ზნეობის ფასი

860501_610249905656242_749915417_o  თუ რაიმე კარგია ჩემში, თუ მცირეოდენი კაცობა, წესიერება, განათლებისკენ სწრაფვა და გამბედაობა მაინც გამაჩნია – ეს ყოველივე ორი გამორჩეული ზნეობის ადამიანის დამსახურებაა… ეს მართლაც დიდი პიროვნებები არიან – გრიგოლ (ქიცა) ხერხეულიძე და აკაკი გაწერელია.

რა მახსოვს მათ შესახებ?..

სამოციანი-სამოცდაათიანი წლების თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 2/2 – ე.წ. ,,აკადემიის სახლი“…

გრიგოლი (ქიცა)

შუა ტანის კაცი – მიუდგომელი სალი კლდე ქვაში ნაკვეთი სახითა და ყალყზე დამდგარი ჭაღარა თმით… მუდამ მკაცრი გამომეტყველებით, ჩაფიქრებული, ოდნავ დაბნეული მზერით (თითქოს რაღაცას დაეძებდაო), ჩქარი, საქმიანი, პატარა ნაბიჯით მიუყვება ვარაზისხევის აღმართს…

კიდევ რა?.. ჰო, აღდგომა! ,,ქრისტე აღსდგა“-თი და წითელი კვერცხით ხელში მეზობლების კარდაკარ შემოვლა.

შესანიშნავი ლიტერატორი, პოეტი, ეროვნული ფოლკლორის, კერძოდ კი, ქართული ცეკვის უბადლო მცოდნე და დიდი ქომაგი.

ვიწრო, სამოთახიანი ბინა პირველ სართულზე. ზაფხული. ლოჯია, ყურთამდე ღია ფანჯრები, მუდამ გაშლილი სუფრა: მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, მირიან აბულაძე და მრავალი სხვა…

მუხრანი მჭექარე ხმითა და ზეაღმართული ხელით ლექსს წარმოთქვამს… გარეთ კომუნიზმის უძრაობის დახუთული ხანაა ჩამოწოლილი – რაღა დარჩენოდათ? მომავლის იმედით განსმჭვალული ლექსები და გულჩათხრობილი სადღეგრძელოები სამშობლოზე, გმირულ წარსულზე, რაინდულ სიყვარულზე – თითქოს პოეზია იქვე, სუფრასთან იქმნებოდაო…

ცენტრალური ოთახი – ოთხივე კედელზე, ისედაც მცირე ხელფასით შეკვეთილი, საგანგებოდ დამზადებული დიდი ფოტოები – ილია და სხვა გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები.

ვიხსენებ, კიდევ რა?.. ოჯახური რელიქვია – მასიური ხის კარადაზე შემოდგმული, საუკუნეებისგან გაცრეცილი წმ.გიორგის ხატი; წითელი ფანქრით დაწერილი ბევრი ძახილის ნიშნით, დღის შენიშვნები შვილს; ოჯახური გადმოცემა იმის შესახებ, რომ სიკვდილის წინ წამოდგომა უთხოვია, წამომდგარა კიდეც, გულზე ხელი მოუკიდია და მარადისობაში გადასულა…

აკაკი

საშუალოზე მაღალი ტანის, ოდნავ წელში მოხრილი, მუდამ ელეგანტურად გამოწყობილი, სიმპათიური მამაკაცი, რომელიც დაუნდობელი ცინიზმით, ბილწი სიტყვებითაც კი გამუდმებით აგინებდა მთავრობას, კომუნისტებს. არაიშვითად მის სახეს ეშმაკური ღიმილი გადაჰკრავდა ხოლმე და ის იწყებდა საუბარს ქალებზე…

სტუმრები: კოსტანტინე გამსახურდია, ბაჩანა ბრეგვაძე, ზვიად გამსახურდია… ჩვენ, ბავშვები, მისი სამუშაო ოთახის კარის უკან ატუზულნი, გარინდულნი ვუსმენდით ამ გასაოცარ ღამის საუბრებს – ჯადოსნური სახელები: ნეტარი ავგუსტინე, თომა აქვინელი, პოლ ვალერი…

აკაკი გაწერელიას მეცნიერულ ღვაწლზე ვრცელი საუბარი აქ ზედმეტად მიმაჩნია, მოკლედ კი – ევროპული კლასის ლიტერატორი, გამოჩენილი კრიტიკოსი, მწერალი და წარმოუდგენელი ერუდიტი.

მთელი ღამე, გათენებამდე, წიგნებში ჩაფლული, მაკრატლით ხელში ჭრის საგაზეთო სტატიებს, ფანქრით ხაზს უსვამს წიგნის სტრიქონებს, ქაღალდის ზოლებით აკეთებს ჩანიშვნებს. ჭერამდე თაროები, ტომები, წიგნები, ჟურნალები… ეგვიპტის დიდი დედოფლის, ნეფერტიტის, თაბაშირის მცირე ზომის ქანდაკება. იმამ შამილის ბეჭედი და მისივე წერილი შვილს.

ასეთ ზნეობრივ მაგალითს გვაძლევდა ეს ორი პიროვნება…

მეზობლობისა და მეგობრობის გარდა, რა აერთიანებდა მათ?..

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ორივე სწვალული ,,აკადემიის სახლში“ ცხოვრობდა, ჩაის სახლის გვერდით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირდაპირ, ორ ნაბიჯში ,,ცოდნის ტაძრიდან“… მაგრამ კომუნისტურმა რეჟიმმა ორივე იდეოლოგიურად არასანდოდ მიიჩნია და ამიტომ ორივეს აეკრძალა უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა – ისინი ხომ ,,ყველა სხვა სიკეთესთან ერთად“ უპარტიოებიც იყვნენ.

გრიგოლი ლიტერატურის ინსტიტუტში თუ წაიკითხვადა ლექციებს, ისიც იშვიათად, ხოლო აკაკი – დასავლური ლიტერატურის კათედრის გამგე გახლდათ ე.წ. ,,პუშკინში“ – იმხანად ყველაზე არაპრესტიჟულ ინსტიტუტში.

ორივე პირველ სართულზე ცხოვრობდა – უპარტიოებს მეტი არ ეკუთვნოდათ… არც უთხოვიათ ხელისუფლებისთვის.

ორივემ ისე დალია სული, არ ღირსებია პერსონალური ავტომობილი, მახსოვს, ფეხით მიუყვებოდნენ ეზოს, ჩაფიქრებულნი… მაგრამ ამაყად კი მიაბიჯებდნენ…

სულ ბოლო დრომდე არცერთს არ ჰქონია ტელევიზორი, რომელიც ყველას უკვე ყელშიც კი გვქონდა ამოსული.

არადა ორივეს ჰყავდა ოჯახი – მეუღლე, შვილები…

თუმცა გავერთე, ეს წერილი ხომ მათზე არაა, არამედ სულ სხვა რამეზეა…

დღევანდელი ,,ელიტა“, გნებავთ – ინტელიგენცია (ან მათი შვილები) ისე თამამად, ყოველგვარი მორიდების გარეშე აქებს და ადიდებს თავის პარტიულ მამებს, დიდ ბაბუებსა თუ, ზოგადად, თავის წინაპრებს, თითქოს ყველას დაგვავიწყდა, რომ ისინი ხელისუფლების, იმავე კომუნისტების საოკუპაციო რეჟიმის ხელიდან იკვებებოდნენ, ლექციებს წამყვან სასწავლებლებში კითხულობდნენ, ჰყავდათ ,,შავი ვოლგები“ თავიანთი პერსონალური მძღოლებით, რომლებიც ,,ხაზეინსაც“ ემსახურებოდნენ და მათი მეუღლეებიც ბაზარსა თუ სხვა საყიდლებზე დაჰყავდათ.

მათვე ჰქონდათ ფული, გავლენა, ლენინის ორდენები და რუსთაველის პრემიები, ბინები, აგარაკები და მრავალი სხვა პრივილეგია…

ახლა იმათზე აღარაფერს ვამბობ – მგზნებარე კომუნისტებისა და ჩუმჩუმელა უსახელო წერილების ავტორების შვილებზე… არც მხვრეტავი ბოლშევიკების შვილიშვილებზე ვისაუბრებ… არც ,,ცეკას“ მდივნების ძმაკაცების შთამომავლობაზე წერით შეგაწყენთ თავს…

ჰოდა, ამასთან დაკავშირებით, რა მინდოდა მეთქვა… ურცხვად და მოურიდებლად, პირში რომ გვიყურებენ და აქებენ ამ კომუნისტური უზნეობის სვეტებს… იმ მათი მამების მიერ არ იყვნენ გრიგოლი და აკაკი საზოგადოებისგან, ნორმალური ცხოვრებისგან გარიყულნი? არა?…

გასაგებია, ყველა მამა კარგია და საყვარელი. ისე, რამე რომ იყოს, მამა მეც მყავდა – წამყვანი ქირურგი, მეტად განათლებული და კეთილი პიროვნება, მაგრამ ის არ იყო ზნეობის შუქურა თუ მომავალი თაოებებისთვის მაგალითი…

საკმარისია ამ წარსულის ავტორიტეტებზე დღეს რაიმე აუგის მაგვარი წამოგცდეს – დაგკორტნიან, მხეცებივით გეცემიან – როგორ გაბედე, შე შურიანო და უნამუსო, იმ პატივცემული ადამიანების ნათელი ხსოვნის შეურაცხყოფაო… ისე, მგონი, უფრო სამართლიანი იქნებოდა სიტყვა – ,,ნათელის“ მაგივრად, ,,წითელი“ მეხმარა. ,,წითელი ხსოვნა“… ან ,,ბოლშევიკური სასუფეველი“ – ცუდია?

მაინც კარგად ვერ ჩამოვაყალიბე – რაზეა ჩემი წერილი?

რაზე, მეგობრებო და ამხანაგებო და… თქვენი საყოველთაო გათანაბრებისთვის დაუცხრომელი ბრძოლითა და ცრუ კომუნისტური მითების ტირაჟირებისთვის დაუღალავი ღვაწლით, აკაკისა და გრიგოლის ყოველდღიურ გმირობასა და წლების სულიერ ტანჯვა-წამებას აზრი და ფასი ეკარგება – აი, სწორედ და მხოლოდ ამაზეა ეს წერილი!

ეკარგება აზრი მათ მორალს, მათ შეუპოვრობას, გამძლეობასა და ბრძოლას, მათი ოჯახების გასაჭირსა და მუდმივ ვალებს… ფასს კარგავს მათი ქართველობა და პატრიოტიზმი, წესიერება და ღირსება. აბა, თუ ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირი იყო, წესიერი და ზნეობრივი, ეს ორი ადამიანი რაღათი დავაფასოდ? აკაკი და გრიგოლი, რა ნიშნით, რატომ გამოვარჩიოთ?

დასასრულს კი, უსაფუძვლო წყენისა თუ პრეტენზიებისთვის საბაბი რომ არავის მივცე, ბარემ სათქმელს ერთხელაც მკაფიოდ ჩამოვაყალიბებ: დღეს წარსულის ,,ავტორიტეტების“ კეთილშობილებასა და სამშობლოს წინაშე დამსახურებას მათი ,,ელიტური“ შვილები ურცხვად პირში გვჩრიან, ის კი ავიწყდებათ, რომ მათმა მამებმა გარიცხეს მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდია – იმხანად იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა!

დიახ, სწორედ ის ,,შავვოლგოსნები“ არ აკითხებდნენ გრიგოლსა და აკაკის ლექციებს უნივერსიტეტში, უმოწყალოდ ჩაგრავდნენ და დევნიდნენ მათ… თუმცა აქვე უნდა ვაღიარო – იმხანად მამებიც, მეტად კი დღეს, მათი შვილები – სიტყვით ადიდებენ გრიგოლისა თუ აკაკის წესიერებას და დიდი მოწიწებითაც საუბრობენ მათ ყოველდღიურ გმირობაზე… ხომ იცით, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი რა ხდება, რაში რა გამოგადგება…

ჰოდა, მე არ მინდა ფასი დაეკარგოს ბატონი გიგოლ (ქიცა) ხერხეულიძისა და ბატონი აკაკი გაწერელიას კრიჭაშეკრულ მდუმარებასა და იდუმალ ფიქრებს! ამიტომაც სწორედ მათ მივიჩნევ ადამიანებად, რომლებმაც საბჭოეთის უმძიმეს ხანაშიც კი შეინარჩუნეს მაღალი მორალური სტანდარტი.

ახლა კი დავასრულე.

ზურა ოდილავაძე. 2017 წლის იანვარი

 

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

12 Responses to ზნეობის ფასი

  1. ლელა says:

    (y) ❤

  2. Teimuraz says:

    Zalian kargi werilia!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s