იმპერიის ორსულობა. სპექტაკლი – ,,ორ ცეცხლს შუა” (დასასრული)

94802054_BAUHOUSEVonnegutსცენა მერვე. ,,პუტჩისტები” და გენერალი იგორ გიორგაძე

ჩემს საყვარელ ტახტზე ვწევარ, ავადმყოფი ომის იარებს ვიშუშებ. მამა მმკურნალობს, ფეხზე  ნატყვიარ, დაჩირქებულ ჭრილობას მიხვევს, ცხვირს კეფიდან  თავის ადგილზე აბრუნებს. მე და შარა ვაგრძელებთ პლანის ნაძვის ხეების და არყების განადგურებას. ერთი კვირა არაა გასული რაც ,,ზვიადისტებმა” დაგვტოვეს და კვლავ სამთავრობო ჯარების შეჩვეულ ჭირს ვუძლებთ, ,,მხედრიონის” კიბოსთან ერთად.

შუადღისთვის, შარამ გაურკვეველი წარმომავლობის ვტარიაკები მოათრია. ვტარიაკი – სხვისი მოხმარებული წამლის ნარჩენებია, ანუ მორფინისტის ნასუფრალი ძვალი. უკეთესი არაა, რა  გაეწყობა, მეორადს მოვიხმართ. ვითომ ტანსაცმელი თუ მიდის, წამალს რა უშავს როო? ვხარშეთ, ვადუღეთ, ვწურეთ და რაღაც მივიღეთ. ასეთ ნაგავს დიმედროლ-რელანიუმს თუ გაურევ და რაც იქნება-იქნება, ერთი ტაბლეტი ნორფინი მაქვს სადღაც საიდუმლოდ გადანახული. ადრეც ვეძებე, ვერ ვნახე, არც ამჯერად მწყალობს ბედი. არა და, რომ მახსოვს? დიმედროლს დავამატებ. ოც კუბიანი ბაიანი აივსო, ჩემ დამწვარ ვენებში ამდენის უდანაკარგოდ შეყვანა არ გინდა?!  შარამ ბაბოჩკით ქარგვა დაიწყო. ჯერ კისერი – ვერ შევიდა, გამხმარია! მტევნები, ტერფები… არა რა, შენი…, სკდება! გავისისხლე, ხელ-ფეხი დამისივდა. ამოვედით ბარძაყზე, რაღაც ლურჯი ზოლები კი ჩანს… ეგ არი – ბაბოჩკამ კანტროლი მისცა, შავი სისხლი შემოვარდა მილში!

– ბიჭო, ზურია, რაცხა ბრახუნია წინიდან?

– მიდი კაცო, მიდი! ვინ უნდა იყოს, მაგათ დედაც, ნელა, არ გასკდეს! ჰო, აი ეგრე, ნუ ჩქარობ!

– ოჩილა, დეინგრა სახლი!

როგორც ყველას სამტრედიაში, სახლის უკანა, სამზარეულოს მხრიდან გვაქვს შემოსასვლელი. ჩვენც ამ უკანა ოთახში ვდგევართ. მე – ტრუსებში (როგორც შარა ეძახის – შარვლის მეგობარში), შარა – ბაბოჩკიანი ოციანით ჩემს წინაა ჩაცუცქული. რა დროს სტუმარია, ასეთი საპასუხისმგებლო მომენტია, ბოლო კუბები შედის!

– მიდი, ბიჭო, შეიყვანე, მეტი არ დამნგრევია არაფერი. ნელა, ნუ ჩქარობ, კარი ჩაკეტილია. შემოუვლის სახლს, სად ტრაკში წავა! ოუ, ოუ, მწვავს რა! გაბერა შენიი!

უცებ ურდულზე გადაკეტილი სამზარეულოს კარი შემოინგრა! შემოცვივდნენ ოთხნი თუ ხუთნი! ავტომატებით ხელში. უცაბედი თავს წადგომით გაოგნებულს, დიმედროლ-რელნიუმით  გაბრუებულს ისევ კალაშნიკოვის შავი ლულა მიყურებს. მერამდენედ?! კარგი რა, ჩემს მეტი ამ ქალაქში არავინ ცხოვრობს?!

შარას კონდახები ისეთი ძალით დასცხეს, მეზობლის ეზოში გადაფრინდა, მე მხოლოდ  დამიზნება მერგო წილად და ბრძანება – ,,ჩაიცვი, შე მორფინისტო!”. სახლის ძარცვას შეუდგნენ, დარბიან ორივე სართულზე. ზემოთ არაფერია, პარკეტის და კედლების გარდა, ავეჯიც კი თითქმის არ დგას, რადგან, ან მშობლებმა გამოაგზავნეს თბილისში, ან მე გადავახურდავე წამალში. ქვემოთაც მსგავსი მდგომარეობაა. ამ მათხოვრებმა კონდინციონერები გამოაგდეს, ჩემ საყვარელ სამოსს ეცა ერთი. რბილი ტყავის, მაგარი მოწითალო ყავისფრით ფრანგული ფეხსაცმელი მქონდა და ცისფერი ,,La Costa”-ს პულოვერი. ადგილზევე მოირგო, ძველი, თავისი სუნით მე დამიტოვა. აი, იმის სახელი კი დავიმახსოვრე – ,,ინდაურა“, მაგრამ რად გინდა? ომის ბოლოს სხვამ დამასწრო და ჩააძაღლა!

მივედით სულ ერთი კვირის მონატრებულ მილიცია-კომენდანტურაში. რატომღაც სამტრედიის პროკურორთან, დალისთან შემიყვანეს – აბა შენ იცი როგორ წესიერად მოიქცევიო და პასუხებს კარგად გასცემო, გენერალ გიორგაძესო! ვაა, ბარო ოჩილ, რა დონეზე ხარ გასული, დაკითხვაზე ,,კგბ”-ს გენერალთან აყავხართ! საკუთარ თავთან ავმაღლდი, ასე ვთქვათ, დამნაშავის ამპარტავნებამ შემიპყრო! გაპრანჭული, წითელ საცხიანი, ოქროებით დახუნზლული პროკურორი – დალი; გაბრუებული, ნოეს მუშტით ჩალურჯებული ცხვირ-პირით და მისივე მეოხებით, ფეხზე სახვევით დამნაშავე – მე; შტიკ-ნოჟიანი ავტომატით შტერი და ვერცხლისმოყვარე ბადრაგი – ,,ნუ პაგადი” – მივუყვებით დიდების გზას! აი, კარები გაიღო და ამობრწყინდა ის – მზე-ჭაბუკი ლუბიანკიდან, იგორ პანტელეიმონის ძე გიორგაძე! ,,ნუ პაგადი” გარეთ დატოვეს. ფინია ძაღლივით უყვარს ,,უფროსების” კარებთან დგომა – ,,უფროსის” ლომკაშია კაცი, რა ქნას?!

საკმაოდ დიდი კაბინეტი. საწერ მაგიდასთან ზის რგვალთვალება, შემელოტებული, შუახნის მამაკაცი უსერიოზულესი გამომეტყველებით, ისეთით, თითქოს ჩვენ საუბარში სობოლოოდ და გადაჭრით უნდა გაირკვეს – ღირს კი ამ ქვეყნად ცხოვრება? ჰა?! თუ, ტყვნა და შიმშილი! მე და ლამაზმანი პროკურორი ვსხდებით, იწყება საუბარი. ანკეტური მონაცემები, ერთსვლიანი დებიუტი – е2-е4… სანდომიანი, შემპარავი ხმით მწვანე სამხრეულებიანი გენერალი აკეთებს დამანგრეველ სვლას ლაზიერით, ,,დეტსკიი მატს” მისვამს, თავისი გამწვანებული ტვინით – მაჩვენებს ჩემ წერილს ზვიად გამსახურდიასთან!

– ჩვენ ხელში ჩაგვივარდა თქვენი მიმართვა ზვიადისადმი, რას ნიშნავს ყოველივე ეს?

ბიჭო, ჩემი საკანში დაწერილი პოემა არ მიუცია ვიღაცას?! ოხ ,,ნუ პაგადი” შენი ძალად წესიერი დედას… ! ეს იდიოტი, ინსტრუქციის თანახმად, რომელიმე თავის უფროსს აჩვენებდა. თუმცა, აწი რაღა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ,,ნუ პაგადი”, მაინც შენი დედას შევეცი!

– რას ნიშნავს და დახვრეტის შემეშინდა და დავწერე რა… რა მოხდა როო?

– Это всё сказки! სიმართლე ილაპარაკეთ!

გენერალმა კუც გამოიყვანა და მიტევს. რით გინდა უპასუხო? მე მხოლოდ ერთი ჯაგლაგი ცხენი მყავს, ნაცემი მხედრით და დადიმედროლებული მეფე.

– სიმართლეს ვამბობ. ცხვირი ნახეთ რას მიგავს, აი, ფეხშიც დამჭრეს…

– Это всё комуфляж! მე სიმართლე მინდა მოვისმინო თქვენგან!

აუფ, დაქაჩა დიმედროლმა! იგორს მეორე კუ გამოჰყავს, იკავებს სტრატეგიული მნიშვნელობის დაფის შუაგულს. მეც ვღიზიანდები, მაგრამ საწვავი მაკლია, ვერ ვარ, რომ უნდა ისეთ ფორმაში:

– რა გითხრათ, ვერაფრით დაგეხმარებით.

– მაშინ მე გეტყვით სიმართლეს, ხოლო თქვენ დაფიქრდით, ღირს კი ჩვენთან თამაში? Итак – ჩვენი მონაცემებით თქვენ ხართ ზვიად გამსახურდიას საიდუმლო აგენტი!

ქიშშ! ესეც შენ, უბრალო კი არა – საიდუმლოო! როგორია, რას დაუპირისპირებ – მატი?!

აბსურდის წინააღმდეგ ხომ არგუმენტები არ არსებობს. ეჰ, ისევ ჩემი გაძვალტყავებული ცხენი უნდა ვაქციო თოხარიკად.

– რა აგენტი, თქვენ ხომ არ გაუბერეთ?! ცხვირი ნახე, ფეხი, ვაა!

– შენ როგორ ელაპარაკები გენერალ გიორგაძეს?!

წამოიკივლა დალი პროკურორმა და ორი- სამი მიწიდან ამოსული ბაკლანი თავის ჩვეულ საქმეს გულმოდგინედ შეუდგა…

– წაიყვანეთ! იფიქრე, იფიქრე, მალე შევხვდებით!

ახლა ამან დაიჩემა ,,იფიქრე, იფიქრე, მალე შევხვდებით“! ,,მოვალ,  მოვალ, მოვალ…“ – ლოთის მოშხამული შლაგერი კვლავ დატრიალდა დადიმედროლებული მეფის თავში… ვზივარ, ოღონდ ადინოჩკაში. გარე სამყაროსთან, როგორც სახიფათო სპეც-აგენტს, კავშირი არ მაქვს. არც სიგარეტია. აუფფ, რას ქაჩავს დიმედროლი! უფფ, კისერშიც მიჭერს. სხვა რა გზაა, დავიძინებ.

მაშინ პირველად ვიგემე ,,მწვანე” დაკითხვის თავისებურებები. გაღვიძებენ უსისტემოდ, სადისტურად, სხვადასხვა დროს, რათა ვერ შეძლო თვალის მოხუჭვა, ხოლო თუ მაინც მოახერხე, ძილი შფოთიანი უნდა გქონდეს. ხან  სამზე დაგიძახებენ, მერე თითქოს განებებენ თავს და სულ ნახევარ საათში წამოგაგდებენ ახალი დაკითხვისთვის, შემდეგ შესვენება და მოულოდნელად ხუთზე იწყება იგივე. მიზანი – დაძაბულობას ვეღარ უძლებ და წერ ,,მწვანე” გენერლებისთვის სასურველ ჩვენებას.

ჩემი და პანტელეიმონოვიჩის დაძაბული პარტია გრძელდება, პოზიციურ ბრძოლას დასასრული არ უჩანს. ის მიჩემებს – აგენტი ხარო, მე ვუმეორებ – აბა, ჩიტები შენა გყოლია-თქო და ვართ ასეთ თამაშში. ყოველი ასეთი მონაკვეთი ჩემი ზედაპირული ცემა-ტყეპით მთავრდება. ამ გაღვიძება-დაკითხვებმა ისე დამქანცა, ვატყობ, კაპიტულაციისკენ მიდის საქმე. რა ვიღონო? ,,ღირს კი ასეთი ცხოვრება”? – ახლა გიორგაძისეულ კითხვას მე ვუსვამ საკუთარ თავს. დილის ხუთი-ექვსია, ტკბილად მიმელულა თვალები და დამიძახეს – ბიჭო, არ იძინებს ეს  შობელძაღლი, მთელი ღამე მე მდარაჯობს?! წამოვდექი, მივლასლასებ, რაღაც უნდა ვქნა…

შევედი, დავჯექი, დაიწყო შიზოფრენიკების ჭადრაკი.

– რა მოიფიქრეთ, ბატონო ზურაბ?

ვაა, ეს ბატონო, რაღაც ახალია, ესეც გადამწყვეტი შეტაკებისთვის ემზადება? ნუთუ მე გადავღალე?!

– რაზე? არა ვარ აგენტი და რა უნდა მომეფიქრებინა? დაჭ-რი-ლი ვარ და ნა-ცე-მი!

– კარგით, რახან ასე ჯიუტად უარყოფთ თქვენს როლს ,,ზვიადისტურ” დაზვერვაში, გავხსნი კარტებს და მოგახსენებთ, რომ ჩვენც, как говорится, не лыком шиты!”. იცით, რას ეფუძნება ჩვენი მტკიცებულებები, გარდა თქვენი დაშიფრული წერილისა და მასში მითითებული შეხვედრის აუცილებლობისა?… მოიცათ ამოვიკითხო… მმ… ა, აი! ,,(დაწვრილებით, პირადად შეხვედრისას მოგიყვებით)”… საინტერესოა, ეს ფრჩხილები რას უნდა ნიშნავდეს?.. კარგი ვაგრძელებ სხვა მტკიცებულებების შესახებ. ჩვენ დავათვალიერეთ თქვენი სახლი და აღმოვაჩინეთ ფრიად საინტერესო რამ!

– რა, წამალი ხომ არ გიპოვიათ?! ერთი ნორფინი შევჩურთე სადღაც, ვერაფრით ვერ ვპოულობ?!

– არა, ნუ მაბნევთ თქვენი ნარკოტიკებით, არ გამოგივათ! ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქვედა სართულისგან განსხვავებით, ზედა სართული, სადაც ჩვენი მონაცემებით მდიდრული ავეჯი იდგა, ამჟამად ცარიელია! რატომ?!

– რატომ?..

– ჰა, ჰა, საქმეც მაგაშია! რატომ და თქვენ ზუგდიდში საემიგრაციოდ ემზადებოდით!

ვაჰ, შენ აგაშენა ღმერთმა! ამდენი ხანი ამას მიმალავდი, ამიტომ არ მაძინებდი, შე მართლა ტვინგამწვავებულო, შენი დებილიი..! შეხედავ, გონიერ ადამიანს ჰგავს. მწვანე საუწყებო ,,პაგონს” მძლავრი ფესვი გაუდგია იგორის თავში.

– რაა?! ზუგდიდში საემიგრაციოდ?! ზუგდიდში რაღა მინდოდა?!

– აი, ეგ თქვენ უნდა გვითხრათ და ზვიად გამსახურდიას ზუსტი სამყოფელიც მიგვითითოთ!

მოკლედ, მუდმივი ქიშის მდგომარეობაში ვყავარ ამ კაცს! სანამ საკადრის პასუხს გავცემდე, და მატს ჩავუსვამდე, და პარტიას დავუმთავრებდე, და მაგრად მცემდნენ, და ქვემოთ საკანში ამომამწყვდევდეს, უნდა ვათოხლო ამ ტვინ-დაობებულს! აზრი კი საკუთარმა წამალ-ალკოჰოლ-მოწყურებულმა ტვინმა მომაწოდა.

_ … ეჰ, ვატყობ მომიწევს დანებება… Как говорится, თავს ზემოთ ძალა არააო. გენერალ, თქვენ გაიმარჯვეთ!

– Наконец-то! აი, ასე არა სჯობს?! გისმენთ…

– რა და… ბევრია მოსაყოლი, ფხიზლად გამიჭირდება, წამალი უნდა მაგ ამბავს!

უიმედოდ ვუყურებ, მთელ სამეფოს ვითხოვ, რათა ნაკლები მივიღო…

– წამალი არა და არაყს კი მოგცემთ, ოღონდ სიმართლე! არა?

– სიმართლე?! გეკადრებათ, მე ტყუილი არ ვიცი! მომეცით და დავიწყოთ რა!

მოიტანეს – სამედიცინო სპირტია! მაგიდაზე უდგას დაწახნაგებული შუშის ,,გრაფინი”, წყლით სავსე. ამ საუწყებო სოც-ავანგარდის ნიმუშს, თავს პატარა თლილ ჭიქიანი ხუფი უმშვენებს. ეჰ, სად ნახავ კიდევ ასეთ სილამაზეს!

ჩამოასხა ორმოცდაათი გრამი, მაწოდებს… მეორეს აღარ მომცემს, ახლა რასაც მოვასწრებ და  დახლი დაიხურება.

– სპირტია ვითომ? აბა ერთი, რა ბოთლია ეგ?

– Слово офицера!  აი – ,,Спирт Медицинский. 96%”!

– ერთი წუთით ბოთლი ვნახო, ხომ იცით, სიფრთხილეს თავი არ სტკივა – რაც არ უნდა იყოს დაზვერვის გენერალთან მაქვს საქმე! ვუყნოსო აბა…

უცებ მივიყუდეე! ორასიანი ბოთლი ჩავცალე, თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, ისე! ეგრევე გამეხსნა.

– ესე იგი, ზუგდიდში საემიგრაციოდ ვემზადებოდი, არა-ა?! ჰა?!

– დიახ, დიახ! ზემოთ სახლი ცარიელია, как каток, хоть шаром покати.

– თქვენ თუ იცით, სამტრედიაში რაზე ვარ ჩამოსული?

– რაზე, აბა თქვი!

– კურტ ვონეგუტის წაკითხვა უნდა მოვასწრო და მერე ნანიტა ვნახო…

– ვიინ?! ნანიტა ვინღაა, გამსახურდიას სვიაზნოი აგენტი?!

– ბიჯო, ამხელა კაცი ხარ, ამოდენა პაგონები გარტყია, შენ ხომ არ გაჟრიალებს, ჩვენი ძმა?! ჰა?! რა მინდა ზუგდიდში საემიგრაციოდ, ისედაც დღეში სამჯერ მიწევს ბარიგასთან ნორფინზე ჩასვლა! ეგეც არ იყოს პარიზია, თუ ნევილი, ემიგრაციის ამბავში?

– Даа…опьянел агент Гамсахурдиа…

ეჰ, დროა დავუმთავრო პარტია. ვინ თქვა, მეფით და მხედრით მატი არ ისმებაო?!

– კარგად მისმინე, შე ვონეგუტო! აგენტიც ხარ და ყლეზეც დამეხიე, თუ გინდა რა! არ გამიტრაკა საქმე!

ერთი კვირა მირტყეს, მერე მობეზრდათ და ,,მხედრიონელი” ჯექსონას თხოვნით გამომიშვეს. სახლში საყვარელი, უწყინარი და უსაფთხო საწოლი მელოდა…

იმხანად საბოლოოდ მივხვდი, თუ რას ეფუძნებოდა მანამ სადღაც მთვლემარე, სულის სიღრმიდან უეცრად ამოტივტივებული ჩემი სიმამაცე. მძიმე ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ცხადად დამარწმუნა ერთ ძველისძველ ჭეშმარიტებაში – ადამიანი ნებისმიერ გაჭირვებას ჯერ ეჩვევა, თანდათან ეგუება და შემდეგ მოთმინებით უძლებს. ფეხებით რომ დაკიდონ, იმასაც კი! ხშირ შემთხვევაში, ის არა მხოლოდ მორჩილად იტანს უბედურებას, არამედ მასთან ბრძოლაში გამარჯვებულიც გამოდის! თავიდან, შემოთავაზებული წესებით იწყებ თამაშს, ხოლო დროთა განმავლობაში შენში მანამ დათრგუნული ღირსება, თავისუფლების სული ათმაგი ძალით იღვიძებს. სრულიად უწყინარი ადამიანი, ერთი შეხედვით მშიშარაც კი, ექსტრემალურ პირობებში, წრთობის შედეგად იძენს უნარს, დაძლიოს საკუთარი სიმხდალე. სათანადო პირობების თუ საჭიროების შემთხვევისას გმირობაც ჩაიდინოს და თავიც გაწიროს სხვისთვის! თან უხეში ხდები, ცხოველს ემსგავსები და შემოთავაზებულ წესებს ასე უფრო უძლებ.

მე წინასწარ ვიცი – რაც უნდა ცუდი რამ შემემთხვეს ან რაიმე თავზარდამცემი ამბავი შევიტყო, შევეჩვევი, ის ყოველდღიურობად იქცევა და გავუძლებ. დამატებით ამგვარი გამოცდილება მომცა ომმა – უბედურება, რომელიც საყოველთაოა და მხოლოდ შენ არ გეხება, გაცილებით ადვილი ასატანია. თუ სხვასაც უჭირს, ნაკლებად განიცდი პიროვნულს, რადგან ერთი დიდი უბედურების წნეხი ბევრზეა გადანაწილებული. ასეც შეიძლება ითქვას – როდესაც არაფერი გაქვს დასაკარგი, გარდა საკუთარი უბადრუკი, მობეზრებული არსებობისა, თავგანწირვაც ადვილია.

 

სცენა მეცხრე.  თბილისის ბინა და კურტ ვონეგუტი   

   ომიანობის ხანაზე თითქოს ყოველივე მოვყევი, ყველა გმირის ბედ-იღბალი მიმოვიხილე. ერთი რამ დარჩა გაურკვეველი – რა ხვედრი ერგო ჩემ მაგიდაზე მოთავსებულ კურტ ვონეგუტის სტაფილოსფერ ტომს? სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ამხელა მოთხრობიდან ინტელექტუალური მკითხველი, მხოლოდ ამითი დაინტერესდება.

… 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის მიკარგულ სოფელ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ,,გიორგაძეებისგან“ დევნით დაღლილი, ქანცგაწყვეტილი და მარტოსული, მოკლეს თუ თავი მოიკლა. ,,წმინდა გიორგის“ ორდენით გამშვენებულმა ცკ-ს მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ კი, ჩვეული კომუნისტური სიმტკიცით, ჯერ ,,ზვიადისტები“ დაიჭირა-დახვრიტა, ხოლო შემდეგ ,,გვარდია“-,,მხედრიონს“ დაერია და წამებაში სული ამოხადა. დადგა ერთის მხრივ, უშუქობის, შიმშილისა და სიცივის, პარაფინის სანთლის, ნავთისა და ალკოჰოლის სურნელით გაჟრენთილი კუპონების და მეორეს მხრივ, დაკაიფებული კანონიერი ქურდებისა და დაპურებული ,,ელიტის“ ,,საყოველთაო სტაბილურობის“ ეპოქა. ,,ზვიადისტებად“ და ,,პუტჩისტებად“ გახლეჩილი ერი მუდმივი მეორედ მოსვლის მოლოდინის რეჟიმში ცხოვრებას შეუდგა…

ერთი სიტყვით, ომი დასრულდა, მე თბილისში ჩამოვედი. რაღა თქმა უნდა, გამოსწორება ვერ მოვახერხე და ლოთობას შევყევი. გავიდა წლები… ცხოვრების ამ მონაკვეთზე მხოლოდ მოგვიანებით დავწერე. მაშ ასე, ,,რატომ ვერ წავიკითხე ,,მან” კურტ ვონეგუტი?

…ზურა მარტოდ- მარტო ეგდო ვაკის ცარიელ ბინაში. წლები ისე გადიოდა, ერთადერთი ქალი, რომელსაც ზურა ხვდებოდა, ზოია იყო, ჩვენი უბნის ლომბარდიდან. რისთვის, გასაგებია – მობილურს და საქორწილო ბეჭედს უტოვებდა ,,ზალოგში” და აღებული ფულით წამალს ყიდულობდა.

გავიდა დრო, მობილური და ბეჭედი სადღაც გაუჩინარდა. საკმარისი დოზის შოვნა სულ უფრო ჭირდა და ზურა ოჯახის ნივთებს მიადგა. ჯერ ,,კუზნეცოვის” ჭურჭელი და მშობლების ნაჩუქარი ინგლისური სერვიზი გაყიდა ვერცხლის დანა-ჩანგალთან ერთად, შემდეგ ,,სუხოი მოსტის” ქორვაჭრებს ავეჯი გაატანა კაპიკებად. ასე ამბობდა – ნივთები შენ უნდა იხმარო და არა პირიქითო.

ბოლოს, დაჭერებითა და ცემებით დაღლილი ზურა კვლავ არაყს მიუბრუნდა. და აი, მოხდა სასწაული – მეგობრებთან დაბადების დღეზე მისულს ნანა დახვდა. ისაუბრეს, შემდეგ გოგო სახლამდე მიაცილა. მეორე დღეს კი, ნანა სახლში დაადგა:

– ზურა, რა გეშველება? რა დღეში ხარ, ბიჭო, ხედავ? სხვები რომ მეუბნებოდნენ, არ ვიჯერებდი. გააფრენ ამდენი სმისგან, შე საწყალო! თუმცა მეტი რაღა?

– მაიცა, რა, გავაფრენ არა!  მშვენიერ ჭკუაზე ვარ! პროსტა, წამალი გათავდა და არაყზე გადავჯექი. ახლავე აგიხსნი ყველაფერს, აზრზე უნდა მოგიყვანო სანამ დავიბრიდები.

შენ მაქს ბროუდის პონტში ჩემი ნაწერები შეაგროვე და გამოაქვეყნე, ნებას გაძლევ!

უყურე, აგიხსნა! ესაო, ისაო, მოკლედ გეტყვი – ჩემი შენდამი გრძნობები, თუ რაც არი – დადებითი ემოციებია, თანაც ძალიან დადებითი! ემოციები კიდე, იმართება ენდორფინებით. კაროჩე, მაგრად მევასები ტო, მაგრად! ყურადღებით მომისმინე! ანესთეზიოლოგი  ვარ, ხომ გახსოვს?

– შენ თუ გახსოვს, შენ?!

– არ გინდა, მოეშვი, მომისმინე – ნაღდია! ადამიანის ტვინში განთავსებულია სიამოვნების სეიფი. ნარკოტიკის შეყვანისას წამალი ქურდივით შედის ოთახში, სადაც დამალულია დადებითი ემოციები და მორგებული გასაღებით აღებს სეიფს. ფაქიზი სიამოვნება იფრქვევა სანახიდან და სისხლის მეშვეობით იღვრება ორგანიზმში, სხეულის ყველა უჯრედი იწყებს ნეტარებაში ჩაძირვას… გადის დრო და ზურაც კაიფშია! ანუ ჩვეულებრივ დადებითი ემოციების მართვა მორფის მსგავსი ნივთიერებით – ენდორფინით ხორციელდება და მას ადამიანის ტვინი გამოყოფს. აზრზე ხარ?! – ადამიანი თავისთვის აწარმოებს საკუთარ მორფს! ნარკოტიკი პროსტა, ზუსტად იმეორებს ბუნების გზას და ანაცვლებს ტვინში გამომუშავებულ ენდორფინს.

ამ თემაზე საუბარიც კი, ზურას ეიფორიაში აგდებდა. შთაგონებულს თვითონვე უკვირდა საიდანღაც გაჩენილი მჭერმეტყველების. რაც წლებია არ ელაპარაკა, სულ ერთბაშად მოინდომა:

– ისმის კითხვა – სად ღმერთი, სად მორფი?! პასუხი უბრალო და სადაა – ღმერთმაც კი, ,,რომელმან შექმნა სამყარო, ერთითა წამისყოფითა“, საკუთარი ხელით შექმნილ ბუნებაში ვერაფერი ნახა თეთრი, ქათქათა ყაყაჩოს – Papaver Somniferum- ის გამხმარ წვენზე უკეთესი, რათა ჩვენი განცდები ემართა! ამ საკითხში ისიც კი უძლური შეიქნა და იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო – აიღო და დაუტოვა ადამიანებს ეს პანდორას ყუთი. აი, ნანიტა, სადაა დამალული უდიდესი საიდუმლო! ღმერთი აზრზე მოვიდა – მორფზე კარგი სხვა არაფერია, გაიგე?!

– გავიგე, გავიგე…

– ჰოდა, სიყვარულები და სმის მოთხოვნილებაც მსგავსი კლასის ენდორფინებით იმართება. აქედან დასკვნა – იმიტომ დავლიე ვისკი, რომ დიდი ხნის ჩამკვდარი გრძნობები გავაცოცხლო, გავაასკეცო! ახლა კი დავაყოლებ სიგარეტს, მერე შენ ჩაგეხუტები და ენდორფინებიც გამომეყოფა! ასეა, ჩემო ნანიტა, ასე. ისე, შენც მორფინისტი ხარ, ოღონდ პატარა დოზებზე ზიხარ და სხვა ყველანიც – ,,ნორმალურები და ფრიად დადებითები” ნარკუშები ა-რი-ან! ოღონდ თქვენს პატარა ტვინებს, ასეთივე პატარა ემოციების გამო, ძალიან მცირე დოზები ჰყოფნის, თქვენი მიკრო-ტვინები რომ აწარმოებენ, იმდენი, აბაა! პროსტა მორფინისტებს ერთი ნაკლი აქვთ, თქვენთან შედარებით. დიდი დოზების შეყვანით ისინი თრგუნავენ ტვინის ენდორფინულ ცენტრს და ამიტომ არიან საწყლები უხალისოდ. დადიან საცოდავები ლომკაში სიქაგამოცლილები. ასე ვარ მეც…

– თუ არაყიც იგივე მოქმედებისაა, რაღაზე გაგიჟებს? რეები ქენი, გახსოვს?!

– დაბადების დღეზე? ისე რა…

– ომის შემდეგ პირველად გნახე და ,,გეპაკაზუხებოდი“, ვაა! მაიცა ტო! აგიხსნა დასალევზე და მერე ნახავ, თუ არ ვარ მართალი. უყურე!  ალკოჰოლის შემთხვევაში რა ხდება: ქურდი შედის იგივე ოთახში, ანუ ემოციების სანახში და რადგან გასაღები ანუ მორფი არა აქვს, ამტვრევს სეიფს, ნუ ,,ფომკით” რა. მოუთოკავი, უხეში, მსხვრევისგან დამახინჯებული ენერგია ერთბაშად გადმოედინება ორგანიზმში! ალკაშურ თავდაჯერებულობას, ჭეშმარიტ კაიფამდე, სიამოვნების რაღაც მთავარი კომპონენტი აკლია. სამაგიეროდ, იგი იძენს აგრესიულ-სექსუალურ, ახვრულ იერს! შედეგიც სათანადოა – ბოროტი ხდები, ტო! შემდეგ, მალევე – 15-20 წუთში იჩუტები. ჩალიჩობ ბოლომდე გაცალო უკვე გატეხილი სეიფი ნარჩენი, მახინჯი ემოციებისგან. გიწევს დაამატო ,,განსხვავებულები” და ვისკები. შხამის დოზა გწამლავს და ღორივით თვრები! სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევ. ბრაზდები და იწყება შარიანი ჩხუბები. ასეა ეს ამბავი, ჩემო ნანიტა-ა… ჰო, კიდე, იცი – ვინ გაარკვია, ვინ?! ეგებ საზოგადოების ,,უარყოფითი” ნაწილი ამგვარი თანდაყოლილი ენდორფინო-დეფიციტით იბადება, ჰა? ეჰ, მაიცა დავლიო, თორე ავტირდები… ტეხავს, თანაც მაგრად.

– ვაა, ჩემი საყვარელი ვონეგუტი? წაიკითხე, ხო მაგარია?!

წლებია ნარინჯისფერი წიგნი თავთან ედო. აღარც ახსოვდა. მაგრად შერცხვა! ნანა ხომ ძველი მეგობარია, სულ აქებდა – რა ჭკვიანი, განათლებული ბიჭი ხარო.

   – მაიცა რა, რა დროს ვონეგუტია?! ვონეგუტის დედას არ შ…ი! მე მატიას რუსტი ვარ, მატიას რუსტი! მე ვცდილობდი ყველასთვის ამეხსნა, თუ რა ჯოჯოხეთში ვარსებობთ ჩვენ… მე მინდოდა ავფრენილიყავი და როგორც გერმანელი პილოტი ,,წითელ მოედანზე“ ისე, თქვენს ტოტალიტარულ გულებზე რბილი დაშვება გამეკეთებინა. შემდეგ თვითმფრინავიდან გადმომხვტარიყავი და მეთქვა – აი, ხედავთ, მე ყველა საჰაერო თავდაცვას დავუძვერი, ის მხოლოდ ტოტალიტარული ქიმერაა. ნუ შეუშინდებით ნურაფერს, ხმა ამოიღეთ!

ბევრი ვეცადე, მაგრამ როგორც მატიასი, სადაც ჩავფრინდი, ყველგან შემიპყრეს და იზოლაციაში მომაქციეს. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება მომავლისთვის, როგორც რუსტი, მეც შემიყვანონ ტოტალიტარიზმის მნგრეველთა ოქროს სიაში. მოკლედ, არაღიარებული მატიას რუსტი ვარ – მფრინავი, რომელიც ვერ ჩამოაგდეს!

– ეჰ, აქამდე კიდევ რაღაც იმედი მქონდა. შენგან არაფერი არ გამოვა! წავედი რა…

– არ გინდა ეგეთები! სად მიდიხარ, მარტო მტოვებ?! კარგი წადი, მაგრამ იცოდე, თავს მოვიკლავ, თუ არ მომისმენ! სულ დამაკომპლექსე ამ ვონეგუტით, ტო! როდის წამეკითხა? არ მეცალა, მძაფრსიუჟეტიან სპექტაკლში ვთამაშობდი!

– ზურა, ვონეგუტი რა შუაშია?! ისე ვთქვი.

– კაი, მომისმინე, აღარ ვახსენებ. ჯერ იყო და სამოქალაქო ომი არ გათავდა! ორ ცეცხლს შუა მოვექეცი – ხან ,,ზვიადისტები” მიჭერდნენ, ხან კიდე ნაბოზვარი გენერალი გიორგაძე მცემდა. მოკლედ, გრუშასავით ვიყავი! მგონი ადრეც მოგიყევი, რეებიც გადამხდა, ისე მცემეს ცხვირი მომძვრა და ყურთან გადახტა! მერე სამტრედიაში ლოთი ქობალია გადამეკიდა – წარმოიდგინე, საკუთარ დახვრეტას დავესწარი, რაღაც სასწაულით გადავრჩი, ტო! მაიცა, ერთი ჭიქაც ჩავარტყა…

ჰო, სად გავჩერდი-ი? ა, რა ის უნდა იყოო…ეეე…ვონეგუტი წაკითხული რომ არ გქონდესო, მე მეუბნები ტოო?! არა გრცხვენია?! რატომ არ მაქვს გადაბულბულებული, არა? სანამ კითხვა მაგრად მიყვარდა და შემეძლო, ანუ 30 წლამდე, ვონეგუტი ,,ესესერში“ არავინ იცოდა, მარტო ვონეგუტმა იცოდა ამერიკაში – ვონეგუტი ვარო. ჰოდა, ჩემო დაიკო, მთავარია სიყვარული და გაგება! მეც რა მექნა, გავედი ქუჩაში და ავყევი შავურ ამბებს. მიუწვდომელი ლიტერატურის გამოცემა მერე დაიწყო. მეც ვიშოვე და თაროზე ჩამოვდე რა… ისე, რატომღაც მახსოვდა მწვანე ფერის ტომი იყო ოქროსფერი წარწერით და… ახლა ვუყურებ, სტაფილოსფერი არ გამხდარა, ვაა?! მერე-ე, ისევ მორფი და ვოდკა, და ვოდკა-ა, და შავი, და ლუდი-ი, და ვისკი-ი, და ვოდკა-ა, და პლანი-ი… ეგ ისე, მისამღერივით.

– გაჩუმდი, ნუ გამაგიჟე! რეებს ბოდავ!.. ზურა, არ გინდა იმკურნალო?

– მეე ტოო?! რა დროს მკურანალობაა, დაინგრა ქვეყანა! ფრანკო-მასონები გვიტევენ, არ გვაცლიან ,,გაბრწყინებას”, მთელი მსოფლიო გვეჩალიჩება, ,,ქართული ფასეულობები” უნდა დაგაწეროთო და რა ვიცი, ათასი პრობლემაა! ახლა გეკითხები – ასეთ დაკავებულ კაცს ვიღაცა ვონეგუტისთვის მეცალა, ტოო?! უწამლოდ, რა დროს ეგაა, ცხოვრება აღარ მინდა! მოვიცლი თითქოს ვონეგუტისთვის, ან ლომკაში ვარ ან ისეთ პახმელიაზე ვიჩითები… არა დედას! ნუ აი, რა გითხრა, ნუ, არ ვიცი! ბევრი გაფრენები და გარიაჩკები რა. თან ვწევარ და ვონეგუტი მელანდება რქებით და ვირთხები აზის თავზე, ხელში გველები, ბევრი გველები! ამასობაში დიდი რელსებიანი ,,თოვლის კაცი” მოდის და თავში მირტყამს. მართლა მომივიდა, არ გჯერა? სამი თვე ვიწექი ყბამოტეხილი ქუთაისის რეანიმაციაში! მავთულები გამიყარეს ყბებში, კბილებს შორის, მერე ზედა და ქვედა ყბა ერთმანეთს მიაბეს… ვიწექი ასე, უსიტყვოდ, ჩუმად. ამასობაში დავბრძენდი, დავდინჯდი და შემიხორცდა. ორი თვეა, რაც გამომწერეს. ,,დიდი ვონეგუტი” უკნიდან მომეპარა და თავში, რას ჩამარტყავდა აბა, თუ გამოიცნობ? ჰა?! ვერ გამოიცანი-ი! ნაღდი რუსული ფოლადის, სამმეტრიანი ლიანდაგი მგლიჯა ტო! მატარებელი რო დადის ზედ და ასე იძახის – გრუხუნნ-გრუხუნნ, გრუხუნნ-გრუხუნნ, ტუუ-უ, ტუუუ-უ!”

– კიდე კარგ ჭკუაზე ხარ! მაიცა, ორივემ ჩაგარტყა?

– არა, შე სლაბო, არა! ,,თოვლის კაცი” და ,,დიდი ვონეგუტი” – ერთია. ჰოდა, ეს ,,გრუხუნ-გრუხუნი”-ი მომხვდა თავში! და გამისკდა თავი-ი… ეს არის პირველი თავი მოთხრობისა – ,,რატომ ვერ წაიკითხა ზურამ კურტ ვონეგუტი”. გაგრძელება შემდეგ ცხოვრებაში… ისე, ვაპირებ დავწერო ყველაფერი, რაც იყო. უხ, მე ამ საბჭოთა კავშირის და რუსეთის დედას შ…ი, არ წამართვეს მთელი სიცოცლხე! ძმაკაცმა მითხრა ნარკომანიაზე – ეგ თემა აღარაა აქტუალურიო. ღმერთმაც ქნას, მაგრამ ჩემი და ჩემი თაობის ცხოვრება აღარ ითვლება? მე მაინც დავწერ და, თუა აქტუალური, თუ არა და ამ ჩემს… იმას რა!

ასე რომ, ჩემო ნანა-ნანიტა, ვონეგუტი კი არა, თავიც რომ მომყვა აქამდე ისიც ბევრია! მოგწონვარ ეგეთი, მოგწონვარ, არ გევასები და… წადი რა, ნება შენია… თუ არ გინდა. მე მართალი გითხრა, მაგრად კი მიყვარხარ! იცოდე, ძალიან მაგრად! ისე, სიყვარული თუ გამიღვიძებს ემოციებს, ყველაფერს თავს დავანებებ… მე ვიყო, არაკაცი! პირობას გაძლევ, შენი გულისთვის მთებს გადავატრიალებ!

ზურას ცრემლი მოადგა. არყის ბოთლი აიღო – ცარიელია! გულჩვილობის დასამალად კედლისკენ მიაბრუნა თავი. ნანა მიუახლოვდა, მხარზე დაადო ხელი და მალევე წავიდა. შეუმჩნევლად მაგიდაზე ფულიც დატოვა. კარის მოხურვისთანავე ზურა გადმოტრიალდა, თავი წამოწია. ფული აიღო – ეჰო – ამოიძახა და მაღაზიაში არაყზე დაეშვა…

2000 წლის ოქტომბერს, დილით ავუარე, გარდაცვლილი დამხვდა. ისე მაგრად მომკვდარა, ისე ნაღდად, რომ ბიჭებმა, თითქოს, დავასაფლავეთ კიდეც… ჯერ იყო და საბჭოურმა ჭაობმა მოუკლა ემოციები და ამის გამო წამლით სჭირდებოდა ენდორფინების დეფიციტის შევსება. აბა, საკუთარი გრძნობებისთვის არ ემკურანალა? თუ კომკავშირულ კრებებზე მოხარშული კარტოფილივით გდებულიყო და თევზივით ეცხოვრა?! მერე იმპერიას მტანჯავი კრუნჩხვები დაეწყო – მშობიარობა სასტიკი შეტევითი ტკივილებით, სამოქალაქო ომის საშინელი ჭინთვა, სისხლდენა და ცივი, უშუქო, არყით გაჟღენთილი ჩვილის დაბადება. ,,დედა სსრკ“ მშობიარობას, ზურა კი სმას გადაჰყვა…

დასასრულს, ერთ გარემოებასაც განვმარტავ – რა ბედი ეწვია ნანიტას, ბოლო მიზეზს, რომლის გულისთვისაც კიდევ ღირდა ზურას სიცოცხლე? გარდაცვალების შემდეგ, მის მობილურზე უნახავთ მესიჯი, დაახლოებით ამგვარი ტექსტით: “Mivfrinav New-iorkshi. Voneguti waikitxe?🙂 Rodisme shevxvdebiT, imedia…Gk. Sheni Nanita”.

ახლა ვიღაც იკითხავს, სულელია ეს კაციო, საკუთარ თავზე თუ მოთხრობას წერს, როგორღა მოკვდაო? უბრალოდ, თავიდან არ გავამხილე – მე კი მოვკვდი, მაგრამ სხვა დაიბადა და მან დაწერა. ის მოკვდა, ეს სხვა კი განაგრძობს ცხოვრებით ტკბობას, მის მობეზრებას და ყოველდღიური ყოფისგან დაღლას.

დიახ, მე ,,მეც“ ვარ და ,,ზურაც“, და კიდევ ბევრი, უამრავი ,,მეც“. ადამიანის მთავარი ნიჭი, მისწრაფება, მიზანი განვითარება და წარმატებაა. ამიტომ ადამიანი ცვალებადია. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ის თითო ,,მეს“ თმობს და ამ მორიგი ,,მეს“ მოკვდინებით, მორიგ კერპს ამსხვრევს და მორიგ კოლექტივს ტოვებს. ასე თავისუფლდება და ვითარდება ის – თანდათან გამოდის ყოველდღიურობის მონობის წნეხისგან. ,,მესგან“, რომელიც გვთრგუნავს და არ გვაძლევს ფრთების გაშლის საშუალებას. რომელიც გვზღუდავს, რაღაც პირობითი აკრძალვებითა და წესებით, გვბორკავს კონკრეტული გარემოებებით და თავს გვახვევს, თუნდაც კაცთმოყვარე თუ პროგრესულ, მაგრამ მაინც კოლექტივიდან წამოსულ, ზემოდან დაშვებულ, მიღებულ, შაბლონურ შეხედულებებს.

   გადახედავ შენში არსებულ შეხედულებათა სისტემას, ჩვევებს, იმ ეტაპისთვის მორიგ კერპს უკუაგდებ და გადადიხარ უფრო მაღალი ხარისხის თავისუფლების სივრცეში, სადაც მორიგი კერპები გელოდება და ყველაფერი ისევ თავიდან… წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარება წყდება, ადამიანი ქვავდება და თვით იქცევა კერპად.

ასე, ამ ,,მეების“ მოკვდინებით იზრდება ადამაინი… ჰო, როგორც იქნა მოვიცალე და ვონეგუტს ამჟამად ვკითხულობ. აი, სპექტაკლიც დასრულდა, ეგაა სულ.

 

ზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, იანვარი.

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s