სიყვარულის საპირისპირო წევა

6

თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობ. აგვისტოს ომი ახალი დასრულებულია. მე ომში დაჭრილებს ვკურირებ. მთელი დღეები დიდ გაწამაწიაში ვარ: ზოგს ოპერაცია აქვს საზღვარგარეთ გასაკეთებელი, ზოგს ინვალიდობის ხარისხი უნდა დაუდგინდეს და დაჯილდოვდეს, ზოგიც გორის ჰოსპიტალში მკურნალობს. საქმე საქმედ – ვაკეთებ, თავს არ ვზოგავ, მაგრამ ქალები?

მე ხომ ცხოვრებიდან სრულიად ამოვარდნილი ვიყავი – მთელი 30 წელი ვიყვინთავე, შემდეგ ეკლესიაში წავედი, ბოლოს, გერგეთის მონასტერი დავტოვე. ახლა კი ყაზბეგის მთებიდან ჩამოსულს, თვითშეფასების აწევა მჭირდება, სოციალური რეაბილიტაცია მაქვს გასავლელი და, რაღა თქმა უნდა, სიყვარულის წყურვილიც არ ითმენს… მოკლედ, სამსახურის შემდეგ დროს უქმად არ ვკარგავ – ლამის გათენებამდე ინტერნეტში დავძვრები, ნაშებს ვაბამ. ახალი შემადგენლობა შევარჩიე, მათ შორის ერთია დაწინაურებული – განსაკუთრებით მიყვარს, თითქოს მასაც… სადაცაა შეხვედრაზე უნდა შევთანხმდეთ. სალომე ჰქვია, მაგარი გოგოა!

წლები ქალაქურ ცხოვრებას მოწყვეტილი, თანამშრობლებმა რესტორანში წამიყვანეს, სადაც სხვა კერძებთან ერთად გემრიელად შენწვარი ,,კარტოფილი ფრი“ გავსინჯე და ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, სახლშიც იგივე კარტოფილი რესტორნის წესით მომემზადებინა. სუფრასთან მსხდომ გოგონებთან დაწვრილებითი კონსულტაცია გავიარე და რეცეპტიც ჩავიწერე: დიდ ტაფაზე ბლომად ასხამ ზეთს და მაღალ ცეცხლზე ახურებ; გათლილ კარტოფილს შესაბამისი ზომის ნაჭრებად ჭრი, კარგად ამარილებ და ბოლოს გაცხელებულ ზეთში აწყობ; საშუალო ცეცხლზე, ხუფის ქვეშ, კარტოფილი გემრიელად იბრაწება. გოგონები ყურადღებას ამახვილებენ სწორედ ზეთის მაღალ ტემპერატურაზე – მათი თქმით, მხოლოდ გავარვარებულ ზეთში ჩაყრილი კარტოფილი გაიკეთებდა ისეთივე გემრიელ ქერქს, რომგორიც მხოლოდ რესტორანში გასინჯულ კერძს ახასიათებს.

უშველებელი, ლამის ტაშტის ზომის ტაფა სპეციალურ მაღაზიაში შევარჩიე, კარტოფილი და ზეთიც ვიყიდე და, აი, დადგა ჩემი კულინარიული ნიჭის გამოვლენის დღეც. სამსახურიდან სახლში მოსულმა, პორტფელი საწოლზე მოვისროლე და სამზარეულოში გავედი. ბლომად ზეთი ტაფაზე დავასხი და ცეცხლიც შევუნთე. იქვე კარტოფილიც გავამზადე, დავამარილე და სანამ ზეთი კარგად გახურდებოდა, ჩემს ერთადერთ ოთახში გავედი. სიგარეტს მოვუკიდე, კომპიუტერი ჩავრთე…

,,სკაიპით“ სალომე მიხმობს!.. ოჰო, ესეც ასე – ჩემი უსაყვარლესი სალo-სალომუშკა ადგილზეაა-ა-ა! იქვე ჩავუჯექი – მე წითელი გულებისა და გამობურცული ტუჩების ,,სმაილების“ სამყაროში გადავსახლდი… ვადიდებ სალომკას არნახულ სილამაზეს, ვაქებ მის განათლებულობასა და გამჭრიახობას, აღფრთოვანებით აღვნიშნავ ქალის გემოვნებას. სალო სადაცაა დადნება…

ფანტასტიკური ამბებით თავბრუდახვეული სათავგადასავლო ჟანრზე გადავედი – გოლიათების მთელ ჯოგს უშიშრად ვეკვეთე და სადაცაა დავამარცხებ კიდეც. აღფრთოვანებით მისმენს, მომხიბვლელად იღიმება. ჩემგან – კვლავ წითელი გულებისა და ამობურცული ტუჩებით კოცნების დიდი თაიგული…

სალომე: ზურა, ,,სკაიპი“ გაასწორე, რაღაც გამოსახულება გაფუჭდა…

მე: სალომუშკა, საყვარელო, აქ ვარ, მპუაა შენ! იცი, რა მინდა გითხრა, მოდი ხვალ საღამოსკენ…

სალომე: არა, მართლა, მართლა, რაღაც ბუნდოვანი გახდი, სახეს ვერ ვხედავ… გადატვირთე, ალბათ, ინტერნეტია ცუდი, მიდი…

მე: მაიცა, საყვარელო, ახლავე…

…………………. გადავტვირთე….

სალომე: ვაა, თითქმის ვერ გხედავ… ზურა, ნისლში ხარ გახვეული!

ფუუ, ჩემი ბედის დედაც, ეს მინდოდა ამ გამარჯვების ჟამს, სადაცაა შეხვედრის ადგილზე უნდა დამეწყო საუბარი! აღელვებისგან ახალ სიგარეტს ვიღებ, მინდა მოვუკიდო… სანთებელა არ ჩანს… მაგიდას გადავავლე თვალი, საწოლისკენ გავიხედე… ეეე!.. აშკარად კვამლი დგას!…

…თავში გამიელვა – კარტოფილი, ტაფა, ზეთი! სასიყავრულო ფერამონებით გაჯერებული ,,სკაიპიდან“ რეალურ სამყაროში ელვის სისწრაფით დავბრუნდი… ტკაცანის ხმა შემომესმა… ავდექი და თავი დერეფანში გავყავი… სამზარეაულოს კარის სიოში – ცეცხლის ენები… ზამთრის პალტოში გავეხვიე… წინ მივიწევ… ფრთხილად შევიხედე… გაზქურაზე ტაფა თითქმის არ ჩანს, ალშია გახვეული, კოცონი გიზგიზებს… აი, ასე: გიიიზ- გიიიზზზზ, გიზ- გიზზზზ… რა ვიღონო, დავიბენი – სხვისი ახლად გარემონტებული ბინა იწვის!.. ონკანი ბოლომდე გავხსენი, წყალი თხრიალით წამოვიდა. ჯოხივით რაღაც ავიღე… თუ ცოცხი იყო, ზუსტად არც მახსოვს… ტაფას ონკანის ნიჟარისკენ მივკარი…

იფეთქა, რა იფეთქა – სამზარეულო სულ მთლად ცეცხლის, ორთქილისა და კვამლის ბურუსში გაეხვია!.. ცეცხლი ჩემკენ მოდის, მიახლოვდება!..

…ის ხომ გინახავთ, რონ ჰოვარდის, მეხანძრეებზე – ,,საპირისპირო წევა (BACKDRAFT)“, ან რომელიმე ამერიკული ბოევიკი, რომელშიც მთავარ გმირსა და მის შეყვარებულს, აფეთქების ტალღით წარმოქმნილი ცეცლხის მრისხანე სვეტი მოსდევთ! შეყვარებული წყვილი გარბის, გარბის… ბოლო წამს კი ასწრებს და ხტება ცათამბრჯენის სახურავიდან ქვემოთ…

მეც ასე გამოვფრინდი სამზარეულოდან, ჩემი საძინებლის მიმართულებით. მეც შევასწარი ცეცხლს, და ოთახში შევვარდი! სალომკა ,,სკაიპში“ იყო, ალბათ, უკვე სხვას ებაზრებოდა…

… ცეცხლი ჩაქრა, ხანძარს გადავრჩი… ევრორემონტი ზეთიანი ჭვარტლის კარგა სქელი ფენით დაიფარა… ბინის პატრონი გამახსენდა – დეიდის მკაცრი გაფრთხილება, საკმაოდ ვრცელი მონათხრობითურთ, თანამედროვე რემონტის სირთულეებზე, ულმობელ ხელოსნებსა და, რაღა თქმა უნდა, ხარჯზე…

მაღაზიაში ნაირნაირი სარეცხი საშუალებები, ჯაგრისები, ხელთათმანები და საფხეკები შევიძინე. ერთი კვირა ბინის კედლებსა და კარადებს ვხეხავდი, შემდეგ საპნიანი წყლით ვწმენდდი… ისევ და ისევ – ჭვართლი ოხერი რამაა, ყველგან მიძვრება…

ეხ, სალომეა, ჩემო სალომეა, მენახე მაინც…

ზურა ოდილავაძე. 2016 წლის დეკემბერი

 

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s