! შევრბივართ და სიგნალიზაციის პულტზე ვიყრით მილიციისგან ჩარჩენილ ჯავრს. ჰო, რა გამეტებით დავცხეთ დიდი რკინები სასიგნალო წითელ-ყვითელ-ლურჯ ნათურებს! ო, რა მომხიბლავი ჰანგებია – ,,ბაახ!”, ,,ჭახ – ჭუხ!”, ,,ღრიჭ – ხრრუშ!”. ზემოდან ხმა: ,,ბიჭო, რომელი ხარ მაქანე?”. შევკრთი! სხვენიდან ჯერ აბურძგნული თავი გამოჩნდა, შემდეგ, ჩვენი დანახვით გათამამებული მამაკაცი ლურჯ ფოხანა ტრუსებში და ჭუჭყიან მაისურში. კიბით ქვემოთ დაეშვა.

– ბარო, შარაია, ვერ მიცანი?!

– უი, აი ვინ ყოფილა! რაია, ნიფხავში რო დარჩენილხარ?

– ბიჭო, ფორმა გევიხადე და გადავაგდე დროზე, რაი მექნა? ვერ მოვასწარი სახში გაქცევა, მორიგე ვიყავი და ქე შემეეთრენ ე ოხრები… თქვენ ვერ მომცემთ რამეს?

– მერე შენსავით ტიტველი ვირბინოთ?!

– არა იქნება… რა ვიცი… მაშინ ავძვრები ისტოვლე, მარა პულტის უკანე ველოსიპეტი მაქ დამალული და ამომაწოდე ჭერზე, რაია? არ წამარტვასკენ ამ კეტილმოტყნულებმა!

– ჩერდაკზე გინდა იკატავო, შე ჩემა? მიდი, მიდი გაძლევ. ჰო, კაია, გამომართვი და ჩვენზე კრინტი არ დაძრა იცოდე, მერე, ვლასტი რო შეიცვლება!

კარგია! ერთი დიდი საქმე მოვითავეთ – სიგნალიზაცია გამოვრთეთ, თუმცა უფრო არა უსაფრთხოებისთვის, უბრალოდ, როგორც ვთქვი, ძველი ზუბი გვაქვს ძაღლების. მივემართებით აფთიაქისკენ. სამტრედიის ცენტრი სულ ასი მეტრია დიამეტრიში, ასე რომ, სამხედრო მოქმედებათა თეატრი ჩვენ თვალწინაა გადაშლილი. ,,ზვიადისტებს” სამტრედიის აღება უკვე მოუსწრიათ. შემოდიან მეომრებიანი ბორტებ-ამაღლებული ,,КАМАЗ”-ები – სამხედრო ტექნიკის ავანგარდი, მეგრული ,,პოპ-არტი”! ეჰ, გაჭირვებას რა ვუთხარი მეე – საწყლებს ჯავშნიანი მანქანები არ ჰყავდათ, რა ექნათ? ხომ უნდოდათ მათაც ომობანას თამაში?! გამოსავალი ასეთი მოინახა – რაც რკინები იყო ,,მეტალობაზებზე” და ,,დელავოი დვორებზე” სატვირთო მანქანებს მიადუღეს. კაბინა, მთელი კორპუსი გარშემო, ძარა, თავისი ორმეტრიანი ბორტებით, საბურავები – ფოლადის სქელი ფურცლით დაიფარა. გამოვიდა, რა გამოვიდა – ,,მარგალიული“ ტანკი ,,მონსტრი“! რკინის დინოზავრებმა სამტრედიამდეც გაჭირვებით მოაღწიეს, უღელტეხილის გზის შედგომა იყო და საბჭოურმა მოტორებმა, აღარ შეგვიძლია ამდენი რკინების თრევაო. ეს იყო უკანასკნელი რაც აღმოხდათ მომაკვდავებს და იქვე რიკოთის მისადგომებთან, სათაფლიის განთმული დინოზავრივით სამუდამოდ მიიძინეს.

ძალების კონცენტრაცია მილიციასთან წარმოებს. სამხედრო კომენდატურა, ,,პუტჩისტების” მსგავსად, ,,ზვიადისტებმაც” ამ შენობაში განათავსეს. წინ ბალახზე წამოკოტრიალებული მეგრელი დევ-კაცები მშვიდობიანად აბოლებენ. ვერც დაიჯერებ, რომ ეს ახალგაზრდები ბავშვური გამომეტყველებით, სულ რამოდენიმე წუთის წინ, გამხეცებული სახეებით შემოვარდნენ სამტრედიაში და გააფთრებით უშენდნენ ადამიანებს ტყვიებს.

უცებ მთელი ქალაქი შეზანზარდა – ,,ბა-ბათქ!”. გარშემო შენობებში შუშები ჩაიმსხვრა. ყველა პანიკამ მოიცვა, მეომრებმა კვლავ ფრენა იწყეს. ჩვენ ხმაზე გავიქეცით. გაირკვა, რომ სამთავრობო ჯარების მიერ დატოვებული ჯავშნიანი მანქანა დეტონაციისგან აფეთქებულა. გასაოცარია რა დიდ ენერგიას იტევდნენ ტანკში ბოროტი განზრახვით დატოვებული ჭურვები. მისვლისას ადგილზე ორი-სამი პეშვი რკინის ნამსხვრევი დამხვდა, თითქოს თეფში გაეტეხათ! მეორე ასეთივე ჯავშნიანი მანქანა მილიციიდან სულ ოციოდე მეტრში დგას, მას ვერავინ ეკარება. ცაში ისევ მზვერავი თვითმფრინავი გამოჩნდა, სროლებიც განახლდა.

აფთიაქს ვუახლოვდებით, გზად სამტრედიელი გივია-,,სიქა” მხვდება მოტოციკლეტზე ამხედრებული. ესეც კაი ბიჭია. მეუბნება, სამშობიაროსთან ტანკებია გაჩერებულიო. დედაჩემი ხომ გინეკოლოგია, რა უნდათ, ეგებ ქალებს ერჩიან? გივიას უკან შემოვუჯექი, გავვარდით სამშობიაროსკენ.

საგიჟეთია ნამდვილი! ჯავშნიანი მანქანა უტვინო მეომრებს თხრილში ჩავარდნიათ, ვერ ამოყავთ. უკან დავბრუნდით. როგორც იქნა ოცნების ადგილამდე მივაღწიეთ. აფთიაქის დიდი შუშები აფეთქების ტალღას გამოუგდია. შევედით, თითქოს არავინაა. მივიხედ-მოვიხედეთ, სათავსოს კარები გაიღო, ხნიერმა თეთხალათიანმა ქალმა გამოყო თავი:

– ტი-ტუ! ტიტუია, დეინგრა, დეიდა, აფთიაქი! რას შობიენ ხვა რიცით?

– ომია ქალბატონო, რა დროს აფთიაქია, ვერ წახვალთ სახლში?!

– მარტო არ ვარ და მეშინია, რაფერ წევიდე? ისვრიენ კიდო?

– წადით დროზე სახლებში, თორე აქ შემოვარდებიან და ცუდ დღეში ჩაგაგდებენ!

ამათ უყურე, რა თავგამოდებით იცავენ წამლის სანახებს! აფთიაქის ფოიეში ვდგავართ სამნი –

მე, შარა და გივია.

– აბა ძმებო ავღნიშნოთ, შარა გააძრე ,,პერშინგი”!

– ვაა, თქვენ რა მომზადებილები წამოსულხართ?! აგი ჩანთა რათ გინდენ და ვაბსჩე, რას შობით აქანა?

ომის გაწამაწიაში გართული გივია-,,სიქას” აქამდე ვერ ჩაწვდომოდა ჩვენ მზაკვრულ გეგმას. წამალი ოხრად გვექნება, ტონობით. გივია – კაი ბიჭია და სატრანსპორტო საშუალების, სახელდობრ შავი, გაპრიალებული ,,Урал”-ის მფლობელი. გავიყვანოთ უნდა წილში, რაზეა ბაზარი?!

– აბა კაი ბიჭებს გაუმარჯოს! ჩვენ გაგვიმარჯოს!

– გაგვიმარჯოს! ბიჭო, ზურია, ჯონდოიეს მანქანა ყავენ აი ბოზებს შტრაფნოიზე და იქნება კი მოგვცესკენ ,,ზვიადისტებმა”?

ვალაგებთ ახალ გეგმას. სანამ შარა პროვიზორების ევაკუაციას უხელმძღვანელებს და სეიფამდე მისასვლელ გზას გაწმენდს, ,,სიქა” თეთრხალათიანებს სახლებში გადაზიდავს, მე მილიციისკენ გავიხედავ. ჯონდოს ,,ზაპოროჟეცი” დგას საჯარიმო სადგომზე, ომამდე წაართვეს. ისიც კაი ბიჭია და იმ დროისთვის მოსკოვში გახლდათ საყაჩაღოდ.

გავედი მილიციასთან. შესასვლელთან დაცვაა. აქეთ-იქეთ წამოწოლილან ნაცნობი მფრინავი მეომრები, კვლავ აბოლებენ, საუბრობენ, ხმამაღლა იცინიან. მეგრული არ მესმის, მაგრამ თითქოს ირონია მე უნდა მეხებოდეს. ჩაცმულობა? მივაჭერი მთავართან. შუახნის მეგრელია, გრძელი ჭაღარა თმებით და დიდი წვერით. ტანი – მოჭიდავის, ჯიჯგვიაო, რომ იტყვიან, აი ისეთი.

– ძმებს გაუმარჯოს!

– …ჰმმჰმ…..?

გაკვირვებით შემომხედა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მიბრუნდა მეგობრებისკენ და ყველამ ერთად ატეხეს სიცილი. ვაა, ამათ უყურე შენ, გამარჯობასაც არ კადრულობენ, ეს ჩემისები. ავტომატი არ მაქვს და ადამიანადაც არ მთვლიან.

– ჩვენი ძმა, გამომხედე რა. საქმე მაქვს უფროსებთან, გამატარე.

– მითხარი აბა, რა გინდა შენ?!

– კაროჩე, რა მინდა ძმოო დაა… აგერ ეზოში, შტრაფნოიზე დგას ჩემი ძმაკაცის მანქანა, გაასწორე და ძმურად გამატანე რა – კაი ბიჭია და ამ ბოზებმა წაართვეს, ნუ. ხო აზზე ხარ, თან ზის ეხლა. კაროჩე, ოჯახი მარტოა, გაყიდის და საჭმელს შეჭამენ, რა. აზრეს?

– ვინ ხარ შენ?!

– მეე, რა ვიცი ვარ რა…

– თბილისელი ხარ შენ? ძველი ბიჭი იქნები, ბაზარზე გეტყობა. რას გეტყვი იცი, დაახვიე, ბიჭო, აქედან სანამდე მთელი ხარ, ჩქიმ ჯიმა კოჩი!

– ე, რანაირად მელაპარაკები, ძმოო?!

– წაეთრიე ახლა, თვარა მოგიტყნავ კარგის ტრაკს!

– წესიერად ილაპარაკე და მანქანა გამატანე, გაიგე?!

– უხ, სკან დიდა ფხოდი! აბა ეხლა იცეკვე თორე შენიი!

ჭაღარა მეომარმა ავტომატი მომიღერა. ყველამ ერთად ატეხეს სიცილი. შეძახილები: ,,მიდი ნოე, მიდი, აცეკვე მაი თბილისელი პიდარასტი!”.

– შენ დამეხიე, ბიჭო ყლეზე შენი ავტომატიანათ! შენი ნოე დედას შ…ი მე!

დამთავრება იყო და ჩემთვისაც მოულოდნელად ავტომატის ლულას წავავლე ხელი. ყოველივე იმდენად უცებ მოხდა, ,,კალაშნიკოვის” დიდ სამიზნეს ისეთი ძალით ჩავეჭიდე, ცოტაც და იარაღი წართმეული მქონდა! კიდევ კარგი ვერ მოვასწრე, მფრინავი ჯაჭვის ტყვიამფრქვევები ერთბაშად მე მომაშტერდნენ… არ გამიმეტეს. სულ ბოლო მომენტში მოასწრო ნოემ და გამოჰკრა თითი ჩახმახს. მოკლე ჯერი და ,,მამამთავრის” ერთი ტყვია მარჯვენა ტერფში შესრიალდა. წავიქეცი. ისეთი მთვრალი ვარ, ტკივილს ვერც ვგრძნობ. წამოვდექი.

– ჩვენი ძმა, მანქანა გამატანე და გაპატიებ. თორემ იცოდე ვბრაზდები და დაგენძრევა!

– იდი ნა ხუი, გიხოდ დიდა შმუნდი!

ამის თქმა იყო და ცხვირწინ დავინახე… თუ შემდეგ ვფიქრობდი რომ დავინახე და მხოლოდ დარტყმის ძალის მიხედვით წარმოვიდგინე? ჩემი თავის ხელა? არა, გაცილებით დიდი, ვეებერთელა მუშტი. კუვალდა! მეხი! რკინა-ბეტონი! სახეში კლდე შემასკდა! ბუნდოვნად მახსოვს – ძვალმა, ,,ღრჭ-უო”, სისხლის შადრევანი. გონება დავკარგე…

ნარკოზიდან გამოვდივარ. ლოგინზე ვდევარ, ბურუსია, ვხედავ ქალებს. საფენებს მადებენ, ვეცოდები. მილიციის გვერდზე სახლში გადაუთრევივართ, დედაჩემის ექთნის ოჯახია. ნახევარი საათი მაინც გამაქვავა, მაგის ნოე დედას… რა დამიადა! ბევრჯერ მომხვედრია, ერთხელ რელსი მგლიჯეს თავში, ისე რომ ყბები დამტყდა, ასეთი გრანდიოზული არაფერი მინახავს! მალადეც მარგალი-კოჩი! თავი წამოვწიე – ტანს თითქოს მოწყვეტილია, ისე ქანაობს, როგორც პატარა ჩინურ ფიგურაზე.

– დეიდა, არაყი, დროზე!

– აჰა, შვილო აგერაა სტოლზე!

რამოდენიმე ქალი საფენებს ამზადებს, სისხლს მწმენდენ.

– ჭიქა…

მომაწოდეს პატარა, სათითურივით პაწაწინა, ნორმალური ადამიანებისთვის, ნუ.

– წყალი?

– აგერაა, დეიდა, ბაკალში, ეიღე, ჭისაა.

– კაი რა დეიდა რა დროს ჭაა, მაიცა რა!

ქვემოთ ტაშტია, სავსე სისხლით და ჭუჭყიანი ბამბებით. კათხა ამოვაპირქვავე და არყით ავავსე. ვგლიჯე სულმოუთქმელად… უუფ! ბრრ… წავიდაა! წოტა თავი გამითბა, სარკეში ჩავიხედე… ეეე, ეს რა არი, ცხვირი აღარ მაქვს?! სად წავიდა ამხელა ცხვირი?! თვალები დაწვრილებული, ჩინელზე მეტად, წინ აირწინაღის მილივით გამონაზარდი, სადღაც თავს უკან იკარგება. ძგიდე გაგლეჯილია, სისხლი ნაკადით ასხამს. ხელით ცხვირი მოვიძიე… კეფაზეა! ცხვირი მომტეხა, მე მაგის დედას…! წავედი! არა ჯერ ჩასწორება უნდა. ექიმი? არა ჩემით… მტკივა. დავქაჩე და ყურამდე მოვიტანე. ერთხელაც სარკე… პიკასოს ,,გერნიკიდან” გადმომხტარს ვგავარ!

გარეთ გამოვედი, თავში, თუ ამას თავი ჰქვია, ერთი აზრი მაქვს – რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა დავბრიდო ნოე! წინ ტანკია, აი ის მილიციასთან რომ იდგა, გვარდიელების დატოვებული. ომის ყველა კანონით, ესეც დანაღმული უნდა იყოს. ფეხებზე მკიდია, სასტიკად ვარ გამწარებული, ძალები გამიორმაგდა. ჩემზე იტყვიან, გააფთრებულიაო, ჯავშანზეც აფთარივით ავხტი!

– Лажись! Мины!

ყვირის ,,რეიბანებიანი“  ჩეჩენი, მეგრელები იწყებენ აქეთ-იქეთ გადაფრენას. ტანკის კოშკურაზე სარქველს ვეჭიდები. ჩემი ამღვრეული აზრით მოტორს ავაგუგუნებ თუ ავაბრუხუნებ და შევარდები მილიციის ეზოში. ამათ მაოუტყნავ დედებს!.. არც აფეთქდა, არც გაიღო, ჩამოვხტი. ნაბოზვრები დამცინიან. მეც ვაგინებ, რაც ძალა და ღონე მაქვს, აღარც ბრაზდებიან, რომ მესროლონ და გამათავონ, ეს განდონები! დამცირებისგან სულ გადავირიე – საცოდავი სანახაობაა! როგორც იქნა შარამ, გივიამ და ვიღაცეებმა სახლში წამომათრიეს. ისევ წოლა, თავის ტკივილები, ექიმები, წამლები და არყები.

დაღამებულა, ვწევარ, თავში ორთქლმავალი დადის. ნოე, ოხ ნოე, შენი დედას…! უჰ, რა ვქნა, სანამ ვიწვე? ,,სათავე ოფისი” გამოვაღე, სამედიცინო სპირტი დაუშვი… გუგუნმა იკლო. ,,ზვიადისტებო” – მე თქვენიანიც ვიყავი, თქვე ნაძირლებო! ეს რა მიქენით, თქვე არამზადებო! მეტირება…

დილაადრიან ბაზრისკენ გავბოდიალდი, ცენტრალურ უნივერმაღში არაყი შევიძინე და იქვე ეზოში ლოთებთან ჩამოვჯექი. ვსვამ, თან ქუჩაში გამვლელებს ვათვალიერებ, სამხედროები დადიან – ნოეს ვეძებ. რატომღაც უნივერმაღის შუშის დიდ ფანჯრებს მივაშტერდი, თვალი სიგნალიზაციის ვერცხლისფერ ზოლებს გავაყოლე, გვერდითა პატარა სამკუდხედი გამორჩენიათ…ნოე ისევ არ ჩანს, ვატყობ ვერც ვნახავ. ეხ, სჯობს ალკოჰოლით ჩავიკლა ბოღმა.

ღამისკენ გამეღვიძა, თავში ისევ მატარებელმა ჩაიქროლა. რა ვქნა, სანამ ვიყო ასე უმოქმედოდ? გავალ გარეთ, ეგებ ნოეს წავაწყდე სადმე. ამერიკული სპირტი კარგა ხანია გათავდა, კარბიდის არაყია გადამყიდველებთან. შევიარე, ვიყიდე, იქვე დავლიე და სახლისკენ წამოვედი.

უნივერმაღთან ვარ, ფანჯარა გამახსენდა… აი, აბაროტიც! გავტეხავ, ამათ ჯინაზე გამოვაცარიელებ და გულსაც მოვიოხებ. ადრე შემჩნეული უსიგნალიზაციო გვერდითა სამკუდხედი იდაყვით ჩავამსხვრიე. იქვე ახლოს, ჩვენი ქუჩის დასაწყისში, ბოძს ამოვეფარე. ბალახზე პატარა სუფრა გავშალე, წამოვუწექი, ვსვამ და ობიქტს ვათვალთვალებ. არავინ ჩანს, ჩემი და შარას ვიზიტის შემდეგ ვერც სიგნალიზაციის აღდგენას მოასწრებდნენ. ერთმა მეზობელ- მეგობარმა – ზაზამ ჩამირბინა, აქ რას აკეთებო? უნივერმაღი გავტეხე და ვყარაულობ-თქო. ვააო! ჩვენ მილიციიდან დაგვირეკეს სიგნალიზაცია ჩაირთო და დაცვაში მოდითო, არ დაგიჭიროსკენო. ესეც კაი ბიჭია. ეეჰ, წავედი? არა, ჯერ შევხედავ, მოვა რო ვინმე? ომია, ვის ცხელა მაღაზიისთვის? სიწყნარეა… მაგის დედაც, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!

უნივერმაღში ვარ. დახლიდან ჩამოხსნილ უზარმაზარ ჩანთაში ყველაფერს განურჩევლად ვყრი. უცებ აივსო. ბიჭო რა გეჩქარება, მთელი ღამე წინაა?! დაწყნარდი! თავი ხელში აიყვანე რა! შევუდექი მაღაზიის მეთოდურ  გაწმენდას. ყველა სექციას დაკვირვებით ვათვალიერებ, შემდეგ ძვირ ნივთებს დახლზე ვაწყობ და მათში გამარჯვებული ჩანთაში თავსდება. სერვიზები, ნაირ-ნაირი ბროლის ვაზები, მაჯის საათები, ტანსაცმელი, რუსული დეკორატიული ყულაბები და ბევრი სხვა რამ… ეგაა, კონკურსს მიაქვს ბევრი დრო! გადავალ ახალ განყოფილებაში, რაღაც მომეწონება, მიწევს ჩანთის ამოპირქვავება და ნივთების ახლიდან გადარჩევა. მოკლედ, მაგარ ამბავში ვარ! ამოდენა სიკეთეს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება დაემატა – ყოველ სექციაში ვპოულობ გამყიდველების მიერ გადატეხილ ფულს. ვაღებ უჯრას ან ვწევ დახლზე გადაფარებულ გაზეთს, დევს საკმარისად დიდი თანხა – ოცი-ოცდაათი ათასიდან – ას-ორას ათასამდე. ერთი მოზრდილი ცელოფნის პარკი პირამდე ავავსე! ძველი მორფინისტული ჩვევით, სამი ჭარხლისფერი ტკიცინა ორმოცდაათათასიანი ფეხსაცმელში ჩავიდე, დაჭერისას ძაღლემა რომ ვერ გიპოვონ და საკანში შეგყვეს. მოკლედ, ვგულაობ! ისე გავერთე, ძვირ საქონელს თავი დავანებე, ესთეტიკურ სიამოვნებაზე გადავედი. ვარჩევ ლამაზ, თვალის მომჭრელ ნივთებს. დახლქვეშეთში აღმოვაჩინე გადამალული ჭურჭელი, სპილენძის ინდური დოქები, ბროლის ჭაღი… საკანცელარიო საქონელმა გამიტაცა! შვილებისთვის ვარჩევ ჩინურ კალმებს, პასტებს, სახაზავებს, ფანქრებს, ათ-ათი რვეული – ცალხაზიანი და უჯრედებიანი, არა, ოც-ოცი იყოს… დავიღალე, დროა წავიხემსო. გადავედით სურსათში! არყები და კონიაკები, ვისკები და შნაპსები და… მუხრუჭების ხმა! ჩქარი მეგრული საუბარი!

ეუფფ! ავფრინდი და ტელევიზორის ცარიელ ყუთში ამოვყავი თავი. გავიყუჩე, გავშეშდი და საერთოდ მოვკვდი! როგორია – გაგანია ომია, კომენდანტის საათია, შენ მაღაზიას ქურდავ?!

შემოვიდნენ. მეგრული გინება. მეძებენ, რას მეძებენ – სულ გადააბრუნეს დახლები! ჩანთები ნახეს, მარადიორი არ ჩანს…

– ნამდვილ-ი-ად აქაა, ბიჭო?! ტყვილ-ი-ა არ მაძებნინო, იცოდე!

– უფროსო, ორი საათია რუსულ სკოლაში ვარ ჩამჯდარი, რავარც ჩეირთო სიგნალიზაცია გამევიქეცი და მაგას უდარაჯებ. ერთი საათის წინ შემოძვრა და მის მერე აქანა დაბორიალობდა და რა ვიცი? ჩანთები ხომ მაგერაა და…

ავოე, რა დავიწვი! ეს არამზადა არ ზის თურმე მოპირდაპირე შენობაში!

– იქნებ გაიქცა?!

– არა… თქვენ რო მოხვედით, სადღაც გადახტა და გაქრა.

– სხვა გასასვლ-ი-ელი იქნება სადმე?

– არა, ერთი კარია მარტო, ატვეჩაი ვარ აქანაა!

– მაშინ ჩვენ წავალ-ი-თ, დიდ ფანარს მოვიტანთ. არ გაგექცეს, თორემ შენ დაგბრიდავ იცოდე! ხო აქაა ნაღდი?!

– კი უფროსო, კი-თქვა!

– იარაღი შეაყენე და თუ გამოჩდა გლიჯე იცოდე!

კომენდატურის ხალხი წავიდა, ეს ადგილობრივია, ეგებ რაიმე გამოვიდეს… დროზე! სამალავიდან თავი ამოვყავი.

– არ გეინძრე, გესვრი!

– გაუმარჯოს ძმას! არ მესროლო, ადგილზე ვარ. ბიჭო, აჰა ნახე რამდენი ფული მაქვს! პაპალამ გავიყოთ და გამიშვი რა!

– არ გამოვა მაგი ამბავი…

– რატო არ გამოვა, შენ გამატარე და მერე ატეხე სროლა, ნახავ თუ არ გამოვა!

– მეც მინდა, მარა დამინძრევენ მეგრელები…

– რას დაგინძრევენ, დამჭერი თუ გინდა! ძმაო, ხომ იცი დამხვრიტავენ მარადიორობისთვის, გამაქციე რაა! გთხოვ, ძმურად!

მანქანის ხმა. მე ისევ ტელევიზორის ყუთში ვზივარ კურდღელივით. ვგრძნობ როგორ მიუთუთებს ჩემი განმარტოების ადგილზე სამტრედიელი მილიციელი.

– აბა ამოეთრიე მაქედან, სკან დიდა პხოდი!

ხელი თმებში, ქეჩოში. უნივერმაღის მოზაიკაზე პირქვე გავიშხლართე. სუნთქვისას ცხვირში მტვერი შემდის, თავს ოდნავაც არ ვატრიალებ, მზერა პირდაპირ იატაკისკენ მაქვს მიმართული. არ მინდა საკუთარი სასიკვდილო ტყვია დავინახო… ავტომატის კონდახი გვერდებში, მუჯლუგუნები თავში:

– ფეხები გაშალე! ხელებიც! დროზე! ამოტრიალდი შე ნაბოზვარო, ერთი შეგხედო, შენი…!

ლულა თავზე მაქვს მობჯენილი… ასე ახლოს სიკვდილთან არასოდეს ვყოფილვარ. ხელები საფეთქლებზე მივიფარე, არ მსურს თვალის მოკვრითაც კი ჯალათის ფეხებს, თუნდაც ჩრდილს ვხედავდე. სიბნელე მამშვიდებს, მასში არავინაა, არც მე, არც მკვლელი. გაცოფებულია, სადაცაა დაუშვებს… ჩემ ბედზე, ამ ჩემისას კარგადაც დაულევია. გასაოცარია, რა სიცხადით აღვიქვამ ყოველივეს – გატიალებულ მთვრალს სხვისი ოხშივარი სასტიკად მაწუხებს! სრულიად გამოვფხიზლდი, ხმა საიდანღაც შორიდან, ზემოდან მოდის:

– ამობრუნდი, თორე გესვრი, შე ახვარო! ჩვენ აქ სისხლს ვღვრით, ეს განდონი იპარავს! აი, შენ ნაირ პიდარასტებს ვეომებით, თქვენი ,,მხედრიონი” დედებს შევეცი მე! ამობრუნდი-თქო!

თავში მწარედ მერჭობა ავტომატის ლულა. პირველად ვესწრები საკუთარ დახვრეტას. უკანასკნელად? ამოტრიალება არ შეიძლება! არაფრით, არა! სულ რომ გასკდეს სიბრაზით მაინც! თორემ ასიანი გამათავებს! თვალებში რომ ჩამხედავს, მერე ადვილად მესვრის. ასე ვერ ბედავს, უცნობს ვერ მიმეტებს. განძრევა და დანძრევა ერთი იქნებაო – ამაზეა ნათქვამი.

– არა ხო?! არ გადმობრუნდები ხო?! აბა ვნახოთ შენი დედას…!

და დაუშვა რა დაუშვა! წვიმა, ნიაღვარი, ტყვიების, რა თქმა უნდა. ჯერი ყურისძირში – ,,დრრრ-დრდ-დრდ-დრრრ”… ყურები დამიგუბდა, მიწუის. ისევ ჯერი – ,,დრ-დრ-დრდდდდ-დრ”… კარგი მსროლელია ეტყობა! ისე ახლოს აჯენს ტყვიებს, რომ ატკეჩილი მოზაიკის პაწაწინა ნაწილაკები სახეში მესობა. თავს ცოცხალი თავით არ ვანძრევ, ქვესკნელში ვიყურები. ,,ცხაკ-ჩხუკ” – სულ გაცოფდა, ეს ჩემისა, მეორე მჭიდი გააძრო. ისიც თავთან დამაცალა. ამოუშვა როგორც იქნა ბოღმის ორთქლი, გაუარა გაშმაგებამ. აი კაცი – მეგრელიც ჭეშმარიტი ქართველია, ვერ დასწამებ სეპარატიზმს! ჯიგარი ხარ! არ დამბრიდა! გა-დავ-რჩიიიი!

– წაათრიეთ, ამის დედას შ…ი, არ გამომაფხიზლა ამ დედა აფეთქებულმა! მანქანაში არ ჩასვათ, თორე შემომაკვდება! ბაწარია ბაგაჟნიკში და გამოაბით!

– მიმაბეს ,,06”-ზე და კომენდანტურაში წამაჩანჩალეს. წავიქცევი, ცოტას გამათრევენ, გააჩერებენ და ასე… ცირკია ეს ცხოვრება.

საკანში შემაბრძანეს, მანამ ისე, მსუბუქად წამითაქეს. დავიღალე, ძილის დროა…

გამეღვიძა, ყველაფერი მტკივა, ცუდად ვარ. არც სიგარეტი, არც დასალევი, რა გინდა რომ ქნა? გადავხედოთ ადგილობრივ თანამეგობრობას. ,,შენ რაზე დაგიჭირეს? მე ამაზე ვზივარ…” – გაცნობითი მიმოხილვა ჩავამთავრეთ. სამი ახალგაზრდა მეგრელია, მარადიორობაზე დაჭერილი; ერთი თბილისელი გვარდიელი, შეთავსებით დეზერტირი და კაი ბიჭი, თვითონ ასე ამბობს; მამა-შვილი აბაშიდან. ნელ-ნელა, მიმართვის სტილით, სათანადო ფრაზებით, გამოკითხვის ტონით – ვიმკვიდრებ ადგილს ბნელი საკნის მზის ქვეშ. მარადიორები თავისთვის ზიან, ერთმანეთში ჩქარი მეგრულით საუბრობენ. ისეთ თვალებში იყურებიან, ეტყობათ, მანეთად გამოჭრიან კაცს ყელს. თბილისელმა უცებ აუღო ალღო მდგომარეობას, ეგრევე გვერდზე ჩამომიცუცქდა. მამა-შვილს ჩემთან შემოაქვთ სააპელიაციო საჩივარი, მათ ,,მხედრიონის” გულშემატკივრობაში სდებენ ბრალს:

–  რა მექნა კაცო?! შემოვარდა ,,მხედრიონი” და მომეცი მანქანა, საცხა რო გყავს გადამალულიო, მეზობელს ჩოუშვივართ. არ მოგვცემ და შენ ძუკუს დავხვრიტავთო და არ მიმეცა?! თივაში მყავდა ანგელოზივით ,,ნივა” და ქე გავატანე… აბა, რაი მექნა?! მევიდენ მერე აგენი და რეიზა გაატანე მაშინა ,,მხედრიონსო”? შენი შვილი ბალელსჩიკობს მაგნენსო და წამოგვათრიენ აქანა, აბა! რამდენი მიბრაგუნეს, რო იცოდე, კინაღამ დახვრიტეს აგი და გადევეფარე, არ ქნათ მაგითქვა! და მირტყეს, რა მირტყეს! ჰო, ჰო, ჰო!

– კაი დაწყნარდი ბიძაჩემო, დაისვენოს კაცმა, დაჭრილია, ლომკაშია, რამე და მერე გავარკვიოთ შენი საქმე.

აი, თანაშემწეც ასეთი უნდა! გაწრთვნის გარეშე მოქმედებს კაი ბიჭი, იცის საქმე და!. უფფ, რა პახმელიაზე ვარრ… უი, ფული ფეხსაცმელში! გავიხადე, ადგილზეა! გისოსებთან დავდექი: ,,აოე! რომელი ხარ მანდ, კარებიიი! ოუ!”. მოვარდა ,,ნუ პაგადი” – შეიარაღებულ ყაჩაღებზე დაგეშილი მილიციელია, დაბალი ჩინის, ოღონდ უბოროტო, შტერიც. უჯიშო, ასაშვები ძაღლია, დაუფიქრებლად მიდის ტყვიაზე და სახელიც სათანადო შეურჩიეს. ჰგავს კიდეც მულფილმის გმირს. ომი უხარია, ავტომატი მისცეს და იმიტომ, შტიკ-ნოჟიანად დაათრევს. ყოველ შემორბენაზე რკინის კარის ძელს გამოსდებს, წელში გადატყდება – ,,უხ შენი დედას შ…ო!” – შეიყვირებს და აგრძელებს გზას. არ იხსნის ცოცხალი თავით, დაქრის ასე წელში მოხრილი უკუდო მგელივით.

– ,,ნუ პაგადი”, შეხედე რა მაქვს!

– ვაა, პიისიატ ტისჩი, საიდან?!

– საიდან და ტუმბოჩკიდან. მიყურე, სამი ბოთლი დასალევი მაიტა და ორმოცდაათიანი შენია, ხარაშო?

– ახლა არ შემიძლია, ჯერე აქანე არიენ, მერე.

– ეე, მიდი რა, გამომართვი რა, ვინ გაიგებს…

შებმის პროცედურა ასჯერ მაინც გავუმეორე. ფული ეგრევე აიღო, ორონდ არ მოაქვს. ყოველ შემოსვლაზე მპირდება და თითო ღერ ,,ასტრას” მაძლევს. ვერ ელევა ,,ნუ პაგადი” ფულს. როგორია, ორმოცდაათ ათასს, ასი ყაჩაღი რომ დაატყვევოს, არავინ მისცემს. დრო გაჩერდა, ცოტას დავიძინებ, ეგებ გავიდეს ერთი-ორი საათი…

ძილში ჩამესმის საკნის წინა კარების ჩხაკუნი, თვალები გავახილე. უკან ,,ნუ პაგადია”, წინ? ვხედავ ამერიკულ სიგარეტს აბოლებს, წამოვხტი. ნამძინარევზე თვალები არ მაქვს ბოლომდე გახელილი, ვეძახი:

– აუ, ძმოო, სიგარეთი მაიტა რა…

,,ნუ პაგადის” ენა ჩაუვარდა. გარშემოც სამარისებული სიჩუმეა. მანამ გამოცოცხლებული საკანი, ერთბაშად ჩაყუჩდა. უკან მოვიხედე, ყველანი ზურგშექცევით წვანან გაშეშებულები, ვითომ სძინავთ. ვაა, რა ხდება?! ვუყურებ ახლად შემოსულ დაბალი ტანის გამხდარ მამაკაცს. შავი ტყავის ქურთუკი, წელში გადაჭერილი ქამრით, ,,ნკვდ”-ს კომისრებს რომ ეცვათ ისეთი; ,,მაუზერის”კაკლის ხის ბუდე; გალიფე შარვალი, ფეხზე მომდგარი შავი ჩექმა. სახე – მოყვითალო, მკვდრის ფერი, თეთრი წვერი, უკან გადავარცნილი თმები, წინ ოდნავ მელოტი. მელოდება, გაკვირვებასაა – ნუთუ ვერ ვცნობ?!

– თბილ-ი-სელი ,,ტო” იქნები შენ! გიყვარს ხო, მალ-ი-ბორო! უყურე შენ ამას!

კომისარი მიუბრუნდა გაფითრებულ ,,ნუ პაგადის”, ჩემ წარმომავლობას არკვევს. ,,ნუ პაგადიც” მთელი გულით და სულით პასუხობს, მაგრამ პირი გაუშრა, ენა ებმება, რაღაცეებს ბლუკუნებს. უკნიდან მესმის დამფრთხალი მეგრელი მარადიორის ხმა: ,,გაჩუმდი, ბიჭო, ლოთია მაგი! დასახვრეტად მიყავს ხალხი!”. ოხ შენი! პახმელიამ იცის ამგვარი გადებილება. ჰო, ესაა – ბიბლიური გმირი, ლოთია ქობალია! მამამთავარი ესაა, თუა! კაცი კი არა, ცეცხლია, ცეცხლი! ერთი უხერხულობაა – უკან დახევის მრცხვენია, თან არც ვარგა, სულ გაგიჟდება ეს ჩემისა. სანამ ვიდგე მათხოვარივით გაწვდენილი ხელით? სიგარეტისთვის გაშვერილი ორი თითი უცებ კი მოვკაკვე, ხელის დაშვება არ გინდა?! ტეხავს:

– მომე რა, ერთი ღერი, რა მოხდა როო? კაცი არა ხარ, დილიდან ამ ნაგავ ,,ასტრას” ვეწევი…

წვეროსანი ჩემსკენ მობრუნდა, თვალები დაუწვრილდა, უელავს, ,,მაუზერისკენ” წაიღო ხელი.

– მალ-ი-ბორო გინდა იმენნა, ხო?! ა, შენ!

,,მაუზერის” შავი ლულა გისოსებიდან შუბლზე მაკვირდება, ისევ თითქმის მიბჯენით. თავია თუ სამიზნე, თქვენი..! არა, ასე არ წავა, ხელის ჩამოშვებას ახსნა უნდა, სად წავიღო?! მომძვრეს მაინც რა!

– რა მოხდა, შე კაი კაცო, სიგარეტი გთხოვე, ის ხომ არ მითხოვია…

,,მაუზერმა“ იქუხა, რა იქუხა! კედელს თუ ჭერს ბდღვირი აადინა! ხელიც, როგორც იქნა დავუშვი – უხერხული მდგომარეობიდან ორივენი ღირსეულად გამოვედით. ინციდენტი ამოწურულია, ისევ გა-დავ-რჩიი!

– გნახავ მე შენ! დამელ-ი-ოდე იცოდე! მოვალ, მოვალ და ვნახოთ ერთი, რა ვაჟკაცი ხარ?! ეს სამი გამოათრიე ჯერ!

ეჰ, გაუყენეს მეგრელი მარადიორები უკანასკნელ გზას? საკანში ითქვა – დასახვრეტად მიყავენ მაგენიო, მანამდე ვინც წეიყვანეს არაკაცი არ დოუბრუნებიენო…

,,დამელ-ი-ოდე იცოდე… მოვალ, მოვალ…” ტრიალებს თავში. მართლა რომ მოვიდეს, ეს კეთილ მოტყ…ი? ომია, ვინ გაპატიებს მარადიორობას? ფიქრებმა წამიღო, შიშები იცის პახმელიამ. ,,ნუ პაგადისაც” არ მოაქვს, ამ ქობალიამაც – დამელოდე, მოვალო… რა ვიღონო? კლასიკური გამოსავალი – ძილი.

გამეღვიძა, გვერდები მტკივა, ცივი ოფლი მასხავს, მაკანკალებს. ,,დამელოდე… მოვალ, მოვალ…” – რაღაც ცუდად ავიკვიატე. ცემენტის ჭუჭყიან იატაკზე ვწევარ და ღიღინით რექვიემს ვატრიალებ გუნებაში – ,,და-მე-ლო-დე-ე-ე, მე მო-ვალლ შე-ნნ-თან და მი-გა-ყე-ე-ნებ კე-დელ-თან-ნ-ნ, და-და-დანნნ!”. ბიჭო, რაღაც ისეთი მოჭუტული, ღვარძლით სავსე თვალებით მიყურებდა, იმხელა ,,მაუზერი” ეკიდა მაგ… ბიბლიურ კაცს, არ უნდა გავდეს გადამგდებს! ნაღდად მოვა! ,,და-მე-ლო-დე…” – არა! უნდა ვიმოქმედო, ვიცნობ ზვიადის ახლობლებს, აქედან მივაწვდენ ხმას? თავში ათასი აზრი ირევა… წერილს მივწერ!

,,ბატონო ზვიად!

ომი – ველურ ცხოველებად აქცევს ადამიანებს, დაბადებულებს, რათა იცხოვრონ ძმებად. ვოლტერი.

გწერთ სამტრედიის საპატიმროდან ზურაბ ო-ძე. ბატონო ზვიად, ეგებ გამიხსენოთ და გადამარჩინოთ გაუგებრობას, რომელშიც ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი. გატყობინებთ, რომ ვცხოვრობდი ე. წ. ,,აკადემიის სახლში”, ჭავჭავაძის პროსპექტისა და კეკელიძის ქუჩის გადაკვეთაზე, ჩაის სახლთან. გავიზარდე აკაკი გაწერელიას ოჯახში, რომელსაც თქვენ და მამათქვენი ხშირად სტუმრობდით. ვარ თქვენი ნათლულის, კოკას მეგობარი. გემახსოვრებათ, იმავე ეზოში ცხოვრობდნენ ბატონები გრიგოლ(ქიცა) ხერხეულიძე, კოტე ჩოლოყაშვილი და სხვა ღირსეული მამულიშვილები. მამათქვენმა –  დიდმა კონსტანტინემ რომ გაიგო ჩემზე სამტრედიიდან არისო, ხუმრობით ,,სამტრედსკი პროლეტარიატ რვიოტსია ვ ბოი”-ც კი მიწოდა! თურმე, მის არქივში ინახებოდა რენეგატი სამტრედიელი რკინიგზელების ანალოგიური წერილი ორჯონიკიძისადმი.

ჩემზე რა გიამბოთ? ვარ მაღალი კვალიფიკაციის ექიმი ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი. ეგებ გამოგადგეთ ჩემი პროფესიით, დიდი მონდომებითაც ვიმსახურებდი თქვენს ჯარში. ეს ჩემი მოვალეობაც კი არის სამშობლოს წინაშე, რომელსაც ჩვენმა მშფოთვარე ცხოვრებამ ამაცდინა. მოგეხსენებათ – ,,ყოველგვარ შეშლილობას თავისი ლოგიკა გააჩნია” – მეც ასე დამემართა… (დაწვრილებით, პირადად შეხვედრისას მოგიყვებით)

რაც შეეხება ჩემ დაკავებას, ბატონო ზვიად, მართალი გითხრათ, სულ უდანაშაულოდაც არ ვზივარ… მაგრამ, ხომ იცით (თქვენ არ გესწავლებათ), როგორი მოულოდნელობებითაა აღსავსე ყოფიერება, თანაც, ადამიანი ცვალებადიაო, გვასწავლის დეკარტი. საქმე ისეა, რომ შესაძლოა ლოთი ქობალიამ დამხვრიტოს. მე ხომ სარგებელის მოტანა შემიძლია სამშობლოსთვის და გამოსწორების პირობასაც ვდებ! გთხოვთ, საპატიმროდან დამიხსნათ, რათა სისხლით გამოვისყიდო დანაშაული!

ვასრულებ რა წერილს, სერვანტესის სიტყვებით მოგმართავთ – ,,ულმობელობა არ შეიძლება იყოს მამაცობის თანამგზავრი”.

სამტრედია, კომენდატურის საპატიმრო. პატივისცემით ზ.ო.(,,ოჩილა”)“

,,ნუ პაგადის” ჩაუცურე ჯიბეში – ტკიცინა ,,ჭარხლისფერს” გჩუქნი, ოღონდ წერილი რომელიმე მაღალჩინოსან ,,ზვიადისტს” გადაეცი-თქო. კარგიო, მაგაზე რავა გეტყვი უარსო.

მეორე დღეს მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა. დედამ მოალბო ერთ-ერთი ზედამხედველის გული და ამანათი შემომიგზავნა. სიგარეტი, საჭმელი, ერთი ბოთლი ღვინო და სიბაზონი. დილით გამომძიებელი შემოვიდა – ქობალია მაგრად გაგიბრაზებიაო, ასე დაიბარაო, უჩემოდ არ გაბედოთ გაშვებაო. ,,დამელოდე, მოვალ, მოვალ… “. დახურა, გადმომხედა ღმერთმა! შუადღისას ზაზა-ზაზიამ მომაკითხა ამანათით – სიგარეტი, დასალევი, საჭმელი და… და… და წა-მა-ლიი! ნაცნობმა მილიციის თანამშრომელმა ,,პერედაჩის” მისაღებად გარეთ გამიყვანა, ნორფინზე თავს იკლავს – შპრიცს კამერაში ვერაფრით ვერ შევატანინებო! რაზეა ძმაო საუბარი, ბაიანი რად მინდა, შიგთავსია მთავარი! შეყვირებაღა მოასწრო – ჰა, ჰა, რას შობი, ზურია, არ დაგიჩირქდესო! იქვე გამომძიებლის თვალწინ გავიქანე და პირდაპირ შარვლიდან ვიდღლიზე ბარძაყში. ამდენ ნანერვიულებზე, უძინარზე, დაღლილზე რა ჩავკაიფდიი! ეუფფ! მაგარია! ერთი ჭიქაც მივარტყი და – ,,გელოდები ლოთი, შე არამზადა, თუ არ მოხვიდე შენ იყო შპროტი!”. კამერაში ჩავიმუხლე და გავაბრუვე ხალხი იმდენი ვიბაზრე.

ოთხი-ხუთი საათისთვის ,,ნუ პაგადი” შემოვიდა, ისევ მოედო შტიკ-ნოჟით კარებს, კვლავ კინაღამ მოტყდა კისერი და მადლობა უთხარი გერონტი უფროსსო. გერონტი ბანქოს პროფესიონალია და შეთავსებით სამტრედიის აზარტული თამაშების ინდუსტრიის ბოსი. იმჟამად უცებ ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმა გადაწყვიტა და მაიორის წოდებით ,,გერონტი უფროსად” გარდაიქმნა. პოლკოვნიკიც გახდებოდა, ოღონდ მეგობარმა, სამტრედიის ყოფილმა მილიციის უფროსმა ფორმა არ ათხოვა. გერონტის ჩვენი მეზობელი ჰყავს ცოლად და დედამ სთხოვა ალბათ ჩემზე. მონატრებულ დღის სინათლეზე გამიყვანეს, მილიციის ეზოში ,,გერონტი უფროსი” მხედართმთავრობს. მფრინავ მეგრელებს მწყობრი ნაბიჯით სვლაში ავარჯიშებს – ,,ნაბიჯით ი-არ! ზურგისა-კენ! იქვე ათი წლის შვილი უდგას, ცხოვრებას სწავლობს. ხუჭუჭთმიანი პატარა მეომარი ტყავის ქურთუკში, ავტომატით, ,,ლიმონკებით”, ტყვიის ლენტებით გულმკერდზე, წელზე – ათი წლის ვანიკო ,,მაქსიმის” ტყვიამფრქვევის სახელურით პაწაწინა მუშტში, მამის ცქერით ტკბება! ისიც უფროსებთან ერთად ომაბანას თამაშობს.

მივუახლოვდი, დავდექი. ამხელა კაცი რამ გადაგრიაო? ასეა თუ ისეა, დაახვიე სახლშიო! სვა-ბო-დაა! ოხ ლოთი…! შენი დასახვრეტი აწი დაიბადება!

ოჯახად ჭირნახული გმირი დავბრუნდი! ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. ,,ზვიადისტებმა” იჯახირეს, გარშემო რაიონები – ხონი, ვანი, ბაღდადი, გომი გომნატეხებთან ერთად აიღეს, ქუთაისამდე ჩააღწიეს, შემდეგ როკის უღელტეხილის გზას შეუდგნენ და გვირაბთან, როგორც იმერეთში იტყვიან – ,,მოგჭამეს ჭირიო”…

დასასრული იქნება

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s