გილოცავთ ახალ 2017 წელს – ყიყლიყო, მამალო!

333

მალე ახალი 2017 წელი დადგება… ჩინური კალენდრით ეს ცეცხლოვანი მამლის წელია. შესაბამისად, წლის ფერი წითელია, ხოლო სტიქია – ცეცხლი. ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გველოდება და ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ – ვნახოთ, რისი მომტანი იქნება ის. მანამ კი გასული წელი შევაფასოთ და მომავლის პერსპექტივები ისე დავსახოთ…

მმართველები

პირველ ყოვლისა, მეგობრებო, გილოცავთ, საბჭოთა რევანში საბოლოოდ განხორციელდა და მშობლიურმა ინტელიგენციამ მიზანს მიაღწია. ბრეჟნევ- შევარდნაძის უძრაობის ,,ოქროს ხანა“ დაბრუნდა – ელიტის ყველა კლასმა აღიდგინა გავლენა: საყრდენი ,,დედა-ბოძი“ ინტელიგენტები, ,,მეობისა და გაგების“ შეგრძნებით აღვსილნი, პატრიარქის სადღეგრძელოსა და სუფრული სუბკულტურის სტიქიაში ლივლივებენ; სახელოვნებო წრეების შედარებით წვრილფეხა ინდვიდები კულტურის სამინისტროს გრანტების მინდვრებზე ბალახობენ; მაღალი იერარქები ერთმანეთის დაძირვას, უძრავ ქონებასა და სახელმწიფო ხაზინას მიეძალნენ; შინნაზარდი ბიზნესმენ-საქმოსნები ფულს შოულობენ და ნასუფრალით ისევ სახელოვნებო ავტორიტეტებს კვებავენ; ულუკმაპუროდ არც რევანშის შემოქმედი ჟურნალისტები დარჩენილან; ქუჩის ელიტა – ძველი ბიჭები კი კვლავინდებურად იჩხირავენ და იჩხირავენ… და გიხაროდენ, აქა- იქ ,,მომავლებიც“ გამოჩდნენ – ,,კანონიერ ქურდებს“ მართლაც ღირსეული ცვლა ეზრდება!

ახლა კი, უახლოესი წარსული გავიხსენოთ… მიხეილ სააკაშვილი აშკარა მენტალურ უმცირესობაში იმყოფებოდა და ისე უწევდა რეფორმების გატარება – მის შეხედულებებს მოსახლეობის, ყველაზე მეტი, 20% თუ იზიარებდა; ბიძინა ივანინიშვილის ,,ხალხური“ ფასეულობები კი, პირიქით, დიდი უმრავლესობისთვის  სავსებით მისაღებია და გასაგები, მეტიც, ისინი მდაბიოთა გულის წადილს ზუსტად პასუხობენ. სწორედ ამიტომ ოლიგარქს არ სჭირდება რეპრესიები და ძალადობა – მასები მასთან იდენტობას ქვეცნობიერად გრძნობენ.

სააკაშვილის მმართველობას, მართალია, ავტორიტარიზმი და ბევრი გადაცდენა ახასიათებდა, მაგრამ რეფომების მთავარი მიმართულება მაინც ძველის მსხვრევა იყო: სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, ახალი დასავლური ფასეულეობებისა და მენტალობის დანერგვა; ელიტარიზმისა და ნეპოტიზმის დამხობა; მექრთამეობის აღმოფხვრა; შედეგად, წარმატებისკენ გზაზე კონკურენტუნარიანი, ყველასთვის ხელმისწვდომი გარემოს შექმნა. ივანიშვილმა კი საბჭოურ უძრაობაში დაგვაბრუნა, სადაც კვლავ ძველი ავტორიტეტები (ან მათი შვილები) გაბატონდნენ. სწორედ ამიტომ არიან ელიტის, თუნდაც შედარებით პროგრსული წარმომადგენლებიც კი, სისხლხოცეულად დაინტერესებულნი ,,სტატუს-კვოს“ შენარჩეუნებით. მოწინავენიც  კი ამ ვითარებაში მიყუჩებულან და ხანდახან თუ ამოიღებენ ხმას – ისინი ხომ კომფორტულად თავს სწორედ ამ უძრაობასა და უკონკურენტო გარემოში გრძნობენ.

ახლა კი მთავარ, რადიკალურ განსხვავებაზე! მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან კონფრონტაციასთან, ომთანაც კი არის გაიგივებული, ხოლო ბიძინა ივანიშვილი, პრიქით, იმპერიასთან ურთიერთობებს ,,ათბობს“ და ნელ-ნელა საბჭოეთისკენ მივყავართ… მცოცავი, შემპარავი გრაფიკით, მაგრამ მაინც რუსეთისკენ…

ივანიშვილის კურსი უცვლელია და მტკიცე: ჩვენ სულ რომ აშშ-ს შემადგენლობაში 51-ე შტატად შესვლაზე განაცხადი შევიტანოთ, ,,ოცნების“ კონგლომერატი და მისი უხილავი ლიდერი მაინც საბჭოეთს განასახიერებენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთთან მიერთების მყისიერი აუცილებლობა ჯერ არც არსებობს და საბჭოელები მშვიდად არიან – ისინი ხერხემლით გრძნობენ, რომ ,,ოცნების“ პოლიტიკური ელიტა საბჭოეთს პირდაპირ ასხივებს და ამა თუ იმ გზით ისინი რუსეთთან მაინც მივლენ.

ელიტა და სხვა დასაქმებულნი

ელიტის უპირველესი მოთხოვნებია: გავლენა, კომფორტი და ფაქიზი საჭმელი – ის საერთოდ გამორიცხავს დილით, მოდურ კაფეში სიგარეტისა და ყავის თანხლებით, წყნარი ინტელექტუალური საუბრებისა და სვეტური ჭორების მიმოხილვის გარეშე არსებობას. ეს კლანი რუსეთთან დაპირისპირებას თოფის გასროლასავით უფრთხის და ყველაფერზე წავა, ოღონდ ის თავიდან აიცილოს. ამიტომ, როგორც არ უნდა რცხვენოდეს მაღალ საზოგადოებას ივანიშვილთან ერთობის, ის მაინც კატეგორიულად არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილს, მის ხსენებაზეც კი ,,ფეოდალებს“ გულყრა ეწყება.

ამასობაში გარეთ თითქოს დემოკრატია სუფევს, ადამიანის უფლებებიც დაცულია და პრესაც თავისუფალია, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია – საბჭოეთიდან გადმოყოლილმა მონობამ ხომ კარგა ხანია უკვე გენეტიკური ხასიათი შეიძინა. ამიტომ ფართო რეპრესიები აღარცაა საჭირო, გარშემო მაინც მორჩილ კრავთა დუმილია. დღეს შიში პრევენციული შეიქნა და სახე იცვალა, ის კონფორმიზმის ნიღაბს ამოეფარა და ,,ძეხვის“ მოპოვების დაუოკებელ სურვილში ჰპოვა გამოვლინება. შედეგად, კონფორმიზმი და კოლექტიური თანხმობა ისე დაძმობილდნენ, რომ უკვე ტყუპებიც კი გახდნენ.

ადამიანები არც საუბრობენ ამ შიშზე, ,,საქმეც არ ფუჭდება“, ყოველივე მექანიკურად, ინერციით გრძელდება – მდუმარე რობოტები არა მხოლოდ მუშაობენ (მართალია, უხარისხოდ), არამედ პატრონის ნებას ბრძანების გარეშეც, წინასწარჭვრეტით უხმოდ აღასრულებენ. ზემდგომის მითითება აღარცაა საჭირო – რობოტი თავისით ხვდება, რა გააკეთოს, რომ ხელისუფალს აამოს. ჩუმად არის ,,ბალასტიც“ – სამსხვერპლო კრავები თავისით წერენ განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რადგან თავადვე იციან, რომ ახალი პოლიტიკური კონიუნკტურის პირობებში, არასასურველნი გახდნენ და დროზე უნდა გაათავისუფლონ ადგილი. ისინი არსებობის მინიმალური წყაროს გარეშე რჩებიან და მაინც უხმოდ მიდიან, მიდიან…

ზოგადად ყველახალხი

ახლა უცებ ეს გაუთავებელი სმა-ჭამა წარმოვიდგინე, ლამის ერთთვიანი ღრიანცელი, ჟივილ-ხივილი, ხმაური – შობაო, ახალი წელიო, ძველიო, ახალიო… მთვრალები, დაბოლილები, გაჩხერილები და დაყვინთულები… ქანცგაწყვეტილნი და მაინც – საცივები, გოჭები და ხაჭაპურები, აზელილი ტორტები, კბილებში გაჩხერილი გოზინაყი, ღიპები და ღაბაბები… შეზარხოშებული მდედრების მშიერი მზერა და გაიმპოტენტებული მამრების უაზრო გამოხედვა. კაცების ზასაობა და მონადირე დეიდების აღტკინებული ხარხარი… ეჰ, ვხედავ, საახალწლო განწყობა დავკარგე… ჰო!.. თხრობის ძაფი არ გამექცეს, ამიტომ აქვე ვიტყვი: გილოცავთ, თბილისმა რუსთავს ეს მეტად საპატიო წოდება ჩამოართვა და ის მსოფლიო პესიმიზმისა და სასოწარკვეთის დედაქალაქად გადაიქცა! დიდი მოწყენილობაა თბილის- ქალაქში ჩამოწოლილი, ძალიან დიდი და ხშირი!..

ხალხში – უკიდურესი გასაჭირი და კვლავ გაწბილებული იმედები, გაღიზიანება და აპათია…

მორალური ნორმების დაცვა, პატიოსნება, წესიერი ქცევა, მაღალ საზოგადოებაშიც კი, რა ხანია დავიწყებას მიეცა. ქალი, კაცი ყველა გადაირია… ალბათ, ეს სასოწარკვეთის ბრალია და ადამიანები ცდილობენ, ცხოვრებისგან სიამოვნების უკანასკნელი წვეთები გამოწოვონ, ამიტომ ყურადღებას არაფერს აქცევენ და ხალისის ამ ნამცეცებით რაღაც ცხოველური ვნებების დაკმაყოფილებას მაინც ახერხებენ.

ბოროტებამ, სისასტიკემ და სიძულვილმა იმდენად საყოველთაო ხასიათი შეიძინა, რომ ადამიანებმა ადამიანი დაივიწყეს და ცხოველები შეუყვარდათ… თან უზომოდ – მათზე გულის აჩუყებით ისინი საკუთარ ჰუმანურობას წარმოაჩენენ. ადამიანი შეიძლება გათელო და მიაგდო, ხოლო ძაღლი ან ჭრელი თუთიყუში გიყვარდეს… ისიც მხოლოდ თეორიულად, ,,ფეისბუქის“ ვიდეო-კლიპებით – ასეთია უსინდისობის კომპენსაციის მექანიზმი…

ისე რომ ვთქვათ, რა უცნაური ხალხი ვართ: უკვე მერამდენედ, გადამწყვეტ მომენტში, მაგალითად, არჩევნების წინ, ,,მამა-მზე“ გამოანათებს, გაგვბერავს ტყუილებით და ღრუბლებში მიიმალება – ღმერთი ხალხისთვის კვდება და ისევ მშიერი მოწყენილობის ხანა დგება.

ლარისგან მხოლოდ ექოღა დარჩა: ლარი, ლარიი… –  არიი… – არი… – არი… – თან არი – თან არ არიი… – რიი… – იიი… – იი – ი – …

ახლა სადაა ეს თქვენი ღმერთი – ისევ დაგტოვათ, მოკვდა? ცხვრები ხართ?

ასეა თუ ისე, სახალხო ამბოხის ,,დამოკლეს მახვილი” სოლოლაკს უკვე დაეკიდა, როდის გაწყდება ძუა, ჯერ არავინ იცის…

ახლა კი უშუალოდ ახალ წელზე

მთელი მსოფლიოსთვის ცხადია – საქართევლოს ისტორიაში ეს წელი მაინც ამ უკვდავი სტროფით შევა:

დედის ლოცვამ ძალა მოგცა, კერას დაბრუნებოდი,

„რაც ვიშოვე, თქვენთვის მინდა“– ყველას გვეუბნებოდი.

დაგვიბრუნე შემართება, წართმეული ღირსება,

სახლები და ეზოები ოცნებებით ივსება.

 

დედაც ხარობს სიხარულით ამერის და იმერის,

თითქოს ისევ აკვანში ხარ- ზის და ნანას გიმღერის.

დილით ადრე უნდა ადგეთ, ეგებ გამოიძინოთ,

ბიძინაზე ჩვენ ვილოცებთ, ქალბატონო ციცინო.

გროხოტი კვიცარიძე-დერჟავინი

 

ახლა კი დასკვნითი სადღესაწაულო აბა, წავიდაა-ა-ა!

იგი (ბელადი): ,,საქათმეში შეპარულა მელა, ქათმებს ეჩურჩულებოდა ნელა: შენ მამალო გააჩუმე ენა, შენ დედალო წამომყევი ნელაა-ა…

აგიშენებთ დიდ საქათმეს ტყეში, ჩავარდებით ჯერ არ ნახულ ბედშიი-ი-ი…“

სიურრეალისტი გენადი : ადამიანებო, მიუხედავად ათასი წყენისა და თქვენ მიერ ჩადენილი უამრავი გოთვერნობისა, მაინც, ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, მოგმართავთ მე – არაფრით გამორჩეული, რიგითი მოქალაქე, რომელიც ვერ გახდა მართალი, სამაგიეროდ, ცდილობს, იყოს ღმერთის მეგობარი:

სნეულებო და პატიმრებო; ღირსეულო პოლიციელებო და გმირო ჯარიკაცებო; ექიმებო და, განსაკუთრებით, მომხიბვლელო მედდებო; ოჯახის წევრებო, შვილებო, შვილიშვილებო და შვილ (ქმარ-, ძმა-) მკვდარო დედებო; ძმაკაცებო, დაქალებო და ,,ფეისბუკელო ფრენდებო“;

დამატებით: ტოტალიტარულო დეიდებო, საბჭოელო ბიძიებო და მოხუცებულო ახალგაზრდებო; ეროვნული ფასეულობებისთვის მებრძოლო რაინდებო და კდემამოსილო მანდილოსნებო;

მწეველებო, მორფინისტებო და ალკაშებო,– სრულიად საქართველოვ – საბჭოურო და ვითომ დემოკრატიულო, გაიღიმეთ, მეგობრებო, და მუდამ გახსოვდეთ გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუილ კანტის, საფლავის ქვაზე წარწერა: ,,მე, მუდამ მაოცებდა ორი რამ – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში“. თუნდაც ეცადეთ, იყოთ ამ მაგალითის ღირსნი – გამოიმუშავეთ უნარი, აღფრთოვანებული დუმილით უცქიროთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცასა და ყველა ღონე იხმარეთ, რომ თქვენში არსებული მორალური კანონი თავისი სიკეთით, სამართლიანობითა და კეთილშობილებით ხანდახან, ოდნავ მაინც აკვირვებდეს სხვებს.

ბავშთა გუნდი (იგივე მომავალი თაობა): ,,…არაო, არაო, მელა მატყუარაო, არ წამოვალ არაოო-ო-ო,

არაო, არაო, მელა მატყუარაო, არ წამოვალ არაოო-ო-ო…

ვამ- პამ, პირი- პირი, ვამ- პამ – ვამ- პამ, პირი- პირი, ვამ- პამ…

სიურრეალისტი გენადი. 2016 წლის მზიანი დეკემბერი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

8 Responses to გილოცავთ ახალ 2017 წელს – ყიყლიყო, მამალო!

  1. “საბჭოეთიდან გადმოყოლილმა მონობამ ხომ კარგა ხანია უკვე გენეტიკური ხასიათი შეიძინა. ამიტომ ფართო რეპრესიები აღარცაა საჭირო, გარშემო მაინც მორჩილ კრავთა დუმილია.”….

  2. manana tränkle says:

    ღმერთი სავარაუდოდ მაშინ მოკვდა, როდესაც ადამიანი შექმნა

    • odilavadze says:

      იქნებ, ცოტა, სულ ოდნავ, პატარა ნაწილი მაინც დარჩა 🙂

  3. nino Giuliano says:

    Bravo!

  4. nestan abdushelishvili says:

    აზელილი ტორტები, კბილებში გაჩხერილი გოზინაყი, ღიპები და ღაბაბები… შეზარხოშებული მდედრების მშიერი მზერა და გაიმპოტენტებული მამრების უაზრო გამოხედვა. კაცების ზასაობა და მონადირე დეიდების აღტკინებული ხარხარი… – ბოსხის კადრია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s